"როგორ ვითარდება ფეხბურთი? რა შეიძლება იყოს პრიორიტეტი, როცა ქვეყანაში, ფაქტობრივად, მოცარიელებულია ველი და ყველაფერი თავიდან არის დასაწყები?
ბუნებრივია, რომ სანამ მაღალ მიზნებზე დავიწყებთ ლაპარაკს და პერსპექტიულ გეგმებს ეტაპებად გავთვლით, აუცილებელია გვქონდეს ამის ფიზიკურად შესასრულებელი ლოკაციები: მარტივად, რომ ვთქვათ - მოედნები. თუ მოედანი არ გაქვს, როგორ უნდა მიაღწიო მიზანს?
ლაპარაკი,
"ლოკომოტივის" მიმართვაში ფეხბურთელების რაოდენობის კატასტროფულ შემცირებაზეცაა ლაპარაკი:
"სსრ კავშირის დაშლისას საქართველოში იყო 40 ათასი რეგისტრირებული ფეხბურთელი. დღეისთვის, სხვადასხვა მონაცემით, ეს რაოდენობა მერყეობს 12-დან 15 ათასამდე.
საქართველოს მასშტაბის წარმატებულ საფეხბურთო ქვეყნებში ეს მაჩვენებელი 25-30-ჯერ მეტია! იმისთვის, რომ საქართველო დაუბრუნდეს, სულ ცოტა, სსრკ-ის დროინდელ მაჩვენებელს, საჭიროა 30-35 ათასი ჭაბუკის დაინტერესება ფეხბურთით.
"საქსტატის" მონაცემებით, საქართველოში ცხოვრობს 5-19 წლის ასაკის 300 ათასი ჭაბუკი. ანუ მინიმალური მიზნის მისაღწევად, ფეხბურთში მათი მინიმუმ 10 პროცენტი მაინც უნდა ჩაერთოს".
ახლა მთავარზე - თბილისური კლუბის ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ ორიოდე სტადიონის აშენების ნაცვლად, სახელმწიფო სახსრები ინფრასტრუქტურის მასობრივ განვითარებაზე უნდა დაიხარჯოს:
"ჩვენი დაშვებით, ერთი სტანდარტული ზომის ხელოვნურსაფარიანი მოედანი და მისი განათება 300 ბავშვს მისცემს სრულყოფილი ვარჯიშის საშუალებას. ეს ნიშნავს იმას, რომ თბილისსა და რეგიონებში აუცილებელია მინიმუმ 100 დამატებითი მოედნის არსებობა. ამისთვის საჭიროა საერთო ინვესტიცია 50 მილიონი დოლარის ოდენობით.
ჩვენი ინფორმაციით, ბათუმსა და ზუგდიდში ორი ახალი სტადიონის ასაშენებლად სახელმწიფო დაახლოებით 50 მილიონი ლარის დახარჯვას აპირებს, რაც დაახლოებით 21 მილიონი დოლარია. ეს თანხა საკმარისი იქნებოდა აღნიშნული პროექტის დიდი ნაწილის დასაფინანსებლად, რაც საგრძნობლად გაზრდიდა ფეხბურთის მასობრიობას და ახლო პერსპექტივაში ბევრად უფრო მეტ სარგებელს მოიტანდა მთელი საქართველოსთვის და, მათ შორის, აჭარისა და სამეგრელოსთვის.
მივდივართ ერთ ძალიან მარტივ კითხვამდე, რომლითაც ჩვენი მიმართვა დაიწყო: რა არის პრიორიტეტი და რეალურად წარმატების მომტანი ფორმულა? ორი სტადიონი, რომელიც 50 მილიონი ლარი დაჯდება თუ ამავე ფასად მიღებული 50-მდე ხელოვნურსაფარიანი მოედანი? ეს უკვე თავად თქვენ განსაჯეთ".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"