პოზიტიური პრეცედენტი: გლდანში მოედანი გადარჩა!

AutoSharing Option
"ეს პატარა კუნძული ძალიან ბევრი ადამიანისა და თაობის ინტერესს აერთიანებს. ზოგს კომერციული ღირებულება აწუხებს - მათ გამდიდრება უნდათ, ზოგს კი მხოლოდ ის უნდა, ნახოს მოვარჯიშე ბავშვები, დედები, რომლებიც ბავშვებს ასეირნებენ და მათი პირველი ნაბიჯებით ხარობენ.

ჩვენი სტადიონი ადგილია, სადაც არის ტრადიციები, იქ დიდები ვერასდროს ვერ აწყენინებენ პატარებს, სადაც ბავშვები სწავლობენ მეგობრობას და გაჭირვების ერთად გადალახვას.

დაფიქრდით, რა გჭირდებათ თქვენ?" - ამ რიტორიკული კითხვით ლაკონიურად და გასაგებად შეაფასა გლდანის პირველ მიკრორაიონში მცხოვრებმა ერთ-ერთმა ქალბატონმა მინი-მოედნის გარშემო შექმნილი პრობლემა...

შესაძლოა, ბევრისთვის გაუგებარია,
რამ აიძულა ხალხი, გამოსულიყო და ერთი ციდა მოედანი დაეცვა. ვიღაცებისთვის საქილიკოა, მაგრამ არა საქმეში ჩახედული ადამიანებისთვის: თბილისში ისედაც მწირი საფეხბურთო ინფრასტრუქტურაა. ბოლო წლებში დედაქალაქს 25 სტანდარტული და ბევრად მეტი მინი-მოედანი წაართვეს. უცებ, ერთ დღეს ამოხეთქა უკმაყოფილებამ, რადგან სტადიონების განადგურება მომავალ თაობებს ჯანსაღ გარემოს უსპობს, ხოლო ქართულ ფეხბურთს - მომავალს.

გუშინ გლდანის მინი-სტადიონის ადგილზე კორპუსის მშენებლობის მცდელობა ცნობილმა ადამიანებმაც გააპროტესტეს: ინიციატორი გახლდათ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი კახა ალადაშვილი, რომელსაც მხარში ამოუდგნენ გლდანის დეპუტატები პარლამენტსა და თბილისის საკრებულოში - სოსო ჯაჭვლიანი და მურთაზ შელია, ეროვნული ნაკრების ყოფილი თუ ამჟამინდელი მოთამაშეები - გოგიტა გოგუა, ოთარ მარცვალაძე, გიორგი ნავალოვსკი, გიორგი ილურიძე, დავით ოდიკაძე, დავით კვირკველია, მათე კვირკვია, გიორგი ცხადაია, უეფას მედიაოფიცერი მამუკა კვარაცხელია; აქციას სოლიდარობის კონცერტით აუბეს მხარი მომღერლებმა - ლევან და გიორგი სუხიტაშვილებმა, გიო ხუციშვილმა, ნოდარ ტატიშვილმა, ტრიო "მეცომ"...

რაც მთავარია, ხალხმა სწორი არჩევანი გააკეთა - იბრძოლეს და ბოლო წლებში პირველად დაფიქსირდა პრეცედენტი, რომ სტადიონი გადარჩა. ეს აქციაზე მისულმა ფეხბურთის ფედერაციისა (ლევან კობიაშვილი, დავით მუჯირი, კახა ჭუმბურიძე) და თბილისის მერიის ხელმძღვანელებმა (დავით ნარმანია, გიორგი ბაგრატიონი) დაადასტურეს.

კახა ალადაშვილი: "გუშინ ამ მოედანზე რომ ვვარჯიშობდი, ბავშვები მოვიდნენ და გულისტკივილით მკითხეს - ალად, სტადიონს მართლა გვინგრევენო? არა, ბავშვებო, ამ სტადიონის წართმევას ვერავინ გაბედავს, რადგან ჩვენ გაერთიანება მოვახერხეთ.

მადლობა მერიასა და ფეხბურთის ფედერაციას, რომელიც გვერდში დაგვიდგნენ და ახლა უკვე გადაჭრით შეიძლება ითქვას, რომ აქ კორპუსი არ აშენდება. მაგრამ ბრძოლა ამით არ მთავრდება - მოედნის ტერიტორია თბილისის მერიას უნდა დაუბრუნდეს".

ლევან კობიაშვილი:
"ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, ვიდგეთ საზოგადოების გვერდით, რომელიც ბავშვებისთვის სპორტული მოედნის შენარჩუნებას ცდილობს. ფეხბურთის ფედერაცია ჩართულია მოლაპარაკებაში და ჩვენი ინიციატივით შექმნილი სამუშაო ჯგუფი აქტიურად მუშაობს, რათა სპორტული ნაგებობები დავიცვათ.

ჩვენთვის უპირველესი ამოცანაა, ბავშვებს ჰქონდეთ ვარჯიშისა და თამაშის შესაძლებლობა. მადლობა თბილისის მერს, ბატონ დავით ნარმანიას და დღევანდელი აქციის ორგანიზატორებს".

მურთაზ შელია:
"აქ იმიტომ ვარ, რომ ხალხის მოთხოვნებს მხარს ვუჭერ. მეტი სტადიონი უნდა აშენდეს, რა დროს დანგრევაა?! ბევრი გვაქვს სტადიონი თუ რა ხდება?! არათუ დანგრევა, გლდანში ძველი სტადიონების განახლება გვსურს".

დავით ნარმანია, თბილისის მერი:
"კორპუსის მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით კერძო მესაკუთრემ თბილისის მერიას მიმართა. ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტის შემდეგ მერიასთან არსებულმა არქიტექტურის სამსახურის ზონალური საბჭოს წევრებმა საკითხი 24 დეკემბერს განიხილეს. ამ ტერიტორიაზე დაუშვებელია მაღალსართულიანი კორპუსის მშენებლობა, რადგან მიმდებარედ სათამაშო მოედანი არსადაა.

სწორედ ამ ფაქტორების გათვალისწინებით მიიღო საბჭომ უარყოფითი გადაწყვეტილება და მოედნისდანგრევის პერსპექტივა ყველამ უარყოფითად შეაფასა და საბოლოოდ, უარი ითქვა. ცხადია, ინვესტორიც არ უნდა დაზარალდეს. მასთან მოლაპარაკებებს ვგეგმავთ და ვთავაზობთ, კორპუსი ალტერნატიულ ტერიტორიაზე ააშენოს.

მერია აქტიურად თანამშრომლობს სპორტის სამინისტროსა და ფეხბურთის ფედერაციასთან და არ დაუშვებს, პატარებს ასეთი სივრცეები რომ დავუხშოთ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ხალხმა თუ არ გააპროტესტა ისე ვერ მიხვდება ეს უნიჭო და უსაქმური მერია. ე.ი. ხალხს ხმა, რომ არ ამოეღო, ააშენებდნენ იმ ახალ კორპუს და ეგ იქნებოდა. გამოვიდა და ქულა დაიწერა მერმა. მარაზმია!!!
Tbiliseli
14:44 12-01-2016
0
პეკინზე ბაღს რო ანგრევდა ნარმანია და მერია მის ადგოლას კორპუსის აშენება რომ უნდოდა ერთერთ კომპანიას მაშინ პეკინელებმა ისე დაიცვეს თავისი უბანი და ეზო რომ მიხვდა კოკელი ... რო გლდანშიც იგივე მოხდებოდა ადგა და პიარი გაიკეთა ...
HESK
19:06 11-01-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული