ლევან კობიაშვილს გერმანელი გულშემატკივრის სიმპათიის პრიზი გადასცეს

AutoSharing Option
ლევან კობიაშვილს გერმანელი გულშემატკივრის სიმპათიის პრიზი გადასცეს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, ორგანიზაციის პრეზიდენტმა მინი-ფეხბურთის ტრადიციულ ვეტერანთა ტურნირში ითამაშა.

ტურნირი გერმანიის დედაქალაქ ბერლინში 16 იანვარს, "მაქს შმელინგ ჰალეს" დარბაზში ჩატარდა. გამარჯვებისთვის 6 გუნდი იბრძოდა. შეჯიბრების მასპინძელი ბერლინის "ჰერტა" იყო. კობიაშვილი სწორედ თავისი ყოფილი კლუბის რიგებში თამაშობდა. მათ გარდა, ტურნირში მონაწილეობდნენ "რომა", "შალკე", "ნიურნბერგი", "უნიონი" და "ტვენტე".

"ჰერტა" ნახევარფინალში კობიაშვილის კიდევ ერთ ყოფილ კლუბთან, "შალკესთან" დამარცხდა - 3:4. მესამე ადგილისთვის ბრძოლაში კი ბერლინელებმა თანაქალაქელ "უნიონს" 8:6 სძლიეს.

ტურნირის გამარჯვებული გახდა "ნიურნბერგი",
რომელმაც ფინალში "შალკეს" ძირითად დროში ვერ მოუგო - 5:5, თუმცა პენალტების სერია უკეთ შეასრულა და 10:9 გაიმარჯვა.

ლევან კობიაშვილმა ტურნირზე ჩატარებულ სამ შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა და სამშობლოში საპატიო პრიზით ბრუნდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული