46 წლის სპეციალისტს ისრაელის, რუსეთისა და საქართველოს გუნდებში უმუშავია, ჩემპიონთა ლიგის მონაწილე ხაიფას "მაკაბის" მწვრთნელის თანაშემწეც ყოფილა, ხოლო მისი გაწვრთნილი გორის "დილა" - ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრის რეალური კანდიდატი. ბოლოს, 2014 წლის დეკემბრიდან ქუთაისის "ტორპედოს" ავარჯიშებდა, სადაც გასული წლის ოქტომბერში თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
მოულოდნელი კი ის არის, რომ ამ ყველაფრის შემდეგ დარასელიამ საქართველოს მეორე ლიგის დასავლეთ ზონის გუნდი ჩაიბარა - მეორე წრიდან ის სენაკის "ეგრისის" მთავარი მწვრთნელი იქნება.
ეს ინფორმაცია სოციალურ ქსელში კლუბის ოფიციალურმა გვერდმა გაავრცელა.
ინფორმაცია თავად დარასელიამაც დაგვიდასტურა:
"დიახ, სენაკის "ეგრისში" ვიმუშავებ. მოლაპარაკებები ისრაელისა და აზერბაიჯანის გუნდებთან მქონდა, მაგრამ სანამ ყველაფერი გაირკვეოდა, სენაკელებმა კონკრეტული წინადადებით მომმართეს - ოჯახური მდგომარეობაც გავითვალისწინე და "ეგრისის" გაწვრთნაზე დავთანხმდი.
ბოლოს და ბოლოს, ჩემი მშობლიური ქალაქია, აქ გავიზარდე და თამაშიც იქ დავიწყე. იქნებ ფეხბურთის განვითარებაში წვლილი შევიტანო.
"ეგრისში" მაისამდე დავრჩები, მერე ვნახოთ. აქ მეგობრები არიან და ბოლოს ჩემი მუშაობით მადლიერები მაინც დარჩებიან".
მას კლუბის პირობებზე ვკითხეთ:
"მეორე ლიგის შესაფერისი პირობები გვაქვს. სტადიონიც საკმაოდ ნორმალურია. ახლა მოედანს ვუვლით, ვასვენებთ და იმედია, სეზონის განახლებისთვის კარგ მდგომარეობაში იქნება. საერთოდ, სტადიონის პრობლემა არ უნდა შეგვექმნას.
რაც შეეხება პირად კონტრაქტს, სიმართლე გითხრათ, ამაზე არც მილაპარაკია.
ახლა "ეგრისი" მე-5 ადგილზეა და ტყუილი იქნება იმის თქმა, რომ პირველ ლიგაში გადავალთ - ამ მიზნის დასახვა არარეალურია, რადგან ლიდერს საკმაოდ დიდი სხვაობით ჩამოვრჩებით. მაგრამ მინდა, გუნდი დავალაგო, სენაკელი მოთამაშეები დავაბრუნო, გავაძლიერო და "ეგრისის" მომავალი წარმატებებისთვის საფუძველი ჩავყაროთ.
სენაკში უნდა იყოს ფეხბურთი, რადგან ხალხს ის უყვარს და ამას იმსახურებს".
სათამაშო კარიერის დასრულების შემდეგ დარასელიამ მწვრთნელობა დაიწყო და 2010 წლის გაზაფხულზე ისრაელის საფეხბურთო ასოციაციაში უეფას PRO კატეგორიის ლიცენზია მიიღო:
"მალე "ბარსელონაში" სტაჟირებაზე გავემგზავრები. საქმე ისაა, რომ ახლა ჩემს ლიცენზიას ვადა გაუვიდა და უნდა გავახანგრძლივო.
კატალონიურ კლუბში რეკომენდაცია ისრაელის ფეხბურთის ფედერაციამ გამიწია. ეს ერთკვირიანი სტაჟირება იქნება, მაგრამ ჯერ არ ვიცი, მთავარ გუნდში მიმავლენენ თუ დუბლშემადგენლობაში. ეს სტაჟირება კურსის პრაქტიკული ნაწილითაა გათვალისწინებული".
დარასელიას ვაჟი, ჯიჯი დარასელია, ისრაელის 17-წლამდელების ნაკრებში თამაშობს და შესარჩევი ციკლის სამივე მატჩი ჩაატარა. ახლა გუნდი ელიტრაუნდისთვის ემზადება და ვასილ მაისურაძის გაწვრთნილი საქართველოს 17-წლამდელებთან ერთად, მინსკში, "განვითარების თასზე" თამაშობს. თუმცა ისრაელის გუნდის განაცხადში დარასელიას გვარი ვერ ამოვიკითხეთ:
"ჯიჯი ჰაიფას "მაკაბის" ასაკობრივ გუნდში სისტემატურად თამაშობს, მაგრამ ტრავმა მიიღო, მუხლი აწუხებს, ექიმმა დასვენება ურჩია და მინსკში ამიტომაც ვერ წავიდა.
სერიოზული არაფერია, ვარჯიშს 10 დღეში განაახლებს და იმედია, ელიტრაუნდშიც ითამაშებს".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"