კახა კაჭარავა: ჩემი აზრით, კახა ცხადაძის გათავისუფლება არის შეცდომა

AutoSharing Option
"ლელომ" უკვე გაცნობათ იმის თაობაზე, რომ საქართველოს ჩემპიონატის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში - "ცხინვალში" ფინანსურად ცუდი სიტუაციაა. ამ ინფორმაციას მკითხველის არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. ბევრმა ვერ გაიგო, რა ხდება.

საქმე ისაა, რომ ცოტა ხნის წინათ რუსულმა საინფორმაციო საშუალებებმა დაასახელეს ის სატრანსფერო თანხა, რომელიც რუსული პრემიერლიგის ბინადარმა "როსტოვმა" გადაიხადა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ერთ-ერთ ლიდერში, ეროვნული ნაკრების კანდიდატ ნიკა კაჭარავაში.

სიტუაციაში გარკვევა ვთხოვეთ ცხინვალელთა მთავარ მწვრთნელს, კახა კაჭარავას.

- რა მდგომარეობაა ამჟამად "ცხინვალში"?
- აბა, მითხარით, დღეს რომელ გუნდს ულხინს? ჩვენც მძიმე მდგომარეობაში ვართ.
ველოდებით დახმარებას. არის დაპირება და იმედია, ყველაფერი კარგად იქნება. ჩვენ ვაგრძელებთ მზადებას სეზონის მეორე ნახევრისთვის და გვჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება.

- ფაქტია, "ცხინვალი" არ არის რიგითი გუნდი...
- არ მინდა, პოლიტიკურ ასპექტში გადავიდეს ჩვენი მსჯელობა. უბრალოდ, ვიტყვი ერთს - "ცხინვალის" არსებობის მნიშვნელობას, ალბათ, ყველა ქართველი ხვდება. ევროთასებზე რომ ვითამაშეთ, "ცხინვალის" გასწვრივ საქართველო ეწერა. დამეთანხმებით, ეს განსაკუთრებული მომენტია.

- საინტერესოა, "ცხინვალმა" რა თანხა მიიღო ნიკა კაჭარავას ტრანსფერის სანაცვლოდ?
- პირდაპირ გეტყვით, რომ ამ ტრანსფერისგან ჩვენ ერთი თეთრიც არ მიგვიღია. ჩვენ სახელმწიფო კლუბი ვართ. არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ფეხბურთელს 3-5- წლიანი კონტრაქტი გავუფორმოთ. ამის საშუალება რომ იყოს, ეს არც მურთაზ შელიას ეშლება, არც გიორგი ქინქლაძეს და არც მე. უბრალოდ, იქიდან გამოვდივართ, რისი საშუალებაც არის.

ნიკამ "ცხინვალი" დატოვა თავისუფალი აგენტის სტატუსით. ჩვენ მას არ შევუშალეთ ხელი, უფრო მაღალ დონეზე გაეგრძელებინა კარიერა.

საერთოდ, არც ერთი ფეხბურთელისათვის არასდროს შეგვიშლია ხელი და ასე მოხდა ნიკას შემთხვევაშიც.

- არადა, რუსულ მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ "როსტოვმა" "ცხინვალს" 300 ათას ევრომდე გადაუხადა...
- აქ ასეთი რამ მოხდა - ნახეს ფეხბურთელის ღირებულება "ტრანსფერმარკეტზე" და ამის მიხედვით დაწერეს. ღმერთმა ქნას, ამ თანხას მალე კიდევ ბევრი ნოლი დაემატოს, მაგრამ დღეს ასეთი რეალობაა - რუსეთის ჩემპიონატის მეორეადგილოსანი გუნდი საქართველოს ჩემპიონატიდან წასულ ფეხბურთელში ამხელა თანხას არ გადაიხდის. ეს სამწუხარო რეალობაა. ადგება და სხვას წაიყვანს.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დღეს ასეთი ვითარებაა. დიდი იმედი მაქვს, ის უახლოეს მომავალში შეიცვლება.

- როგორ შეეგუა ნიკა "როსტოვს"?
- მან უკვე ორი თამაში ჩაატარა გუნდში, ორივე ამხანაგური შეხვედრა. კლუბის საიტზე გამოქვეყნებული მიმოხილვების მიხედვით, მეორე მატჩში უკეთესი იყო. ყურბან ბერდიევი მას კარგად იცნობს. გეხსომებათ, სწორედ ის წვრთნიდა ნიკას "რუბინში". ნიკა 18 წლის იყო, როცა რუსეთის ჩემპიონატის ერთ-ერთ შეხვედრაში განაცხადში შეიყვანა.

მერე ნიკამ დატოვა "რუბინი" და მოვიდა "ცხინვალში". პირველი ექვსი თვე უხელფასოდ ითამაშა. ამის შემდეგ, როცა გუნდმა უმაღლეს ლიგაში შეინარჩუნა ადგილი, ნიკასთან კონტრაქტი გავაფორმეთ. ვფიქრობ, ნიკა კაჭარავამ, ისევე, როგორც გუნდის ყველა წევრმა, დიდი წვლილი შეიტანა "ცხინვალის" წარმატებაში.

ნიკამ წლინახევრიანი კონტრაქტი გააფორმა "როსტოვთან". დღეს კლუბთან მისი ადაპტაცია მიმდინარეობს. თავადაც იცით, ეს ერთ ან ორ დღეში არ ხდება... იმედია, წარმოაჩენს თავის შესაძლებლობებს.

- ისევ "ცხინვალს" დავუბრუნდეთ. როდის დაიწყო გუნდმა მზადება სეზონის განახლებისათვის?
- სამზადისი დავიწყეთ 25 დეკემბერს. ჩავატარეთ სამი ამხანაგური შეხვედრა. მათ შორის, ბოლო სპარინგი ვითამაშეთ გორის "დილასთან" და მინიმალური ანგარიშით - 0:1 დავმარცხდით. "მცხეთასთანაც" უნდა გვეთამაშა, მაგრამ თოვლი, ალბათ, ამ მატჩს გადადებს. რის საშუალებაც გვაქვს, მაქსიმალურად ვემზადებით, ვცდილობთ.

- უცხოურ შეკრებაზე ვერ მიდიხართ?
- არა, გამორიცხულია. ჩვენი დაფინანსების საკითხი არ არის გადაწყვეტილი. არ ვიცით, რა თანხა გვექნება.

- გუნდიდან რომელი ფეხბურთელები წავიდნენ?
- თავიანთი სურვილით დატოვეს გუნდი მეკარე ომარ მიგინეიშვილმა, აკაკი შულაიამ, რატი ცაცკრიალაშვილმა და დავით ბოლქვაძემ. მინდა მადლობა გადავუხადო მთელი "ცხინვალის" სახელით იმისათვის, რაც გუნდისათვის გააკეთეს.

- ახალწვეულები თუ არიან?
- ჯერ არა. რა ვუთხრა ფეხბურთელს, რა შევთავაზო, როცა თავადაც არ ვიცი, როგორი დაფინანსება გვექნება სეზონის განახლების შემდეგ. გაურკვეველ მდგომარეობაში ვართ. ძალიან რთულია, როცა ფეხბურთელი 2-3 თვის განმავლობაში ვერ იღებს ხელფასს.

ჩვენ ძალიან ახალგაზრდული გუნდი გვყავს და კოლოსალურ თანხას არ ვითხოვთ. უბრალოდ, ელემენტარული პირობა ხომ მაინც უნდა იყოს იმისთვის, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელმა მოუმატოს?

- ფაქტია, დღეს ქომაგების დიდი ნაწილი უნდობლად უცქერის ქართულ საკლუბო ფეხბურთს. არის აზრი, რომ აქ ფული არ უნდა დაიხარჯოს...
- რა თქმა უნდა, ნებისმიერი მოსაზრება ანგარიშგასაწევი და საყურადღებოა. მეც მაქვს ამასთან დაკავშირებით ჩემი აზრი. ფეხბურთელი რომ გამუდმებით ხელფასს ელოდება, პროგრესი ვერ ექნება. მეორე მხარეს დგას ამბიციები. გვინდა, გერმანიას და ესპანეთს მოვუგოთ. ისმის კითხვა - როგორ, რის ხარჯზე? მაღალი ხელფასი უნდა ჰქონდეს მასწავლებელს, ინჟინერს, სპორტსმენს...

მასწავლებლის ხელფასი მაღალი უნდა იყოს. ის საყოველთაო დაფასებას უნდა გრძნობდეს. ბავშვი რომ მივა სკოლაში და მასწავლებელს დახეულ ფეხსაცმელს დაუნახავს, თვითონაც აღარ მოუნდება მასწავლებლობა.

ასევეა ფეხბურთი. რომ ხედავს დღეს ბავშვი, რა დღეშია საქართველოში მოთამაშე ფეხბურთელი, აღარ უნდა ეს საქმე. ფეხბურთელის ხელფასი უნდა იყოს მაღალი. მაქსიმუმ, 10 წლის განმავლობაში თამაშობს ფეხბურთს. ან, ტრავმა რომ მიიღოს, პატრონი ვინ ჰყავს?

აი, ჩვენ ვამბობთ, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნების გუნდები გადიან ევროთასებზე, ჩემპიონთა ლიგისა თუ ევროპის ლიგის ჯგუფებში. დიახ, იქ, შესაძლოა, არ არის ევროპული მასშტაბით დიდი ხელფასები, მაგრამ შევადაროთ ის ქართულ კლუბებში არსებულ ხელფასებს.

მესმის, ხალხი დაიღალა ამდენი ლოდინით, მაგრამ თუ ასე ვფიქრობთ, თუ მიგვაჩნია, რომ ჩვენმა ფეხბურთელებმა უნდა ითამაშონ ფეხბურთი და ეს გააკეთონ უხელფასოდ, მაშინ საერთოდ დავანებოთ თავი ფეხბურთის თამაშს. უფრო და უფრო დიდი თანხები იდება ფეხბურთში, ჩვენ კი ვამბობთ, რომ ის მინიმუმიც არ უნდა იყოს, რაც არის.

ასე ვერავის დავეწევით. ეს სამწუხაროა, მაგრამ აქსიომაა. რაოდენ მწარეც არ უნდა იყოს, სიმართლე სიმართლეა.

- ფაქტია, ნიკა კაჭარავას წასვლის შემდეგ გუნდში მწვავედ დადგა გამტანი ცენტრფორვარდის პრობლემა. როგორ აპირებთ ამ ვაკუუმის შევსებას?
- რეალურად უნდა შევხედოთ ამ საკითხს. მე მირჩევნია, ნიჭიერი ბავშვი ვიპოვო და მას მივცე შანსი, ის დავაწინაურო ძირითად შემადგენლობაში. საერთოდ, აქცენტი ახალგაზრდა ფეხბურთელებზე გვაქვს გაკეთებული.

"ცხინვალიდან" ახალგაზრდული ნაკრების კანდიდატები არიან ცერცვაძე, ქოჩლაძე, ქარდავა და შულაია, ვინც ახლახან გადავიდა "სიონში". 19-წლამდელებში თამაშობს მაღრაძე, 17-წლამდელებში კი მეკარე კერესელიძე. ჩვენი მიზანი ახალგაზრდა ფეხბურთელების დაწინაურებაა. ჩვენ ვერ მოვატყუებთ ხალხს, რომ ამ ახალგაზრდული გუნდით, ათასლარიანი ანაზღაურებით ჩემპიონთა ლიგას მოვიგებთ. ეს ხალხისათვის თვალში ნაცრის შეყრა იქნება.

ისიც ვთქვათ, სად არის ახლა გამტანი ფორვარდი? მარცვალაძეს, მოდებაძეს ან ქვილითაიას როგორ ვუთხრა, "ცხინვალში" წამოდით-მეთქი. სხვათა შორის, "ბოტოშანთან" რამდენიმე გამოცდილი ფეხბურთელი რომ გვყოლოდა, იმ ეტაპს გავივლიდით.

- რას იტყვით საქართველოს ნაკრებში ბოლო დროს განვითარებულ პროცესებზე?
- მე ვერ ვიმსჯელებ ფინანსურ საკითხებზე. ეს არ არის ჩემი საქმე. რაც შეეხება სუფთა სამწვრთნელო მხარეს, ჩემი აზრით, კახა ცხადაძის გათავისუფლება არის შეცდომა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე აქ ვმსჯელობ როგორც მწვრთნელი - მწვრთნელზე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული