ეშველა! რუსთავის სტადიონს შუქი, წყალი და გაზი ჩაურთეს

AutoSharing Option
ეს სათაური რომელიმე დალხენილი ქვეყნის მოქალაქემ რომ წაიკითხოს, მწარედ დაგვცინებს, მაგრამ ჩვენს ამ წერილში იმას მოგახსენებთ, რაც ჩვენი ქვეყნის სამწუხარო რეალობაა - სასაცილოა, მაგრამ ისეთი რამ გვახარებს, რაც ჩვეულებრივი ამბავი უნდა იყოს...

საქმე ეხება რუსთავის "მეტალურგს". მისი ისტორია ფეხბურთის ქომაგს კარგად მოეხსენება. გუნდი ორჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი და ბოლო წლებში ევროთასებზეც მონაწილეობდა, მაგრამ წინა სეზონში შექმნილმა ფინანსურმა პრობლემებმა კლუბი შეიწირა და ამჟამად მეორე ლიგაში თამაშობს.

"მეტალურგი" ვარჯიშობდა "ფოლადის" სტადიონზე, რომელსაც 2015 წლიდან არც ელექტროენერგია მიეწოდებოდა, არც გაზი და ისევე, როგორც
უდაბნოში, წყალზეც ოცნებობდნენ.

მაგრამ რუსთავის სტადიონს ეს პრობლემა, ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ, წლეულს მოეხსნა.

"როგორც იქნა, გვეღირსა და სტადიონს ყველაფერი მიეწოდება, რაც მისი ნორმალური მუშაობისთვის აუცილებელია. საქმე ისაა, რომ სულ 28 ათასი ლარი იყო გადასახდელი, მაგრამ "მეტალურგი" მას ბოლოს ვეღარ ფარავდა. "რუსთავმა" ეს დავალიანება დაფარა და ვცდილობთ, სტადიონი ნელ-ნელა მოვაწესრიგოთ.

რუსთავის მერიასთან არსებული აიპ-ი, ანუ სასპორტო განყოფილება გვეხმარება. მისივე თანადგომით, საფეხბურთო ჯგუფებისთვის ერთიანი სასწავლო გეგმაც შევადგინეთ. პირველი ლიგის გუნდის გარდა, გვყავს "რუსთავი 2", რომელიც მეორე ლიგაში თამაშობს.

ჩვენ ქალაქის ბიუჯეტიდან გვაფინანსებენ, მაგრამ შემოსავლის დამატებით წყაროსაც ვეძებთ და იმედია, სპონსორებს მალე მოვიზიდავთ", - ამბობს "რუსთავის" დირექტორი ბადრი მაჭავარიანი.

2015/16 წლების სეზონის ლიცენზირების პროცესი რომ დასრულდა, რამდენიმე კლუბს კრიტერიუმების დარღვევა დაუდგინეს და სფფ-ის სადისციპლინო კომიტეტმა მათ სანქციები დაუწესა.

დისციპლინარებმა რუსთავის "მეტალურგის" მიერ ლიცენზირების პროცესის სრულ იგნორირებაზე საგანგებოდ იმსჯელეს და სასჯელი მის სამართალმემკვიდრეს, "რუსთავსაც" დაუდგინეს. ეს შემდეგ აღმასკომმაც გაიზიარა. მაჭავარიანი ამაზეც გველაპარაკა:

"როცა "მეტალურგი" დაქვეითდა, რუსთავის მერიამ მიმართა ფედერაციის აღმასკომს, მის ნაცვლად ჩვენი გუნდი მაინც დაეშვათ, ქალაქში ფეხბურთი რომ არ ჩამკვდარიყო. ასე მოხვდა "რუსთავი" პირველ ლიგაში, მაგრამ 2 წელი უმაღლეს ლიგაში გადასვლის უფლება არ გაგვაჩნია.

ეს უცნაური გადაწყვეტილებაა - შეეძლოთ, ევროტურნირებზე გამოსვლა აეკრძალათ, მაგრამ სპორტული შედეგისთვის ბრძოლის შანსი რატომ მოგვისპეს? იმედია, ფედერაციის ახალი აღმასკომი ამ გადაწყვეტილებას შეცვლის".

რუსთაველთა დირექტორი იმედოვნებს, რომ სპორტს ახალი მიდგომა სჭირდება:

"ვფიქრობ, რუსთავს და საერთოდ, ნებისმიერ სხვა ქალაქს საკლუბო სისტემის ამოქმედება წაადგება. ჩვენს შემთხვევაში, მიმაჩნია, რომ ურიგო არ იქნება ფეხბურთის, კალათბურთისა და რაგბის გუნდების გაერთიანება. პირიქით, ეს საქმესაც წაადგება, გუნდებსაც და გულშემატკივრებსაც".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
miecit gadasvlis uplema tore bolos tamashebs gaayidineben uprosoba da vinme sacyal pexburtelsdaichert sachveneblad
rustavi
16:15 30-01-2016
0
მცხვენია :( :( :(
dima
19:02 29-01-2016
0

სიახლეები პოპულარული