- ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამა ფედერაციის ხელმძღვანელებმა 16 თებერვალს გაგვაცნეს. ზედაპირულად რა ინფორმაციაც მივიღეთ, ეს უდავოდ კარგი ჩანაფიქრია. მაგალითად, საინტერესო პრემიალური და საბაზისო ციფრებიც გაჟღერდა - ეს კლუბებისთვის დიდი სტიმული გახდება. მაგრამ პროგრამას რა დადებითი და უარყოფითი მხარეები გააჩნია, ეს საქმეში გამოჩნდება.
- ახლა მთავარია, ამ სვლით სახელმწიფო კლუბები ბიზნესის დაინტერესებას და საბოლოოდ კერძო საკუთრებაში გადასვლას თუ მოახერხებენ?
- მიმაჩნია, რომ ახლა კერძო საკუთრებაში გადასვლა ბევრს შეუძლია.
- რატომ?
- იმიტომ, რომ რეალურად, სახელმწიფო ყველა კლუბს მშვენიერ თანხას აძლევს, კერძოსაც და მის საკუთრებაში მყოფსაც - ლაპარაკია 1,5 მილიონ ლარზე. ეს კი კერძო მესაკუთრის მოზიდვას შეუწყობს ხელს. ადრე ბიზნესს თუ ფეხბურთისკენ გახედვა უჭირდა, ახლა 1,5 მილიონს აძლევენ და პლუს, სპონსორის მოზიდვისთვის სტიმულირების ფონდიდან ფულს კიდევ დაუმატებენ.
აქამდე რა პრობლემა იყო? კერძო კლუბები შეღავათებს ითხოვდნენ და ამავე დროს, სურდათ, ბიუჯეტიდან ისევე დაეფინანსებინათ, როგორც სახელმწიფო კლუბები. ახლა კი 1,5 მილიონი ლარი, ფაქტობრივად, შეღავათია და შემოსავლის გაზრდა შესაძლებელი იქნება. ჩემპიონი 3,5 მილიონ ლარს მიიღებს, ხოლო გავარდნილი გუნდი - 2 მილიონს. ეს ბიზნესისთვის პირდაპირი მესიჯია, რომ ფეხბურთისკენ გაიხედოს.
- ჩემპიონატის ფორმატის 10-გუნდიანით მკვეთრ ჩანაცვლებას ბევრი სიფრთხილით ეკიდება...
- ყველაფერი საქმეში გამოჩნდება. დღევანდელი გადასახედიდან, მიმაჩნია, რომ ეს კარგი გადაწყვეტილება იყო. სიმართლე გითხრათ, ბევრჯერ მიფიქრია, როგორ შეიძლებოდა უმაღლეს ლიგაში მონაწილეთა რაოდენობის შემცირება, მაგრამ ასეთი ვარიანტი ჩემთვის მოულოდნელი იყო და მიმაჩნია, რომ იდეალური სქემაა. მთავარია, აქ სპორტული პრინციპი არ ირღვევა.
- შემოდგომა-გაზაფხულის სისტემაზე გადასვლაც მოგწონთ?
- მე რომ რუსეთში ვთამაშობდი, მაშინ იქ ეს ფორმატი იყო, ასე რომ, პირადად ჩემთვის უცხო არ არის. მიმაჩნია, რომ ჩვენი მოედნების მდგომარეობიდან გამომდინარე, ეს ფორმატი სასურველიც არის. მარტისთვის საფარი ბევრად უკეთესად იქნება, ვიდრე თებერვალში.
- ახლა სტადიონებისა და მოედნების მოწესრიგებას დიდი მნიშვნელობა მიენიჭება. ბოლნისის სტადიონის რეკონსტრუქცია და კეთილმოწყობა თუ იგეგმება?
- სტადიონზე ახლა ელექტროტაბლო დავამონტაჟეთ და მოედანიც მოსწორებულია. მაგრამ სამომავლოდ, სტადიონის რეკონსტრუქცია გვსურს. მე რაც ვიცი, ამ პროგრამის გარდა, ინფრასტრუქტურული პროექტის პრეზენტაციაც იგეგმება, წელიწადში 3-4 სტადიონი მოეწყობა და სიაში ერთ-ერთი პირველი ბოლნისის სტადიონია.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"