სფფ-მ საკლუბო ლიცენზირებაში ექსტრანეტის სისტემა დანერგა

AutoSharing Option
სფფ-მ საქართველოში ექსტრანეტის სისტემა დანერგა, რომელიც კლუბებს საშუალებას მისცემს, თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით სალიცენზიო დოკუმენტაცია თუ სხვა სახის ინფორმაცია წარადგინონ. აგრეთვე, უფრო მოქნილი და ოპერატიული გახდება კომუნიკაცია ლიცენზირების ადმინისტრაციასა და ექსპერტებთან, რაც გაუადვილებს კლუბებს ლიცენზირების პროცესის გავლას.

24 თებერვალს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის მედიაცენტრში კლუბებისთვის ტრენინგი-სემინარი ჩატარდა, რომელზეც განიმარტა სისტემის მოხმარების წესები.

ზურაბ ვარამაშვილი ("დილას" ლიცენზირების მენეჯერი): "მივესალმებით სფფ-ის მიერ დანერგილ ახალ პროექტს ექსტრანეტის შესახებ, რომელსაც ბევრი დადებითი მხარე აქვს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონის კლუბებისათვის, რომ აღარ მოგვიწევს თითოეულ დოკუმენტზე თბილისში
ჩამოსვლა და ჩაბარება, რაც დიდ დროს გვართმევს და ამიერიდან პირდაპირ ავტვირთავთ სისტემაში. ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია უშუალო კომუნიკაცია თითოეულ ექსპერტთან, რომელსაც შეუძლია ოპერატიულად მოგვცეს შენიშვნა ან რეკომენდაცია ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით".

პაატა აბულაძე ("სიონის" ლიცენზირების მენეჯერი): "ექსტრანეტის დანერგვა არის წინ გადადგმული ნაბიჯი ლიცენზირების სისტემაში. ის, პირველ რიგში, უადვილებს კლუბებს პირდაპირ კომუნიკაციას და სალიცენზიო დოკუმენტაციის მიწოდებას სფფ-სთვის, რაც იწვევს როგორც დროის დაზოგვას, ასევე უფრო მობილურად და გამჭირვალედ ხორციელდება დოკუმენტების წარდგენის პროცესი. ექსტრანეტი მნიშვნელოვანია იმ კუთხითაც, რომ კლუბების წარმომადგენლები პირდაპირ, ონლაინ-რეჟიმში აზუსტებენ მიწოდებული დოკუმენტაციის სისრულეს ექსპერტებთან და ასწორებენ შესაძლო ხარვეზებს".

მიხეილ აფხაზავა ("გაგრას" ლიცენზირების მენეჯერი): "ექსტრანეტის სისტემის ამუშავება დადებით მოვლენად და ფეხბურთში მენეჯმენტის განვითარებისთვის წინგადადგმულ ნაბიჯად მიგვაჩნია".

სალომე ლატარია ("ოდიშის" ლიცენზირების მენეჯერი): "ჩვენი კლუბის მიზანია მაქსიმალურად ჩავერთოთ სფფ-ის მიერ დანერგილ სიახლეებში და მხარი ავუბათ ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც მიმართული იქნება ქართული ფეხბურთის განვითარებისკენ. ვთვლით, რომ ექსტრანეტი, პირველ რიგში, ხელს შეუწყობს დოკუმენტაციის დროულ წარმოდგენას, დაზოგავს დროს და სხვა დანახარჯებს".

სისტემა მომავალში კიდევ უფრო განვითარდება და დაემატება ფუნქციები, რომელიც უფრო კომფორტულ გარემოს შეუქმნის ლიცენზირების პროცესის მონაწილეებს.

Sportall.Ge

სფფ-ის პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული