მხარდაჭერა დევას! საქველმოქმედო კონცერტი და შემოსავალი ქართული კლასიკოდან

AutoSharing Option
აკაკი დევაძის ავადმყოფობაზე "ლელო" არაერთხელ წერდა და დაწერს მანამ, ვიდრე საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი გამორჩეული მეკარე აქტიურ ცხოვრებას არ დაუბრუნდება.

ბოლო ორი კვირაა, საფეხბურთო სამყარო გააქტიურდა და ვეტერან გოლკიპერს გვერდში დაუდგა. სპეციალურ ანგარიშზე თანხა ჩარიცხეს ფეხბურთის ფედერაციამ, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ, გაიმართა საქველმოქმედო აქციაც, მეგობარს დაეხმარა ვიცე-პრემიერი კახა კალაძეც.

დევაძის დასახმარებლად გაერთიანდნენ ვეტერანი ფეხბურთელები - გოგა გახოკიძე, ოთარ ხიზანეიშვილი, გია ნემსაძე, რევაზ, არჩილ და შოთა არველაძეები, ნიკა ჩხეიძე, მამუკა წერეთელი, ლევან სილაგაძე, მამუკა ჯუღელი, რევაზ ჩელებაძე, ლადო ბურდული, გელა
ქორიძე, გიორგი ღუდუშაური
და სხვები.

სოლიდარობის მაგალითი გამოავლინეს უმაღლესი და პირველი ლიგის კლუბებმა. დაზუსტებული ინფორმაციით, დევაძის ანგარიშზე ერთიანი ფონდიდან ჯამში 107 ათასი ლარი ჩაირიცხება (დღეს მის ანგარიშზე მხოლოდ 25 ათასი დოლარია).

ის მადლობას უხდის ყველა იმ ადამიანსა თუ ორგანიზაციას, ვინც გვერდით დაუდგა და იმედოვნებს, რომ გარკვეული რაოდენობის თანხა შემოვა სხვა საქველმოქმედო აქციებიდანაც, რომელიც ახლო მომავალში იგეგმება.

ერთ-ერთ ასეთ აქციას გეგმავს მსახიობი ბესო ბერულაშვილი. მისი თქმით, საქველმოქმედო კონცერტში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს არა მარტო "იუმორინას", არამედ "კომედი შოუსა" და სხვა ცნობილმა მსახიობებმა და მომღერლებმა.

შოთა არველაძე თვლის, რომ დევაძის დახმარების მიზნით, სასურველი იქნებოდა სანაკრებო და საკლუბო შეხვედრების გამოყენებაც.

მაგალითად, თბილისის "დინამოს" ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ 6 აპრილს "დინამო არენაზე" გასამართავი "დინამო"-"ტორპედოს" მატჩზე (დასაწყისი 18 საათზე) გაყიდული ბილეთებიდან შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება დევაძის მხარდასაჭერ ფონდში.

კაკო დევაძის პირადი ანგარიშის ნომერია:

საქართველოს ბანკის კოდი BAGAGE 22
მიმღების ანგარიშის ნომერი GE52BG0000000692294500
მიმღები AKAKI DEVADZE

აკაკი დევაძის მხარდასაჭერად "მაგთის", "ჯეოსელისა" და "ბილაინის" აბონენტებს შეუძლიათ დარეკონ ტელეფონის ნომერზე: 0 901 901 981. ზარის ღირებულება 1 ლარია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული