"საბურთალოს" ცნობით, ამ გუნდსა და "ლოკომოტივს" შორის XXIV ტურის დედაქალაქური დერბი, რომელიც კალენდრის მიხედვით 10 აპრილს უნდა გამართულიყო, მეორე დღეს, 11 აპრილს შედგება...
გეცოდინებათ, რომ "საბურთალო" მეორე წრეში საშინაო მატჩებს "მიხეილ მესხის" სათადარიგო სტადიონზე ატარებს. ამავე არენით სარგებლობს კიდევ ერთი უმაღლესლიგელი - "ცხინვალიც". ისე მოხდა, რომ 10 აპრილს, კალენდრის მიხედვით, ორივე გუნდს საშინაო თამაშებმა მოუწია. "საბურთალო"-"ლოკომოტივის" ორშაბათს ჩატარებაც (16:00 საათზე) აქედან გამომდინარე გადაწყდა.
გარდა ამისა, ფოთის "კოლხეთისა" და საჩხერის "ჩიხურას" მატჩის გამართვის თარიღიც შეიცვალა. საქმე ისაა,
ფოთის ამბავმა ერთი საჭირბოროტო თემა გაგვახსენა: ბოლო დროს, არაერთი სარაგბო თუ საფეხბურთო ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. რა თქმა უნდა, ფეხბურთსაც მიხედეს, მაგრამ უფრო მეტად, სარაგბო საწვრთნელი ბაზები და სტადიონები აშენდა. თბილისის გარდა, სარაგბო არენებია (ან შენდება) ქუთაისში, გორში, ასპინძაში, რუსთავში, ფოთში, თელავსა და მარტყოფში.
საერთოდ კი, თბილისის გარდა, იშვიათია ქალაქი, ერთდროულად კარგი საფეხბურთო და სარაგბო სტადიონი რომ იყო.
გასაგებია, რომ მორაგბეებს საერთაშორისო შეხვედრების მისაღებად საკუთარი არენა სურთ. გადაწყვეტილია, რომ თბილისში, კერძოდ - დიღომში, საქართველოს სარაგბო ნაკრებისთვის ახალი, თანამედროვე სტადიონი წამოიჭიმება, რომელიც 30 ათასამდე გულშემატკივარს დაიტევს...
მაგრამ ეს გამონაკლისი შემთხვევაა - ზოგადად კი, შევეხებით თემას, რომელიც არანაირ კავშირში არ არის იმასთან, რომელი სახეობაა უფრო პოპულარული და რომელი რომელს სჯობია - მხოლოდ პრაგმატულ გათვლას შევეხებით, უფრო სწორად - მის არარსებობას.
კითხვა ისაა, რატომ არ შეიძლება ფეხბურთისა და რაგბისთვის ერთი სტადიონით სარგებლობა? ასეა ინგლისში, საფრანგეთში, უელსში, ავსტრალიაში, ირლანდიაში, შოტლანდიაში - ანუ იქ, სადაც ჩვენზე გაცილებით მდიდრები არიან და სტადიონების პრობლემებსაც ქართველებზე გაცილებით იოლად აგვარებენ.
რეალურად რომ ვთქვათ, ჩვენთან ამის მიზეზი საფეხბურთო და სარაგბო სამყაროების ფარული ქიშპია. ფული კი არარაციონალურად იხარჯება, რადგან სტადიონის შენახვა ყველგან წამგებიანია.
გაიხსენეთ, რა ბედი ეწია ათენში ოლიმპიადისთვის აშენებულ სტადიონს ან სამხრეთ აფრიკაში მსოფლიოს ჩემპიონატისთვის გახსნილ კეიპტაუნის არენას. ცხადია, სტადიონების შენახვა კიდევ უფრო ხარჯიანია საქართველოში, რადგან აქ არც ბილეთებიდან მიღებული შემოსავლებია საკმარისი (ან საერთოდ არ არის) და არც ისეთი კონცერტები იმართება, რამდენიმე თვის ხარჯი რომ გაისტუმროს.
არადა, სტადიონების აშენებისას, ეკონომიკური გათვლა უნდა კეთდებოდეს, რაც ჩვენთან არ მომხდარა, მაგალითად - დიღომში, ამერიკის საელჩოსთან მდებარე სტადიონის შემთხვევაში, რომელიც ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიური ფესტივალისთვის აშენდა. იქ სტანდარტული მოედანია და, ერთი შეხედვით, საფეხბურთო და სარაგბო მატჩებისთვის გამოსადეგი უნდა იყოს. მაგრამ, სინამდვილეში, ამ სტადიონზე დეკორატიული გაზონია, დრენაჟი და სარწყავი სისტემა არ აქვს. ასე რომ, იქ თამაში შეუძლებელია, რადგან წლების წინათ გადაწყვეტილება რომ მიიღეს, მშენებლობა ეკონომიკური გათვლისა და დაგეგმვის გარეშე დაიწყეს.
ვფიქრობ, ქვეყანაში, სადაც ორივე სახეობას ინფრასტრუქტურის პრობლემა აწუხებს, გამოსავალი სახელმწიფოსა და ორივე სახეობის ფედერაციის თანამშრომლობა იქნება. მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება სტადიონების შენახვის ბიზნესგეგმა გამართლებული - ძალა ერთობაშია, ხარჯი კი ორივე სახეობას შეუმცირდება.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"