[ოთხშაბათის საკითხავი] ცეცხლს ვეთამაშებით, ამას ერთად უნდა დავუსვათ წერტილი!

AutoSharing Option
პრობლემა, რომელზეც დღეს უნდა დავწეროთ, მხოლოდ ქართულ ფეხბურთში არ დგას. მეტიც - ის უფრო მძაფრია სხვა ქვეყნებში, მაგრამ ჩვენ ჩვენი ვიკითხოთ. საქართველოს მასშტაბები სხვაა, იტალიის, ესპანეთისა და გერმანიისა კი - სულ სხვა...

ის, რაც სხვა დიდ ქვეყანაში შეიძლება ნაკლებსაცნაური და მტკივნეული იყოს, ჩვენში ასე ვერ იქნება. არადა, მრავალ ქვეყანაში ამ პრობლემას უკვე მოჰყვა მსხვერპლი და თუ ასე გაგრძელდა, არ არის გამორიცხული, მსგავსი რამ საქართველოშიც მოხდეს.

ალბათ, მკითხველი "გორდიას კვანძის" გახსნას ელის და დროა, ასეც მოვიქცეთ. რა თქმა უნდა, ვგულისხმობთ რამდენიმე
გუნდის გულშემატკივრებს შორის, პირდაპირ უნდა ვთქვათ, მტრულ ურთიერთდამოკიდებულებას.

ამას რომ ვწერთ, სულაც არ გვავიწყდება, რომ ფეხბურთი სპორტია და სპორტს თან ყოველთვის ახლავს ჯანსაღი კონკურენცია - როგორც გუნდებს, ისე გულშემატკივრებს შორის, მაგრამ ყველაფერს თავისი საზღვარი აქვს. არ გვინდა, მხოლოდ მაშინ გავიღვიძოთ, როცა უკანდასახევი გზა აღარ იქნება, როცა ურემი უკვე გადაბრუნებული იქნება...

ახლა შეგნებულად არ დავასახელებთ კონკრეტული გუნდების გულშემატკივრებს, რომლებიც განსაკუთრებით ვერ იტანენ ერთმანეთს. მატჩის მიმდინარეობისას ისეთი შეგრძნება გეუფლება, რომ დენთის კასრზე ზიხარ. მორჩება თამაში (არ აქვს მნიშვნელობა, როგორ) და იწყება გარჩევები სტადიონს მიღმა ან ქომაგები უკვე ინტერნეტსივრცეში აგრძელებენ ერთმანეთისა და ერთმანეთის საყვარელი გუნდის შეურაცხყოფას...

ისე მოხდა, რომ პატარაობიდანვე ფეხბურთის სამყაროში მიწევს ტრიალი. რა თქმა უნდა, ადრეც იყო ასეთი რამეები. რა თქმა უნდა, ადრეც ქომაგობდნენ ჩვენში, მაგრამ მაშინ ყველაფერი ტრიბუნაზე რჩებოდა და მთავრდებოდა. მორჩებოდა თამაში, მასპინძელი გუნდის ქომაგი სუფრას გაშლიდა და ახლა უკვე ჭიქა ღვინოსთან ერთად ირჩეოდა მატჩის პერიპეტიები. ისეთი ადამიანებიც ვიცი, ასეთი ამბების მერე სამუდამოდ რომ დამეგობრებულ-დაძმაკაცებულან...

დღეს კი რა ხდება? სტადიონზე დაპირისპირებას აღარ ვჯერდებით და "ბრძოლის ასპარეზი" ათასგვარ ინტერნეტფორუმზე გადაგვაქვს. კლავიატურას ამოფარებულები ვაყენებთ ერთმანეთს ათასგვარ შეურაცხყოფას და მერე ამ დროს ნაკლებად ვფიქრობთ იმაზე, თუ რა შეიძლება ამას მოჰყვეს.

დიახ, ბატონებო, უნდა დაგვერწმუნოთ, რომ ცეცხლს ვეთამაშებით. თუ არაფერი შეიცვალა ჩვენს შეგნებაში, თუ მეტი არ მოვთხოვეთ საკუთარ თავს და წინა პლანზე ზოგადქართული მოტივები არ წამოვწიეთ, შეიძლება ისეთი რამ მოხდეს, რისი გამოსწორებაც შემდეგ შეუძლებელი იქნება.

კიდევ ერთხელ მოგვიწევს იმის გამეორება, რომ საქართველო პატარა, სხვანაირი სპეციფიკის ქვეყანაა და ჩვენ სხვისი სტანდარტების თარგად აღება არაფერში გამოგვადგება. მაგალითად, საქართველოში სულაც არ არის აუცილებელი, უშუალოდ სტადიონზე ნახო შენი "მოშუღარი". შეიძლება მას შეხვდე ყველგან - "შენს" თუ "მის" ქალაქში, მატარებელში, ავტობუსში, სამარშრუტო ტაქსიში თუ უბრალოდ - "ნეიტრალურ" ტერიტორიაზე.

რა იქნება მაშინ? სადაც ადამიანია, იქ ემოციაცაა. ქართველი კაცი ბუნებით ფიცხია და ყოველთვის უჭირს ემოციის გაკონტროლება. შეიძლება წამიერად აფეთქდე და ისეთი შეცდომა დაუშვა, რომელსაც ცხოვრების ბოლომდე ვეღარ გამოასწორებ.

რა თქმა უნდა, გამოსავალი არსებობს. ზოგადად, ცხოვრებაში არ არის გამოუვალი სიტუაცია. ამ საკითხზე მე ჩემი აზრი მაქვს. ამ აზრს მზის სინათლეზე გამოვიტან და ეს აზრი, რა თქმა უნდა, სულაც არ არის უალტერნატივო.

მიმაჩნია, რომ ურიგო არ იქნებოდა ეგრეთ წოდებული "მრგვალი მაგიდის" მოწყობა, რომელსაც ჩვენი ყველა გუნდის გულშემატკივრები შემოუსხდებიან. ამ შეხვედრაზე უნდა შემუშავდეს მემორანდუმი, რომელიც ერთმანეთის პატივისცემასა და საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების დაცვაზე იქნება ორიენტირებული.

ეს არ არის რთულად გასაკეთებელი საქმე. კარგი იქნება, თუ რაიმე ფორმით ამაში ფეხბურთის ფედერაციაც ჩაერთვება, თუმცა ეს მაინცდამაინც ფედერაციის საქმე არ მგონია. აქ აბსოლუტურად საკმარისი უნდა იყოს ჩვენი გულშემატკივრის კეთილი ნება - ელემენტარული ნება, როგორმე გადავაბიჯოთ პირად ინტერესებს და საკუთარ ამბიციებზე მაღლა ქართული ფეხბურთის ამბიციები დავაყენოთ.

აბა, ასე რა გამოდის? ძალიან ხშირად მატჩისწინა აჟიოტაჟი და გულშემატკივართა მოსალოდნელი "ჯახი" უფრო შთამბეჭდავია, ვიდრე თავად თამაში.

ფაქტია, ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. ჩვენ ამას ერთად უნდა დავუსვათ წერტილი!

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 18 /
ერთი ის ხალხი მანახა ვინც ამ ფანებს აკრიტიკებს , თავში რა უდევთ. დაანებე თავი ფანებს მაგათ თავისი გაგება აქფთ "ფანური"
DABDURA
12:15 14-04-2016
0
დედის გინების მეტი სათქმელი არაფერი აქვთ ცხოვრებაში და რა ქნან
ugulava
10:10 14-04-2016
0

სიახლეები პოპულარული