არნემის "ვიტესის" დელეგაცია გიორგი ქვილითაიასაც ნახავს

AutoSharing Option
არნემის "ვიტესში" მნიშვნელოვანი ამბები ხდება. თუ ჰოლანდიურ მედიას დავუჯერებთ, ახალი სეზონიდან გუნდს ახალი მწვრთნელი ეყოლება - გამოცდილი ჰოლანდიელი სპეციალისტი ჰენკ ტენ კატე.

"ვიტესი" არ არის ჩვენთვის რიგითი კლუბი. იქ ორი ჩვენებური - გურამ კაშია და ვაკო ყაზაიშვილი თამაშობს. გარდა ამისა, კლუბის სელექციონერთა დაკვირვების ობიექტია "საბურთალოს" 19 წლის ლიდერი გიორგი ხარაიშვილი.

შექმნილ სიტუაციაში გოგა გახოკიძეზე უკეთ ინფორმირებულ წყაროს ვერ ვიპოვიდით. მოგეხსენებათ, გახოკიძე "ვიტესის" წარმომადგენელია საქართველოსა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. საქართველოს ნაკრების ყოფილ ნახევარმცველთან საუბარი სხვა თემით დავიწყეთ.

ცოტა ხნის წინ ავტორიტეტულმა
თურქულმა გამოცემა "მილიეთმა" გაავრცელა ცნობა, რომლის თანახმადაც, "ტრაბზონსფორი" საქართველოს ნაკრებისა და თბილისის "დინამოს" ფორვარდის, გიორგი ქვილითაიას გადაბირებითაა დაინტერესებული. გახოკიძემ, ვინც ქვილითაიას არაერთხელ დახმარებია კარიერულ წინსვლაში, გვითხრა:

"თურქულ პრესაში გავრცელებულ ინფორმაციას მეც გავეცანი და ჩემი არხებით გადავამოწმე კიდეც. თითქმის ასპროცენტიანი ალბათობით შემიძლია გითხრათ, რომ ეს ტყუილია".

ყველა ველით, რომ "ვიტესის" ქართველი ლიდერი ვაკო ყაზაიშვილი ამ ზაფხულს რომელიმე ტოპ-ჩემპიონატის გუნდს მიაშურებს. გახოკიძეს ამაზეც ვკითხეთ, თუმცა მან გვითხრა, რომ ამ პერსპექტივასთან დაკავშირებით ახალი და კონკრეტული ჯერ არაფერია.

ხარაიშვილი და "ვიტესი" - ინტერესი ნამდვილად არსებობს, მაგრამ მეორე მხრივ, თავისი ლიდერის შენარჩუნება "საბურთალოსაც" სურს. რა ხდება ამ სავარაუდო ტრანსფერთან დაკავშირებით? გახოკიძე გვეუბნება:

"ხარაიშვილის მიმართ "ვიტესის" ინტერესი კვლავ არსებობს. ერთ-ერთ თამაშზე არნემული კლუბის წარმომადგენლები აუცილებლად ჩამოვლენ.

მინდა, ყველაფერი ისე აეწყოს, რომ ერთ დღეს "საბურთალოს" თამაში იყოს და მეორე დღეს - თბილისის "დინამოსი", რათა ხარაიშვილთან ერთად, გიორგი ქვილითაიასაც დააკვირდნენ.

ზუსტად არ ვიცი, მაგრამ შეიძლება, "საბურთალო" "დილასთან" რომ ითამაშებს, იმ დროს გვეწვიოს არნემული დელეგაცია".

ხომ არ იმოქმედებს ხარაიშვილის შესაძლო ტრანსფერზე "ვიტესში" მწვრთნელის შეცვლა? ისევ გახოკიძე:

"არა, არ იმოქმედებს. ამ ტრანსფერის მოგვარებაში უშუალოდაა ჩართული "ვიტესის" სპორტული დირექტორი და ყველაფერი მისი ინიციატივით ხდება".

ბელგიურ პრესაში გაჩნდა ინფორმაცია იმის თაობაზე, თითქოს, ხარაიშვილის გადაბირებით "პსვ ეინდჰოვენი", "ბრიუგე" და "ანდერლეხტიც" არიან დაინტერესებულნი.

"დიახ, ამ გუნდებს ჩვენ მივაწოდეთ ინფორმაცია ხარაიშვილის თაობაზე, თუმცა მათ გიორგი უშუალოდ საქმეში არ უნახავთ და ამიტომ ჯერ ადრეა ინტერესებზე ლაპარაკი", - ამბობს გახოკიძე.

ჩვენ კი შეგახსენებთ, რომ ხარაიშვილი "საბურთალოს" საფეხბურთო სკოლის აღზრდილია. ეროვნული გუნდის გარდა, მას ქვეყნის ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია.

რაც შეეხება 22 წლის ქვილითაიას, ახალგაზრდა თავდამსხმელი პირველად თბილისური "სასკოდან" გავიცანით, "დინამოში" მისვლამდე კი თამაშობდა უნგრულ "დიორი ეტოსა" და გორის "დილაში".

ყაზახეთთან მატჩისათვის საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ქვილითაია ეროვნულ გუნდში მიიწვია...

მეორედ, ერთ მდინარეში...
დავუბრუნდეთ "ვიტესის" ამბებს და რობ მაასის შესაძლო აბარგებას. მისი დამოკიდებულება ჩვენი ფეხბურთელების მიმართ არაერთგვაროვანია. მან ჯერ სათადარიგოთა სკამზე დასვა კაპიტანი გურამ კაშია, მერე კი რამდენჯერმე შეუცვალა მას ამპლუა. რაც შეეხება ვაკო ყაზაიშვილს, ბოლო დროს მწვრთნელმა სათადარიგოთა სკამს არნემული კლუბის ახალგაზრდა ლიდერიც შეაჩვია.

რაც შეეხება ჰენკ ტენ კატეს, 61 წლის სპეციალისტი ამჟამად ყატარის "ალ ჯაზირაში" საქმიანობს. თავის დროზე, ის საფეხბურთო კარიერას "ვიტესში" იწყებდა, სამწვრთნელო ასპარეზზე კი "ჩელსისა" და "ბარსელონაშიც" გამოჩნდა, სადაც ასისტენტის თანამდებობაზე მუშაობდა.

იყო "აიაქსისა" და "პანათინაიკოსის" მთავარი მწვრთნელი, 1997/98 წლებში კი სათავეში ედგა "ვიტესს". ასე რომ, ჰოლანდიელი ერთ მდინარეში მეორედ შედის...

ამასობაში კი ჰოლანდიის ჩემპიონატში 30 ტურია ნათამაშები. "ვიტესს" 44 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეშვიდე ადგილი უკავია. მასთან განშორების მიზეზიც ეს არის - კლუბის ხელმძღვანელობას ასეთი შედეგი, ცხადია, არ აკმაყოფილებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული