"ქართული სპორტის ლიდერები" - აი, ასე ჰქვია პროექტს, რომელიც ისევ და ისევ ქართული სპორტის პოპულარიზაციას ემსახურება და ამ სამი წლის განმავლობაში თითქმის ყოველ თვე (ხანდახან - თვეში ორჯერაც) გვქონდა იმის ბედნიერება, რომ კიდევ ერთხელ შევხვედროდით ახლო თუ შორეული წარსულის ჩვენს გამორჩეულ სპორტსმენებს.
ამ სამი წლის განმავლობაში უცვლელი რჩებოდა თავშეყრის ადგილიც და ამ საინტერესო შეხვედრების ტრადიცია
ანდა, როგორ შეიძლებოდა, სხვანაირად ყოფილიყო: იმ დღეს ხომ ვლადიმერ გუცაევი გახლდათ "მთავარ როლში" - ქართული ფეხბურთის ცოცხალი ლეგენდა!..
...ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთეულებზე თუ შეიძლება იმის თქმა, რომ ყველა დროს საუკეთესოთა შორის მოვიხსენიოთ და ვლადიმერ გუცაევი სწორედაც რომ ამ კატეგორიას მიეკუთვნება!
ეგ კი არა, ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ინდივიდუალისტისა და უბადლო დრიბლიორის ოსტატობაში საერთაშორისო ასპარეზზეც რწმუნდებოდნენ და არა მხოლოდ რწმუნდებოდნენ - აღიარებდნენ კიდეც და ამის დასტურად 1981 წლის ზაფხულში, ესპანეთში ჩატარებული "ოთხთა ტურნირიც" გამოდგება, როცა იმ ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად თბილისის "დინამოს" მარჯვენა გარემარბი ვლადიმერ გუცაევი აღიარეს!
არადა, იმ ტურნირზე "დინამოს" მეტოქეთა (მადრიდის "რეალი", მიუნხენის "ბაიერნი", ჰოლანდიური "აზ-67 ალკმაარი") შემადგენლობაში მსოფლიოს დონის ვარსკვლავები თამაშობდნენ; თუმცა, ვლადიმერ გუცაევიც თამამად შეიძლება მივიჩნიოთ საერთაშორისო დონის ვარსკვლავად - თამაშის გამორჩეული მანერით, უსწრაფესი და ელეგანტური დრიბლინგით, უმწვავესი ფლანგური გარღვევებითა და უამრავი საგოლე პასით.
ახლა, გოლები? იმის მიუხედავად, რომ იმდროინდელ "დინამოში" ერთიმეორეზე უკეთესი გოლეადორები იყვნენ, ვლადიმერ გუცაევს ფლანგის ფორვარდისთვის უჩვეულოდ ბევრი გოლი გაჰქონდა, თანაც, იმასაც ხომ გააჩნია, როგორი დონის გუნდების კარში გაჰქონდა ეს ერთიმეორეზე ეფექტური და, რაც მთავარია, უსაჭიროესი გოლები!
თანაც, ამ შემთხვევაში საერთაშორისო ასპარეზს ვგულისხმობთ და აღარც ვიცით, რომელი ერთი ჩამოვთვალოთ: 1976 წელს განახლებულ "დინამოს" სტადიონზე პირველი გოლი ("კარდიფ სიტისთან") თუ სამი წლის შემდეგ "ლივერპულისა" და "ჰამბურგის" კარში გატანილი გოლები. აღარაფერს ვამბობთ 1981 წლის ტრიუმფზე: "დინამოს" მარჯვენა გარემარბმა თასების თასის იმ გათამაშებაში, ფაქტობრივად, ყველა მეტოქის ("კასტორია", "ვესტ ჰემი", "ფეიენოორდი", "კარლ ცაისი") კარში გაიტანა გოლი!
ცალკე საუბრის თემაა საკავშირო ასპარეზზე გატანილი გოლები - ხშირ შემთხვევაში რომ ასევე გადამწყვეტი და ეფექტური ყოფილა. აი, თუნდაც ის განუმეორებელი გოლი, 1978 წლის ბოლო მატჩში რომ გაუტანა მოსკოვის "ტორპედოს" - მარცხენა ფლანგიდან, ფაქტობრივად, კუთხურის ადგილიდან.
...ვლადიმერ გუცაევს 18 წლის ასაკში ჰქონდა დებიუტი "დინამოს" ძირითადში და 16 სეზონის განმავლობაში ამ გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი გახლდათ. "დინამოსთან" ერთად მან მოიპოვა საბჭოთა კავშირის ჩემპიონობაც და თასიც (ორჯერ), აღარაფერს ვამბობთ 1981 წლის ტრიუმფზე!
ინდივიდუალური აღიარებაც არასდროს დაჰკლებია, თუმცა, მაშინაც (როცა თამაშობდა) და ახლაც გული გვწყდება, რომ ასეთი გაქანების და დონის ფეხბურთელს საბჭოთა კავშირის ნაკრებში მხოლოდ 11 მატჩი აქვს ჩატარებული.
ისე, შესაძლოა ბევრმა არც იცოდეს, რომ ჩატარებული მატჩებით თბილისის "დინამოს" აბსოლუტური რეკორდსმენი სწორედ ვლადიმერ გუცაევია - საკავშირო ჩემპიონატში, თასზე და საერთაშორისო სარბიელზე მას 437 მატჩი დაუგროვდა და ამ მაჩვენებლით ქართული ფეხბურთის სამ ლეგენდარულ კაპიტანს უსწრებს - ავთანდილ ღოღობერიძეს, მანუჩარ მაჩაიძეს, ალექსანდრე ჩივაძეს...
...ვლადიმერ გუცაევის შთამბეჭდავ საფეხბურთო კარიერას არანაკლებ წარმატებული გაგრძელება მოჰყვა სხვა ამპლუაშიც: წლების განმავლობაში იყო თბილისის "დინამოს" გუნდის უფროსი, დიდი წვლილი შეიტანა რუსეთის პერიფერიული გუნდის, ვლადიკავკაზის "ალანიას" ჩემპიონობაში; მერე წარმატებით მუშაობდა საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში, რის შემდეგაც მერე ჩვენი უპირველესი გუნდის გაძღოლაც ანდეს.
ეს კიდევ არასრული ჩამონათვალია და "ლიდერბეთში" გამართული შეხვედრის დროსაც ძალიან ძნელი იყო, უემოციოდ მოესმინა კაცს ის შეფასებები, ქართული ფეხბურთის ლეგენდის მიმართ რომ არ დაიშურეს სხვადასხვა თაობისა თუ პროფესიის წარმომადგენლებმა, უპირველესად კი, ვლადიმერ გუცაევის ნიჭის დიდმა დამფასებლებმა - ვაჟა აზარაშვილმა, თენგიზ გაჩეჩილაძემ, დავით ქლიბაძემ, გია გორგოძემ, ბიძინა ბარათაშვილმა, ვერნი ალფაიძემ, თემურ ღაღანიძემ, პაატა გურასპაულმა, თენგიზ პაჭკორიამ, თემურ ჩიხლაძემ... და მისმა ყოფილმა თანაგუნდელმა თენგიზ სულაქველიძემ - იმ მართლაც დიდი "დინამოს" წარმატებების ასევე ერთ-ერთმა შემოქმედმა...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"