35 წელი დიდი გამარჯვებიდან - ცხადსა და სიზმარში ნანახი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ზუსტად 35 წლის წინათ, 1981 წლის 13 მაისს, დიუსელდორფში, ნოდარ ახალკაცის ხელმძღვანელობით, თბილისის "დინამომ" თასების მფლობელთა თასის ფინალში იენის (გდრ) "კარლ ცაისი" 2:1 დაამარცხა.

ეს არის გაუხუნარი ამბავი, რომელიც დღესაც საზეიმოდ აღინიშნება. 16 საათზე, 13 მაისის შემოქმედნი "დინამო არენაზე" შეიკრიბებიან და დაიძვრებიან თბილისის საკრებულოსკენ, სადაც დედაქალაქის საკანონმდებლო ორგანოს წევრები და მერი დავით ნარმანია საზეიმო შეხვედრას მოუწყობენ...

სიზმარში ნანახი მანქანა
მაშინდელი გუნდის ფიზიოთერაპევტი ანზორ გაბიტაშვილი საინტერესო ისტორიებს იხსენებს:

"წარმოიდგინეთ, მაშინდელ "დინამოს", რომელსაც სახელი ჰქონდა ევროპაში, არ ჰყავდა მეკარეების მწვრთნელი და ნოდარ ახალკაცმა
ეს საქმე მე, ფიზიოთერაპევტს მომანდო. ერთი ხანობა, მეკარეებს სწორედ მე ვავარჯიშებდი, ვიდრე 1977 წელს სერგო კოტრიკაძე არ მოიყვანა. მაგრამ, სამწუხაროდ, დიუსელდორფში ხალხი შეზღუდული რაოდენობით წაიყვანეს და სერგო ამ ჯგუფში ვერ მოხვდა".

მან ერთი უცნობი ამბავიც გაიხსენა:

"ბევრს არც ახსოვს, რომ იმ გათამაშებაში თბილისის "დინამო" შემთხვევით მოხვდა. ჩვენ საბჭოთა კავშირის თასი 1979 წელს მოვიგეთ, გათამაშებაში კი 1980 წლის გამარჯვებულს უნდა ეთამაშა.

იმ წელს ფინალში კიდევ ერთხელ გავედით. ფინალი კი, მოსკოვის ოლიმპიადის გამო 9 აგვისტოს გაიმართა. თასების მფლობელთა თასის გათამაშების წილისყრა კი მაისის ბოლოს ჩატარდა და საბჭოთა კავშირის ფეხბურთის ფედერაციამ მონაწილედ თასის წინა გამარჯვებული "დინამო" წარადგინა. დონეცკის "შახტიორმა" 2:1 მოგვიგო, თუმცა უეფას თასზე იასპარეზა, - ამბობს გაბიტაშვილი და იქვე აგრძელებს:

სანამ ფინალში გავიდოდით, 1980 წლის 22 ოქტომბერს ირლანდიაში "უოტერფორდს" ვხვდებოდით. თამაშის წინა დღეს სიზმარი ვნახე, რომ იმ დროისთვის ყველაზე პოპულარულ მანქანას, "მერსედესს" მაძლევდნენ - "დინამომ" ევროპის თასი აიღო და გეკუთვნისო. არ მინდა, "ვოლგა გაზ-24" მომეცით-მეთქი.

ეს სიზმარი ნოდარ ახალკაცს გავუმხილე. გაეცინა - ევროპულ ფეხბურთში დიდი მაიმუნობები მაშინაც ხდებოდა და ევროპიდან თასს ვინ წამოგვაღებინებსო, მითხრა. მაგრამ ყველაფერი ძალიან კარგად აეწყო და ფინალში რომ გავედით, დიუსელდორფში გამგზავრებამდე დიღმის ბაზაზე ვთქვი - ფინალის ბურთი უნდა მოვიპარო-მეთქი.

თამაში რომ დამთავრდა, ნოდარმა ხელი მკრა - ანზორ, მიდი, მსაჯს ბურთი წაართვიო. მეც მეტი რა მინდოდა? მოედანზე შევვარდი და რიკარდო ლატანცის ბურთი ხელიდან გამოვგლიჯე.

ამ ბურთს დღემდე ვინახავ. მასში ბევრჯერ შემომთავაზეს საკმაოდ დიდი ფული, მაგრამ ის უფრო ძვირფასია, ვიდრე ფული, რადგან ამ ბურთმა საქართველოს უდიდესი სიხარული და ბედნიერება მოუტანა".

გაბიტაშვილის თქმით, სიზმარი სხვა კუთხითაც აუხდა:

"ფინალის შემდეგ, საქართველოში დაბრუნებულებს, "ვოლგები" მართლაც დაგვირიგეს. მართალია, ეს უფასოდ არ გაუკეთებიათ, თავის ფასში მოგვყიდეს, მაგრამ მისი გაყიდვით ახალ მანქანასაც შეიძენდი. ეს იყო სწორედ ჩვენი შეღავათი".

რატომ წაიყვანეს კოტე მახარაძე სახელმწიფო უშიშროების კომიტეტში?
გაბიტაშვილს ნოდარ ახალკაცის გახსენებაც ვთხოვეთ:

"მეცინება, როცა ამბობენ, ფარსადანოვიჩი უხეში და ხისტი იყოო. ნოდარი იყო საუკეთესო მწვრთნელი და ადამიანი, რომლის მსგავსი და მასშტაბის პიროვნებაც ქართულ ფეხბურთში არ მინახავს. არადა, რამდენი ხანია ამ სფეროში ვარ. მან რომ ფეხბურთელების დამუხტვა და სტიმულის მიცემა იცოდა, ასეთი ახლა სანატრელია - კაცს გააცოცხლებდა და ამის არაერთი მაგალითი გვქონია".

ისტორიული გამარჯვების დღეს, ტელერეპორტაჟისას, კოტე მახარაძემ ცნობილი ფრაზა თქვა:

"И вот финальный свисток извещает о том, что динамовцы Тбилиси в 1981 году завоевали Кубок кубков Европейских стран! Большая удача грузинских футболистов! Представляю, что сейчас творится в Тбилиси! Ликует столица Грузии, ликует вся наша страна!"

ბევრისთვის უცნობია, რომ ამ ფრაზის გამო დიუსელდორფიდან დაბრუნებული კოტე მახარაძე მოსკოვში, სახელმწიფო უშიშროების კომიტეტში დაიბარეს:

"ჩავდივართ მოსკოვში და მახარაძე უშიშროების კომიტეტში წაიყვანეს. მერე გავიგეთ, რომ მიზეზი სწორედ ეს სიტყვები ყოფილა - "Ликует столица Грузии", რატომ ახსენე საქართველოს დედაქალაქი და არა საბჭოთა კავშირისო?!

მერე კი გამოუშვეს, მაგრამ ხომ ხვდებით, მაშინდელი ემოციების ფონზე როგორი რეაქცია გვექნებოდა ამაზე. რა თქმა უნდა, ჩვენი გამარჯვება ისე არ გაუხარდათ, როგორიც რუსების შემთხვევაში მოხდებოდა".

საჩუქარი ახალკაცს
სხვათა შორის, მოსკოვის "მადლობასთან" დაკავშირებით თავად ნოდარ ახალკაცი შემდეგ ამბავს იხსენებდა:

"კარგ მთქმელს კარგი გამგონეც უნდაო და, სწორად გამიგეთ, რასაც მოვყვები. ეს ამბავი ყველას ნათელ სურათს შეუქმნის იმაზე, თუ როგორი "აღფრთოვანება" და "სიხარული" გამოიწვია მოსკოვში ჩვენმა გამარჯვებამ.

საბჭოთა ნაკრებმა მოსკოვის ოლიმპიადა რომ წააგო, ნაკრების მწვრთნელი ბესკოვი ორდენით დააჯილდოვეს. საზოგადოება "სპარტაკის" საიუბილეო დღეებშიც იგივე განმეორდა. ლობანოვსკიმ კიევის "დინამოთი" ევროპის თასების მფლობელთა თასი ორჯერ მოიპოვა და ორივე შემთხვევაში ორდენი ჩამოჰკიდეს.

მე კი, 16 მაისს, როცა გუნდთან ერთად დიუსელდორფიდან მოსკოვში დავბრუნდი, აეროპორტში "დინამოს" ცენტრალური საბჭოს თანამშრომელი ფედულოვი დამხვდა, ავტობუსში ასვლის წინ საბუთი გადმომცა და მთხოვა - თავისუფალ დროს გაეცანითო.

შეუძლოდ ვიყავი, ჩანთაში ჩავაგდე და მხოლოდ თბილისში ჩამოსულმა რომ გადავხედე, ჭეშმარიტი საბჭოთა სიურპრიზი დამხვდა. "დინამოს" ცენტრალური საბჭო საყვედურს მიცხადებდა - აქაოდა, დიუსელდორფში გუნდი "ადიდასის" ფორმით რატომ ათამაშეო.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ - წყალსაც წაუღია იმათი ყველა ორდენი და მედალი, მაგრამ ამ მოქმედებაში ნათლად გამოჩნდა იმპერიის მესვეურთა ის "სიხარული", რომელიც ქართული ფეხბურთის გამარჯვებამ მოჰგვარათ და კიდევ ერთხელ გააშიშვლა მათი უზნეო, ბოროტი სული.

აი, ასეთი "მადლობა" მივიღე მაშინ იმპერიის მესვეურებისგან, მაგრამ სულაც არ მენაღვლებოდა - ჩემთვის მთავარი იყო ის დიდი სიყვარული, საქართველომ ჩვენ მიმართ რომ გამოამჟღავნა და რომელსაც ახლაც ვგრძნობ"...

Sportall.Ge

ევროპის საუკეთესო გუნდი
ბატონი ანზორი განიცდის, რომ ამ 35 წლის განმავლობაში ქართული ფეხბურთი ძალიან დაეცა:

"მაშინ "დინამოში" და, საერთოდაც, ფეხბურთს ღარიბი ოჯახების შვილები თამაშობდნენ. მათ სახელიც სწყუროდათ და მონდომებაც ჰქონდათ. ვერ ვიტყვი, რომ ყველაფერი ამის ბრალია, მაგრამ ახლა ფეხბურთზე სიარული ისეთი ძვირი სიამოვნება გახდა, რომ ღარიბები იქით იშვიათად იხედებიან, მდიდრები კი ვერ თამაშობენ".

დღეს ბევრი თბილი სიტყვა ითქმება, ბევრი სადღეგრძელო შეისმება, პატარა საფეხბურთო ზეიმი მოეწყობა და მაინც, ახალი თაობისთვის გაუგებარია, ასეთი რა მოხდა 1981 წლის 13 მაისს, 35 წლის შემდეგაც რომ ვერ დავივიწყეთ და ლამის "დიდგორის" გამარჯვებასავით აღვნიშნავთ. ბევრს ეს ყველაფერი გადაჭარბებული და ტიპური ქართული ლეგენდა ჰგონია.

რა თქმა უნდა, წარსულზე ტირილი არ ღირს, მომავლისკენ უნდა გავიხედოთ, რადგან ჩვენზე დიდი წარმატებები ბევრს ჰქონია.

თუმცა 1981 წლის თბილისის "დინამო" ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი რომ იყო, ცნობილი საფეხბურთო მოღვაწეების ძველი და ახალი კომენტარები მეტყველებს. თბილისის "დინამოს" ევროპის საუკეთესო გუნდად მიიჩნევდა სესარ ლუის მენოტი, 1978 წლის მსოფლიოს ჩემპიონ არგენტინის მთავარი მწვრთნელი.

უცხოელები ქართველებზე
ვლადიმერ მუნტიანი, კიევის "დინამოსა" და საბჭოთა კავშირის ნაკრების ყოფილი ვარსკვლავი, 1969 წლის საბჭოთა კავშირის საუკეთესო ფეხბურთელი ამბობდა - კიეველები ყოველთვის თბილისელებს ვგულშემატკივრობდითო:

"მათ საბჭოთა ბრაზილიელებად ვთვლიდით. არასტაბილური გუნდი იყო, მაგრამ ხასიათზე თუ იყვნენ, ვერავინ აჩერებდა. შეუძლებელი იყო, მათი თამაშით არ მოხიბლულიყავი. ჩვენ მეტი ტიტული გვქონდა, მაგრამ ხალხს თბილისელები უყვარდა და მათ შეხვედრებს ყველაზე მეტი მაყურებელი ესწრებოდა.

ცალკე ქართველი ფეხბურთელების პიროვნულ ღირსებებზე უნდა ვთქვა. როცა ჩერნობილის ატომურ სადგურზე საშინელება მოხდა, კიევის "დინამოს" ფეხბურთელები საქართველოში თვეობით ვცხოვრობდით. ამ ყველაფრის დავიწყება შეუძლებელია".

"ლივერპულის" შოტლანდიელი შემტევი გრემ საუნესი რამდენიმე წლის წინ "ფრანს ფუტბოლთან" ამბობდა:

"ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში, ყველაზე მეტად, რა თქმა უნდა, თბილისის "დინამო" დამამახსოვრდა. ამ გუნდმა ჩემზე გასაოცარი შთაბეჭდილება დატოვა".

"იმ დროის ერთ-ერთ უძლიერეს გუნდთან დავმარცხდით, რომელიც თასების მფლობელთა თასის მაშინდელ გათამაშებაში ყველას სჯობდა. ინდივიდუალურად ძლიერ ფეხბურთელებს უძლიერესი მწვრთნელი ავარჯიშებდა", - ამბობს ლოთარ კურბიუვაიტი, კომუნისტური გერმანიის ლეგენდარული ფეხბურთელი, დიუსელდორფის ფინალის მონაწილე.

მაშინდელი "კარლ ცაისი" გდრ-ის ნაკრების ერთ-ერთ საბაზო გუნდად ითვლებოდა ბერლინისა და დრეზდენის "დინამოებთან" ერთად. იენელებმა ხომ თბილისის "დინამოსკენ" მიმავალ გზაზე თვით "რომა", "ვალენსია" და "ბენფიკა" ჩამოიცილეს...

აი, ასეთი გუნდი დაამარცხა ჩვენმა "დინამომ"...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 16 /
გეთანხმებით ყველა თქვენს მიერ დასახელებულ პრობლემებში,მაგრამ თქვენ ჩემზე მეტად ოპტიმისტი ყოფილხართ)მე მაინც მიმაჩნია,რომ საქართველოს ნაკრებში უნდა ითამაშოს ყველა საუკეთესო ქართველმა,მიუხედავად დაბადების ადგილის.ფინანსური ხარჯი?ფიფა და უეფასგან ფინალურ ეტაპზე გასვლისთვის დიდი პრემიებია(2–4მლნ ევრო)და ფინაულურ ეტაპზე თითოეული ქულისთვის.პლიუს–მე გარდა სპოტული მხარის ,დამატებით დატვირთვასაც ვაძლევ მნიშვნელობას ტაო–კლარჯეთის,ფერეიდანის ქარტველებისთვის.შეგვიძლია დიდკუსია გავაგრძელოთ ფბ–ზე. ზაზა ახალაია (ფბ–ზე ლათინურად)
ზაზა vep1963–ს
13 მაისი 2016 19:49
0
ნუ წაიღეთ ტვინი ამ წარსულზე ტირილით თქვე კომპლექსიანებო. ახლა რა უნდა გაკეთდეს ის დაწერეთ და მასზედ იმსჯელეთ.
giorgi
13 მაისი 2016 18:42
0
ეს იყო დაუვიწყარი საღამო !!! მთელი საქართველო ფეხზე იდგა , ეს მარტო ქართული ფეხბურთის გამარჯვება არ იყო , არამედ ყველა ჩვენის გამარჯვება იყო !!!
ასეთი გამარჯვებები გააერთიანებს ჩვენ ტანჯულ სამშობლოს !!!
ეხლაც შოკშო ვარ როგორი გმირები იყვნენ ჩვენი ოქროს ბიჭები , ჩვენი დინამო !!!
ჯონი
13 მაისი 2016 18:01
0
უფალს ვთხოვ ჩემ ერს კიდევ განაცდევინოს ის სიამაყის გრძნობა, როგორსაც მაშინ განვიცდიდით მთელი ქართველობა და არამარტო ქართველები. ეს იყო უდიდესი სიხარული და უდიდესი სიამაყე, ევროპის თასი ბიჭებმა პატარა საქართველოში ჩამოგვიტანეს.
gizog
13 მაისი 2016 17:17
0
ზაზა-გაიხარე ,მშვენივრად ჩამოაყალიბე ,შენი მოსაზრება.ბევრ რამეში გეთანხმები,ბევრ რამეში არა,მაგრამ ძირითადი ის არის,რომ ჩვენდა სამწუხაროდ ,ზოგი ობიექტური ფაქტორის მაგ საქართველოში დატრიალებული ყველა უბედურებები და უამრავი სუბიექტური ფაქტორების მაგ ბატონი ნოდარ ახალკაცის გარდაცვალების შემდეგ ქართულ ფეხბურთში ერთი ისეთი კაცი არ გამოჩნდა რომელიც 50/50-პროცენტით მაინც ეფიქრა ქართული ფეხბურთის წინსვლა განვითარებისა და თავის პირადი კეთილდღეობის ამაღლებაზე პლუს ამას დამატებული ჩვენი ხასიათის მანკიერებები დეიდაშვილ ,მამიდაშვილობა და აშ და ზუსტად ამიტომაც მივიღეთ ის რაცა გვაქვს. ქართველებს უდიდესი პოტენციალი გაგვაჩნია და ამ პოტენციალის გამოვლენა გაფურჩქვნას ისეთი ადამიანი უნდა ,რომელიც ბატონი ნოდარივით,ნიჭიერი,სწავლამოწყურებული და ასევე 50/50-ზე მაინც არ იფიქრებს ფეხბურთზე და თავის პირად კეთილდღეობაზე.ჩვენდა სამწუხაროდ დანანებით შემიძლია ვთქვა ,რომ მიუხედავად ამ გმირობისა 80-ციანი წლების თაობამ ქართული ფეხბურთის დეგრადაციას არაფრით ხელი არ შეუშალა ეს კი არა და პირიქით და ზუსტად სწორედ ამიტომაც იყო რომ პოლიტიკოსები თავს უფლებას აძლევდნენ უხეშად ჩარეულიყვნენ საფეხბურთო საქმეებში ,ხოლო ამან რა შედეგიც მოგვცა ნათლადა სჩანს. სსრ-კ რომ ახსენეთ ბატონო, ეს სულ სხვა დრო იყო.მიუხედავად ყველა იმ მიღწევებისა რაც იმ პერიოდში ქართულ-საბჭოურ ფეხბურთსა ჰქონდა საქართველოს საფეხბურთო გუნდები ლიგების მიხედვით საკმაოდ ჩამოუვარედებოდნენ თავიანთი სპორტტექნიკური ეკიპირებითა და ბაზებით რუსულ,უკრაინულ და ტუნდაც ბელორუსულ გუნდებს.აქ რასაკვირველია მხედველობაში არა მყავს უმაღლესი ლიგა, ჩვენ ამ ეტაპზე იოლად გავდიოდით ჩვენი ნიჭისა და საქართველოში ფეხბურთისადმი დიდი დაინტერესების გამო და აქვე მინდა დავამატო ისიც რომ საქართველოში ამ პერიოდში ფეხბურთელს ცოტა უფრო მეტს უხდიდნენ ხელფასის სახით ვიდრე ყველა ზემოთ დასახელებულ რესპუბლიკებში. დღევანდელ დღეს ეს განსხვავება კიდევ უფრო გაიზარდა რადგანაც ის კეთილმოწყობილი საფეხბურთო ინფრასტრუქტურა რაც მათ აქამდე ჰქონდათ მათ კიდევ უფრო განავითარეს,ამას დაემატა სახელფასო დაინტერესებაც.ჩვენ კი ბატონო ჩვენი საფეხბურთო ინფრასტრუქტურა მათი უწინდელი ინფრასტრუქტურის მიახლოვებულ დონემდე ავიყვანეთ,ხელფასებზე კი ლაპარაკიც კი სასაცილოა.აქვე აგერ უკვე რამოდენიმე ხანია ყაზახეთმა და აზერბაიჯანმა დაიწყო თავიანთი ფეხბურთის მოდერნიზება და შედეგებიც უკვე შესამჩნევია.ჩვენდა საბედნიეროდ აქაც ჩვენი ნიჭის წყალობით ,როგორც იტყვიან ვსულდგმულობთ და არ ვიძირებით. ვინაიდან ჩვენ დიდი დრო დავკარგეთ სისულელეების კეთებაში. ზაზა ძამიკო ამ ეტაპზე საქართველოს საფეხბურთო ნაკრებზე კი არა და ძირითადი ყურადღება და სახსრები საფეხბურთო კადრების,კლუბების ინფრასტრუქტურების და ბავშვთა ფეხბურთის მოდერნიზაციაში უნდა ჩაიდოს.ჩვენთვის ეხლა მთავარია მყარი საფუძვლის ჩაყრა რადგანაც შემდეგ ამაზე გამძლე შენობა დავდგათ.ჩვენთვის ეხლა ბრწყინვა დამღუპველია-ჩამოვიყვანოთ უცხოეთიდან თუნდაც გულანთებული ქართველები ვუხადოთ უამრავი ფული ნაკრებში თამაშისათვის,მაგრამ ფეხბურთს კი სარძიკველი ჰქონდეს დამპალი ასე საქმე არ გამოვა.ჩვენდა სამწუხაროდ საქართველოს და ქართველებს ორივე საქმის ერთად გაკეთების ფუფუნება არა გვაქვს;მითუმეტეს მაშინ როდესაც არსად არასდროს არ მომხდარა ესე.აგერ მაგალითად ისლანდიას მოგიყვანთ-გავაკეთოთ ისე როგორც ამ ყინულების ქვეყანაში გააკეთეს და იმატ რომ ათი წელი დასჭირდათ ჩვენ ორ წელში ჩავეტევით.ტუ კაცს უნდა აგერ ინტერნეტის ეპოქაში ეხლა აღარაფერი არაა დაფარულ დამალული გადმოიღონ გააანალიზონ შეუსადაგონ ჩვენი ქვეყნის პირობებს შემდეგ კი კეთილსინდისიერად და არა ისე ადრე რომ ხვეტდნენ თავისთვის ყველაფერს,დიახ კეთილსინდისიერად აკეთონ საქმე თუნდაც როგორც ზემოთ აღვნიშნე50/50-ზე და ეჭვიც არ მეპარება სულ რამოდენიმე წელიწადში ყველაფერს დაეტყობა წინსვლა ხალხი კი სტადიონებზე თვითონ ყოველგვარი მოწოდებებისა და აგიტაცია პროპაგანდების გარეშე მოვა. ps.ამ ეტაპზე რასაც ფეხბურთის ფედერაცია აკეთებს იმით კმაყოფილი ვარ ,ვნახოთ როგორ გააგრძელებს ბატონი კობიაშვილი საქმეს ნამდვილად გულით ვგულშემატკივრობ და არ მინდა იმედები გამიცრუვდეს. ღმერთმა ხელი მოგვიმართოს ზაზა ბატონო ყველას.
vep1963
13 მაისი 2016 16:11
0
გუშინდელივით მახსოვს ის დაუვიწყარი დღე!მატჩს ვუყურეთ ალბათ 8 თუ 9 კაცმა აბასთუმნის ქუჩაზე მეგობართან და საფინალო სასტვენის შემდგომ დინამოს სტადიონს მივაშურეთ(იქვეა),შემდგომ ქალაქში გავედით და...
დიდი და პატარა ერთმანეთს ულოცავდა ამ ეროვნულ ტრიუმფს და კიდევ...
ჩემმა თაობამ იხილა დინამოს აღზევება და საუკეთესო ფეხბურთელები.
ყველაფრის გამოსწორება შეიძლება სწორი ორგანიზაციით,თანმიმდევრულობით,ბევრი მუშაობით(მაგალითები გვაქვს-რაგბი).
ფეხბურთში უგულო ხახლი არ უნდა იყოს და კიდევ:ფეხბურთი თავით უნდა ითამაშო.
დიდი მადლობა ბიჭებს და საუკუნო ხსოვნა მათ, ვინც წასულია.
gigo
13 მაისი 2016 15:35
0
თბილისის „დინამო“ იყო საქართველოს არაოფიციალური ეროვნული ნაკრები, რომელსაც სათავეში ედგნენ უაღრესად განსწავლული მწვრთნელები ბ-ნი ნოდარ ახალკაცი და ნ-ნი კახი ასათიანი. მოედანზე კი იყვნენ: გუნდის კაპიტანი, ვირტუოზი ფეხბურთელი ალექსანდრე ჩივაძე; გუნდის ინტელექტი და შეტევების უბადლო ორგანიზატორი დავით ყიფიანი; საოცარი დრიბლიორი და პენალტების მომპოვებელი ვლადიმერ გუცაევი, გოლზე დაგეშილი რამაზ შენგელია და კიდევ ბუვრი უმაღლესი კლასის ფეხბურთელი.
გუჯა კახაძე
13 მაისი 2016 14:28
0
1981 წლის 13 მაისი თავისით არ მოსულა და არც მომავალში მოვა დიდი შრომის გარეშე.
გულშემატკივარი იღებს იმას რასაც იმსახურებს
13 მაისი 2016 14:26
0
მეტი განათლებული და ეროვნული პიროვნებაა საჭირო ფეხბურთის ფედერაციაში.ამასთან ერთად მწვრთნელების მომზადება ბავშვთა და ჭაბუკთა გუნდებისათვის,აუცილებელია არსებულ მწვრთვნელთა კვალიფიკაციის ამაღლება,რაშიც თანხების მობილიზაციაა საჭირო.ზემოთაღნიშნულის გარეშე აღარაფერი ეშველება ქართულ ფეხბურთს.
gurami
13 მაისი 2016 12:32
0
აღქმის და მოქმედების თავისუფლება ასეთ დღესასწაულამდე კიდევ მრავალჯერ მიგვიყვანს!
სირბილის სწავლების ცენტრი
13 მაისი 2016 12:28
0

სიახლეები პოპულარული