სლავა - ნაწყვეტები დავით ქლიბაძის წიგნიდან "დრიბლინგი"

AutoSharing Option
დღეს 80 წელი შეუსრულდებოდა ლეგენდარულ ქართველ ფეხბურთელს, სლავა მეტრეველს. ამ თარიღთან დაკავშირებით, გთავაზობთ წერილს დავით ქლიბაძის წიგნიდან - "დრიბლინგი"...

ფეხბურთზე უზომოდ შეყვარებულმა ჩემმა ახლო ნათესავმა, გვარად მეტრეველმა, ერთ დღეს თავის მოსკოველ მოგვარეზე დამიწყო ლაპარაკი: დედამისი, ჟენია და მამა, კალისტრატე, ნიგავზებელი მეტრეველები არიან, სოჭში ცხოვრობენ და ზაურიც იქ დაიბადა: ჯერ იქაურ გუნდში იყო, მერე ერთი წელი გორკში ითამაშა და სულ ახლახან მოსკოვის "ტორპედოში" მიიღესო, - ამაყად მეუბნებოდა.

1956 წლის ზაფხულში რაჭაში, უწერაში, პირველად ვნახე თანაგუნდელების - მეტრეველისა და ოსტროვსკის პატარა, პასპორტის
ფოტოები. სსრ კავშირის ოლიმპიურ ნაკრებში ვალენტინ ივანოვი და ედუარდ სტრელცოვი იყვნენ მიწვეულნი და ვიქტორ მასლოვმა "ტორპედო" თბილისში ჩამოიყვანა საკონტროლო მატჩების ჩასატარებლად. ის ფოტოებიც მაშინ აჩუქეს ჩემი ნათესავის ნათესავს, ნიგავზებელ ლილი მეტრეველს.

სხვათა შორის, ქალბატონმა ტატიანამ ახლახან მითხრა, რომ ზაური არასოდეს ყოფილა მისი მეუღლის სახელი. ბავშვობაში მამის სანადირო თოფის - "ზაუერის" ნაცვლად, "ზაურს" ამბობდა თურმე, რაც მალე მეტსახელად იქცა. ვერაფერს გეტყვით, შესაძლოა, კიდევ არსებობდეს სხვა ვერსიაც.

ასე იყო თუ ისე, იმ პერიოდში ყველაზე დიპლომატიურად, შეუცდომლად იქცეოდა გარეგნობითა და აქცენტით ეჭვმიუტანელი თბილისელი სომეხი, შუახნის კაცი, რომელიც ახლანდელ თავისუფლების მოედანზე, სადღესასწაულო ზეიმებისთვის აგებულ სამთავრობო ტრიბუნასთან იდგა, ფეხბურთის მატჩის პროგრამებს ყიდდა და გაიძახოდა:

Программа футболаи прогармма футболаи в "Торпедо" играет сын грузинского народа Метревели...

მისი ხმა განსაკუთრებით ომახიანი იყო მაშინ, როცა ტორპედოელები სეზონის განმავლობაში უამინდობის გამო გადადებული საშინაო მატჩების ჩასატარებლად თბილისში ჩამოდიოდნენ.

როცა 1963 წლის სეზონის გახსნისას, ლენინგრადის "ზენიტისა" და "დინამოს" მატჩის დაწყებამდე სტადიონის დიქტორ-ინფორმატორმა ვლადიმერ პარტინმა მასპინძელთა გუნდის შემადგენლობა გამოაცხადა, მაყურებლებმა, როგორც იქნა, გაიხარეს - დინამოელთა ასე ნანატრი ახალი მარჯვენა გარემარბი ხომ მეტრეველი იყო: საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრი 1958 წლის შემოდგომიდან, სსრ კავშირის ჩემპიონი და თასის მფლობელი, ევროპის ჩემპიონი და მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე. მოსკოვის "ტორპედოდან" თბილისის "დინამოში" სლავა მეტრეველის გადმოყვანის პერიპეტიებსა და ვნებათაღელვაზე წიგნი რომ დაწერილიყო, მის ავტორს არ დაავიწყდებოდა ფეხბურთის ერთგული თაყვანისმცემლები, საქმიანი ხალხი: ძმები ლაზიშვილები და ირაკლი ნემსაძე, რომლებსაც ძალა, ენერგია და ფული არ დაუზოგავთ ქართველი ფეხბურთელის სამშობლოში ჩამოსაყვანად.

მიუხედავად იმისა, რომ 1958 წლის მაისიდან ედუარდ სტრელცოვი აღარ თამაშობდა, ვიქტორ მასლოვმა მართლაც არაჩვეულებრივი გუნდი შექმნა: მაღალტექნიკური, კორექტული, შემტევი - ერთ-ერთი საუკეთესო საბჭოთა ფეხბურთის ისტორიაში.

შუსტიკოვი, ოსტროვსკი, ვორონინი, მანოშინი, მეტრეველი, ივანოვი, გუსაროვი, დენისოვი. 1961 წელს ამ შემადგენლობას კავაზაშვილიც დაემატა. მართლაც დიდებული ფეხბურთელები იყვნენ. "ტორპედო" ძალიან უყვარდათ თბილისში, თუმცა ვერ ივიწყებდნენ "დინამოს" მარცხით გამოწვეულ გულისტკენას ჯერ კიდევ სტრელცოვის პერიოდში: თბილისში - 1:6, მოსკოვში თასზე - 0:5 (ხუთივე გოლი სტრელცოვმა გაიტანა). უფრო მოგვიანებით, 1960 წლის თასის გათამაშების ფინალური მატჩის 3:4 წაგება კი, უპირველეს ყოვლისა, კიეველი არბიტრის, ცაპოვეცკის "დამსახურება" იყო და არა ახლა ასე პოპულარული "ჩაწყობის" მასპინძელთა მხრიდან.

მეტრეველის თამაში არაერთხელ მინახავს - "დინამოში" მის გადმოსვლამდე და შემდეგაც. რა დამავიწყებს 1961 წელს "სპარტაკისა" და "ტორპედოს" შეხვედრას. სპარტაკელებმა პირველი ტაიმი 2:0 მოიგეს, მაგრამ მეორე ტაიმში, როცა ტრავმირებული ვალენტინ ივანოვი მაინც გამოვიდა მოედანზე, მეტრეველმა ისეთი ძალით გააგრძელა თამაში, რომ "სპარტაკის" მარცხენა მცველის, კრუტიკოვის საცოდაობით დაიწვა 103 ათასი მაყურებელი, რომელთა შორის მეც ვიყავი.

გუსაროვმა და ბატანოვმა ანგარიში გაქვითეს, ტორპედოელთა უპირატესობა გამოიკვეთა და, როცა მატჩის მიწურულს გლუხოტკომ 40 მეტრიდან დარტყმული ბურთი გაუშვა, ისე განვიცადე "ტორპედოს" დამარცხება, როგორც ჩვენი "დინამოს" წაგება შეიძლებოდა, განმეცადა... (ბურთი მართლაც მრგვალია - ის გოლი ხომ კრუტიკოვმა გაიტანა.)

მახსენდება 1963 წლის ოქტომბერში ევროპის ჩემპიონატის პირველი მერვედფინალური მატჩი მოსკოვში სსრ კავშირისა და იტალიის გუნდებს შორის, რომელიც მასპინძლებმა 2:0 მოიგეს. სლავა 20 წლის ჯაჩინტო ფაკეტის წინააღმდეგ თამაშობდა და იტალიელი ჟურნალისტების უმაღლესი შეფასება დაიმსახურა.

იმავე საღამოს სლავამ ფაკეტი ალექსანდრ იაკუშევის ქორწილში წაიყვანა. არაყი ძალით დამალევინეს, კიდევ კარგი, შამპანური დავაყოლეო, - სიცილით გვითხრა სახელოვანმა იტალიელმა ფეხბურთელმა 1977 წლის ზაფხულის ბოლოს, მილანის სიახლოვეს, აპიანო ჯენტილეში, "ინტერნაციონალეს" ბაზაზე ნოდარ ახალკაცსა და მე.

სლავა მეტრეველის ამბებიც დაწვრილებით გამოგვკითხა და თვალები სიხარულით გაუბრწყინდა, როცა შეიტყო, რომ მისი მეგობარი მილანში ჩავიდოდა "ინტერისა" და "დინამოს" მატჩზე. თამაშის შემდეგ მეტრეველი და "დინამო" ჩემი სტუმრები იქნებითო, - უხაროდა ფაკეტის, რომლისთვისაც მერე ის მატჩი საბედისწერო გამოდგა...

სლავა მეტრეველისა და მაშინდელი "დინამოს" თამაშს სიხარული მოჰქონდა ყველასთვის, არამხოლოდ თბილისში. ის განცდა და სიამოვნება დღემდე არ განელებიათ ფეხბურთის ნამდვილ გურმანებს... ასე მგონია, ყველას ყველაფერი გახსოვთ, რაც ჩვენს პირველ ჩემპიონებს უკავშირდება...

დიდი ხანია ვუყურებ ფეხბურთს და სრული პასუხისმგებლობით შემიძლია კიდევ ერთხელ გავიმეორო: მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში არ მეგულება სხვა არც კლუბი, არც ეროვნული ნაკრები, ერთდროულად ორი ისეთი რანგის გარემარბი ჰყოლოდეს, სლავა მეტრეველი და მიხეილ მესხი რომ იყვნენ.

და ახლა ვინმემ სლავა მეტრეველის დახასიათება რომ მთხოვოს, ასე დავიწყებდი: ის იყო ქართული ფეხბურთის ყველა დროის ყველაზე დიდი პროფესიონალი, და შემდეგ ჩამოვთვლიდი ამ ექსტრაკლასის ვარსკვლავის სხვა ღირსებებს...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ნემსაძე ებრაელია და ლაზიშვილები იყვნენ სომხები, მეტრეველი საერთოდ ლაზიშვილებმა ჩამოიყვანეს მოტყუებით, დაათვრეს თვითონ სლავა და მისი მეუღლეც, ეს არის ფაქტი და როდესაც წერ წიგნს სიმართლე უნდა დაწერო.
ხვიჩა
16:12 23-07-2020
0

სიახლეები პოპულარული