[ევროტურნირების წინ] თბილისის "დინამო" - შარშანდელი არ უნდა განმეორდეს!

AutoSharing Option
ფოტოზე: გიორგი პაპუნაშვილმა შეტევის ხაზში ალექსანდრე იაშვილი უნდა შეცვალოს
და ჰა, ევროტურნირების წილისყრის დღეც მოახლოვდა და ოთხი ქართული გუნდის (თბილისის "დინამო", "სამტრედია", "დილა", "ჩიხურა") მეტოქეებსაც შევიტყობთ. ახალი რა უნდა ვთქვათ: ისე, როგორც ბოლო 24 წლის განმავლობაში, წლევანდელ ევროტურნირებსაც გარკვეული იმედით ვხვდებით, ოღონდ, უპირველესად, იმის იმედით, რომ ქართული გუნდები წლევანდელ ევროტურნირებზე გაცილებით უკეთესი იქნება, ვიდრე - შარშან იყო!

არცთუ სასიამოვნო კი არა, ძალიან ცუდი სტატისტიკური მონაცემები გვინდა შევახსენოთ "ლელოს" მკითხველს: შარშან ოთხივე ქართული გუნდი ("დილა", თბილისის "დინამო", "ცხინვალი", ბათუმის "დინამო") ევროტურნირებს
პირველივე ეტაპის შემდეგ გამოეთიშა.

აქვე, ისიც უნდა ვთქვათ, რომ 1993 წლიდან (ანუ იმის მერე, რაც ქართული გუნდები დამოუკიდებელი ქვეყნის სახელით ასპარეზობენ ევროტურნირებზე) მოყოლებული, მხოლოდ ორჯერ მოხდა, რომ ვერც ერთმა ქართულმა გუნდმა ვერ გადალახა ევროტურნირების პირველი ეტაპი - ეს იყო 2003 და 2015 წლებში...

რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული უშუალოდ წილისყრაზეც, თუმცა მხოლოდ იღბლის იმედად ყოფნაც არ შეიძლება და ოთხივე ქართულმა გუნდმა საკუთარი სიძლიერე მოედანზე უნდა დაამტკიცოს. თუმცა, ამ "სიძლიერეში" ის კი არ უნდა ვიგულისხმოთ, სან მარინოსა თუ ანდორის გუნდებს რომ ვაჯობოთ პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე, არამედ მეტ-ნაკლებად ღირსეულად გამოვიდეთ ჯერ ჩვენი "კალიბრის" მეტოქეებთან (საწყის ეტაპებზე), მერე კი... მერე კი, ვინ იცის, იქნებ უფრო სოლიდურ გუნდებთანაც გავიბრძოლოთ...

ყოველ ზაფხულს იმის იმედი გვაქვს, რომელიმე ქართულმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის საგზური მოიპოვოს, მაგრამ დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ეს ვერც ერთმა ჩვენმა გუნდმა (თბილისის "დინამო", ქუთაისის "ტორპედო", "ვიტ ჯორჯია", ბოლნისის "სიონი", რუსთავის "ოლიმპი"/"მეტალურგი", "ზესტაფონი") ვერ მოახერხა.

ვნახოთ, როგორ შეძლებს ყველა ქართველი გულშემატკივრისთვის ამ სანუკვარი ოცნების ასრულებას ჩვენი ყველაზე ტიტულოვანი გუნდი თბილისის "დინამო", რომელიც ჩემპიონთა ლიგას ერთწლიანი პაუზის მერე უბრუნდება.

სხვა ქართული გუნდებისგან განსხვავებით, "დინამო" მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთვება გათამაშებაში და ამის გამოც არის, რომ გუნდმა მზადება სულ ახლახან დაიწყო, უცხოურ (ავსტრიაში) შეკრებაზე კი 20 ივნისიდან გადავა...

დინამო თბილისი
იმის შემდეგ, რაც ჩვენი გუნდები დამოუკიდებელი საქართველოს სახელით ასპარეზობენ, მხოლოდ ერთხელ (2012 წელს) მოხდა, როცა თბილისის "დინამო" ევროტურნირებზე არ გამოსულა. აი, დანარჩენ შემთხვევებში კი "დინამო" სხვადასხვა "დოზით" გვახარებდა და, აქვე, ბარემ ისიც ვთქვათ, რომ დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში სწორედ თბილისის "დინამომ" მიაღწია საუკეთესო შედეგს: 2004 წელს უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე იასპარეზა, ორჯერ კი (2011 და 2013 წლებში) ევროპალიგის პლეი ოფამდე მივიდა.

ახლა ძალიან ძნელია იმის განსაზღვრა, თუ რა შედეგს უნდა ველოდოთ წლევანდელ ევროტურნირებზე "დინამოსგან": როგორც უკვე ტრადიციად დამკვიდრდა, სეზონის დასრულების შემდეგ გუნდის შემადგენლობა გვარიანად გადახალისდა!

არადა, როგორი საქმეა, დროის ძალიან მოკლე პერიოდში ახალწვეულების უპრობლემო ადაპტაცია ახალ გარემოსთან და საერთოდაც, რამდენად მალე შეთამაშდებიან ერთმანეთთან ფეხბურთელები? თანაც, ამ ყველაფრის გარდა, "დინამოს" სლოვაკ თავკაცს, იურაი იარაბეკს იმაზეც მოუწევს ფიქრი, თუ როგორ უნდა მოხდეს უმტკივნეულოდ ალექსანდრე იაშვილის სრულფასოვნად შეცვლა: "დინამოს" თამაში ბოლო ერთი სეზონის განმავლობაში ხომ, ფაქტობრივად, "იაშკაზე" იყო აწყობილი.

არანაკლები საფიქრალი იქნება ახალწვეულთათვის (სტეფან ველევი, მატიას კურიე, მატია შპიჩიჩი) ოპტიმალური ამპლუების მოძებნა, ისე, როგორც ერთწლიანი პაუზის მერე დაბრუნებული გიორგი პაპუნაშვილისათვის. თანაც, არ დაგვავიწყდეს, რომ გერმანიაში გამგზავრებამდე სწორედ გიორგი პაპუნაშვილი გახლდათ "დინამოს" ლიდერი და დავამატოთ ამას მეკარე(ებ)ის ფაქტორიც - სეზონის დამთავრების შემდეგ გუნდიდან წავიდნენ ლიბორ ჰრდლიჩკა და გიორგი ბეგაშვილი.

სამაგიეროდ, "დინამოში" დაბრუნდა გამოცდილი გიორგი ლომაია (წარმატებული 8-წლიანი კარიერა რომ ჰქონდა ბაქოს "ინტერში"), კიდევ ერთი მეკარე (ძალიან დიდი ალბათობით, ლეგიონერი) კი, ჩვენი ვარაუდით, გუნდს ავსტრიული შეკრების დროს უნდა დაემატოს.

ასევე ავსტრიულ შეკრებაზე ნუ გამოვრიცხავთ სხვა ლეგიონერების გამოჩენასაც და იმედი დავიტოვოთ, რომ იურაი იარაბეკი მოასწრებს ახალწვეულთა შეთამაშებასაც და ევროტურნირების დასაწყისისათვის "დინამო", როგორც გუნდი, ისე იქნება მომზადებული.

ამას კი იმიტომ ვამბობთ, რომ მწარედ გვახსოვს ორი წლის წინანდელი "დინამოს" ფიასკო, როცა ჩვენს გუნდში უამრავი საკადრო ცვლილება მოხდა ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის წინ და შედეგად ის მივიღეთ, რომ ყაზახურმა "აქტობემ" ორივე მატჩი მოგვიგო. მაშინ მწვრთნელიც ახალი გვყავდა და ჩეხი სპეციალისტი მიხალ ბილეკი ევროტურნირების წინ ჩატარებულ ყველა საკონტროლო მატჩში სხვადასხვა ტაქტიკურ სქემას მიმართავდა და "აქტობესთან" გამართულ ორივე მატჩშიც ნათლად გამოჩნდა "დინამოს" ფეხბურთელთა ერთმანეთთან შეუთამაშებლობა.

აღარაფერს ვამბობთ იმდროინდელ ახალწვეულ ლეგიონერთა ხარისხზე: ვერც ჩეხმა მცველმა რადეკ დოსოუდილმა და ვერც ესპანელმა ცენტრფორვარდმა რაფა ჯორდამ ვერაფრით გაგვაკვირვა, კიდევ ერთი ახალწვეული ლეგიონერი, ესპანელი ნახევარმცველი რაფა გარსია კი ისე წავიდა საქართველოდან, "დინამოს" შემადგენლობაში... არც ერთი ოფიციალური მატჩი არ ჩაუტარებია.

და კიდევ ერთი: სამივე ლეგიონერი 30 წელს გადაცილებული გახლდათ...

"დინამო" ევროტურნირებზე
94 მატჩი: 42 მოგება, 12 ფრე, 40 წაგება, ბურთების სხვაობა: 129-142

სარეკორდო მოგება
დინამო-ლანელი (უელსი) 5:0
დინამო-სტრეიმური (ფარერები) 6:1

სარეკორდო წაგება
ლევერკუზენი (გერმანია)-დინამო 6:1
ბოავიშტა (პორტუგალია)-დინამო 5:0
დინამო-ტოტენჰემი (ინგლისი) 0:5

დუბლი
ა. იაშვილი - 2, მუჯირი - 1, ჩისკო - 1, შაშიაშვილი - 1, ჯ. დვალი - 1, რობერტინიო - 1, ვუო - 1.

ყველა გოლი
ა. იაშვილი - 6, მუჯირი - 5, ჩისკო - 5, შ. არველაძე - 4, ჯ. დვალი - 4, ხმალაძე - 4, მერებაშვილი - 4, ვ. დარასელია - 4, ლ. მელქაძე - 4, გოგიჩაიშვილი - 4, ხომერიკი - 4, რობერტინიო - 4, ვაწაძე - 3, კახელიშვილი - 3, კაკალაძე - 3, იაგუე - 3, ქინქლაძე - 2, კიკნაძე - 2, ჯამარაული - 2, ზირაქიშვილი - 2, შაშიაშვილი - 2, ახალაია - 2, ანჩაბაძე - 2, იაშვილი - 2, კანკავა - 2, შ. გრიგალაშვილი - 2, გ. კაშია - 2, ოდიკაძე - 2, ლექვთაძე - 2, კოშკაძე - 2, უსტარიცი - 2, ვუო - 2, რ. არველაძე -1, ინალიშვილი - 1, ყაველაშვილი - 1, დემეტრაძე - 1, კერძევაძე - 1, ალექსიძე - 1, აშვეთია - 1, ცქიტიშვილი - 1, წიტაიშვილი - 1, გოგოლაძე - 1, მიკუჩაძე - 1, კარლოსი - 1, გონჩაროვი - 1, დ. კვირკველია - 1, რომერო - 1, ალადაშვილი - 1, ნემსაძე - 1, ორბელაძე - 1, ბობოხიძე - 1, გიგაური - 1, ხუციშვილი - 1, აკირემი - 1, ო. გველესიანი - 1, ტორნინი - 1, ფირცხალავა - 1, ნ. კვეკვესკირი - 1, ე. გრიგალაშვილი - 1, კოტო - 1, გლიშიჩი - 1, ჯიღაური - 1, პაპუნაშვილი - 1, კლოსი (ვისლა, პოლონეთი - საკ. კარში), ლეკიჩი (ცრვენა ზვეზდა, სერბეთი - საკ. კარში).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
Qomagi
ორშაბათს არის ჩემპიონთა ლიგის 2 საათზე ევროპა ლიგის 3 საათზე
დიტო
18 ივნისი 2016 11:14
0
ასი პროცენტით ვეთანხმები ბებეტოს
levani
17 ივნისი 2016 19:14
0
ისეთი ლეგიონერები არ უნდა ჩამოიყვანონ ვინ უკვე კარიერას ამთავრებს.სამხრეთ ამერიკიდან შეიძლება კარგი ფეხბურთელების ჩამოყვანა უბრალოდ ამას სწორი სელექცია ჭირდება.
bebeto
17 ივნისი 2016 18:08
0
100
soso
17 ივნისი 2016 18:00
0
dinamo chempionta ligazeსაიდან იცი რო ოვონო დაბრუნდა? თუ მართალია ეგ ამბავი სასიხარულოა. და როდისაა კენჭისყრა დდა რომელ საატზე არავინ იცით?
qomagi
17 ივნისი 2016 17:26
0
გიორგი ლომაია რამდენი წლისაა?
ალეკსანდრე
17 ივნისი 2016 16:59
0
Mekares problema mogvarda didie ovono dabrunda shetevashi yvelaferi kargataa forvardi araa sachiro coureurs forvardatac sheudzlia tamashi
dinamo chempionta ligaze
17 ივნისი 2016 16:39
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული