Back in USSR - საბჭოთა კავშირის ჩემპიონატია თუ ევროტურნირი?

AutoSharing Option
ფოტოზე: ერევნის "არარატი" და თბილისის "დინამო" (1973 წ)
20 ივნისს, ევროტურნირების წილისყრას სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ცნობილია, რომ უეფა კარგა ხანია, რეგიონებად დახარისხების პრინციპს მიმართავს. სწორედ ამ პრინციპის წყალობით, საქართველოს წარმომადგენლები ევროპალიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე საბჭოთა კავშირში შემავალი ყოფილი რესპუბლიკების გუნდებს შეხვდებიან.

ანუ ეს არის ერთგვარი - Back in USSR. ისე, რა საინტერესოა - ამდენი განთესილი და განუთესავი კლუბის პირობებში, რაღა პოსტსაბჭოელები გვარგუნა წილისყრამ?

ჯერ უცნობია, ვის შეხვდება თბილისის "დინამოს" ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე, მაგრამ დიდი ალბათობით, სომხეთის
ჩემპიონი "ალაშკერტი" ანდორის "სანტა კოლომასთან" არ შერცხვება და ქართულ-სომხური საფეხბურთო დაპირისპირებების მთელ სიმწვავესა და ეშხს გაგვახსენებს...

ასეა თუ ისე, საქართველოს ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი ლაშა ჯაკობია წილისყრამ იმედიანად განაწყო.

"უფრო იოლ მეტოქეებზე ვერც ვიოცნებებდით. "დინამოს" შესაძლო მეტოქეებს შორისაც, "ალაშკერტზე" სუსტი არავინ იყო და მიმაჩნია, რომ ჩვენს ჩემპიონსაც აშკარად გაუმართლა. ყველაზე ძლიერი აზერბაიჯანული "გაბალაა" და მე როგორც ვიცი, ეს გუნდიც რამდენიმე ძვირად ღირებულმა მოთამაშემ დატოვა. შარშან "დინამოს" რომ შეხვდა, ის "გაბალა" გაცილებით ძლიერი იყო...

საერთოდაც, ჩვენი ფეხბურთი რაც უნდა რთულ დღეში იყოს, მოლდოვისა და სომხეთის გუნდებს უნდა ვუგებდეთ. იმედია, პირველ ეტაპს ყველა გუნდი გადალახავს და ქართულ ფეხბურთს კოეფიციენტები შეემატება", - ამბობს ჯაკობია.

ეროვნული ნაკრების ყოფილი მცველი მამუკა წერეთელი კი მიიჩნევს, რომ მეტი სიფრთხილეა საჭირო:

"გასაგებია, რომ მეტოქეები გრანდები არ არიან, მაგრამ "სუსტებიც" არ ეთქმით. ჩვენი ჩემპიონატის დონეც უნდა გავითვალისწინოთ და ისიც, ქართულ გუნდებს რა რესურსები გააჩნიათ.

მიმაჩნია, რომ დიდი სიფრთხილე და კონცენტრაცია დაგვჭირდება, მეორე ეტაპზე რომ გავიდეთ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული