ფოტოზე: 2014 წლის 25 ივლისი. "ჩიხურა" "ბურსასფორზე" გამარჯვებას ზეიმობსერთი მხრივ, საბჭოეთის დროს მონატრებული კაცის წილისყრა იყო შვეიცარიულ ნიონში. სომხეთი, აზერბაიჯანი და მოლდოვა - რომ მოინდომო, ამ ქვეყნებს ერთ დღეში თუ ვერა, ცოტა მეტში მაინც შემოივლი. ნუ, მთლად 37 მანეთად ვერა, მაგრამ მაინც...
მეორე მხრივ, ჩვენს კბილა გუნდებთან, ჩვენს ყოფილ მეზობლებთან დაჭიდება საინტერესოა. ვერაფერი ისე ვერ ჩაგვახედებს სარკეში და ვერ გაგვარკვევს ჩვენს დღევანდელ რეალურ ძალაში, როგორც ამ გუნდებთან თამაში.
-align: center;">
ჩემპიონთა ლიგა
არ აქვს მნიშვნელობა, სომხური "ალაშკერტი" იქნება თუ ანდორული "სანტა კოლომა" - "დინამომ" ჩემპიონთა ლიგის პირველი ბარიერი აუცილებლად უნდა გაიაროს. რა თქმა უნდა, დღევანდელ ფეხბურთში მოწინააღმდეგის შეუფასებლობა არ ივარგებს, მაგრამ მაინც.
სომხეთის ჩემპიონატი ჯერაც ვერ დაეტოლება საქართველოს და კონტინგენტითაც "დინამო" გვარიანად სჯობს პოტენციურ სომეხ მეტოქეს. ჯერ ერთი, ნახევარი საქართველოს ნაკრები აქაა და მეორეც - ახალდამატებული ლეგიონერებიც არ ჩანან ცუდი ბიჭები.
დღეს ფეხბურთს უყვარს ზოგადი ფრაზები და ზოგადად, თავის დაზღვევის მილიონი ფორმაც არსებობს, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, პირდაპირ რომ უნდა დაიწეროს: "დინამო" ვალდებულია, ამ ორიდან ნებისმიერს მოუგოს. გვესმის, ფეხბურთელების ზედმეტ წნეხში მოქცევა მთლად კარგი საქმე ვერ არის, მაგრამ "დინამო" ყველაფრით სჯობს ერთსაც და მეორესაც. წარსულით ხომ თავისთავად და, დღევანდელობაც ჩვენ სასარგებლოდ მეტყველებს.
ევროპალიგა
"სამტრედიას" ყველაზე ძლიერი მეტოქე შეხვდა - აზერბაიჯანული "გაბალა". შარშან ამ კლუბმა "დინამო" დაითხოვა ევროპალიგიდან და თავად ჯგუფში ითამაშა. მაშინ ორივე მატჩი ვნახე და დღესაც ასე მგონია: ცოტა მეტი გამოცდილება და "დინამო" ამ ბარიერს დაძლევდა.
"გაბალამ" შეინარჩუნა ძალიან კარგი მწვრთნელი, უკრაინელი
რომან გრიგორჩუკი, თუმცა გაუშვა რამდენიმე ლიდერი და ძველებურად ძლიერი ვეღარ არის. ვფიქრობ, "სამტრედიას" ამ გუნდთან გამკლავების შანსი აქვს. შეიძლება მეტოქეზე ცოტათი ნაკლები, მაგრამ მაინც. მე ვუფრთხი
ნიკა კვეკვესკირს, "გაბალას" ახალ შენაძენს, ერთობ განათლებულ და ჭკვიან მოთამაშეს, ვინც გამორჩევით მომწონს დღევანდელ ქართველ ფეხბურთელებს შორის...
"სამტრედიამ" თუ თავის გეზს არ გადაუხვია, მით უმეტეს, საგარეო მატჩში, "გაბალა" იოლად ვერაფერს შესწვდება. ესეც არ იყოს, რევანშიც ასაღებია. ჯერ ერთი, სპორტული თვალსაზრისით და მეორეც იმიტომ, რომ აზერბაიჯანში მყოფ ქართველებს უკადრებელი გვაკადრეს, დაგვიწვეს ქართული დროშები, არ დაინანეს შეურაცხმყოფელი შეძახილები და იქით რომ არ შეგვეტია (რაღაც მომენტში ყველამ გავიმეტეთ თავი), არავინ იცის, რა მოხდებოდა.
რევანშზე რომ ვწერ, სუფთა სპორტულ მხარეს ვგულისხმობ - იმ ამბებისთვისაც კი, რომელსაც არც სპორტთან და არც პოლიტიკასთან საერთო არაფერი ჰქონდა. ორივე მატჩი, ჩვენთანაც და აზერბაიჯანშიც, იქნება ძალიან მაღალი რისკის თამაში და უსაფრთხოებაც შესაბამისი დასჭირდება, აზერბაიჯანში - განსაკუთრებით, რადგან "სამტრედიის" ქომაგებს ბევრი ვერც ფანობაში დაეტოლება და ვერც საკუთარი ღირსების დაცვაში. ვეჭვობთ, ეს მასპინძელ აზერბაიჯანელებში დიდ აგრესიას გამოიწვევს.
იქნებ ზუსტად ვერ გადმოვცე ის, რაც გაბალაში მოხდა ერთი წლის წინათ, მაგრამ სასიამოვნო სანახავი ნაღდად არ იყო და საქმე კინაღამ საერთაშორისო სკანდალამდე მივიდა. ჩვენ კი ბეწვზე გადავრჩით...
* * *
სოსო ფრუიძის "ჩიხურა" ხვდება კიშინიოვის "ზიმბრუს". იყო დრო, მოლდოვაში ყოფნისას ამ გუნდის ფანები გავიცანი. ისინი ვერ იტანენ "შერიფს" და "დაჩიას", ფინანსური მდგომარეობით კი ჩამორჩებიან მათ და შედეგიც უარესი აქვთ.
დაახლოებით ვხვდები, რა გაქანების გუნდი უნდა იყოს რამდენიმე ლეგიონერით გაძლიერებული მოლდოვური კლუბი და ვფიქრობ, "ჩიხურა" მასთან ფავორიტია. ორივე გუნდი შედარებით "ჩაკეტილია", შედეგზეა ორიენტირებული. "ჩიხურაში" ბევრი ისეთი ფეხბურთელია, ევროთასებზე რომ უთამაშია და თავად გუნდსაც მოუგროვდა მეტოქეთა სკალპები - თუ არ გჯერათ, "ბურსასფორს" ჰკითხეთ...
ასეთ თამაშში "ჩიხურა" უფრო ბევრისშემძლე გუნდად მოჩანს - ძალიან გამოცდილი, ასეთი ფეხბურთისთვის დაბადებული მწვრთნელითა და კვალიფიციური ფეხბურთელებით.
* * *
მივედით გორის "დილამდე". წილისყრის შედეგებს რომ ჩახედავ, გაიხარებ: აბა, რა ბარიერი უნდა იყოს ყურისძირის მეზობელი - გიუმრის "შირაქი"? დიდი არაფერი, მაგრამ... "დილას" საქმეები ვერ მიდის კარგად.
ევროსტარტის წინ გუნდი ლიდერებმა დატოვეს.
უჩა სოსიაშვილი სასწაულმოქმედი არ არის, უცბად მოუძებნოს შემცვლელები
ოთარ მარცვალაძეს, გუგა ფალავანდიშვილს, ირაკლი ძარიასა და სხვებს.
და მაინც, "დილამ" ეს ბარიერი უნდა გაიაროს. ასეთ დღეში მყოფი კლუბისგან მეტს ნაღდად ვერ მოვითხოვთ, მაგრამ "შირაქი" ჩვენს საკბილო გუნდად მოჩანს, გვერგება და შეგვერგება კიდეც.
მიზერული ხელფასები, საცხოვრებლის პრობლემა თუ ახალი გუნდი - ასეთია დღევანდელი რეალობა, მაგრამ ქომაგი "შირაქის" დამარცხებას მოითხოვს და მას ამის უფლება ნამდვილად აქვს.
მოკლედ, ოთხივე ჩვენმა გუნდმა, წესით, პირველი ევრობარიერი უნდა გაიაროს. ამის შანსი არის და ახლა მთავარია, ვირწმუნოთ, რომ ჩვენ ეს შეგვიძლია!..
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ჩემი აზრით ყველაზე მეტად სამტრედიას გაუჭირდება გაბალასთან,არც ჩიხურა არ ითვლება ფავორიტად მაგრამ მაინც მგონია დაძლევს ამ ბარიერს////////