"სამტრედიამ" სლოვენიურ შეკრებაზე ბუქარესტის "დინამო" 5:1 გაანადგურა [VIDEO+PHOTO]
ამ სპარინგს რუმინული სპორტული არხი "დიგისპორტი" გამოეხმაურა. არხის ვებგვერდზე გამოქვეყნდა წერილი, სათაურით - "ქართველებმა "დინამოსთან" იმხიარულეს".
"ქართველებს უპირატესობა იმიტომაც ჰქონდათ, რომ ევროპალიგის შესარჩევ ციკლში ითამაშებენ და მოსამზადებელი ეტაპი "დინამოზე" ადრე დაიწყეს. ამას გარდა, "დინამოს" ბევრი ახალწვეულიც ჰყავდა და დაცვაში არაერთი პრობლემა გამოჩნდა. მაგრამ ქართველები მთელი თამაშის განმავლობაში დიდ უპირატესობას ფლობდნენ და ისე
აქვე ვიტყვით, რომ "სამტრედია" შეკრებიდან გუშინ დაბრუნდა და "გაბალასთან" ევროპალიგის შეხვედრისთვის მზადებას საქართველოში გააგრძელებს.
მეტოქე: იმედი და სიფრთხილე
"გაბალასთან" მოახლოებული შეხვედრის შესახებ აზერბაიჯანულ გამოცემა "აზერისპორტს" იმერული კლუბის მმართველი დირექტორი პაატა შალამბერიძე ელაპარაკა და იმედი გამოთქვა, რომ შარშან "გაბალა"-"დინამოს" მატჩისას მომხდარ ინციდენტს თავიდან ავიცილებთ."ძალიან კარგი მეტოქე შეგვხვდა. მიუხედავად ამისა, მიმაჩნია, რომ თანაბარი შანსები გვაქვს. ჩვენ არ გვაშინებს ის ფაქტი, რომ "გაბალამ" ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშა. მართალია, დიდი ხანია, რაც ჩვენ ევროთასებზე არ გვიასპარეზია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ უშანსოდ ვართ. ჩვენ კარგი და სრულფასოვანი გუნდი გვყავს", - ამბობს შალამბერიძე.
შეგახსენებთ, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში, ქართული და აზერბაიჯანული კლუბები ერთმანეთს ორჯერ შეხვდნენ. სამწუხაროდ, "ნეფთჩი"-"ჩიხურასა" და "გაბალა"-"დინამოს" მატჩების დროს და შემდეგაც გულშემატკივრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
სამტრედიელთა დირექტორმა ამის თაობაზეც ილაპარაკა:
"რაც შეეხება გასულ ორ წელიწადში ფეხბურთის გარშემო დატრიალებულ მოვლენებს, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მსგავსი ინციდენტები თავიდან ავიცილოთ. ჩვენ მხოლოდ ფეხბურთის თამაში გვსურს".
მეზობლები კი მხნედ არიან. საერთოდ, აზერბაიჯანული მედიის მიერ გავრცელებულ ცნობებს ბრმად არ უნდა მივენდოთ - თამაშის წინ მეტოქის ამგვარი ხერხებით დაბნევა მიღებული ფორმაა, მაგრამ მათ მიერ გავრცელებულ ცნობებს მაინც ყურადღება უნდა მივაქციოთ.
ასეთი განცხადება "აზერისპორტთან" იქაური ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა როვნაგ აბდულაევმა გააკეთა:
"ჩვენთვის ძალიან წარმატებული წილისყრა იყო. ყველა მეტოქის დამარცხება შესაძლებელია".
ქართულ გუნდზე "გაბალას" ნახევარმცველმა რაშად იუბოვმა პატივისცემითა და სიფრთხილით ილაპარაკა:
"სუსტი მეტოქე არ შეგვხვედრია. ორი საინტერესო მატჩი გველის. კარგია, რომ შარშანდელივით ქართული გუნდით ვიწყებთ - შორს წასვლა არ მოგვიწევს. არც ინფორმაციებზე სირბილი დაგვჭირდება.
ვერ დავეთანხები იმ აზრს, თითქოს "გაბალას" შარშანდელი შემადგენლობა უფრო ძლიერი იყო. ფავორიტზე კი პირველი შეხვედრის შემდეგ ვილაპარაკებ. ის, რომ "სამტრედიამ" ევროთასებზე ბოლოს 20 წლის წინ ითამაშა, არაფერს ნიშნავს.
შეხედეთ, ევროპის ჩემპიონატზე რა ამბები დატრიალდა. შესაძლოა, ჩვენ უფრო შთამბეჭდავად გამოვიყურებით, მაგრამ გამორიცხული არ არის, მოედანზე ყველაფერი სხვაგვარად შემოგვიბრუნდეს. მთავარია, პირველ შეხვედრაში გოლი არ გავუშვათ".
"აზერისპორტმა" ევროთასებზე გასული გუნდების დადებითი და უარყოფითი მხარეები შეაფასა და აღნიშნა, რომ "გაბალას" ძლიერი თავდამსხმელი არ ჰყავს:
"გუნდმა ჯერ მხოლოდ 16-კაციანი განაცხადი წარადგინა. მალე მათ რამდენიმე ფეხბურთელი დაემატება. დღეისთვის, გუნდში 10 ლეგიონერია, ადგილობრივი - 6. ყველაზე მთავარი ის არის, რომ მათგან მხოლოდ ერთია ფორვარდი - სერგეი ზენიოვი. ისიც სუფთა ცენტრფორვარდი არ არის, მოედნის სიღრმიდან უყვარს მოქმედება.
საერთოდ, ის ქართულ შეკრებაში არც მონაწილეობდა და გუნდს ახლა შეუერთდა. მოკლედ, რომან გრიგორჩუკის გუნდს "სამტრედიასთან" მატჩამდე აშკარად შეექმნა თავდამსხმელის პრობლემა.
შესაძლოა, მან დუბლებიდან ორმეტრიანი რამილ გასანოვი დაიმატოს, რომელიც სიმფეროპოლის "ტავრიაშია" ნათამაშები და დუბლების ჩემპიონატში 17 გოლი გაიტანა.
სხვა პოზიციები კი სავსებით შთამბეჭდავად გამოიყურება, განსაკურებით - შუა ხაზი. კვეკვესკირისა და ოზობიჩის მოსვლის შემდეგ ნახევარდაცვა უფრო კრეატიულიც უნდა გახდეს. მათ გარდა, გუნდში დაიმატეს ლიბერიელი უიქსი, რომელიც კვიპროსში თამაშობდა".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"