სფფ. XXVI ყრილობა: ვალები, არამიზნობრივი ხარჯვა, კრიმინალიც ახსენეს...

AutoSharing Option
გუშინ, 28 ივნისს, სასტუმრო "ჰუალინგ თბილისში" საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის XXVI ყრილობა გაიმართა.

დასაწყისში, სფფ-ის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა "ჰუალინგ ჯგუფის" მმართველთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა და ცნობილი გახდა, რომ ჩინური ჯგუფი ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური პარტნიორი გახდა...

აუდიტმა რა თქვა?
ყრილობაზე სფფ-ის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა ფეხბურთის ფედერაციის დავალიანებებზე ილაპარაკა.

"ფედერაციაში ახალი ხელმძღვანელობის მისვლისთანავე აუდიტი ჩატარდა, შემდეგ დასკვნა დაიდო და დადგინდა, რომ ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი ხელმძღვანელობის ქმედებებით, ამ დროისთვის არსებული მდგომარეობით, ორგანიზაციის საბიუჯეტო დეფიციტი 16 785 600 ლარს შეადგენს. აქედან დავალიანება 11,785 მილიონია, ხოლო
წინასწარ გახარჯული თანხები - 5,0 მილიონი.

საბიუჯეტო დეფიციტი გამოიწვია საბანკო სესხებმა, სხვადასხვა ორგანიზაციის მიმართ დავალიანებამ, უეფადან და ფიფადან დარიცხული თანხების წინასწარ და არამიზნობრივმა ხარჯვამ, კერძო პირებზე გაცემულმა და შემდეგ ჩამოწერილმა თანხებმა. მაგრამ ჩვენ ვგრძნობთ პასუხისმგებლობას, რომ ამ ყველაფერს, შესაძლოა, ფიფასა და უეფას სანქციები მოჰყვეს. მათ თავიდან ასაცილებლად, ამ ორგანიზაციებთან მოლაპარაკებები დავიწყეთ.

ასევე, ჩვენ მოსვლამდე დაიწყო ისეთი პროექტების განხორციელება, რომელთა ფინანსური მხარე დაგეგმილი არ იყო. მაგალითად, რუსთავში მშენებარე სფფ-ის აკადემია, რომელსაც კიდევ დამატებითი, ეგრეთ წოდებული დაუგეგმავი თანხები სჭირდება. ანალოგიური პრობლემაა სხვა პროექტებთან დაკავშირებითაც. თუმცა, ვაცნობიერებთ იმის აუცილებლობას, რომ ეს პროექტები უნდა განხორციელდეს და საამისოდ დამატებითი ფინანსებია მოსაძიებელი...

სხვათა შორის, ჩვენ ოთხი ახალი პროექტი განვახორციელეთ - აღვადგინეთ ფუტსალის ჩაშლილი ჩემპიონატი, დავიწყეთ ქალთა ეროვნული და ბავშვთა რეგიონული ჩემპიონატები და წლეულს დაწყებულ სამოყვარულო ლიგასაც ვეხმარებით. ეს 4 ტურნირი უფრო იაფი გვიჯდება, ვიდრე სფფ-ის ყოფილი გაზეთი", - ამბობს მუჯირი.

ეს კრიმინალია...
ფეხბურთის ფედერაციის ყრილობას საქართველოს პარლამენტის წევრი დავით ლორთქიფანიძეც ესწრებოდა. უმრავლესობის წარმომადგენელმა სიტყვა ითხოვა და დამსწრე საზოგადოებას მიმართა:

"რაც აქ მოვისმინე, სჯობდა, არ მომესმინა. წინა ფედერაციის საფინანსო საქმიანობის აუდიტის დასკვნაში, რეალურად, ლაპარაკია კრიმინალზე.

კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ წინა მენეჯმენტის მიმართ ჩემი მკვეთრი პოზიცია მართალი იყო. ჩვენს ფეხბურთში მილიონები იხარჯებოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ფეხბურთი ისეთ მდგომარეობაშია, მილიონები არ დასტყობია. ძალიან დიდი კითხვის ნიშნებია.

როგორც საქართველოს პარლამენტის წევრს, მიმაჩნია, რომ აუცილებელია ამის სამართლებლივი შეფასება და ფეხბურთის ფედერაციამ უნდა მიიღოს მწვავე ზომები, სპორტის სამინისტრომ კი მასალები გამოითხოვოს და გამოძიების დაწყება მოითხოვოს. აქ დიდ ფულზეა ლაპარაკი და თუ კრიმინალი დამტკიცდება, ამ საქმესთან დაკავშირებით კონკრეტულმა პირებმა პასუხი უნდა აგონ.

მესმის, რომ საფეხბურთო სამყაროში ყველა ერთმანეთს იცნობს და ამ ნაბიჯის გადადგმა ძნელია, მაგრამ უპირველესია გულშემატკივრების ინტერესი და დარწმუნებული ვარ, ამით სწორედ მათ პოზიციას ვაჟღერებ", - განაცხადა პარლამენტარმა.

მინუს 5 სუბიექტი
მცირე ხნის წინ, სფფ-ის აღმასკომის გადაწყვეტილებით, წევრობა შეუჩერდათ რუსთავის "მეტალურგს", ინვალიდ-ამპუტანტ ფეხბურთელთა ლიგას, "ბიჩსოკერის", ეზოს ფეხბურთისა და საფეხბურთო სკოლების ასოციაციებს. მიზეზად მათი უმოქმედობა დასახელდა.

გუშინდელ ყრილობაზე კი, დელეგატების გადაწყვეტილებით, ამ სუბიექტებს სფფ-ის წევრობა შეუწყდათ. ლევან კობიაშვილის განცხადებით, ხსენებული სუბიექტები სფფ-ის წევრობისთვის აუცილებელ სამუშაოებს არაჯეროვნად ასრულებდნენ და მათი მხრიდან ფედერაციის მიმართ დამოკიდებულება არასწორი იყო...

ჯილდო კერძო სექტორს
ყრილობის მიმდინარეობისას სფფ-ის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ქართული საკლუბო ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის 7 პირი დააჯილდოვა. ყველა მათგანი კერძო კლუბების მეპატრონეა: სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი ("საბურთალოს" ყოფილი პრეზიდენტი), რომან ფიფია (თბილისის "დინამო"), ბესო ჩიხრაძე ("გაგრა"), გურამ რუხაძე ("ვიტ ჯორჯია"), ილია კოკაია ("ზესტაფონი"), ფრიდონ ინჯია (მარტვილის "მერანი") და ლექსო თოფურია (თბილისის "ლოკომოტივი").

ყრილობას ვერ ესწრებოდნენ გურამ რუხაძე და ლექსო თოფურია, რომელთაც კობიაშვილი კუთვნილ ჯილდოებს პირადად გაუგზავნის.

"ჩვენ ღვაწლს არავის დავუკარგავთ. ისინი ქართულ ფეხბურთს რთულ პერიოდში შემორჩნენ და ეს სიმძიმე გადაატანინეს. შესაძლოა, ეს არ არის განსაკუთრებული პრიზები, მაგრამ ამით მათ მიმართ ელემენტარული პატივისცემა მაინც გამოვხატეთ", - ამბობს კობიაშვილი.

10 ახალი სტადიონი
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა სამომავლო გეგმებზე ილაპარაკა:

"ჩემთვის ფეხბურთი უმნიშვნელოვანესი სახეობაა და მადლიერი ვარ, რომ ეს ჯილდო მივიღე. ახლა მთავარზე: ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამამ და ჩემპიონატის ახლებურმა ფორმატმა სპონსორების და კერძო ჯგუფების დაინტერესება გამოიწვია. მაგალითს მოვიყვან - ერთ-ერთი კლუბის აყვანა ორ კერძო ჯგუფს სურს. მსგავსი ფაქტი ადრე არ მომხდარა...

კიდევ ერთი საგულისხმო ფაქტი - გარდამავალი ჩემპიონატის პირდაპირი ტრანსლირების უფლებას 3 ტელეკომპანია ითხოვს და ეს მაშინ, როცა აქამდე ჩემპიონატის გაშუქება არავის სურდა...

სახელმწიფო ფეხბურთს გვერდში დაუდგა და მალე 10 საფეხბურთო სტადიონი აშენდება. ახლახან სფფ-ს ერთი არენა უკვე გადაეცა, რაც ბოლო წლებში პირველი შემთხვევაა. ინფრასტრუქტურის აშენება აუცილებელია, რადგან სხვაგვარად ფეხბურთის განვითარება წარმოუდგენელია...

საფეხბურთო ოჯახზეც ვიტყვი: ის ერთიანი უნდა იყოს. ვისაც რა პოზიცია არ უნდა ჰქონდეს, ქართული ფეხბურთის სამსახურში უნდა ჩადგეს და ამ საქმეს თავისი ცოდნა და უნარი მოახმაროს".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 11 /
ვეთანხმები "ფინანსისტი+-ს. ყველა ტერმინს ტავისი განმარტება აქვს და შეუძლებელია 15 მილიონი გაფლანგული, მით უმეტეს მითვისებული იყოს, რადგან საბიუჯეტო სახსრები არა მარტო გაცემის სემდეგ, მათი გაცემაც ძალიან მკაცრად კონტროლდება სპორტის სამინისტროს ორი დეპარტამენტის, ასევე ფინანსთა სამინისტროს მიერ და ყველაფერზე დადასტურებულ დოკუმენტაციას ითხოვენ. აი დავით ლორთქიფანიძის "პატიოსნება" მართლა "კომედი შოუ"-ს სცენარია. ეს კაცი 1990-იან წლებში სახელმწიფო ზარაფხანის დირექტორი იყო და დიდი თანხები მითვისებაში ეჭვმიტანილი. რა უფლება აქვს, დაუდასტურებელ ქმედებებს კრიმინალის კვალიფიკაციას აძლევს. ამაზე პასუხი უნდა მოთხოვონ!
კოტე
15:11 29-06-2016
0
გაფლანგვაზე მუჯირი ან კობიაშვილი არ ლაპარაკობენ. ასე რომ საქმე კრიმინალთან არ გვაქვს არამედ უთავობასთან.
რაც შეეხება ირონიულებს. შეგატყვე წინას ხელისუფლების პატივისცემა, მაგრამ მართლა კარგი არაფერი გაკეთდა. ხოლო ბოლოს ზვიად/დოენტას დროს კიდევ უფრო გაფუჭდა. არა მარტო ნემსაძის ამაბავი არამედ, ჯერ ცხინვალის სპარტაკის გამო- ორჯერ გაზარდეს მონაწილეთა რაოდენობა-ჯერ 12, ხოლო მერე 14. ბოლოს უკვე როცა ნაცებს აღარ ეცალათ, საერთოდ 16 გახადეს. პლიუს ქეცბაიას მილიონები, რა დროსაც მაღალი ალბათობით დომენტა და ასევე მაღალი ალბათობით პირადად მინისტრი იჯდნენ წილში.
ლორთქიფანიძე კი ჟვანიას კაცი იყო და მიშამ მოხსნა ზარაფხანას დირექტორობიდან. (თუ გახსოვთ ოქროს ვარდი გაუგზავნა მიშას. იმანაც ქრთამს მიგზავნიო და გაუშვა.)
haha
15:35 29-06-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული