ზიმბრუ VS ჩიხურა - ტრადიცია უნდა გაგრძელდეს!

AutoSharing Option
ფოტოზე: "ჩიხურას" ვარჯიში კიშინიოვში
დღეს, 30 ივნისს, სამი ქართული გუნდისთვის ახალი, 2016/17 წლების საფეხბურთო სეზონი ოფიციალურად დაიწყება: "დილა", "სამტრედია" და "ჩიხურა" ევროპალიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებს გამართავენ.

საჩხერის "ჩიხურა" სტუმრად მოლდოვაში "ზიმბრუს" დაუპირისპირდება. მატჩი კიშინიოვში, სტადიონ "ზიმბრუზე" თბილისის დროით 21:00 სთ-ზე დაიწყება.

თამაშის წინა დღეს "ჩიხურამ" ვარჯიში ჩაატარა, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა სოსო ფრუიძემ კი მედიის კითხვებს უპასუხა.

- სოსო ფრუიძე: სტუმრად გოლის გატანა აუცილებლად გვჭირდება
- [ფოტოგალერეა] საჩხერის "ჩიხურა" კიშინიოვში ზიმბრუსთან მატჩის წინ

"ჩიხურას" საევროთასო განაცხადი:
მეკარეები: დინო ჰამზიჩი, კოკა
სეფიაშვილი, ნიკა ქავთარაძე;
მცველები: გიორგი რეხვიაშვილი, შოთა კაშია, თორნიკე გრიგალაშვილი, ლევან კაკუბავა, ლაშა ჩიკვაიძე, გიორგი განუგრავა;
ნახევარმცველები: ბესიკ დეკანოიძე, ირაკლი ლექვთაძე, საბა ლობჟანიძე, დენის დობროვოლსკი, გიორგი კორიფაძე, ნიკოლოზ გაბაძე, მიხეილ სარდალიშვილი;
თავდამსხმელები: დიმიტრი ტატანაშვილი, გიორგი ივანიშვილი, გიორგი გაბედავა, თორნიკე მუმლაძე.

სენსაცია თუ კანონზომიერება?
დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ევროტურნირებზე ასპარეზობისას, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების გუნდებთან მეტ-ნაკლებად დადებითი ბალანსი გვაქვს და გამონაკლისი არც ქართულ-მოლდოვური კლუბების ურთიერთდაპირისპირებებია.

მოდი, ჯერ ციფრებში ვთქვათ: 6 მატჩი, 4 მოგება, 2 წაგება (ბურთების სხვაობა: 10-6). ასეთია ჩვენი უპირატესობა ევროტურნირებზე მოლდოვურ გუნდებთან.

იმედი დავიტოვოთ, რომ გამოცდილი სპეციალისტის, სოსო ფრუიძის ხელმძღვანელობით მოასპარეზე "ჩიხურაც" წარმატებით გააგრძელებს ამ "ტრადიციას" და მოლდოვური მეტოქის ბარიერს დაძლევს.

ქართულ-მოლდოვური გუნდები ევროტურნირებზე პირველად 1999 წელს, ჩემპიონთა ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპზე დაუპირისპირდნენ ერთმანეთს: თბილისის "დინამოს" მეტოქე იყო იმ დროისათვის მოლდოვის უძლიერესი კლუბი "ზიმბრუ" (კიშინიოვი). ანუ მოლდოვურ საკლუბო ფეხბურთში ჯერ არ იყო დაწყებული "შერიფის" ჰეგემონია და დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ სწორედ "ზიმბრუ" მიიჩნეოდა ქვეყნის საუკეთესო გუნდად: პირველი შვიდი სეზონის განმავლობაში ექვსჯერ რომ გახდა მოლდოვის ჩემპიონი.

ერთი შეხედვით, ამაში მოულოდნელი არაფერი უნდა ყოფილიყო: საბჭოთა კავშირის ჩემპიონატების ისტორიაში მოლდოვურ ფეხბურთს ერთადერთი წარმომადგენელი ჰყავდა კიშინიოვის "ნისტრუს" სახით, რომელსაც 90-იანი წლების დასაწყისში სახელწოდება შეეცვალა და "ზიმბრუ" ეწოდა.

სწორედ "ზიმბრუ" ერგო თბილისის "დინამოს" 1999 წელს ევროტურნირებზე პირველ მეტოქედ და ჩვენი ჩემპიონის წარმატებაში ეჭვი არავის ეპარებოდა. მით უფრო, რომ ერთი წლით ადრე "დინამოს" ხომ სულ მცირედი დააკლდა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში მოსახვედრად; ამას გარდა, ყველა დიდ იმედებს უკავშირებდა დინამოელთა მთავარ მწვრთნელს, იოჰან ბოსკამპსაც (რომელიც ამ პოსტზე იმ წელს, მაისის დასაწყისში დაინიშნა) და ორ უცხოელ ლეგიონერსაც, სწორედ ევროტურნირების დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე რომ ჩაირიცხა "დინამოში".

გავუსწრებთ მოვლენებს და ვიტყვით, რომ ამ ორი ტრანსფერიდან ერთმა აშკარად გაამართლა: ბელგიელი დენი დონდტი საკმაოდ ასაკოვანი, მაგრამ ამასთან ერთად, ძალიან მაღალი დონის მეკარეც გახლდათ; აი, მეორე ახალწვეულის კვალიფიკაცია კი მართლაც ღიმილის მომგვრელი (ეს, რბილად რომ ვთქვათ) იყო: ბრაზილიელი ცენტრფორვარდი დე სოუზა საგოლე მომენტებს კი არ ანიავებდა, ელემენტარულად, ბურთს ფეხს აცილებდა ძალიან ხშირ შემთხვევაში!

ჰოდა, ამ "ჩვენი" დე სოუზას ბედოვლათობის შემხედვარე, "ზიმბრუს" ფეხბურთელებიც ნელ-ნელა გათამამდნენ და მეორე ტაიმის დაწყებიდან 15 წუთში ანგარიშიც გახსნეს!

იოჰან ბოსკამპმა შეცვლებით სცადა სიტუაციის გამოსწორება და ვა-ბანკზეც წავიდა: მატჩის ბოლოსკენ "დინამო" 4 ნომინალური ფორვარდით უტევდა მეტოქეს. ამ რისკმა გაამართლა: კლიმენტი წიტაიშვილმა ანგარიში გაათანაბრა, მატჩის ბოლო წუთზე კი ლევან ხომერიკმა გამარჯვების (2:1) მომტანი გოლიც გაიტანა!

სამწუხაროდ, ეს ერთბურთიანი უპირატესობა საკმარისი არ აღმოჩნდა: საპასუხო შეხვედრაში "ზიმბრუმ" 2 უპასუხო გოლი გაიტანა "დინამოს" კარში და მომდევნო ეტაპზეც გავიდა.

ორმაგი რევანში
ევროტურნირებზე მოლდოვურ კლუბებთან მომდევნო დაპირისპირება 2011 წელს გვქონდა. თანაც, იმ ზაფხულს წილისყრამ ისე "ინება", რომ მოლდოვურ კლუბებს ჩემპიონთა ლიგაზეც გადავეყარეთ და ევროპალიგაზეც!

უფრო პრესტიჟულ ტურნირზე ამ გათამაშების დებიუტანტი "ზესტაფონი" ჩემპიონთა ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპზე "დაჩიას" დაუპირისპირდა და გია გეგუჩაძის ხელმძღვანელობით მოასპარეზე ჩვენმა ჩემპიონმა პირველი მატჩი ისეთი ანგარიშით მოიგო, ყველას ყველაფერი გადაწყვეტილი გვეგონა - 3:0 (გოლები: ჯაბა დვალი 2, ნიკა გელაშვილი).

თუმცა საპასუხო მატჩი უაღრესად ნერვულ ვითარებაში წარიმართა და მასპინძლებმა კი გაიმარჯვეს (2:0), მაგრამ მომდევნო წრეში გასასვლელად ეს საკმარისი არ გამოდგა.

ასევე წარმატებულად გავიარეთ მოლდოვური გუნდის ბარიერი ევროპალიგაზეც, რომლის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზეც თბილისის "დინამომ" უპრობლემოდ მოუგო ორივე მატჩი ზემოთ ნახსენებ "ზიმბრუსა" და "დაჩიასგან" განსხვავებით ბევრად სუსტ მეტოქეს, "მილსამის".

"დინამოს" მთავარი მწვრთნელი იმ პერიოდში ესპანელი სპეციალისტი ალექს გარსია გახლდათ, რომლის ხელმძღვანელობითაც "დინამომ" საშინაო მატჩი ნიკა კვეკვესკირისა და ირაკლი ლექვთაძის გოლებით 2:0 მოიგო, საპასუხო შეხვედრაში კი 3:1 გაიმარჯვა (გოლები: რობერტინიო 2, ალექსანდრე კოშკაძე).

აქვე, იმასაც შეგახსენებთ, რომ იმ წელიწადს "დინამოს" სულ მცირედი დააკლდა ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული