[ოთხშაბათის საკითხავი] ლეგიონერები: რატომ და როგორ?

AutoSharing Option
ქართულმა გუნდებმა ევროთასებზე უკვე ითამაშეს. ევროპალიგის პირველ ეტაპს აუცილებლად შევაჯამებთ ჩვენს რუბრიკაში, ოღონდ ეს მოხდება მას შემდეგ, რაც სამივე გუნდი ჩაამთავრებს პირველ ეტაპს. ეს წერილი კი "ჩიხურა"-"ზიმბრუს" საპასუხო მატჩის წინ იწერება...

რა გვაჩვენა პირველმა შეხვედრებმა? ყველაზე მეტად, ალბათ,  მაინც ის, რომ სერიოზული მიზნების მისაღწევად, რაც ევროთასების ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრას გულისხმობს, გამართული ინფრასტრუქტურისა და ათასი სხვა წვრილმან-მსხვილმანის გარდა, ქართულ კლუბებს აუცილებლად სჭირდებათ კვალიფიციური ლეგიონერები, ისეთები, ქართველ ფეხბურთელებზე მაღლა რომ დგანან სათამაშო ოსტატობით და კლასით.

პირველი მატჩები სამიდან ორ წყვილში მოვიგეთ. დაგვიმარცხდა
მხოლოდ "სამტრედია", ეროვნული ჩემპიონატის მთავარი აღმოჩენა. არავინ იცის, რა იქნება მომავალ, ზესტაფონურ მატჩში და პირველ შეხვედრაში კი დამრჩა შთაბეჭდილება, რომ სამტრედიელები მაინცდამაინც არ იყვნენ მზად ევროტურნირისთვის.

აქ არ ვგულისხმობ მხოლოდ საორგანიზაციო ნიუანსებს, სათამაშო ასპექტები მაქვს მხედველობაში. "სამტრედიამ" არ იცოდა, რისი მოლოდინი უნდა ჰქონოდა მოწინააღმდეგისგან. რა თქმა უნდა, მეტოქის ავანჩავანი ყველა გუნდმა უნდა იცოდეს, მაგრამ ამ შემთხვევაში იმერლებს ბოლომდე ვერ გავამტყუნებ.

"გაბალამ" სეზონთაშორის პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა. გუნდი რამდენიმე ლეგიონერმა დატოვა. მათ ნაცვლად მოვიდნენ ახლები. მოვიდნენ და მათი საქმეში ნახვა არ მოხერხდა. აზერბაიჯანულმა კლუბმა შეკრება საქართველოში გაიარა, თუმცა ამხანაგურ შეხვედრაში ბოლომდე ვინ იხარჯება, "გაბალა" რომ დახარჯულიყო?!

იმთავითვე ცხადი იყო, რომ "სამტრედიის" კოზირი მეტოქის შეუთამაშებლობა უნდა ყოფილიყო. შეუთამაშებლობა "გაბალას" ფეხბურთელების ინდივიდუალურმა კლასმა გადაწონა.

აღმოჩნდა, რომ ფინანსურად ოდნავ შეჭირვებულ "გაბალას" (შარშანდელთან შედარებით) მაინც მოუხერხებია და დაუმატებია კვალიფიციური ლეგიონერები. იმ ლეგიონერებმა "სამტრედიას" თამაში ინდივიდუალური კლასის ხარჯზე მოუგეს.

...ჟორჟ ვეას საპატივცემულოდ, თუ სადმე წავაწყდები, აუცილებლად ვუყურებ ლიბერიის ეროვნული ნაკრების მიერ ჩატარებულ მატჩებს. მე არაერთხელ მინახავს საქმეში ამ გუნდის ლიდერი თეო ვიკსი. კი, ძალიან კარგი ფეხბურთელია; კი, უზომოდ ტექნიკურია, მაგრამ მისი განეიტრალება შესაძლებელია.

ასე მგონია, გია ცეცაძეს ცოტა მეტი დრო რომ ჰქონოდა მოწინააღმდეგის შესასწავლად, ის ამას ნაწილობრივ მაინც შეძლებდა - შედარებით მაინც. რაღა შორს მივდივართ, ყველამ კარგად ვიცით, რას წარმოადგენს ნიკა კვეკვესკირი. პირადად ჩემი აზრია - მე ის ერთ-ერთ საუკეთესოდ მიმაჩნია დღევანდელ ქართველ ფეხბურთელებს შორის.

მოკლედ, ამით იმის თქმა მსურს, რომ შედარებით კლასიან ლეგიონერს ამ დონეზე მაინც შეუძლია, უამრავი პრობლემა გადაჭრას, მათ შორის - შეთამაშების. ისე გამოვიდა, რომ "სამტრედია", დაცვაში ძალიან ცუდი თამაშის გარდა, აზერბაიჯანული კლუბის ლეგიონერებთან ბრძოლაშიც დაიჩაგრა.

* * *
ახლა უნდა დავწერო პრობლემაზე, რომელიც არა მხოლოდ "სამტრედიას", არამედ ყველა ქართულ კლუბს ეხება. სანამ ჩვენ არ დავიმატებთ კლასიან ლეგიონერებს, უნდა მივეჩვიოთ, რომ მანამდე ძალიან გაგვიჭირდება რომელიმე ევროთასის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრა.

მავანი იტყვის, რომ ქართულ კლუბებს ფული არ აქვთ და ეს შეუძლებელია. სწორი სელექციის ხარჯზე, გონივრული სატრანსფერო პოლიტიკის ხარჯზე, ეს შესაძლებელია. სიმართლე გითხრათ, დამავიწყდა, როდის განახორციელეს ქართულმა კლუბებმა სათავისოდ ტრანსფერი, ამ სიტყვის კლასიკური გაგებით.

მახსოვს, წლების წინ თბილისის "დინამომ" "ვიტ ჯორჯიიდან" საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი ლევან მელქაძე იყიდა და ფეხბურთელში გვარიანი თანხაც გადაიხადა. ამის მერე რაღაც განსაკუთრებულ ტრანსფერს ვეღარ ვიხსენებ...

ჩვენი კლუბების ხელმძღვანელ-მენეჯერთა დიდზე დიდი ნაწილი ჩასაფრებულია, რომ როგორმე თავისუფალი აგენტი გამოიჭიროს, თანხა დაზოგოს და კონტრაქტი გაუფორმოს. რა თქმა უნდა, თავისუფალი აგენტის გადაბირება, ერთი მხრივ, საშური საქმეა, მაგრამ მედალს მეორე მხარეც აქვს.

ჯერ ერთი, იმ თავისუფალ აგენტთა უმრავლესობა საშუალოზე დაბალი დონის ფეხბურთელია (უპირველესად, ლეგიონერები მყავს მხედველობაში) და მეორეც, თუ ოდნავ რაღაცას წარმოადგენს, ფეხბურთელი საქართველოში მხოლოდ ორი-სამი თვით მოდის. მოდის მანამ, სანამ ახალ წინადადებას არ მიიღებს.

ჩვენი კლუბების სატრანსფერო საქმეთა გამრიგენი მიეჩვივნენ ამგვარ ამბებს. სქემა უკვე აპრობირებულია და მრავალჯერ გამოცდილი. წვალება ნაკლებია, შემოსავალი კი, ასე თუ ისე, არის. დღეს კომპიუტერთან მუშაობა ყველამ იცის. მოიძიებ თავისუფალ აგენტებს, მერე მწვრთნელი მათ თამაშს ნახავს და ვინც შედარებით მოეწონება, იმას თანხაზე გაურიგდები. ძალიან იოლია.

იოლი გზით სიარულს კი ხეირი არავისთვის მოუტანია. გასაგებია, რომ ჩვენს კლუბებს ფული თავზე ნამდვილად არ გადასდით, მაგრამ ასეთ შემთხვევაშიც კი შეიძლება შედარებით მცირე დანახარჯებით სოლიდური ფეხბურთელის ხელში ჩაგდება და მერე იმ ფეხბურთელის იმგვარად გაყიდვა, რომ კლუბის ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდეს.

მე ვერ ვიხსენებ, ბოლოს ქართულ კლუბს ლეგიონერი სარფიანად გაეყიდოს. არადა, ჩვენნაირმა პატარა ქვეყანამ საკლუბო პოლიტიკაში ეს სეგმენტი აუცილებლად უნდა ჩართოს. როგორც წესი, ჩვენთან ლეგიონერს მოკლე კონტრაქტს უფორმებენ.

ჯერ ერთი, ის ისედაც არ არის იმ დონის, ვინმემ განსაკუთრებული თანხა გადაიხადოს, მაგრამ მეორე მხრივ, მას კონტრაქტიც არ ავალდებულებს. სამ თვეში, ჩვენი კლუბის ბევრ ხელმძღვანელს, რიგი მიზეზების გამო, გუნდში ახალი ლეგიონერის მოყვანა ურჩევნია.

არადა, აგერ, დანია, აგერ, ნორვეგია, თუნდაც სხვა ქვეყნები - რამდენმა ლეგიონერმა გამოიყენა იქაური ჩემპიონატი ტრამპლინად, რამდენი გადავიდა უკეთეს გუნდში. გვერწმუნეთ, ასეთი ფეხბურთელი ძალიან ბევრია.

ჩვენ უნდა ვიცოდეთ: შუა ევროპიდან, სადაც ცხოვრების დონე მაღალია და საფეხბურთო არჩევანიც დიდზე დიდია, კარგი ფეხბურთელი საქართველოში სათამაშოდ არ წამოვა. ჩვენ წინაშე არის ალტერნატივა - ავითვისოთ აფრიკული ბაზარი.

ნამდვილად არ ვიცი, რატომ ვარიდებთ ამას თავს. აფრიკის კონტინენტი დიდი კლუბების მიერ კარგა ხანია, გადაღეჭილია, მაგრამ იქ იმდენი ალმასია, რომ ყველას ეყოფა. ჩვენც გვეყოფა. უბრალოდ, სწორი სელექცია, სწორად ძებნაა საჭირო.

ბოლოს და ბოლოს, რა მოხდება, რომ რომელიმე ქართულმა კლუბმა აფრიკაში მთლად გამართული აკადემია თუ არა, აკადემიის მაგვარი მაინც გააკეთოს. ამაზე ამდენ ხანს უნდა გვეფიქრა, მაგრამ გვიან არც ახლაა.

ეს გზა დიდმა კლუბებმა უკვე დიდი ხნის წინ გაკვალეს, მაგრამ მაინც არის შანსი, რომ მათ რაიმეს გამორჩეთ. თანაც, ისინი განსაკუთრებულად ნიჭიერებზე აკეთებენ აქცენტს, ჩვენ კი არც ის ბიჭები უნდა გვეზედმეტონ, გრანდებში რომ ვერ ხვდებიან.

მენეჯერის ჩამოყვანილი, ათას ხელში გამოვლილი ფეხბურთელი, ან თავად ჩამოსული და სამუშაოს მაძიებელი უკვე სხვაა და მას ძველებური ხიბლი აღარ აქვს. რამდენი აფრიკელი ვიცით, საქართველოში ფეხბურთელად რომ ჩამოსულა და სულ სხვა პროფესიით გაუგრძელებია საქმიანობა.

გასაგებია, რომ საქმის კეთება ასე უფრო იოლია, ვიდრე ისე, მაგრამ ჩვენ საკმაოდ დიდი ხანია, გვაქვს დამოუკიდებელი საკლუბო ფეხბურთი და ამ დროის განმავლობაში კი უნდა დავრწმუნებულიყავით, რომ იოლ გზას შედეგი ყოველთვის არ მოაქვს.

* * *
...ახლა ისევ ქართული გუნდების ევროპულ სვეს მივუბრუნდეთ. "დილამ" შინ მინიმალური ანგარიშით, 1:0 მოუგო სომხურ "შირაქს". თამაში გორში უფრო ჩვენი იყო, ვიდრე მეტოქის. მე მაინც მომეჩვენა, რომ საბოლოო ჯამში არც ერთმა გუნდმა არ გარისკა.

შედეგი ისეთია, რომ "დილას" შემდეგ ეტაპზე გასვლის მეტ შანსს უტოვებს. ეგაა, გადაწყვეტილი არაფერია და ჩვენი საკლუბო ფეხბურთი დღეს იმ დღეშია, რომ ნებისმიერი მოწინააღმდეგის დაფასებას გვავალდებულებს.

ერთი ფაქტია: თუ მიდგომა არ შევცვალეთ და თუ საქმეს ახლებურად არ მივუდექით, გაივლის წლები და ისევ იმ პრობლემების წინაშე ვიდგებით, დღეს რომ გვიშლის ხელს...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 9 /
საქართველოში ფეხბურAთელობა იმენა მაგრად ტეხავს
16165
09:51 07-07-2016
0
როდესაც მოვისმინე მეცნიერული ანალიზი, თუ როგორ ახერხებდა თბილისის "დინამო" ტოპკლუბებთან უპირატესობის მოპოვებას და ეს არავის აინტერესებს, ვაღიაროთ, რომ საქართველოში ფეხბურთს დედა აღარ ყავს!
გულშემატკივარი იღებს იმას რასაც იმსახურებს
09:03 07-07-2016
0

სიახლეები პოპულარული