მეტოქე: "გაბალას" მცველი სვანაძემ "ინტერში" წაიყვანა

AutoSharing Option
"სამტრედიამ" ევროპალიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე აზერბაიჯანულ "გაბალასთან" სტუმრად 1:5 წააგო. ფაქტია, საქართველოს ვიცე-ჩემპიონს ძლიერი მეტოქე შეხვდა და "ბაქსელ არენაზე" დაფიქსირებული შედეგიდან გამომდინარე, შემდგომ ეტაპზე გასვლის მხოლოდ მიზერული შანსი აქვს...

საპასუხო მატჩი 7 ივლისს, ზესტაფონში გაიმართება და აქ "გაბალას" დაცვის ხაზში პრობლემები ექნება: საქმე ისაა, რომ გუნდი დატოვა ცენტრალურმა მცველმა ვოისლავ სტანკოვიჩმა, რომელიც კარიერას ბაქოს "ინტერში" გააგრძელებს.

- სამტრედია VS გაბალა - უპირველეს ყოვლისა, უკეთესი თამაში

2015 წლის 2 თებერვალს სტანკოვიჩმა "ინტერთან" 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, მაგრამ ბაქოელებმა წლეულს იჯარით "გაბალაში" გაუშვეს,
ახლა კი ზაურ სვანაძემ მისი დაბრუნება გადაწყვიტა.

სტანკოვიჩი "გაბალასთვის" დიდი ძალაა, რაც 30 ივნისის შეხვედრაშიც გამოჩნდა. უკრაინელი ვიტალი ვერნიდუბის შეცდომებს სწორედ ის ანეიტრალებდა და შეტევაშიც კარგად ერთვებოდა. ანგარიშიც სწორედ მან გახსნა. სტანკოვიჩს სერბეთის ეროვნულ ნაკრებშიც უთამაშია.

საინტერესოა, რომ ის "ინტერს" 30 ივნისს დაუბრუნდა, ანუ "სამტრედიასთან" პირველი შეხვედრის დამთავრების შემდეგ. მის შემცვლელად გუნდში ბრაზილიელი რაფაელ სანტოსი მოიაზრება.

"გაბალა"-"სამტრედიის" შეხვედრას უკრაინული მედიაც გამოეხმაურა, რადგან აზერბაიჯანული გუნდის მთავარი მწვრთნელი რომან გრიგორჩუკი, ისევე, როგორც მეკარე დმიტრი ბეზოტოსნი, ცენტრალური მცველი ვიტალი ვერნიდუბი და თავდამსხმელი რამილ ჰასანოვი ამ ქვეყნის მოქალაქეები არიან.

"2016 წლის დასაწყისს გრიგორჩუკი თავის სამწვრთნელო კარიერაში ერთ-ერთ ურთულეს პერიოდად მიიჩნევს. გუნდის უფერული თამაშისა და მძაფრი კრიტიკის ფონზე, ბევრი თვლიდა, რომ მას "გაბალას" დატოვება მოუწევდა. გარდა ამისა, ზაფხულში კლუბს ბიუჯეტი მესამედით შეუმცირეს, ხოლო ვინც გუნდში დარჩა, ხელფასების 30-40 პროცენტით შეკვეცას დათანხმდნენ.

სწორედ ამიტომ დატოვეს კლუბი სპორტულმა დირექტორმა ტონი ადამსმა, უკრაინელმა ნახევარმცველმა ალექსანდრ გაიმ და გრიგორჩუკის ასისტენტებმა. გასული წლების მსგავსად, შეკრება გამართეს არა ავსტრიაში ან თურქეთში, არამედ მეზობელ საქართველოში.

შეიცვალა კლუბის სატრანსფერო პოლიტიკაც და აზერბაიჯანელები ტრანსფერებში დიდ თანხებს ვეღარ იხდიან. ცნობილი ვეტერანების ნაცვლად, შედარებით უცნობ მოთამაშეებს იწვევენ.

თავად გრიგორჩუკი ამბობდა, რომ აინტერესებდა, მისი გუნდი რა სახეს შეიძენდა. ქართულ კლუბ "სამტრედიასთან" ევროპის ლიგის თამაშმა აჩვენა, რომ ახალი გუნდი უფრო მობილური, შეთამაშებული და წარმატებაზე "დამშეულია", ვიდრე - ძველი. "გაბალა" სწრაფად და კომბინაციურად თამაშობდა, მოედნის ცენტრში უპირატესობას ფლობდა, დაცვაში საიმედო იყო, ხოლო მეორე ტაიმში ინიციატივის დაკარგვის შემდეგ უპირატესობის დაბრუნება სწრაფადვე მოახერხა".

ალექსანდრ გაიმ კი უკრაინულ გამოცემა "მატჩდეისთან" ინტერვიუში გუნდის დატოვების მიზეზებზე ილაპარაკა:

"კონტრაქტი დამიმთავრდა და წამოვედი. არ ვიცი, კლუბს სურდა თუ არა ჩემი დატოვება, მე კი ასეთი სურვილი არ მქონია. პრეტენზია არავისთან მაქვს, უბრალოდ, ოჯახური მდგომარეობის გამო ასე გადავწყვიტე".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული