უკრაინული გუნდის შემადგენლობაში მან 5 სეზონი გაატარა და 2014 წელს "პოლტავაში" ჩაირიცხა, შემდეგ კი სამშობლოში დაბრუნდა და საჩხერის "ჩიხურას" ფორმა მოირგო. ბოლო სეზონი ბოლნისის "სიონში" გაატარა, ხოლო ზაფხულში "სამტრედიაში" გადავიდა და ევროპალიგაზეც ითამაშა.
პირველი შეხვედრა მთლიანად გუნდმა ჩააგდო, მეორეში კი გამოჩნდა, რომ სამტრედიელებს საკმაოდ კარგი ფეხბურთელი შეუძენიათ - აქტიური, თამამი, ტექნიკური და აგრესიული თამაშით
რატომ გადაწყვიტა "სამტრედიაში" თამაში, როგორ აფასებს ქართულ ფეხბურთს, მის დადებით და უარყოფით მხარეებს... ამ ყველაფერზე გიორგი მანჯგალაძემ "ლელოსთან" საინტერესოდ ილაპარაკა...
- ცნობილია, რომ ბოლნისის "სიონის" ფეხბურთელებს "სამტრედიაზე" უკეთესი პირობები ჰქონდათ. ამიტომ იყო გასაოცარი, გუნდი რომ შეიცვალეთ...
- პირდაპირ გეტყვით: სხვა გუნდი რომ დაინტერესებულიყო, შესაძლოა, "სიონიდან" არ წავსულიყავი და უარი მეთქვა, რადგან ბოლნისში თავს ძალიან კარგად ვგრძნობდი - მწვრთნელი და ხელმძღვანელობა მენდობოდნენ.
მაგრამ სამტრედიაში დავიბადე, დედაც და მამაც იქაურები არიან და ორ წლამდე ამ რაიონში ვიზრდებოდი. მართალია, მერე ოჯახი თბილისში გადმოვიდა, მაგრამ იქაურობასთან უამრავი ნათესავი და ახლობელი მაკავშირებს და როცა გადასვლა შემომთავაზეს, სიამოვნებით დავთანხმდი.
ამას გარდა, გუნდის ევროპის ლიგაზე გამოსვლაც დიდი სტიმული იყო. ეს ნებისმიერი ფეხბურთელისთვის თავის გამოჩენისა და წინსვლის შანსია.
- მაგრამ წლეულს "სამტრედიამ" ეს შანსი ვერ გამოიყენა და "გაბალამ" ეს ეტაპი დიდი უპირატესობით გაიარა. თქვენი აზრით, ორრაუნდიან ბრძოლაში აზერბაიჯანელების დასამარცხებლად რა დააკლდა გუნდს?
- "გაბალა" ჩვენზე ძლიერი აღმოჩნდა - გინდ ასე თქვი და გინდ - ისე, ფაქტია და ამას ვერსად გავექცევით. მაგრამ იმდენადაც არ გვჯობდა, რომ 1:5 წაგვეგო. ბაქოში რამდენიმე საგოლე მომენტი ვერ გამოვიყენეთ, მათ კი ერთი შეცდომაც არ გვაპატიეს.
ზესტაფონის შეხვედრაში გამოჩნდა, რომ "სამტრედიას" ბევრად მეტი შეეძლო - ეს აზერბაიჯანელებმაც აღნიშნეს. ჩვენ კი, უპირველესად, გამოცდილება დაგვაკლდა. "გაბალას" ფეხბურთელებმა შარშან ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშეს, ჩვენი ფეხბურთელების დიდი ნაწილი კი ევროთასებზე პირველად თამაშობდა. ეს ბევრს ნიშნავს. მაგრამ ბაქოში ორბურთიანი სხვაობითაც რომ წაგვეგო, საპასუხო შეხვედრაში ბრძოლა შესაძლებელი იქნებოდა.
- მარტო გამოცდილებით გაჯობათ "გაბალამ"?
- რა თქმა უნდა, სხვა ფაქტორებიც იყო. შემადგენლობაში სულ 2 აზერბაიჯანელი ჰყავდათ, დანარჩენები ლეგიონერები იყვნენ, ხოლო რამდენიმე მათგანი - საკმაოდ მაღალი დონისაც: სტანკოვიჩი, რიკარდიონიო, ჩვენი ნიკა კვეკვესკირი, ვიკსი, ოზობიჩი, ზენიოვი... რეალურად, თამაშის ბედი მათ გადაწყვიტეს, "სამტრედიას" კი ასეთი ფეხბურთელების ჩამოყვანის საშუალება არ გააჩნია.
ვიკსი ახალგაზრდულ "ჩელსიში" თამაშობდა და კარგი სკოლა და კლასი ეტყობოდა - 6 გოლიდან 4 მან გაგვიტანა.
სად აზერბაიჯანელების შესაძლებლობები და სად - ჩვენი?! ამით "გაბალა" არათუ "სამტრედიას", ბევრ უკრაინულ კლუბსაც კი სჯობს. მე რომ ლუგანსკის "ზორიაში" ვირიცხებოდი, მისი ბიუჯეტი 3-4 მილიონი დოლარი იყო. რომ იცოდეთ, ასეთი მდგომარეობაა უკრაინული კლუბების უმრავლესობაში, კიევის "დინამოს", "შახტარსა" და "დნიპროს" თუ არ ჩავთვლით. "გაბალას" კი წლეულს ბიუჯეტი სამჯერ შეუკვეცეს და ტიროდნენ, 5 მილიონი დოლარიღა დაგვიტოვესო.
წარმოგიდგენიათ, ამის ნახევარი ბიუჯეტით "სამტრედიას" რა გუნდი ეყოლებოდა?
- უკრაინასთან კავშირებს დღემდე ინარჩუნებთ?
- რა თქმა უნდა?! იქ ბევრი მეგობარი შევიძინე. გული მწყდება, რომ ვითარება ძალიან აირია. ფეხბურთელი 20 ათასს რომ იღებდა, ახლა ხელფასი 2 ათასამდე შეუმცირეს და ამასაც ვერ ურიგებენ. დონეცკის "მეტალურგი" გაკოტრდა, ხარკოვის "მეტალისტი" და დნეპროპეტროვსკის "დნიპრო" იმავე საფრთის წინაშე დგანან, ფეხბურთელები გარბიან და ჩემპიონატის დონეც საგრძნობლად დაეცა.
- მაგრამ ჩვენზე მაღალი დონის ჩემპიონატი მაინც აქვთ...
- იმიტომ, რომ უკრაინელებს, ასეთ მდგომარეობაშიც კი, ჩვენზე მეტი ფინანსები აქვთ.
- უკრაინაში ნათამაშები ფეხბურთელები პარალელებს ადვილად გაავლებთ - რა მიმართულებებში ჩამოვრჩებით უკრაინელებს?
- ფინანსებზე უკვე ვთქვი. მათი სავარჯიშო პირობებიც ბევრად უკეთესია. ორი წლის წინანდელი ევროპის ჩემპიონატის წყალობით ინფრასტრუქტურა უმაღლეს დონეზე მოაწყვეს. მიუხედავად იმისა, რომ დონეცკი და ლუგანსკი რუსებმა დაიკავეს, დანარჩენ ტერიტორიებზე ძალიან კარგი სტადიონები, ბაზები და მოსამზადებელი ცენტრები აქვთ. სათამაშო კომპონენტები რომ ავიღოთ, ფიზიკურ მომზადებაში აშკარა ჩამორჩენა გვაქვს, ეს კი თამაშის და, ჯამში, ეროვნული ჩემპიონატის დონეს განაპირობებს...
ინფრასტრუქტურის მნიშვნელობაზე დავკონკრეტდები: თუ ხარისხიანი მოედნები არ იქნება, გუნდი კარგად ვერ მოემზადება და სწრაფად თამაშს ვერ შეეჩვევა. ცუდი ფიზმომზადებითა და დაბალი ტემპით კი ქართულ გუნდებს ევროსარბიელზე ღირსეულად გამოსვლა ძალიან გაუჭირდებათ.
აქ დიდ დატვირთვებს მიუჩვევლები რომ ვართ, ჩამოვა საშუალო ევროპული დონის გუნდი და მოძრაობით მოგვიგებს. არადა, ჩვენთან ბევრი ნიჭიერი ბავშვია, რომელთაც ასეთი გარემო გასაქანს არ აძლევს.
- თქვენი აზრით, გარდამავალი ჩემპიონატის ფორმატი საერთო დონეს წაადგება თუ არაფერი შეიცვლება?
- ჩემი აზრით, 10-გუნდიან ჩემპიონატზე გადასვლა კარგი ნაბიჯი იყო და ჩემპიონატის დონეს აუცილებლად დაეტყობა, რადგან ყველა შეხვედრას მნიშვნელობა ექნება და ერთ ტურშიც ვერ დაისვენებ - ამით ეს ფორმატი 16-გუნდიანს ბევრად სჯობია. ბოლოს და ბოლოს, 10-გუნდიანი ჩემპიონატებია ჩვენზე ბევრად მდიდარ შვეიცარიაში, შოტლანდიასა და ავსტრიაში და მათ რითი ვჯობივართ?
მაგრამ აუცილებელია, რომ ჩემპიონობისთვის რამდენიმე გუნდმა იბრძოლოს და 4-5 თანაბარი გუნდი მაინც გვყავდეს. რეალურად, დონე მხოლოდ ასეთ შემთხვევაში აიწევს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ეტყობა რომ ბევრი რამ ესმის, მაგრამ ბევრ რაიმეში არ /ვერ ერკევვა.
ფეხბურთელი რომ 10 კლუბიან პირველ და უმაღლეს ლიგებს მოიწონებს,ის უკვე არაა პროფესიონალი,რადგან 14 კლუბის ასეულობით მასზე არანაკლები ამბიციური ბიჭი უნდა გავიდეს ფეხბურთიდან, მაგრამ როცა თავი ქუდში აქვს,სხვისი რად უნდა უჭირდეს?
რაც შეეხება ბიუჯეტს - სამტრედია რომ კერძო კლუბი იყოს მისთვის სრულიად საკმარისი იქნებოდა სტაბილური 2 მილიონი დოლარი ბიუჯეტი ქართველი კონტიგენტით. იმ პირობით, თუკი ინფრასტრუქტურული პირობები მოწესრიგებული იქნებოდა (მაგრამ რადგან ის ჯიუტად რჩება სახელმწიფო კლუბად, იმყოფინონ ის რაცა აქვღთ და მორჩა) უახლოეს წლებში მეტი მაღალი ბიუჯეტი გაუმართლებელია რადგან მისი ამოღების შანსი არაა სანამ კლუბი ევროსარბიელზე რეალურ ადგილს არ დაიკავებს, რადგან ამის გარეშე არც უეფას ფულები წამოვა და ვერც სატრანსფერო ბაზარზე დიდად ხეირიანად ვინმეს გაყიდის.
და ბოლოს საქართველოს ჩემპიონობისათვის 4-5 თანაბარი კლუბი რომ იყოს დინამოს უნდა შეუკვეცო ბიუჯეტი, რადგან სხვების ბიუჯეტების ზრდა არ ხდება უკევ ზემოთ ხსენებული მიზეზთა გამო.