"ჩვენ უფრო გამოცდილები რომ ვყოფილიყავით, ამ ბარიერის დაძლევა შეიძლებოდა, მაგრამ მე ბიჭების მადლიერი ვარ. მათ ამ თამაშებში სული და გული ჩადეს, აჩვენეს, რომ პოტენციალი აქვთ.
არადა, მესმის და ვკითხულობ, რომ ჩვენს ფეხბურთელებს უსაფუძვლო და ცინიკური კომენტარებით აკომპლექსებენ. არავის აქვს უფლება, ამ წაგების გამო ფეხბურთელებს საკუთარი თავის რწმენა შეურყიოს.
მათ თანადგომა
სამტრედიელთა დამრიგებელი მიიჩნევს, რომ გუნდმა ამ ეტაპისთვის ისედაც ბევრს მიაღწია:
"სანამ სეზონი დაიწყებოდა, ვთქვით, რომ ხუთეულში მოხვედრას ვუმიზნებდით, მაგრამ მოხდა სასწაული და ვიცე-ჩემპიონები გავხდით. ევროპის ლიგიდან გავარდნის მიუხედავადაც, ზესტაფონში ძლიერ მეტოქეს მოვუგეთ და სახე მთლად არ დაგვიკარგავს. ეს აზერბაიჯანელებმაც აღნიშნეს, კარგი გუნდი ყოფილაო და გაუკვირდათ, ბაქოში რა მოგვივიდა.
მოგვივიდა ის, რომ ერთი წლის გუნდით ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლა წარმოუდგენელია. გუნდს მყარი საფუძველი და დრო სჭირდება, დიდი ნახტომი რომ გააკეთოს. მე კი მიმაჩნია, რომ 9 თვის გუნდით ევროპის ლიგაზე გასვლა და ჩვენზე ბევრად გამოცდილი "გაბალასთვის" თუნდაც ერთი მატჩის მოგება დიდი საქმე იყო.
ეს მომავალი წარმატებებისთვის სტიმულს მოგვცემს. დრო თუ გვექნება და გუნდის შენების საშუალება გაცილებით ხანგრძლივი დროით მოგვეცემა, მჯერა, ამ ბიჭებით ბევრის მიღწევა შეიძლება".
"სამტრედიამ" მზადება ადრე დაიწყო, ევროპალიგის შემდეგ კი გუნდი ისვენებდა:
"ბიჭები 10 დღე დავასვენეთ, მაგრამ ბოლო 5 დღე ინდივიდუალური დავალებები მივეცით. 18 ივლისს თბილისში შევიკრიბეთ და ჩემპიონატისთვის მზადება "ამერის" სტადიონის ხელოვნურსაფარიან მოედანზე დავიწყეთ.
პირველ ტურამდე სამ საკონტროლო შეხვედრას ვგეგმავთ: 22 ივლისს ნაკრების ბაზაზე ბოლნისის "სიონს" შევხვდებით, 26-ში იქვე - "ჩიხურას", ხოლო 30-ში ლანჩხუთში "გურიას" გავეჯიბრებით".
ცეცაძის თქმით, გუნდში უმნიშვნელო ცვლილებები მოხდა:
"უკვე გეცოდინებათ, რომ თორნიკე გორგიაშვილმა დაგვტოვა. შოთა კერძევაძე კი ფოთის "კოლხეთში" სათამაშო პრაქტიკისთვის იჯარით გავუშვით და დეკემბერში დაგვიბრუნდება. თუ სასურველი დონის მოთამაშეები გამოჩნდებიან, გაგვიხარდება. მაგრამ ჯერ ახალი არავინ დაგვიმატებია".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"