[ოთხშაბათის საკითხავი] მწვრთნელებო, დახურეთ პასპორტები!

AutoSharing Option
ლაშა სალუქვაძე გორის "დილაში" მივიდა. ქართულ საფეხბურთო სინამდვილეში ეს გვარიანი ტრანსფერია. ჯერ ერთი, მართლა საცოდაობაა, როცა სალუქვაძის გაქანების მცველი უგუნდოდაა საქართველოს ჩემპიონატის დონის პირობებში. მეორეც - გორის "დილას" სამწვრთნელო შტაბმა გადადგა ნაბიჯი, რომელიც გადამდები უნდა იყოს სხვა გუნდებისთვისაც...

ევროპის არაერთ ქვეყანაში ვყოფილვარ და პირდაპირ შემიძლია დავწერო: არსად ისე არ ექცევიან ფეხბურთელს, როგორც საქართველოში. არსად იმხელა ყურადღებას არ აქცევენ ფეხბურთელის ასაკს, როგორც საქართველოში და ეს მხოლოდ ვნებს ქართულ ფეხბურთს.

შორს ნუ წავალთ, თანამედროვე ქართული ფეხბურთი ავიღოთ. განა არ მოიგო თბილისის "დინამომ",
როცა ალექსანდრე იაშვილი და მისი სეხნია ამისულაშვილი აიყვანა?

განა, იაშვილმა და ამისულაშვილმა ბევრი არ ასწავლეს ახალ თაობას, რომლისაც ყველას ასე ძლიერ გვეიმედება? საერთოდ, თანამედროვე პირობებში გამოცდილი ფეხბურთელის გუნდში ყოლა აუცილებელია და, მით უფრო, ეს აუცილებელია საქართველოში, სადაც ბევრი გუნდის შიდა ცხოვრება დაულაგებელია.

შიდა ცხოვრებას მარტო მწვრთნელი ვერ დაალაგებს - გამოცდილ ფეხბურთელს მინდორზეც შეუძლია მწვრთნელობა და ცხოვრებაშიც.

გვერწმუნეთ, ჩვენს ახალგაზრდებს ძალიან სჭირდებათ მწვრთნელები და არა მხოლოდ მინდორზე, მინდვრის მიღმაც. დღეს საქართველოს ჰყავს არაერთი გამოცდილი ფეხბურთელი, რომელიც ან ქვეყნის ფარგლებს გარეთ თამაშობს, ან საქართველოში არიან და დაბალ ლიგებში ჩაკარგულან, ან სულაც შესაბამის წინადადებას ელიან.

არა, ბატონებო, ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ამ ფეხბურთელებს ხელი ვკრათ. ბევრი ქართველი მწვრთნელი გაიგებს თუ არა, რომ ფეხბურთელი ოცდაათსაა გადაცილებული, ხელს ჩაიქნევს ხოლმე. არადა, დღევანდელ ფეხბურთში, საყოველთაო აღიარებით, სწორედ 30 წლის ფეხბურთელია მომზადებული იმისთვის, რომ მინდორზე ბოლომდე გამოავლინოს შესაძლებლობები.

ვეტერანი ქართველი ლეგიონერების სამშობლოში ჩამოყვანაც საშურ საქმედ მოჩანს. ჯერ ერთი, ისინი არცთუ მაღალ ანაზღაურებაზე თამაშობენ საზღვარგარეთ და მეორეც - თუნდაც ევროთასებზე გამოადგებიან ქართულ კლუბებს. ბევრი ჩვენი გუნდი ევროპულ ტურნირზე საბავშვო ბაღი გეგონება.

ზოგს დაუჩემებია, ახალგაზრდულ გუნდს ვაშენებო. ასეთ მწვრთნელებს პირდაპირ უნდა ვუთხრათ - იმ ახალგაზრდას მხოლოდ თქვენი ცოდნა ვერ გასწვდება და მინდვრის გარეთ ატმოსფეროს რომ თავი დავანებოთ, თუნდაც მინდორზე ვიღაცამ რაღაც ხომ უნდა ასწავლოს? ხომ უნდა მიუთითოს?

ორივე საქმეს, მინდორზეც და მინდვრის გარეთაც, თქვენ, დიდი ალბათობით, ვერ გასწვდებით. ამიტომ ათ ახალგაზრდას ორი ვეტერანი მაინც დაახმარეთ.

მიეცით ქართველ ფეხბურთელს განცდა, რომ 30 წლისა ის ბებერი და ჩამოწერილი არ არის. დახურეთ პასპორტები და შეხედეთ იმას, თუ როგორ თამაშობს ფეხბურთელი!

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
მე ბავშობიდან ფეხბურთს ვთამაშობდი.საკმაოდ კარგად და კარგ მომავალსაც მიწინასწარმეტყველებდნენ.რაღაც პერიოდი გარკვეული მიზეზების გამო ჩამოვშორდი ფეხბურთს.20 წლის ვიყავი,კარგად მოვემზადე ფიზიკურად,კარგ ფორმაში მოვედი თუმცა არცერთმა გუნდმა არ მიმიღო და მიზეზი იყო ჩემი წლოვანება.ასე მოუვიდა ბევრ ჩემზე მეტად ნიჭიერ ფეხბურთელებსაც,რომლებმაც აიცრუეს გული და შეეშვნენ ფეხბურთს.საქართველომ კი უამრავი ეგეთი ტალანტი დაკარგა....
0
სწორედაც რომ.ჯერ ერთი იმაზეც ხო უნდა იფიქროს მწვრთნელმა რომ ერთმა ახალგაზრდა ფეხბურთელმა თავისი თანატოლი მეორე მოთამაშის შეძახილი და რჩევა შეიძლება სულაც იუკადრისოს ხოლო მასზე უფროსისას ანუ გამოცდილისას უფრო გაითვალისცინებს,ასეა ეს
ბაჩო გ
21:02 27-07-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული