იტალიელთა ჩანაფიქრი - "ვერონას" საქართველოში საფეხბურთო სკოლის დაფუძნება სურს!

AutoSharing Option
ფოტოზე:მარცხნიდან ლევან ლელიანი, ფრანჩესკო ბარეზი და ლევან სეთურიძე

ბედნიერია ახალი თაობა - თუკი საბჭოთა პერიოდში სარბიელი შეზღუდული იყო, ახლა იმდენი შესაძლებლობაა, ნიჭიერი ადამიანი პარტნიორს მთელს მსოფლიოში იპოვის...

ლევან სეთურიძე "გაგრას", რუსთავის "მეტალურგის", "ზესტაფონის" მოთამაშე და საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების კანდიდატი იყო, მაგრამ კარიერა ნაადრევად დაასრულა. ბოლო წლებია, 25 წლის ახალგაზრდა იტალიაშია, ვერონასთან ახლოს პატარა ქალაქ ტრენტოში ოჯახთან ერთად ცხოვრობს, პარალელურად კი იქაურ საფეხბურთო წრეებთან კავშირებს ამყარებს.

მან და "გაგრას" ყოფილმა ფეხბურთელმა ლევან ლალიანმა (ორივე ევროპაში სპორტის მენეჯმენტს სწავლობდა) "ვერონას" ოპერატიულ დირექტორს
ქართულ კლუბებთან თანამშრომლობა შესთავაზეს.

ამ ტრადიციულ კლუბში მცოდნე მენეჯერები და სპეციალისტები მუშაობენ. ქართველმა ახალგაზრდებმა კი ახლახან საფეხბურთო ორგანიზაცია დაარეგისტრირეს. სეთურიძე ამ ორგანიზაციის მიზნებს გვიმხელს.

"ჩვენი საუბრის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. მე და ლევან ლალიანს "ვერონას" ოპერატიულ დირექტორთან, ფრანჩესკო ბარეზისთან ძალიან კარგი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა. ამასწინათ, მას კიდევ ერთხელ შევხვდით. ბარეზის აქვს ძალიან დიდი გამოცდილება, საინტერესო ხედვები და პროექტები.

უახლოეს მომავალში საქართველოში მისი და "ვერონას" სხვა წარმომადგენელთა ვიზიტი დავგეგმეთ. გვთხოვეს, რომ ამ ვიზიტისთვის პროგრამა მოვამზადოთ. სურთ, რამდენიმე თამაშს დაესწრონ და ქართული კლუბების წარმომადგენლებს შეხვდნენ", - ამბობს სეთურიძე.

მან ძალიან მნიშვნელოვანი ამბავიც გვითხრა:

"ზოგადად, ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელები აინტერესებთ, მაგრამ წლეულს ეს შეუძლებელია, რადგან "ვერონა" სერია B-ში დაქვეითდა, სადაც არაევროკავშირელ ფეხბურთელებზე მკაცრი ლიმიტია და დღევანდელი მონაცემებით, გუნდი ისეა დაკომპლექტებული, რომ ქართველი მოთამაშის აყვანა გამორიცხულია. მაგრამ "ვერონას" მიზანი სერია A-ში დაბრუნებაა. ამიტომ, შევთავაზეთ, რომ სეზონის განმავლობაში ჩვენ მიერ შეთავაზებულ ფეხბურთელებს დააკვირდნენ.

ამაზე დამთანხმდნენ და ახალ სეზონში "ვერონას" სკაუტებთან ერთად საქართველოში მათ თამაშებზე დასწრებას ვაპირებთ".

ცხადია, იტალიაში ქართველის ტრანსფერი სასურველი ამბავია. მაგრამ ქართულ-იტალიური თანამშრომლობა ამით არ შემოიფარგლება:

"იმედია, იტალიაში კიდევ რამდენიმე ქართველს ვიხილავთ. ამ ქვეყანაში ჩვენების მოხვედრის მეორე გზაც არსებობს - საქართველოში ასაკობრივი ტურნირები იგეგმება და "ვერონასაც" შევთავაზეთ მასში მონაწილეობა. ვერონელთა განწყობა დადებითია და ჩამოსვლის სურვილი გამოხატეს.

მოგეხსენებათ, ბოლო წლებში საქართველოში რამდენიმე საინტერესო ტურნირი ჩატარდა.

მაგალითად, "საბურთალომ" შეძლო "ფოლკსვაგენისა" და "სალერის" თასების ორგანიზება, ახლახან კი თბილისის "დინამომ" ვიტალი დარასელიას სახელობის ტურნირი ჩაატარა.

იტალიელებმა სამომავლოდ მსგავს ტურნირებში მონაწილეობის სურვილი გამოხატეს, თან ტურნირის მონაწილე ქართული გუნდების ტალანტებს დააკვირდებიან".

ბოლოს, ახალგაზრდა მენეჯერმა ძალიან საინტერესო ჩანაფიქრზე გვითხრა:

"იტალიელებისგან მივიღეთ შემოთავაზება, რომ საქართველოში "ვერონას" სატელიტი სკოლის ჩამოყალიბებაში მათი პარტნიორები გავხდეთ. ჯერჯერობით, პროექტს ვამუშავებთ. არის ვარიანტი, ეს საზაფხულო სკოლის სახით მოხდეს: იტალიელ სპეციალისტთა ჯგუფი ჩამოვა და დილის საათებში ქართველ მწვრთნელებთან სემინარს ჩაატარებენ, სავარჯიშო პროგრამებს დაგეგმავენ, ხოლო შემდეგ ფეხბურთელებს ავარჯიშებენ. მათი წასვლის შემდეგ ქართველ სპეციალისტებს საშუალება ექნებათ, "ვერონას" ოფიციალური ვებგვერდის მეშვეობით სპეციალისტებისგან ნებისმიერი ინფორმაცია მიიღონ.

საბოლოო შეთანხმებაზე ჩვენი ორგანიზაციის - "თავისუფალი ფეხბურთის" ფეისბუქგვერდიდან შეიტყობთ და მალე პრეზენტაციაც გაიმართება".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 9 /
აბა მანდ ნახე მერე მამიკოს ბიჭები,ბიძაშვილები,ძმაკაცის შვილები....კარგ ფარას გაარტყავენ
ჟორა
14:26 19-08-2016
0
არცერთს არ ვიცნობ (სეთურიძე მახსოვს ზესტაფონიდან), მაგრამ მშვენიერი იდეა, რომ არის ფაქტია! ახალგაზრდები არიან და საქმის გაკეთება უნდათ. თან, ჩვენთვის ძალიან საჭირო და კარგი საქმის! "ვერონა" სადღაც აგდიაო... მაგ თვალსაზერისით ვაგდივართ ჩვენ და სასწრაფოდ გვინდა შველა! სულ ურწმუნობა, უიმედობა და ქილიკი, უსაქმურების "საქმეა"! წარმატებები ბიჭებს!
ჯიჯი
18:51 02-08-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული