მასობრივი ფეხბურთი: თუ ეს ჩანაფიქრი წლების განმავლობაში გაგრძელდება...

AutoSharing Option
რამდენიმე დღის წინათ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა რეგიონული ფედერაციების პრეზიდენტებს შეხვდა. საუბარი შეეხო მეორე ლიგის ჩასატარებლად აუცილებელ საორგანიზაციო საკითხებს. წლეულს, გარდამავალ სეზონში, მეორე ლიგაში კლუბების უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობა მოგროვდა, რის გამოც სფფ-მ ჩემპიონატის გეოგრაფიული პრინციპით 8 ჯგუფად დაყოფა გადაწყვიტა. რეგიონული ფედერაციების ხელმძღვანელებთან შეხვედრისას სწორედ ამ ჯგუფების დაკომპლექტება მოხდა...

ფუნქციამიცემული რეგიონები
ამ შეხვედრაზე ძალიან მნიშვნელოვანი სხვა ამბებიც გადაწყდა, რაც შემთხვევით შიდა ქართლის ფედერაციის პრეზიდენტმა გია რევაზიშვილმა გაგვიმხილა.

"რეგიონების ხელმძღვანელებს ლევან კობიაშვილი, დავით მუჯირი, კახა ჭუმბურიძე და გოჩა თამაზაშვილი შეგვხვდნენ და ილაპარაკეს
პრობლემებზე, ფეხბურთის მასობრიობის გაზრდის გზებსა და ამ საქმეში რეგიონული ფედერაციების ჩართვის აუცილებლობაზე. ამისთვის პირველი რეალური ნაბიჯები უკვე გადაიდგა.

გეცოდინებათ, რომ წლეულს მეორე ლიგის გათამაშება 1 სექტემბერს დაიწყება და 12 დეკემბრამდე გაგრძელდება. მასში, შარშანდელი 45-ის ნაცვლად, 66 გუნდი ჩაერთვება, შესაბამისად, 3-ის ნაცვლად 8 ზონა ჩამოყალიბდა. ამან მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოიწვია - თუკი ადრე ჩემპიონატის ორგანიზებაში მხოლოდ რამდენიმე რეგიონული ფედერაცია (თბილისის, აფხაზეთის, იმერეთის, სამეგრელოსა და სამხრეთ ოსეთის) მონაწილეობდა, ახლა ეს საქმე ლამის ყველა რეგიონალურ ფედერაციას დაევალა.

ჩვენ ცენტრალური ზონა ჩაგვაბარეს, სადაც გორის "დილა 2-თან" ერთად, ახალციხის, ბორჯომისა და მცხეთის გუნდები ითამაშებენ. შეხვედრიდან გახარებული წამოვედი, რადგან რეალურად ამ გადაწყვეტილებებით რეგიონულმა ფედერაციებმა ფუნქცია შევიძინეთ და ყოველდღიურ საქმიანობაში ჩავერთვეთ.

ძალიან კარგი ფაქტია, რომ ლამის ყველა ქალაქში გუნდი ჩამოყალიბდა. ეს კი მასობრიობისა და პოპულარიზაციის წინაპირობა გახდება. თქვენ ეხუმრებით, 21 ახალი გუნდია? ამით 500 ფეხბურთელი მაინც დაგვემატება! ეს ბავშვთა ფეხბურთში მუშაობის გაძლიერებას გამოიწვევს, რადგან ადგილობრივებზე მოთხოვნა გაიზრდება და ეს ადგილობრივ ბავშვებს დიდ სტიმულს მისცემს.

სხვათა შორის, კობიაშვილმა რეგიონულ ფედერაციებს მეტი საბავშვო ტურნირის ჩატარება დაგვავალა და ეს მართალია, რადგან ბავშვები ასეთ გამოცდილებას ათასში ერთხელ არ უნდა იღებდნენ, მათ მეტი დატვირთვა და თამაშები სჭირდებათ... სხვათა შორის, ითქვა, რომ რეგიონული ცენტრები, რაც გერმანულ გამოცდილებას ემყარება, 2017 წლიდან დაფუძნდება.

კობიაშვილის თქმით, საერთოდ, ლაპარაკია, რომ ბავშვები გადასახადებისგან გათავისუფლდნენ - ეს მასობრიობისკენ გადადგმული უდიდესი ნაბიჯი იქნება", - ამბობს რევაზიშვილი.

მოყვარულთა ლიგა მთელი ქვეყნის მასშტაბით!..
შიდა ქართლის ფედერაციის პრეზიდენტმა სხვა მნიშვნელოვანი ამბავიც გვითხრა:

"წელსვე, სექტემბერში, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი დაიწყება - ყველა რეგიონი ჩაერთვება სამოყვარულო ჩემპიონატში, რომელიც წელს მხოლოდ თბილისში ჩატარდა. მან ისე გაამართლა და ზოგადად იმდენად მნიშვნელოვანი წამოწყებაა, რომ ფეხბურთის ფედერაციამ მისი მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარება გადაწყვიტა. მოყვარულთა გუნდებს სოფლები და საკრებულოები გამოიყვანენ და ჯერ რეგიონების გამარჯვებულები გამოვლინდება, რომლებიც შემდეგ ერთმანეთში ქვეყნის ჩემპიონს გაარკვევენ.

ეს დიდი სტიმულია და უკვე გორში მოყვარულთა 12 გუნდი ჩამოყალიბდა, მათ შორის 4 - სოფლებმა დააფუძნეს. ასეთივე ტურნირები ჩატარდება ხაშურში, ქარელსა და კასპში. ფორმებითა და ბურთებით ფეხბურთის ფედერაცია დაგვეხმარება. მართალია, დიდი ხანია, საქართველოში ფეხბურთი კრიზისშია, მაგრამ ეს ჩანაფიქრი წლების განმავლობაში თუ გაგრძელდება, დამიჯერეთ, თავის შედეგს აუცილებლად გამოიღებს. საქმე ისაა, რომ ძალიან ბევრი მოყვარულთა გუნდი ჩამოყალიბდა, რომელთაც მწვრთნელები, ფეხბურთელები და ორგანიზატორები სჭირდება.

ამ ყველაფერში კარგი ისაა, რომ მოყვარულთა გუნდებს მოედნებიც დასჭირდებათ და ეს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასაც გამოიწყევს. სულ მცირე, არსებულ მოედნებს მაინც არ დავკარგავთ".

თუ რა სიახლეებია ამ კუთხით, ამაზე სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტი ბერდია ჯიბლაძე გველაპარაკა:

"გარდამავალ ჩემპიონატში მოყვარულთა ლიგაში მართლა სერიოზული რეფორმა და დიდი ცვლილებები დაიწყება. დაუჯერებლად შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ გუნდებს 46 ქალაქში აყალიბებენ, სულ კი 300 გუნდი და 5000-მდე ფეხბურთელი ითამაშებს. იმ დროს, როცა საქართველოში სულ 11 ათასი რეგისტრირებული მოთამაშეა, დარწმუნებული ვარ, სამოყვარულო ჩემპიონატი ფეხბურთის პოპულარიზაციისკენ გადადგმული უდიდესი ნაბიჯი იქნება.

ვისაც ფორმები არ ექნება, სფფ გადასაცმელებით დაეხმარება, პლუს, ბურთებს მოგვცემს. აქ ხომ მთავარია, რაც შეიძლება მეტმა ითამაშოს. სტიმული ის იყო, რომ თბილისის ლიგაში 16 გუნდი თამაშობდა და მათგან მეორე და პირველი ლიგის გუნდებში 8 საუკეთესო მოთამაშე აიყვანეს. დარწმუნებული ვარ, 5 ათასი მოყვარულიდან ბევრად მეტ ნიჭიერ მოთამაშეს აღმოაჩენენ. პლუსია ისიც, რომ აქ დამწყები მწვრთნელები და მსაჯები გამოჩნდებიან.

ახლებური სისტემით, სამოყვარულო ლიგის საუკეთესო გუნდები რეგიონალ ლიგებში დაწინაურდებიან და მიმაჩნია, რომ ეს წამოწყება ქართული ფეხბურთისთვის საფუძვლის გამყარების ერთ-ერთი აუცილებელი ნაბიჯია.

აქამდე საქართველოში 77 გუნდი და 11 ათასი მოთამაშე გვყავდა. ამ წამოწყების შედეგად კი გუნდების რაოდენობა 400-მდე გაიზრდება, მოთამაშეთა რაოდენობა კი - 16 ათასამდე".

ნაბიჯი ხარისხისკენ
მასობრივი და რეგიონული ფეხბურთის განყოფილების ხელმძღვანელი გოჩა თამაზაშვილიც საინტერესო ამბებს გვიმხელს:

"თუ გახსოვთ, სანამ ლევან კობიაშვილს ფედერაციის პრეზიდენტად აირჩევდნენ, ის ამბობდა, რომ ჩვენი გუნდის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ფეხბურთის პოპულარიზაცია და მასობრიობის გაზრდა იყო. მაშინ მან საინტერესო ციფრები მოიშველა - გერმანიაში პროფესიონალია ფეხბურთელთა საერთო რაოიდენობის მხოლოდ 0.95 პროცენტი, დანარჩენი კი მოყვარულია.

იქ სულ 7 სამოყვარულო ზონაა, რომლებიც ფედერალური მიწების მიხედვით, მინიმუმ, 150-მდე ზონად იყოფა. ამის ხარჯზე, გერმანიაში 7 მილიონამდე ფეხბურთელი ჰყავთ. დიდი ფეხბურთი სწორედ მასობრივ და სამოყვარულო ფეხბურთზე დგას, ჩვენთან კი ასეთი რამ კომუნისტების დროსაც არსებობდა, მაგრამ არა - ასე ორგანიზებულად. მოთამაშეთა რაოდენობის ზრდა კი ხარისხის გაუმჯობესების წინაპირობაა. მოსვლის დღიდან, სფფ-ს ხელმძღვანელობა ამ პრობლემის მოგვარებაზე ფიქრობდა და სამოყვარულო ლიგის იდეა ამიტომ ავიტაცეთ.

სფფ-ს გარდა, გუნდებს დაეხმარებიან მუნიციპალიტეტებისა და სოფლების საკრებულოები, აგრეთვე, რეგიონებისა და ქალაქების ფედერაციები. ახლა ყოველ სოფელში იქნება გუნდი და მოედნებს მოუვლიან, პლუს, ბავშვები გაიზრდებიან. ყველა დაფიქრდეს - აქამდე ხომ ეს უდიდესი პრობლემა იყო და ყველა იმაზე დარდობდა, რომ სოფლებში საფეხბურთო წრეები აღარ არსებობდა. შესაძლოა, ამ ჩანაფიქრის მასშტაბი ჯერ ბევრმა ვერ გაიაზროს. მაგრამ გავა წლები და ყველა მიხვდება, რომ ქართულ ფეხბურთს სწორედ სამოყვარულო ლიგა სჭირდებოდა".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 9 /
დილას მიხედე ბატონო რეზო და სკოლას თორე ტუღუში და ხორგუაშვილი ხო ხედავ დაკრობილები არიან სკამებზე და ცოცხალითავით არტოვებენ გუნდს.
0
ეს ყველაფერი ისევ კობიაშვილის წინასაარჩევნო კომპანიას ჰგავს! რაღაცა ხომ უნდა ააქაფოს, რომ ამომრჩეველს თვალებზე ააფაროს? ეგაა!!... ფეხბურთი მაყურებლით იწყება და მაყურებლით მთავდება! ჯერ ტრიბუნები გაავსეთ მაყურებლით, სტადიონებს მიხედეთ, მაყურებელის ინტერესები მოიზიდეთ ტელეტრანსლიაციებით. და მერე ყველაფერ დანარჩენი... თუ მაყურებელი არ ჩადებს ფულს (ბილეთები, სუვენირები, რეკლამა), ფულს ყოველთვის ბიუჯეტი გაიღებს და კლუბების ინტერესი მხოლოდ ბიუჯეტიდან მეტი ფული მიღება იქნება... აქ კვდება ფეხბურთი! უკვე მოკვდა საქართველოში!! კობიაშვილმა არ გაამართლა სფფ და ეხლა ხელისუფლებაში გაამართლებს???
გიორგი
15:22 21-08-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული