ახრიკ ცვეიბა 50 - ქართველების მეგობარი

AutoSharing Option
ფოტოზე: ახრიკ ცვეიბა, გოჩა გოგრიჭიანი, საიდ თარბა. 1986 წელი
...აფხაზეთის მადლიან მიწაზე არაერთი გამორჩეული ფეხბურთელი აღზრდილა, თბილისის "დინამოს" თითქმის 100-წლიან ისტორიაში მართლაც გამორჩეული კვალი რომ დაუტოვებია: ავთანდილ ღოღობერიძე, ვლადიმერ მარღანია, ვლადიმერ ბარქაია, გიორგი სიჭინავა, გოჩა გავაშელი, აღარაფერს ვამბობთ ვიტალი დარასელიაზე, ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე დიდი გამარჯვების ერთ-ერთ მთავარ შემოქმედზე: 1981 წლის 13 მაისს, თასების მფლობელთა თასის ფინალში, სწორედ ამ ოჩამჩირელმა ბიჭმა გაიტანა ის გადამწყვეტი და ზღაპრული გოლი გერმანული "კარლ ცაისის" კარში და თბილისის "დინამო" ევროტურნირების გამარჯვებული გახდა!

...საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში
ასპარეზობის პერიოდში (1936-89) თბილისის "დინამოს" ისტორიაში სეზონი არ ყოფილა, აფხაზეთში აღზრდილ ფეხბურთელს რომ არ ეთამაშა. ეს რიცხვი განსაკუთრებით გაიზარდა 80-იან წლებში, როცა "დინამოში" გამოჩნდნენ გრიგოლ ცაავა, გოჩა გოგრიჭიანი, თემურ ქეცბაია, გიორგი ჩიხრაძე, მიხეილ ჯიშკარიანი, სოსო მალანია, რომლებსაც მოგვიანებით მურთაზ შელია და გელა ინალიშვილიც შეუერთდნენ.

იმავეს თქმა შეიძლება აფხაზ ფეხბურთელებზეც, ასევე 80-იან წლებში რომ იცავდნენ თბილისის "დინამოს" ღირსებას: თემურ ჟიბა, თენგიზ ლოგუა, რომან ხაგბა, საიდ თარბა, ჯემალ გუბაზი და, რაღა თქმა უნდა, ახრიკ ცვეიბა, მართლაც გამორჩეული პიროვნება და არანაკლებ გამორჩეული ფეხბურთელი, აქტიური კარიერის დროსაც და დღესდღეობითაც, ასევე გამორჩეული ურთიერთობა რომ ჰქონდა და აქვს ქართველ ფეხბურთელებთან!

ახრიკ ცვეიბას 10 სექტემბერს ლამაზი იუბილე აქვს - 50 წელი უსრულდება! თბილისის "დინამოს" და საბჭოთა კავშირის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს ამ იუბილეს მისი თბილისელი მეგობრებიც მიულოცავენ, ის მეგობრები, რომლებთანაც ახრიკ ცვეიბას თითქმის 30-წლიანი ურთიერთობა აკავშირებს; თანაც, ამ მართლაც ურთიერთობას ვერც ვერავინ და ვერც ვერაფერმა მიაყენა ჩრდილი, იმიტომ, რომ ახრიკ ცვეიბას კაცურ ურთიერთობაში არც არასდროს შეშლია რაიმე...

...თბილისის "დინამოს" ძირითადი ფეხბურთელი ვიდრე გახდებოდა, ჯერ კიდევ მაშინ დაუმეგობრდა გია ფირცხალავას და მათი გამორჩეული მეგობრობა დღემდე გრძელდება; ისე, როგორც ოთარ კორღალიძესთან და სულ ახლახან გარდაცვლილ ლევან ბარათაშვილთან; ცალკე საუბრის თემაა ახრიკ ცვეიბას განსაკუთრებული დამოკიდებულება ქართული ფეხბურთის ორ ცოცხალ ლეგენდასთან, ალექსანდრე ჩივაძესა და ოთარ გაბელიასთან.

სხვა უამრავი მაგალითის მოყვანაც შეიძლება, გნებავთ, გელა ინალიშვილთან მეგობრობა თუ კახა ცხადაძესთან, მით უმეტეს, რომ დაცვის ცენტრში ცვეიბა და ცხადაძე ჯერ თბილისის "დინამოში" თამაშობდნენ გვერდიგვერდ, მერე საბჭოთა კავშირისა თუ დსთ-ის ნაკრებში, ბოლოს კი - ვლადიკავკაზის "ალანიაში".

Sportall.Ge

სხვათა შორის, 1997 წლის სეზონში, "ალანიას" შემადგენლობაში უმრავლესობას... ქართული ფეხბურთის აღზრდილები შეადგენდნენ: ახრიკ ცვეიბასა და კახა ცხადაძის გარდა, იქ იყვნენ მურთაზ შელია, გოგა გახოკიძე, მიხეილ აშვეთია, ბახვა თედეევი, ინალ ჯიოევი და იმ დროისთვის 19 წლის ლევან კობიაშვილი, რომელიც იმ სეზონის დასრულების შემდეგ რუსეთის ჩემპიონატის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად და საუკეთესო ლეგიონერად დაასახელეს! "ალანიას" მთავარი მწვრთნელი კი ქართული ფეხბურთის დიდი დამფასებელი ვალერი გაზაევი გახლდათ...

...გუდაუთაში დაბადებული ახრიკ ცვეიბა თავდაპირველად მეორე ლიგაში მოასპარეზე სოხუმის "დინამოში" გამოჩნდა, მცირე ხნით ხაბაროვსკის სკა-ში თამაშობდა, 1984 წელს კი თბილისის "დინამოში" მიიწვიეს; თავდაპირველად, საყრდენი ნახევარმცველი გახლდათ, მერე და მერე კი ცენტრალური მცველის პოზიციაზე თამაშობდა კარიერის დასრულებამდე.

კარიერა კი, იცოცხლეთ, ჩინებული ჰქონდა, თუმცა, თავდაპირველად დიდი მოთმინება დასჭირდა, თბილისის "დინამოს" ძირითადში ადგილი რომ დაემკვიდრებინა: თითქმის ორწელიწად-ნახევარი ელოდა თავის შანსს და აი, 1987 წლიდან "დინამოს" შეუცვლელი და წამყვანი ფეხბურთელიც გახდა.

ის წელი სტაჟიან ქომაგებს კარგად ემახსოვრებათ: შემოდგომაზე "დინამომ" ბულგარეთის "ლოკომოტივთან", რუმინულ "ვიქტორიასთან" და გერმანულ "ვერდერთან" დაუვიწყარი მატჩები ჩაატარა უეფას თასზე და ამ ექვსივე შეხვედრაში ახრიკ ცვეიბა ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ ჩვენს გუნდში.

სამი სეზონის (1987-89 წლები) განმავლობაში ახრიკ ცვეიბა თბილისის "დინამოს" შეუცვლელი ფეხბურთელი იყო; მერე, 1990 წლის დასაწყისში, ქართულმა ფეხბურთმა დამოუკიდებლად არსებობა რომ გადაწყვიტა, არავის გაჰკვირვებია ცვეიბას არჩევანი...

...თანაც, ამ ათლეტურ და გონიერ მცველს ხომ კიევის "დინამოში" იწვევდნენ, კერძოდ კი, ამ გუნდისა და საბჭოთა კავშირის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვალერი ლობანოვსკი! ცვეიბა ჯერ კიდევ თბილისის "დინამოში" თამაშისას მიიჩნეოდა საბჭოთა კავშირის ნაკრების კანდიდატად, კიევის "დინამოში" გადასვლის შემდეგ კი უკრაინული ტიტულებიც მოიგო, ჩემპიონთა ლიგაზეც იასპარეზა და 1990 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზეც უნდა გვეხილა, მაგრამ იტალიის მუნდიალამდე რამდენიმე დღით ადრე, ნაკრების ვარჯიშზე ორმხრივი თამაშისას თანაგუნდელთან შეჯახების შემდეგ ისე დაშავდა, რომ ეს უმნიშვნელოვანესი ტურნირი გაუცდა.

სხვათა შორის, იგივე გამეორდა 4 წლის შემდეგაც, როცა მაშინაც ზედ მუნდიალის წინ მიიღო ტრავმა. სამაგიეროდ, მონაწილეობა მიიღო 1992 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე, როცა დსთ-ის ნაკრებში გამოდიოდა.

Sportall.Ge

...ახრიკ ცვეიბას უნიკალურ მიღწევაზეც უნდა ვთქვათ: ჯერ საბჭოთა კავშირის ნაკრებში გამოდიოდა, მერე დსთ-ის ნაკრებში, ევრო 1992-ის დასრულების შემდეგ ერთი მატჩი...უკრაინის ნაკრებშიც ჩაატარა! თუმცა, ხვალინდელი იუბილარის სანაკრებო კარიერა ამით არ დასრულებულა: საკუთარი ძალები უცხოეთშიც მოსინჯა (სამი წელი ცნობილ იაპონურ გუნდში, "გამბა ოსაკაში" გამოდიოდა) და 1997 წელს ვალერი გაზაევმა ქართველებით "გაძეძგილ" "ალანიაში" რომ მიიწვია, ამჯერად უკვე რუსეთის ნაკრებში უხმეს!

ეს იყო ცვეიბას მესამე ცდა, მუნდიალზე ეასპარეზა, მაგრამ 1997 წლის გვიან შემოდგომაზე, რუსეთის ნაკრები ორრაუნდიან პლეი ოფში დამარცხდა იტალიის ნაკრებთან...

...თბილისის "დინამო", კიევის "დინამო", ნაბერეჟნიე ჩელნის "კამაზი", იაპონური "გამბა ოსაკა", "ალანია", ჩინური "ციანვაი", ელისტის "ურალანი", დაბოლოს, მოსკოვის "დინამო", სადაც 2001 წელს კვლავაც ვალერი გაზაევმა მიიწვია და სწორედ ამ კლუბში დაასრულა კიდეც ახრიკ ცვეიბამ თავისი კარიერა.

სამაგიეროდ, ცვეიბას საფეხბურთო დინასტია გრძელდება: მისი ვაჟი სანდრო ცვეიბა მამის მსგავსად, ამპლუით მცველია და დღესდღეობით ყაზახეთის ჩემპიონატში, "აქტობეში" თამაშობს.

ახრიკ ცვეიბას ლამაზ იუბილეს "ლელოც" ულოცავს!..

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 14 /
გულით ქართველი და კაცური კაცია გრიშა ცაავა.როცა საქართველოს დასჭირდა კაცურად იბრძოლა.არა ისე აქ ზოგიერთი რომ წერს.ეს იმიტომ რომ იგი თავის ქალაქს ,თავის ძმებს იცავდა პირველ რიგში,ხოლო აქედან გამომდინარე კი მთლიანად ქართულ მიწას.სხვებს რაც შეეხებათ ისე არის საქმე რუსების დაკრულზე მოცეკვავე ქართველებმა,რომ ვინ გმირი იყო და ვინ ყაჩაღი ეხლა ყველაფერი ერთმანეთში არეული.და სწორედ ეს არის ჩვენი დიდი უბედურება.
Vბep1963
23:23 10-09-2016
0
აბა ქართველები ,,აფხაზებთან,,გმირულად მებრძოლები კარგად ... ბატონ ცვეობას.ის კია აფხაზი და თქვენც კი ხართ ქართველები მაგრამ ისეთი რუსმა რომ გამოიყენა.ეხლა ის აფხაზრუსულ საქმეს იცავს თქვენ კი ქართველები .....ცვეობა კაცია თქვენ კი თქვენივე ჯიშისა და სისხლის ......კი ბატონო მივულოცოთ მაგრამ მთლად ისე ნუ იზამთ რომ უსისხლოები გამოვიდეთ
Vep1963
14:55 10-09-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული