რაც ჩემპიონატი დაიწყო, "ცხინვალის" შემტევი შეუჩერებელია. მან უკვე ოთხჯერ აიღო მეტოქეთა კარი. "ლოკომოტივთან" გატანილი გოლი კი დვალისათვის 121-ე იყო საქართველოს ჩემპიონატში.
მოკლედ, ჯაბა დვალი ბრუნდება. ბრუნდება ჩავარდნილი სეზონის შემდეგ. დანარჩენზე ის თავად გვიამბობს...
- საქართველოს ჩემპიონატში უკვე 4 გოლი გაიტანეთ. როგორი შედეგია ეს ჯაბა დვალისთვის?
- მთავარი ის არის, რომ ფეხბურთელი ბოლომდე ვერ გაიხსნება, თუ მას გუნდი არ შეუწყობს
როგორი შედეგიაო, მკითხეთ... მე არასოდეს მიმიქცევია განსაკუთრებული ყურადღება ინდივიდუალური სტატისტიკისთვის. ჩემთვის მთავარი იყო და არის გუნდი. ისე, თავდამსხმელი გოლით ფასობს და ჩემი საქმეც ეს არის...
- ბევრი აღარ ელოდა, თუ კვლავ დაიწყებდით გატანას...
- ფეხბურთი ცხოვრებასავითაა. აღმართს დაღმართი მოსდევს და პირიქით. თუ არ დაეცი, ვერც ფეხზე დადგომის სიამოვნებას იგრძნობ. მართლა ბედნიერი ვარ, "ცხინვალში" რომ მოვხვდი. შეიძლება, დიდი ფული იყოს გუნდში და გუნდი, ამ სიტყვის კლასიკური გაგებით, შეკრული არ იყოს. ჩვენ შეიძლება არ გვაქვს ზღაპრული პირობები, მაგრამ მართლაც ერთ მუშტად ვართ შეკრულები. ვფიქრობ, ამ ახალგაზრდულ გუნდს შეუძლია საქართველოს ჩემპიონატში მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა.
- ტრავმამ ძალიან დაგწიათ უკან?
- ტრავმა და ფეხბურთი განუყოფელია. იცით, რომ ოპერაცია გავიკეთე. მას შემდეგ ცოტა გამიჭირდა ფორმაში შესვლა, დრო დამჭირდა. ამიტომ იყო, ბოლომდე რომ ვერ გამოვავლინე თავი "საპოვნელაში". მომავალს ოპტიმისტურად ვუყურებ. ჩემი თავის იმედი მაქვს.
მე ასეთი ხასიათი მაქვს - როცა ჩნდება რაღაც ხელისშემშლელი, ორმაგად მონდომებული და მოტივირებული ვხდები. მიმაჩნია, რომ კიდევ შემიძლია, მაღალ დონეზე ვითამაშო.
- ჩემპიონატის ახალ სისტემაზეც უნდა გკითხოთ. გარდამავალი პირველობა მოკლეა და თითოეული დაკარგული ქულის ანაზღაურება ძალიან ძნელი იქნება...
- ერთი რამ ფაქტია, რომ ჩემპიონატი დაძაბულია. ყველა ქულას აქვს მნიშვნელობა. გვახსოვს, 16-გუნდიან ჩემპიონატს ვატარებდით და ზოგიერთ გუნდს ქალაქიდან ქალაქში გადაადგილების საშუალებაც კი არ ჰქონდა. დღეს ამ მხრივ მეტ-ნაკლებად ნორმალური ვითარებაა.
- "ცხინვალზე" თქვით, ერთი ოჯახიაო. მაინც, როგორია გუნდის შიდა სამზარეულო?
- ერთი ყველასთვის და ყველა ერთისთვისო, "ცხინვალზეა" ზედგამოჭრილი. მართლა ძალიან მეგობრული სიტუაციაა. მთავარი მწვრთნელი, კლუბის ყველა თანამშრომელი თუ ფეხბურთელი ერთი ოჯახი ვართ... მეტი რა გითხრათ?..
- ამბობენ, საქართველოს დღეს არ ჰყავს კარგი ფორვარდებიო. ეთანხმებით ამ შეფასებას?
- მეც გამიგია, ბევრი ამბობს ამას - საქართველოს ჩემპიონატში არ არიან კვალიფიციური ფეხბურთელებიო, მხოლოდ ფორვარდებზე არ არის ლაპარაკი. გიორგი ლორია საქართველოს ჩემპიონატიდან წავიდა უცხოეთში და თავადაც ხედავთ, რა სეზონი აქვს "კრილიაში". თავდამსხმელებს რაც შეეხებათ, საინტერესო ფეხბურთელები არიან, როგორ არ არიან? მე მითამაშია "სამტრედიის" შემტევის, ბუდუ ზივზივაძის წინააღმდეგ. ამ ბიჭს მომავალი აქვს, ძალიან საინტერესო ფეხბურთელია. ლადო დვალიშვილი და მათე ვაწაძე დაბრუნდნენ საქართველოს ჩემპიონატში. თუნდაც, ნიკა გელაშვილი ავიღოთ...
- ჯაბა დვალი დამოუკიდებელი საქართველოს საუკეთესო ბომბარდირია ევროთასებზე. 31 წლის ასაკში თუ გაქვთ იმედი, რომ ევროპულ ტურნირებს დაუბრუნდებით?
- მაქვს ამის იმედი. 31 წელი არ არის ის ასაკი, რამეზე ხელი ჩაიქნიო კაცმა. ვინც მიცნობს, იცის - ფეხბურთი ჩემთვის ყველაფერია. ხასიათში მიზის, რომ არასოდეს დავნებდე. ასაკზე თქვით და, ევროპულ კლუბებში განსაკუთრებული ფასი ადევს სწორედ ასაკოვან ფეხბურთელებს. თუ საქმეს სწორად, პროფესიონალურად მიუდგები, გამოცდილება ფეხბურთელს მხოლოდ და მხოლოდ პლუსად დაეწერება.
ავიღოთ ალექსანდრე იაშვილი. ვინმე იტყოდა, რომ ის ასაკში იყო? საკვანძო ფეხბურთელი გახლდათ თბილისის "დინამოსთვის". გამოცდილ ფეხბურთელს ფასდაუდებელი სამუშაოს გაწევა შეუძლია მინდორზე. მას ბევრი აქვს ნანახი, იცის, როგორ მოიქცეს ამა თუ იმ სიტუაციაში.
- მაშ, კიდევ დიდხანს აპირებთ თამაშს?
- სადამდე იქნება, არ ვიცი, დროს ვერ დავთქვამ, მაგრამ სანამ შემეძლება, ვითამაშებ. ფეხბურთელი თავად ყველაზე უკეთ ხვდება, რამდენი შეუძლია, როდის აღარ შეუძლია... როცა შევატყობ, რომ ამოიწურა ჩემი შესაძლებლობები, ავდგები და წავალ. არავის თქმა არ დამჭირდება, ისე მივიღებ ამ გადაწყვეტილებას.
დღეს ვგრძნობ ძალას საიმისოდ, რომ ვითამაშო. ისევე მიხარია მინდორზე გასვლა, როგორც 20 წლის ასაკში მიხაროდა. ვიცი, დროს ვერავინ გააჩერებს, მაგრამ ჯერ არ ვფიქრობ წასვლაზე. მგონია, რომ ჯერ არ ამომიწურავს ჩემი შესაძლებლობები. ფეხბურთი ჩემი საქმეა. მე მას მთელი ცხოვრება მივუძღვენი და მინდა, ბოლომდე ამოვწურო ამ საქმეში საკუთარი თავი.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ვიყოთ, სამწუხაროდ გარანტირებულ მომავალ პანაშვიდამდე.