ინფრასტრუქტურა: საწირე, ოცნების ქალაქი!

AutoSharing Option
საქართველოში ცოტას თუ გაუგია ტყიბულის რაიონის პატარა სოფელ საწირეს შესახებ და თუ ისე წავიდა საქმე, როგორც ჩაფიქრებული აქვთ, მის წიაღში გამოზრდილი საწირელები მალე საქვეყნოდ დაიქუხებენ. თავად განსაჯეთ, ახალშექმნილი "კურორტ საწირეს განვითარების ფონდი", რომელიც არაკომერციული არასამთავრობო ორგანიზაციაა და 200 წევრს აერთიანებს, მიზნად ისახავს სოფლის საბაზისო ინფრასტრუქტურის მოწყობას, მცირე ბიზნესის განვითარებას, მოსახლეობის დასაქმებასა და, რაც მთავარია, სტადიონის კეთილმოწყობას!

პირადად ჩავედი საწირეში, გავზომე ტერიტორია და გული მომიკვდა, იქაურობა ისეთ დღეში იყო: საწირეს ძველ, გაპარტახებულ სტადიონზე, რომელზეც ძროხებიც კი აღარ კადრულობენ შესვლას, მალე ისეთი
სტადიონი და გასახდელები წამოიჭიმება, საერთაშორისო პატარა ტურნირებს რომ უმასპინძლებს. იქვე, სასტუმროც იქნება და გუნდებს შეკრებების გავლაც შეეძლებათ!!!

ფონდმა უკვე მოაწერა ხელი რაგბისა და ფეხბურთის ფედერაციებთან მემორანდუმს!

სავარაუდოდ, ლომის წილს შეიტანს პროექტში საწირელი მირიან ქათამაძე, ერთ-ერთი ცნობილი დეველოპერული კომპანიის დამფუძნებელი. საწირე - "მომავლის სოფლის" პროექტი გულისხმობს არა ერთი ბიზნესის სტარტ-აფს, არამედ სოფლის, როგორც ტერიტორიული ერთეულის ყოველმხრივ, კომპლექსურ განვითარებას.

კერძოდ, განხორციელდება ყველა ძირითადი ინფრასტრუქტურული საბაზისო პროექტი და ორ წელიწადში სტარტ-აფი მიეცემა 20 ბიზნესმიმართულებას. წამყვანი როლი ენიჭება ტურიზმს, რაც გამოიწვევს სოფლის მოსახლეობის სრულად დასაქმებას, სოფლის ახალგაზრდობის პროფესიულ, ფიზიკურ და სულიერ განვითარებას. სოფელში 2019 წლისთვის დასაქმდება 221 კაცი, განხორციელდება 8 800 000 ლარის ინვესტიცია, დასაქმებულის საშუალო ანაზღაურება იქნება 700 ლარი, წარმოებისა და მომსახურების მოცულობა გაიზრდება 5 მილიონი ლარით, რაც 10-ჯერ მეტია არსებულზე, ერთ სულ მოსახლეზე პროდუქციის მოცულობა კი იქნება 6 000 ლარი.

საბოლოო ჯამში საწირეს საექსპორტო პროდუქციის მოცულობა 3 მლნ ლარამდე გაიზრდება!!! პროექტის იდეის ავტორი და ორგანიზატორია გელა ბუბაშვილი, საოცარი კაცი, რომელმაც თბილისელი ახალგაზრდები ჩართო ბიზნესში - თავისუფალი უნივერსისტეტის 50-მა სტუდენტმა დაწერა საწირის განვითარების სტრატეგია და ეს სტუდენტები ადგილობრივ ბიზნესმენებსა და ფერმერებთან ერთად ბოლომდე მიჰყვებიან პროექტს - მონაწილეობას მიიღებენ დაფინანსების მოძიებაში, სტარტ-აფების განხორციელებაში და, რაც ყველაზე მთავარია, ახალგაზრდა თაობა ხდება საწირეს ბიზნესების პარტნიორები და მონაწილეობას მიიღებს ბიზნესის მართვაში.

უნდა ნახოთ ამ თბილისელი გოგო-ბიჭების ანთებული თვალები, დღე და ღამე საწირეში არიან და ეფოფინებიან საკუთარ მიწა-წყალს!!!

მომავალიც გვეზრდება - ახალგაზრდა მწვრთნელმა ირაკლი გვენეტაძემ უკვე ასამდე ბავშვი აზიარა ფეხბურთს და საქართველოს ჩემპიონატშიც ჩაება!

ერთი საფრთხე კი შეიძლება დაემუქროს პროექტს და ისიც ყოფილი ხელისუფლებისგან მოდის - მავანთ ამ ადგილის ხელში ჩაგდება მოუწადინებიათ და 55 000 ლარის დახარჯვას ფიქრობენ, ვიღაცებს უკვე "კერავენ" თურმე მთავრობაში, მე კი იმედი მაქვს - 55 000 ვერ გადაწონის 9 მილიონს და სოფლის აღორძინებას!!!

მამუკა კვარაცხელია
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
12 სკამიდან ოსტაპ ბენდერის გენეალურად დაბოლებულ დაბა ვასიუკის გენ გეგმას გავს ვასიუკის შახმატის მექად გადაქცევას რომ დაპირდა,.....ვინც არ იცით გადაიკითხითეთ...:–)
კაპლან
23:20 25-09-2016
0
ნეტა თვენ რა,რას აბოლებთ ამ ხალხს:))))))))))
დიტო
11:17 23-09-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული