გურულების გამოცდილება: როგორ დავიბრუნოთ 5 ლარად გაყიდული სტადიონი?

AutoSharing Option
გასხვისებული სტადიონები და შაგრენის ტყავივით შემცირებული საფეხბურთო ინფრასტრუქტურა ჩვენი ფეხბურთის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად გვექცა. მაგრამ ხალხს ძალა აქვს და აქტიურობის შედეგად სტადიონის დაბრუნება შესაძლებელი ყოფილა.

ამას ამტკიცებს ამბავი, რომელიც გურიის რაიონის სოფელ გულიანის მაცხოვრებელმა გიორგი კუპრაძემ მოგვითხრო:

"კარგად იცით, რაიონებში რაც ხდება, არც სამუშაოა და არც - გასართობი. ჩვენი ერთადერთი გასართობი ფეხბურთი იყო. გულიანის მოედანზე ბურთი საქართველოს ნაკრების ყოფილ კაპიტანს, გიორგი ნემსაძესაც გაუგორებია, რომელიც წარმოშობით სწორედ გულიანიდანაა.

მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს აღმოჩნდა, რომ 2009 წელს ეკონომიკის სამინისტრომ სტადიონი, ჩაის ფართობები,
სასაფლაო და რამდენიმე ოჯახის მიწის ნაკვეთი, სულ - 70 ჰექტარი, ისე გაყიდა, სოფელმა არაფერი იცოდა.

არადა, ამ მიწების დაახლოებით 75% 1992 წელს მოსახლეობას სამუდამო მფლობელობაში გადმოგვეცა და ამის დამადასტურებელი საბუთებიც გვქონდა. სახელმწიფოს ეკუთვნოდა მხოლოდ 25%, რომელშიც შედიოდა სტადიონი. მაგრამ ის სოფლის მაცხოვრებლებმა გავაკეთეთ და რას წარმოვიდგენდით, თუ გაყიდიდნენ.

მივედით გამგებელთან, დეპუტატთან, გუბერნატორთან, თავად მყიდველებთან. ვიჩხუბეთ, ვიომეთ, მაგრამ შედეგი - ნული! საქმე პროკურატურას გადასცეს და მაინც სიჩუმე იყო. არადა, სტადიონი მთლიანი ფართობიდან ცალკე რომ გამოვყავი და გადახდილი თანხიდან კვადრატული მეტრის ფასით გამოვითვალე, აღმოჩნდა, რომ ის სულ რაღაც... 5 ლარად ჰქონდათ ნაყიდი", - ამბობს კუპრაძე.

მისი თქმით, პრობლემა სოფლის მოსახლეობის, მედიისა და ფეხბურთის მოყვარულთა ჩარევის შედეგად მოგვარდა:

"სოფელი კუთვნილი მიწის უკანონოდ დაუფლებას აპროტესტებდა, გზაც გადავკეტეთ და ვცდილობდით, უკანონობას შევწინააღმდეგებოდით. მაგრამ რამდენიმე წელი ომით და ჩხუბით სტადიონის დაბრუნებას ვერ ვახერხებდით. პასუხი მშრალი და გულისმომკვლელი იყო - სტადიონი სამართლიანად შეიძინესო.

ბოლოს გამიჩნდა იდეა, ფეხბურთის ფედერაციის სტადიონების განყოფილების ხელმძღვანელს, მამუკა კვარაცხელიას დავკავშირებოდი, რომელიც მსგავს პრობლემაზე მუდამ ლაპარაკობდა და ცდილობდა, თითოეული სტადიონი გადაერჩინა. მან უცებ გამოაქვეყნა წერილი, ჩვენ კი სოციალური ქსელით ყველა ნაცნობსა და უცნობს გადავუგზავნეთ და გვერდში სრულიად უცნობი ადამიანებიც კი დაგვიდგნენ...

ერთი სიტყვით, ამას დიდი რეზონანსი მოჰყვა და დეპუტატმა, გამგებელმა, გუბერნატორმა და პროკურატურამ ეს საქმე უყურადღებოდ აღარ დატოვეს. ყველაზე მოულოდნელი კი ის იყო, რომ ორ დღეში ტერიტორიის მეპატრონემ, ოზურგეთში ერთ-ერთი პარტიის ლიდერმა, დამირეკა - მზად ვართ, სტადიონი უსასყიდლოდ დაგიბრუნოთო და თავისი ფულით ჩემს სახელზეც გადმოაფორმა.

მე კი მსურს, სტადიონი ისევ მუნიციპალიტეტს დავუბრუნო, მაგრამ მეშინია, ისევ არ გაყიდონ".

კუპრაძე ფეხბურთის გულშემატკივრებს საინტერესო ინიციატივით მიმართავს:

"ამ ისტორიიდან მთავარი ისაა, რომ სტადიონი მამუკა კვარაცხელიას მონდომებით, ხალხისა და მედიის თანადგომით შევინარჩუნეთ. დასკვნის გამოტანაც ადვილია - ერთობას დიდი ძალა აქვს.

ფეხბურთის გულშემატკივრებს მოვუწოდებ: დაიჯერეთ, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. დავუდგეთ ერთმანეთს გვერდში და არავის, არც ერთი სტადიონის გასხვისების საშუალება აღარ მივცეთ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
ასამდე სტადიონია ასეთ დღეში, საბედნიეროდ მისი მფლობელი მიშა გოგოტიშვილი გამოდგა ნაღდი კაცი და სტადიონი უკან დაუბრუნა სოფელს. და სტადიონზე კორპუსების ამშენებელს რომ ინვესტორს დაარქმევს კაცი... ამაზე დიდი სამშობლოს ღალატი არაა ჩემთვის..
MAMUKA KVARACXELIA
19:50 16-10-2016
0
ყველაზე ლამაზი სოფელი მსოფლიოში.
ბადრი
19:11 16-10-2016
0

სიახლეები პოპულარული