ერთი გამოკითხვის გამო - საკულტო გმირისა და რწმენის ამბავი

AutoSharing Option
"ქინქი" ინგლისში დღემდე ახსოვთ და მის მიღწევებს პერიოდულად იხსენებენ. მაგალითად, "საუთჰემპტონთან" გატანილი ქართველი ჯადოქრის გოლი დღემდე პრემიერლიგის საუკეთესო ათეულში შედის, ახლახან კი ის "მანჩესტერ სიტის" ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.

ეს სიახლეც უკვე ყველამ იცის: ინგლისური dreamteamfc.com-ის გამოკითხვაში - ვინ არის ინგლისის პრემიერლიგის ისტორიაში საუკეთესო 7 ნომერი? - გიორგი ქინქლაძეც მოხვდა. ქართველი ამ დროისთვის აბსოლუტური უპირატესობით ლიდერობს. ბოლოს რომ ვნახეთ, ერიკ კანტონას მხარს 1% უჭერდა, დევიდ ბექჰემს - 1,3%, კრიშტიანო რონალდუს - 3,4%, ლუის სუარესს
და რობერ პირესს - 0,4 და 0,6%, მეტ ლე ტისიეს - 0,3%, ხოლო ქინქლაძეს - 93,1%!

"შეგვეძლო, აგვერჩია მხოლოდ იმ გოლის გამო, რომელიც "საუთჰემპტონს" გაუტანა. ეს იყო დაახლოებით ისეთივე, როგორიც "მიდლსბროს" კარში დიმიტრი პაიეს გოლი, მაგრამ ქინქლაძის გოლი მილიონჯერ უკეთესია. გიორგი ქინქლაძე ბრწყინვალე "7 ნომერი" იყო და ის დღემდე "მანჩესტერ სიტის" ფანების საკულტო გმირია", - წერს გამოცემა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
ხმები მხოლოდ საქართველოდან?!
ამ ამბავმა კიდევ ერთხელ აგვაფორიაქა. ცხადია, გვეამაყება, რომ გიორგი ქინქლაძე მსოფლიო დონის ვარსკვლავი გვყავდა.

მაგრამ ცხოვრების ყველა სფეროში ასეა - იმედიანს უიმედო უპირისპირდება. ეს განსაკუთრებით ფეხბურთსა და პოლიტიკაში იგრძნობა და ყველაზე მეტ კამათს იწვევს. ეს მშვენიერი ცნობაც ლამის მარადიულად ქცეული დაპირისპირების საფუძველი გახდა - ვართ თუ არა საფეხბურთო ქვეყანა და რა შეგვიძლია?

"ალბათ, ხმებს მხოლოდ საქართველოდან აძლევენ, ასე რონალდოს კი არა, მესის და მარადონასაც გადაასწრებს. სასაცილოა, ინგლისში ფეხბურთელი ერთი გოლის გამო გააღმერთო... ქინქლაძეს მთელი კარიერის განმავლობაში მეტი არაფერი გაუკეთებია, ჭამას და ძილს გადააყოლა თავისი ნიჭი", - ასეთი აზრიც გამოხატეს.

ერთხელ ჟოაო აველანჟმა თქვა - 1966 წლის შემდეგ ყველა მსოფლიოს ჩემპიონატი ჩაწყობილი იყოო. მაშინ ფიფას ექსპრეზიდენტი 98 წლისა გახლდათ და უეფასა და ფიფას ხელმძღვანელებმა კომენტარისგან თავი შეიკავეს - იფიქრეს, მოხუცდა კაციო...

ბოლომდე არავინ უწყის, ვინ და რა პრიზი აიღო დამსახურებულად თუ დაუმსახურებლად, მაგრამ ჩვენში საკუთარი მიღწევების თუ დამსახურებების მიწასთან გასწორების უცნაური სურვილი რომ იგრძნობა, ეს ფაქტია.

ვის რა სჯერა?
გავყვეთ ლოგიკას, რომლის თანახმადაც, ინგლისურ ვებგვერდზე ქინქლაძეს ხმას მხოლოდ ქართველები აძლევენ. გამოდის, რომ "მანჩესტერ სიტის" ტრიბუნებიდან მას ტაშს მხოლოდ იქ მყოფი ქართველები დაუკრავდნენ და მისი თამაში სიამოვნებას მხოლოდ ჩვენებურებს ანიჭებდა, ინგლისელები კი ამას ვერ ამჩნევდნენ.

არგენტინაში მიხეილ მესხი რომ გარინჩას შეადარეს, "გრუზინული" ლეგენდააო;

"სანტიაგო ბერნაბეუზე" თბილისის "დინამოს" მიუნხენის "ბაიერნი" არ დაუმარცხებია (არადა, წინა დღეს ბავარიელ თანატოლებს "დინამოს" დუბლებმაც მოუგეს);

"ლივერპულთან" და "ფეიენოორდთან" ყარაულის თოფივით გაგვივარდა ან ტოტალიზატორის ამბავი იყო;

ასევე მოხდებოდა ესპანეთთან 7 ივნისს მოგებულ მატჩშიც - ქართველებისთვის საამაყო გამარჯვებას მცირე ნაწილი ტოტალიზატორთან კავშირით "ხსნიდა".

სამწუხაროა, რომ ჰგონიათ, თითქოს, ქართული ფეხბურთი მხოლოდ 13 მაისის გაელვება იყო. საამაყო თაობები და გუნდები მანამდეც გვყავდა, მაგრამ ეს საკმარისი არ ყოფილა, საქართველო საფეხბურთო ქვეყნად რომ გვეღიარებინა. არ სჯერათ, რომ თორნიკე ოქრიაშვილს "მარსელი" იწვევდა, ქინქლაძეს - "ლივერპული", შოთა არველაძეს - "ლევერკუზენი", ზაზა ჯანაშიას - "ლაციო", დავით მუჯირს - "იუვენტუსი", ლევან კობიაშვილს - "ბაიერნი"...

მაგრამ სჯერათ, რომ ქართველ ფეხბურთელებში ბევრი ნარკომანია, არაფერი შეუძლიათ და ზარმაცები არიან.
არათუ სჯერათ, ზოგჯერ ისე ჩანს, უხარიათ კიდეც, ასეთი მართლა თუ გამოჩნდება - ალბათ, თავიანთი ვერსიების დასტურად.

გულშემატკივარს წარმატება ახარებს, წაგება კი გულს სტკენს. ყოველ შემთხვევაში, ტკივილზე დაცინვა და მცირეოდენ წარმატებაზე ცინიკური ლაპარაკი გაუგებარია.

კონსტიტუციური უფლება
დაცინვა ადვილია, მას არც შრომა სჭირდება, არც მონდომება და არც ინვესტიცია, მაგრამ დიდი ძალა აქვს - სუსტ ადამიანებს შხამავს და იმედებს უკლავს. ფეხბურთელებს საქართველოში ხშირად ესმით, რომ არაფერი შეუძლიათ და ბევრის გონებაში ბავშვობიდან არასრულფასოვნების კომპლექსი იბუდებს და მერე დიდობაში იჩენს ხოლმე თავს.

მაგრამ ადამიანებს აქვთ კონსტიტუციური უფლება, იქილიკონ, ფეხბურთელები არ გაამხნევონ, ხაზი გადაუსვან, ლანძღონ და თქვან, რომ - "ამათგან მაინც არაფერი გამოვა", რომ "საქართველოში ფეხბურთი უნდა აიკრძალოს"...

ერთი შეხედვით, ლოგიკა მათ მხარესაა - ჩვენ მსოფლიო ფეხბურთის გრანდი არასოდეს ვყოფილვართ, ახლა საქართველო ფიფას რეიტინგში ასეულს მიღმაა, კლუბები კი ევროსარბიელს პირველივე ეტაპზე ეთიშებიან.

მაგრამ ესეც ლოგიკურია - დამოუკიდებლობის პერიოდში ქართულ ფეხბურთს არასოდეს ჰქონია სასურველი გარემო, პირობები და ნორმალური ინფრასტრუქტურა, წარმატება კი ნგრევასა და ომებში არ იბადება. მით უფრო იმ ქვეყანაში, სადაც სტადიონებს მზესუმზირასავით ყიდიან.

ესეც ლოგიკურია - ასეთ დროს, ასეთ გარემოში გაზრდილი ფეხბურთელებით ესპანეთს რომ მოუგებ და ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალისტს გასვლაზე ქულას გამოგლიჯავ, გამოდის, მთლად წყალწაღებულებიც არ ვყოფილვართ. დავაზუსტოთ, რომ ჩვენ სწორედ ამას ვამბობთ და არ ვამტკიცებთ, რომ ესპანეთ-გერმანიას ვჯობნით.

რწმენით გაკეთებული
ერთი წამით წარმოიდგინეთ, ანდრო ჟორდანია უიმედო რომ ყოფილიყო, ვარსკვლავების მთელ პლეადას აღმოაჩენდა, თბილისის "დინამოს" გავრილ კაჩალინი ჩემპიონობამდე აღაზევებდა? ნოდარ ახალკაცი კი - 13 მაისამდე?

შორს რომ არ წავიდეთ, დაქცეული ქვეყნის გუნდს გია გეგუჩაძე უეფას თასის ჯგუფურ ეტაპამდე ვერ გაიყვანდა, ხოლო რეზო გაგუა, ვახტანგ კოპალეიშვილი, კობა ჟორჟიკაშვილი, ვასილ მაისურაძე და გია ცეცაძე ასაკობრივ ნაკრებებს - ევროპის ჩემპიონატზე.

მაგრამ მათ სჯეროდათ ის, რაც სხვებისთვის გაუგებარი და სასაცილო იყო, ახლოს არ გაიკარეს ჩაგონება "არაფერი გამოვა" და ისეთი გამოუვიდათ, დღემდე რომ გვახსენდება და გვეამაყება.

რაც შეეხება ძველის გახსენებას - ქართული ფეხბურთის ისტორიაში სასიხარულო და საამაყო ამბებიც მომხდარა და მათი აღნიშვნისა და დაფასების უფლება ჩვენც გვაქვს. იმიტომ, რომ ამ წარსულში მომავალს ვხედავთ, რომელიც ბევრისთვის ზღაპარია, ჩვენთვის კი - საფეხბურთო ცხოვრების მიზანი. ამას ცინიზმი ნამდვილად ვერ მოერევა.

ეს ყველაფერი რწმენაზეა დამოკიდებული - ზოგჯერ უნდა ირწმუნო და მერე ნამდვილად დაინახავ. მაგრამ მხოლოდ ნეგატივის ძიებით მომავალი ვერ გამოჩნდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 27 /
გაგახარა ღმერთმა ასეთი სტატია დიდი ხანია არ ყოფილა აქ.
გიგა
14 ოქტომბერი 2016 21:52
0
gigliaს
პრინციპში ერთადერთი კალაძეს ჰქონდა სრულფასოვანი კარიერა და თუ ვინმეს შეიძლება მსოფლიო მასშტაბის ვარსკვლავი ვუწოდოთ ეს სწორედ კალაძეა. ის ქინქისგან განსხვავებით იმსახურებს პატივისცემას მისი განვლილი კარიერის გამო.
მეჭვოფი
14 ოქტომბერი 2016 19:25
0
ოტო ძმა, აქ ვიღაცების ასაგდებად და გასაგიჟებლად წერ ეტყობა ამგვარ სტატიებს. )))
ტანტო
14 ოქტომბერი 2016 18:43
0
მეჭვოფს: კალაძეს შეგნებულად არ ახსენებ ხოლმე?;) ტიტულები და კარიერა ვის ქონია სხვა ქართველს ისეთი, მაგას რომ აქვს.
giglia
14 ოქტომბერი 2016 18:30
0
ჩვენ ჩვენები სხვებს რომ გვირჩევნია ეს ნორმალურია, მაგრამ ობიექტურად თუ ვიმსჯელებთ მსოფლიო ფეხბურთისთვის რასაც ქვია ვარსკვლავი ქართულ ფეხბურთს არ უჩუქნია. ყიფიანი, გუცაევი, დარასელია, მესხი და მეტრეველი იყვნენ საბჭოთა ვარსკვლავები და წერტილი. სხვა თემაში დავწერე, რომ ბეილის და გიგზის დონის ფეხბურთელი ისტორიაში არ გვყოლიათქო და ლამის იყო ანათემას გადამცეს. არადა კარიერის, ტიტულების, მონაცემების, პროფესიონალიზმის და სხვა კუთხით, ასეთი ფეხბურთელები ჩვენ არ გვყოლია!
მეჭვოფი
14 ოქტომბერი 2016 18:19
0
მთლიანობაში რომ ავიღოთ რა განსაკუთრებული შედეგი ჩვენ გვაქვს ფეხბურთში? ევროპის რანგით მესამე ტურნირის მოგება? კი ბატონო შედეგია, მაგრამ არ არის არც ჩემპიონთა თასი და არც უეფას თასი. სადაც ფეიონოორდთან და ლივერპულთან მოგებას ვახსენებთ იქვე ვახსენოთ სხვა შედეგებიც მაგ: ტოტენჰემთან 5-1 მარცხი, მტკ-სთან სახლში დიდი ანგარიშით მარცხი 4-1, გრასჰოპერსთან 4-0 მარცხი. ჩვენ გვქონდა გამონათებები, სულ ეს იყო.
მეჭვოფი
14 ოქტომბერი 2016 18:14
0
ქინქიმ სულ ორი სეზონი ითამაშა უმაღლეს დონეზე, დანარჩენი იყო ისე რა სეზონები და მთლიანად ჩაგდებული სეზონი. არ დაგავიწყდეთ, რომ იმ ფეხბურთელზე ვსაუბრობთ, რომელმაც აიაქსში ვერ მოიკიდა ფეხი, ზამენის ფეხბურთელი იყო!ჰქონდა უდიდესი ტალანტი, მაგრამ ნიჭი გაანიავა თავად!
მეჭვოფი
14 ოქტომბერი 2016 18:07
0
არაობიექტური შეფასებების შედეგია ის, რომ მსგავსი სტატიები იწერება. რომელი ჭკუათმყოფელი იტყვი იმას, რომ ინგლისის მასშტაბით რონალდოზე, კანტონაზე, ბექჰემზე მეტად ახსოვთ ქინქი გულშემატკივრებს? ეს არის სრული აბსურდი. რამდენჯერაც მანჩესტერის საიტზე მე ქინქისთვის მაქვს მიცემული ხმა იმდენი 100 დოლარი თქვენ და მე)) რაც შეეხება ომისა და უბედურებების გამო შედეგების უქონლობას. ხორვატიამ უდიდეს წარმატებას სწორედ მაშინ მიაღწია როდესაც ომი ახალი დასრულებული იყო და დიდი სამამულო კრიზი იყო ხორვატიაში!
მეჭვოფი
14 ოქტომბერი 2016 18:04
0
იცი რას გეტყვით, ადამიანი წარმოადგენს იმას,რაც რეალურად არის. გიორგი ქინქლაძე, მართლაც ნიჭიერი იყო, თუმცა მაშინდელი საშუალო დონის ინგლისური კლუბის ფეხბურთელი და არავითარ გრანდში, არცერთ მაღალი დონის საერთაშორისო ტურნირზე არ უასპარეზია. ვინ ვის იწვევდა და ვის რა პერსპექტივა ქონდა, ბებოს ზღაპრებია. გასაგებია, რომ ყველა დედას საკუთარი შვილი სხვებს ურჩევნია, მაგრამ ნეიტრალური შეფასება და ობიექტურობა სხვაა.
გიო თამაშობდა 1990-2005 წლებში. იმ პერიოდში ევროპასა და მსოფლიოში იმდენი გენიალური ფეხბურთელი მოღვაწეობდა, მათთან შედარება მართლაც უხერხულია. ნიჭიერება არის მხოლოდ მცირე ნაწილი, რთაც წარმატების მიღწევა შეიძლება."ლივერპულში", "ლაციოში", იუვენტუსში", "ბაიერნში" იწვევდნენ, გრამაფონშია, მთავარია, სად ითამაშეს და რას მიაღწიეს. მესხი კარგი ფეხბურტელი იყო, მაგრამ ის რომ, გარინჩას შეადარეს და არა პირიქით, სწორედ გარინჩას უპირატესობაზე მიუთითებს. ვიმეორებ, მტავარია, რას მიაღწევ, თორემ იმის თქმა, ასე რომ ყოფილიყო, სხვაგვარად იქნებოდაო, სასაცილოა. არსებობს ტიტული, რომელიც განსაზღვრავს სპორტსმენის დონეს. ჯერჯერობით, ასეთი ტიტული ერთადერთია, 1981 წლის ევროპის თასების თასი. დამოუკიდებელ საქართველოს ისტორიაში კი, კალაძის ჩემპიონთა თასი "მილანის" შემადგენლობაში. ინდივიდუალური ტიტულები კი ევროპის დონეზე არცერთ ქართველ ფეხბურთელს არ აქვს. ნიჭი კარგია, მაგრამ თუ უზარმაზარი შრომა არ მიუმატე, არაფერია.
ნიკოლოზი
14 ოქტომბერი 2016 17:58
0
კარგით რა, ვის ადარებთ? რონალდუს, კანტონას, ბექჰემს? თუნდაც სუარესს? ასეთი სხვაობით თუ უსწრებს, მაშინ დანარჩენებს თამაში არ ცოდნიათ.
zura
14 ოქტომბერი 2016 17:47
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული