შენგელიას "ვირტუსმა" სერიის მე-2 მატჩი "ვენეციას" ბრძოლაში მოუგო და ფინალს მიუახლოვდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თორნიკე შენგელიას გუნდი იტალიის ფინალურ სერიას მიუახლოვდა. "ვირტუსმა" ბოლონიაში "ვენეციას" უმასპინძლა და დაძაბულ, დრამატულ ფინალში მინიმალური სხვაობით – 79:78 სძლია. შედეგად, "ვირტუსი" ნახევარფინალურ სერიაში 2:0 დაწინაურდა და ფინალის საგზურის მოპოვებამდე 1 მოგება აშორებს.

არადა, "ვირტუსი" წაგებას ბეწვზე გადაურჩა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლონიური გუნდი მე-3 პერიოდში მთელი 22 ქულით იგებდა, საბოლოოდ წაგების რეალური საფრთხის წინაშე დადგა. ვენეციელებმა, წინა მატჩის მსგავსად, დიდი ჩამორჩენა გააბათილეს და ბოლო წუთზე წინაც გავიდნენ – 78:76. ჯერ იყო და, დანიელ ჰაკეტიმ 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, რითაც თამაშის
დასრულებამდე 37 წამით ადრე ჩამორჩენა შეამცირა; შემდეგ კარგმა დაცვამ ის შედეგი გამოიღო, რომ ვენეციელი რეიჟონ ტაკერი შეტევაში დაჯარიმდა და ბოლონიელებს თამაშის გადასარჩენად 21 წამი დარჩათ.

მატჩის დასრულებამდე 3 წამით ადრე ამირ სიმსი ისაია კორდინიეზე დაჯარიმდა, ამ უკანასკნელმა კი ორივე საჯარიმო ჩააგდო და "ვირტუსს" გამარჯვება მოუტანა. ქართველი ფორვარდი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე მთლიანობაში მოკრძალებული – 15 წუთი გაატარა. ეს საჯარიმოების ბრალი იყო, რომელიც ქართველ ფორვარდს ნაადრევად უხვად დაუგროვდა და საბოლოოდ, მე-4 პერიოდში 5 პერსონალურის გამო მოედანი დატოვა. 15 წუთში შენგელიამ 5 ქულის, 4 მოხსნისა და 3 პასის დაგროვება მოასწრო. მან 5-დან 1 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო გამოიყენა, პერიმეტრიდან კი ბურთი ერთხელ ისროლა და უშედეგოდ.

როგორც აღვნიშნეთ, "ვირტუსი" სერიას 2:0 იგებს და ფინალამდე 1 მოგება აშორებს. მომდევნო მატჩი ვენეციაში, 29 მაისს გაიმართება. მეორე ნახევარფინალში მილანის "არმანი" 1:0 უგებს "ბრეშას".

GBF
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული