[სპორტსკოლები] რა უნდა იცოდეს მშობელმა თბილისის "დინამოს" აკადემიასა და სკოლაზე

AutoSharing Option
Sportall.ge იწყებს სტატიების ციკლს, რომლითაც მკითხველს უფრო ახლოს გააცნობს საქართველოში არსებულ სპორტულ სკოლებს და წარმოდგენას შეუქმნის მათ ინფრასტრუქტურასა და პირობებზე. პირველად თბილისის "დინამოს" საფეხბურთო აკადემიას ვესტუმრეთ.

თბილისის "დინამოს" აკადემია, რომელიც ლეგენდარული ვიტალი დარასელიას სახელს ატარებს, ოფიციალურად 2013 წლის 7 ივლისიდან ამოქმედდა. აკადემია "დინამოს" პრეზიდენტ რომან ფიფიას ძალისხმევით დაარსდა.

"დინამოს" აკადემია ჩემთვის შვილივითაა. ბავშვებს შვილებივით ვუვლი და მათ არაფერს მოვაკლებ. "დინამოს" აკადემია თავის სათქმელს რამდენიმე წელიწადში აუცილებლად იტყვის", - თქვა მაშინ ფიფიამ.

დიღმის მასივში, ლუბლიანას ქუჩა N62-ში მდებარე "დინამოს" აკადემია თავისი ინფრასტრუქტურით
საქართველოში მართლაც რომ საუკეთესოა და გასაკვირი სულაც არაა, რომ აქ ბავშვები რეგიონებიდანაც დადიან. აკადემიაში ამჟამად 200 ბავშვია, თუმცა, არსებობს კიდევ "დინამოს" სკოლა, სადაც 150 ბავშვი ირიცხება.
იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

დავინტერესდით, თუ როგორი პირობებია შექმნილი ბავშვებისთვის "დინამოს" სკოლასა და აკადემიაში. ინფორმაციის მოპოვებაში აკადემიის დირექტორი არჩილ კეკელია დაგვეხმარა.

აკადემია
აკადემია 8-იდან 19 წლამდე ფეხბურთელებს შესაბამის ასაკობრივ გუნდებში ამზადებს. გუნდები რეგულარულად მონაწილეობენ საერთაშორისო ტურნირებში. აქ ფეხბურთელებისთვის ყველაფერი უფასოა, 25 ბავშვი კი აკადემიაში ცხოვრობს. ეს ის ნიჭიერი ფეხბურთელები არიან, რომლებიც რეგიონიდან ჩამოვიდნენ და თბილისში საცხოვრებელი ადგილი არ აქვთ.

აღსანიშნავია ისიც, რომ აკადემიის ფეხბურთელთა ნაწილს, ასაკისა და სათამაშო პოტენციალის მიხედვით, აკადემიაში სტიმულირებისთვის ხელფასი აქვთ დანიშნული.

ამასთან, აკადემიაში მიმდინარეობს სწავლება უცხო ენებში, მათემატიკაში, ფიზიკაში... ამაზე ხუთი მასწავლებელია გამოყოფილი.

აკადემიას აქვს სელექციის დეპერტამენტიც, რომლის სკაუტები, თემურ უგრეხელიძის ხელმძღვანელობით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ეძებენ ნიჭიერ ბავშვებს.

აკადემიის ცხოვრებაში დიდია თბილისის "დინამოს" მთავარი გუნდის მწვრთნელის ჩართულობაც. ვიაჩესლავ გროზნი ხშირად ესწრება სხვადასხვა ასაკობრივი გუნდის თამაშს, ხშირ შემთხვევაში კი მათთვის თავად ატარებს ვარჯიშს და ასე ნახულობს ფეხბურთელებს საქმეში. იმ ახალგაზრდა მოთამაშეს, რომელიც აკმაყოფილებს მწვრთნელის მოთხოვნებს და პერსპექტიულია, პირველი გუნდისკენ ეხსნება გზა.

ცნობისთვის, "დინამოს" პირველ გუნდთან ერთად ვარჯიშობს აკადემიის 17-წლამდელთა ის გუნდი, რომელმაც ახლახან "შერიფის თასზე" მესამე ადგილი დაიკავა.

- U17. თბილისის "დინამომ" "ზენიტი" არ დაინდო [VIDEO]

აკადემიაში სულ 24 ადგილობრივი მწვრთნელი მუშაობს. კლუბის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, მათ ახლო მომავალში დაემატებათ ფიზმომზადების მწვრთნელი, ახალი წლიდან კი გუნდებთან ფსიქოლოგებიც იმუშავებენ.

სკოლა
სკოლა ფასიანია და ბავშვის მომზადება თვიურად 150 ლარი ღირს. ბავშვები მიიღებიან 7 წლის ასაკიდან, სწავლა კი 12 წლამდეა განსაზღვრული. სკოლის დასრულების შემდეგ ნორჩი ფეხბურთელები დიდ მოედანზე თამაშს იწყებენ და თავის წარმოჩენის შემთხვევაში, სპეციალური მწვრთნელთა საბჭოს გადაწყვეტილებით, აკადემიაში გადადიან, სადაც უკვე სწავლება უფასოა.

სკოლაში აღსაზრდელებს ვარჯიში კვირაში სამჯერ უტარდებათ. წვრთნის ხანგრძლივობა 90 წუთია, შაბათობით კი თამაშებია, რომლებსაც მშობლები ესწრებიან. მატჩები "დინამოს" აკადემიის მოედანზე 20:00 საათზე იწყება და მათთვის განათებაც ირთვება.

მწვრთნელები მშობლებს მათ შვილზე ხშირად ესაუბრებიან: უყვებიან მათ წარმატებზე, მონაცემებზე, ვინ როგორ იზრდება, როგორ ვითარდება და ა.შ.

წარმატებები
* 2016 წელს თბილისის "დინამოს" პირველ გუნდში აკადემიის 9 ფეხბურთელმა ითამაშა;

* საქართველოს უმაღლესი ლიგის გუნდებში ბევრი ფეხბურთელია, რომელიც "დინამოს" აკადემიის აღზრდილია;

* "დინამოს" აკადემიის ფეხბურთელთა დიდი ნაწილი საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში ხვდება;

* 2016 წელს, მოლდოვაში მიმდინარე ტურნირზე "შერიფის თასი 2016", 17-წლამდელმა დინამოელებმა მესამე ადგილი დაიკავეს;

* გუნდები სისტემატურად იგებენ საქართველოს ჭაბუკთა ლიგებს.
მკითხველის კომენტარები / 22 /
2 ბავშვი მყავდა მანდ და კინაღამ ფეხბურთის თამაში დავიწყდათ,სულ პასი მიეცის გაიძახოდენ მწვრთნელები,ინდივიდუალურად აკრძალული ჰქონდათ ყველაფერი,2011 წლიდანაა ფიფია და აკადემიაც მაქედან მუშაობს(ბაზაზე იყვნენ ჯერ)ყველა კარგი ბავშვი არაბიძით დაწყებული გაიქცა მაქედან,თავს უშველეს და სად ეპატიჟებით ხალხს?ჯერ ფიფიამ გაიაზროს რა უნდა და როცა სწორ გზას დაადგება აკადემია მერე დაპატიჟეთ ბავშვები.დღეს დინამო აკადემია არის კარგად შეფუთული და ჩაცმული არაპროფესიონალების გუნდი არასწორი საფეხბურთო ხედვით.შედეგებიც სახეზეა.
beka
15:06 15-12-2016
0
რა აკადემია,სად ხედავტ წინსვლას? უ-19 საბურტალომ ბურტი გადაახია ტავზე,არაფერს ვიცახი ყაზახეტის გუნდზე,ხოლო უ-17 კი ლოკომოტივი გახა ცემპიონი,,იმ ასაკსი სადაც უნდა მოუმატონ რეგრესია დინამოსი,,აი ამაზე ნდა იფიქროს ფიფიამ
jiji
14:00 15-12-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული