პრო ლიგა 1-ში მოგება 30 ათას ლარად შეფასდება - ქობულეთური შეხვედრის უცნობი დეტალები

AutoSharing Option
ფეხბურთის ფედერაციის, ფეხბურთის განვითარების ფონდისა და კლუბების ხელმძღვანელთა ქობულეთურ შეხვედრაზე ბევრი საინტერესო თემა განიხილეს.

გავრცელდა ზოგადი ინფორმაცია, რომ სფფ-ის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ილაპარაკა ორგანიზაციის სამოქმედო სტრატეგიაზე, მომავალი ჩემპიონატის ფორმატზე, ლიცენზირებაზე, სპორტული სამართლიანობის დაცვაზე, დაფინანსებაზე, სატელევიზიო გაშუქებაზე, კალენდარზე, ინფრასტრუქტურაზე და ასე შემდეგ...

ჩვენ ბევრი დეტალი შევიტყვეთ, რომელიც გულშემატკივარს დააინტერესებს, მათ კი მოკლე ამბებად გაგაცნობთ...

ჩემპიონატის ფორმულა და პლეი აუტი
ფედერაციის ხელმძღვანელობამ პრო ლიგა 1-ისა და პრო ლიგა 2-ის, ასევე, ეროვნული თასისა და სუპერთასის ჩატარების პროექტები წარმოადგინა. სეზონის განახლებამდე, სავარაუდოდ, 1-ელ მარტს, ქვეყნის
ჩემპიონი "სამტრედია" და საქართველოს თასის მფლობელი ქუთაისის "ტორპედო" სუპერთასს გაითამაშებენ...

პრო ლიგა 1, დიდი ალბათობით, 4-5 მარტს დაიწყება და ისევე, როგორც პრო 2-ში, 10 გუნდი ითამაშებს, რომლებიც 4 წრედ 36 შეხვედრას ჩაატარებენ, ხოლო ტურნირი ნოემბრის ბოლოს დასრულდება. რაც შეეხება შესვენებას, ეს ივლისში დაიგეგმა და ის სამ კვირას გაგრძელდება.

პრო ლიგა 1-იდან პრო ლიგა 2-ში პირდაპირ მხოლოდ მე-10 ადგილზე გასული გუნდი გავარდება, ხოლო პირდაპირ მხოლოდ პრო ლიგა 2-ის გამარჯვებული ითამაშებს ელიტაში.

ამის შემდეგ, დეკემბრის პირველ ნახევარში, პლეი აუტის მატჩები გაიმართება: პრო ლიგა 1-ში მე-8 და მე-9 ადგილებზე გასულები ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად პრო ლიგა 2-ში მე-2 და მე-3 ადგილებზე გასულებს ჯვარედინი პრინციპით შეხვდებიან, პრო ლიგა 1-ში კი წყვილების გამარჯვებულები ითამაშებენ.

თასზე მეორელიგელებიც
ბევრი ფაქტის გახსენება შეიძლება, როცა საკუთარი ქვეყნის თასზე ევროპული გრანდები გამოუგდიათ - "მანჩესტერი", "ლივერპული", "ბაიერნი", "ლილი", "რეალი". ასეთი სენსაციები გათამაშებას დამატებით ინტრიგასაც მატებს.

საქართველოში კი აქამდე ეროვნული თასის გათამაშებაში მხოლოდ უმაღლესი და პირველი ლიგების გუნდები მონაწილეობდნენ. არადა, გარდამავალ ჩემპიონატამდე მაქსიმუმ 81 გუნდი გვყავდა და თასზე მათი ჩართვა, ერთი შეხედვით, პრობლემური არ უნდა ყოფილიყო.

ფეხბურთის ფედერაციას საქართველოს თასის გათამაშებაში მეორელიგელების ჩართვა 2014 წელსაც სურდა. მაშინ ეს მათში მოტივაციის გაზრდით ახსნეს. აღმოჩნდა, რომ სფფ-ის ახალ თავკაცებსაც მსგავსი მოსაზრება ჰქონიათ. ეს ჩანაფიქრი 2015 წელს გარდამავალი ჩემპიონატის შემჭიდროებული კალენდრის გამო ვერ განხორციელდა.

ახლა კი, კლუბებთან შეხვედრისას გაირკვა, რომ 2017 წლიდან თასის გათამაშებაში მეორელიგელებიც ჩაერთვებიან. პირველ ეტაპზე ეროვნული ლიგა 2-ის 4 ზონის 40 გუნდი ითამაშებს, მე-2 და მე-3 ეტაპზე კი მასში ეროვნული ლიგა 1-ის 20 გუნდიც ჩაერთვება და საბოლოოდ, 12 საუკეთესოს გამოავლენენ. მათ სათასო ბატალიებში 1/16-ფინალიდან პრო 1-სა და პრო 2 ლიგების 20 მონაწილეც დაემატება.

სფფ-ის თავკაცების თქმით, გარდამავალ სეზონში გამოყენებული ეროვნული თასის მოდელმა გაამართლა და 2017 წელსაც თამაშები ყველა ეტაპზე ერთრაუნდიანი იქნება, მასპინძლებად კი ქვედალიგელები მოგვევლინებიან.

ჩემპიონატისა და თასის პრემიები
შეხვედრაზე დაფინანსებისა და პრემიალური სისტემის შესახებ ფეხბურთის განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა ზაზა დოლიძემ ისაუბრა.

სფფ-ის თავკაცების თქმით, 95 პროცენტით გადაწყვეტილია, რომ პრო ლიგა 1-ში თითო ქულა 10 ათას ლარად შეფასდება, ანუ მოგება - 30 ათასად. პრო ლიგა 2-ში ქულის მოპოვებისთვის გუნდები 5 ათას ლარს მიიღებენ, ხოლო მოგებისთვის - 15 ათასს.

ეროვნული თასის 1/16-ფინალიდან მოყოლებული, თითოეულ ეტაპზე გამარჯვებისთვის გუნდს 15 ათასი ლარი დაერიცხება. ცხადია, თასის ფინალში გასვლა და იქ გამარჯვება უფრო სოლიდურად შეფასდება.

ეს იმას ნიშნავს, რომ თასის მფლობელი გუნდი სულ 41 შეხვედრას გამართავს: 36-ს ეროვნულ ჩემპიონატში, ხოლო ხუთს - თასზე და ბიუჯეტს კარგადაც შეივსებს.

მაგალითად, პრო ლიგა 1-ში გუნდმა 18 თამაში რომ მოიგოს, მის ბიუჯეტს 540 ათასი დაემატება. ბუნებრივია, ჩემპიონს მეტი შეხვდება, ხოლო გავარდნილ კლუბს - ნაკლები. მაგრამ ამ უკანასკნელის შემთხვევაშიც საკმაოდ კარგი თანხა გამოდის, რადგან სეზონის დაწყებამდეც სასტარტო ბიუჯეტების თანხები ყველას დაერიცხება.

მიახლოებითი გათვლებით, ჯამში, ჩემპიონი 3,5 მილიონ ლარს გამოიმუშავებს, ხოლო გავარდნილი - 2 მილიონს. პირველ ლიგაში ეს თანხა მილიონიდან 1,7 მილიონ ლარამდე მერყეობს.

სოლიდარობის ფონდი
ახალი სეზონიდან ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამაში დაანონსებული სოლიდარობის ფონდი ამოქმედდება. ეს იმას ნიშნავს, რომ მოზიდული სპონსორისა და მის მიერ დაბანდებული თანხისთვის გუნდს გაწეული შრომა დაუფასდება და ერთ ამდენს ფეხბურთის განვითარების ფონდიდან მიიღებს.

მაგალითად, პრო ლიგა 1-ის კლუბის მეპატრონე ან სპონსორი 100 ათასს ლარს თუ დააბანდებს, ფონდი კლუბს დამატებით 100 ათასს დაურიცხავს, 200 ათასზე - 200 ათასს და ასე შემდეგ, მაგრამ მაქსიმალური ზღვარი 500 ათასი ლარია.

ანალოგიური მონაცემები პრო ლიგა 2-ის გუნდებისთვისაც დაწესდა - ამ შემთხვევაში, მაქსიმალური ზღვარი 300 ათასი ლარია.

სატელევიზიო პროექტი
"ლელო" უკვე წერდა, რომ ჯერ არ დაკონკრეტებულა, ფეხბურთის ფედერაცია ხელშეკრულების გაფორმებას რომელ ტელევიზიასთან აპირებს.

დეტალებს რაც შეეხება: შევიტყვეთ, რომ სფფ ამ მოლაპარაკების დასრულებას უახლოეს პერიოდში ვარაუდობს. გადაწყვეტილია GFF TV-ს დაფუძნება, რომელიც, ცხადია, მხოლოდ ქართული საფეხბურთო ცხოვრების გაშუქებაზე იქნება ორიენტირებული.

სფფ-ის პარტნიორი ტელემაუწყებელი ყველა ტურის ცენტრალური შეხვედრის პირდაპირ ტელეტრანსლაციას გადასცემს. გარდა ამისა, საგანგებო გადაცემა მიეძღვნება ტურის წინათქმასა და მიმოხილვას.

კალენდარიც ისე დაიგეგმება, რომ თამაშები შაბათ-კვირას გაიმართოს, ხოლო თასის მატჩები - შუა კვირაში.

ჩემპიონატის ბურთი
შეხვედრაზე სფფ-ის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა იკითხა, კლუბების წარმომადგენლები წინააღმდეგნი ხომ არ იქნებოდნენ, ჩემპიონატის ბურთი "ადიდასი" რომ ყოფილიყო.

ასეთი შეკრებაზე არავინ აღმოჩნდა, რადგან ვისაც ეს საკითხი ესმის, კარგად მოეხსენება - "ადიდასი" საუკეთესო ხარისხის ბურთებს ამზადებს და რეალურად, მას კონკურენტი არ ჰყავს. კლუბები სხვა კომპანიის ბურთებს მხოლოდ იმ შემთხვევაში ყიდულობდნენ, როდესაც "ადიდასის" შესაძენად სახსრები არ ჰყოფნიდათ.

მოგეხსენებათ, გერმანული ბრენდის საქონელი იაფი სიამოვნება არ არის, მაგრამ ძალიან გამძლეა და, რაც მთავარია, სათამაშოდ საუკეთესოა.

საწყის ეტაპზე, "ადიდასის" ბურთებით პრო ლიგა 1-სა და პრო ლიგა 2-ის 20 გუნდი ისარგებლებს. ეს იმასაც ნიშნავს, რომ "ადიდასი" აღნიშნული ლიგების ტექნიკურ პარტნიორად გამოცხადდება.

ლიცენზირება
ითქვა, რომ ლიცენზირებას დიდი მნიშვნელობა მიენიჭება. კლუბებმა ლიცენზირება გაიარეს და სფფ-ის შესაბამისი სამსახურის საბოლოო პასუხს 13 და 14 იანვარს გაეცნობიან.

თუკი რომელიმე კლუბი შესაბამის სერტიფიკატს ვერ მიიღებს, ლიცენზირების კომიტეტის გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის ვადა თებერვლამდე მიეცემა.

მარკეტინგული სამსახური
შეხვედრის მონაწილეებს აცნობეს, რომ სფფ-ში ჩამოყალიბდება ცენტრალიზებული მარკეტინგის სისტემა, რომელიც უეფას ანალოგიური სამსახურის მოდელს დაეყრდნობა. მისი მიზანი იქნება ქართული ფეხბურთის ხელახალი პოპულარიზაცია და ისე შეფუთვა, კომერციულ სექტორს მიმზიდველი პროდუქტის სახით რომ მიეწოდოს.

უეფაში კარგად მიხვდნენ, რომ ორგანიზაციაში მძლავრი მარკეტინგული სამსახურის არარსებობა დიდი შეცდომა იყო. შვეიცარიული საათების კომპანიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი გერჰარდ აიგნერი გენერალურ მდივნად სწორედ ამ მიზნით დანიშნეს, მან კი ნამდვილი გადატრიალება მოახდინა და პოპულარული სახეობა ისეთ დონეზე აიყვანა, რომ ტელეეკრანებიდან ლამის ყველა სხვა სპორტის სახეობა განდევნა.

მარკეტინგის განმარტებაში წერია, რომ ეს არის უმნიშვნელოვანესი პროცესი, რომელიც მოიცავს სეგმენტის განსაზღვრას, პროდუქტის ჩამოყალიბებას, საფასო სტრატეგიასა და მომხმარებელთან უკუკავშირს. ქართულ ფეხბურთში მსგავსი სამსახური ნაყოფიერად მხოლოდ დიმიტრი რამიშვილის დროინდელ პროფლიგაში მუშაობდა. დღეს კი ჩვენი ფეხბურთი ტელეეკრანიდან და ქართველების ცხოვრებიდან განდევნილია და მისი პოზიციის აღსადგენად ძალიან დიდი შრომა იქნება საჭირო. მაგრამ ეს აუცილებელია.

ამ მიზნით მარკეტინგის სამსახური არა მხოლოდ ფეხბურთის ფედერაციაში შეიქმნება - ამიერიდან, ლიცენზირების მოთხოვნაა, რომ ანალოგიური სამსახური კლუბებსაც ჰქონდეთ, ისევე, როგორც ექიმის, უსაფრთხოების მენეჯერის, პრესატაშისა და ასე შემდეგ.

საახალწლო და გასართობი
დაბოლოს: სფფ-ის ახალ და ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ინიციატივაზე მოგახსენებთ. შეხვედრაზე ლევან კობიაშვილმა გაამხილა, რომ ამიერიდან, თბილისში მინი-ფეხბურთის ორი ტურნირი იგეგმება, რომლებიც პარალელურ რეჟიმში 13- იანვრიდან 15 იანვრამდე ახალ სპორტის სასახლეში გაიმართება.

საგანგებოდ ამ ტურნირისთვის ახალი ხალიჩა დაიგება. პირველში პრო 1 და პრო 2 ლიგების გუნდები ითამაშებენ, რადგან ზამთრის შესვენებაზე ტონუსი შეინარჩუნონ. თუმცა, მონაწილეობა სავალდებულო არ იქნება.

მეორე ტურნირი საერთაშორისო იქნება და მასში უცხოური ნაკრებები მიიწვიეს. ოღონდ მონაწილეები კლასიკური ფეხბურთის ვეტერანი ფეხბურთელები იქნებიან. ისევე, როგორც გერმანიაში, მას თბილისშიც საახალწლო-გასართობი ტურნირის დატვირთვა ექნება.

ცნობილი გახდა, რომ სფფ-მ მონაწილეობისთვის უეფას, თურქეთის, აზერბაიჯანისა და უკრაინის გუნდები მიიწვია, კიდევ ერთი გუნდის ვინაობა მალე დაზუსტდება. საინტერესოა, რომ უკრაინის ნაკრებს ანდრეი შევჩენკო უკაპიტნებს, ფინალზე კი უეფას პრეზიდენტი ალექსანდრ ჩეფერინი მოიწვიეს.

15 იანვარს ფინალს ჯერ ქართული ტურნირის მონაწილეები გამართავენ, მერე კი - საერთაშორისო ტურნირში გამოვლენილი საუკეთესოები.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 18 /
ფეხბურთის განვითარება ისევ უსამართლოდ ხდება, მეორე ლიგას 15 გუნდი დაემატა, თანაც ცნობილი გუნდები, მაგრამ არ დააფინანსეს, ეგ არაა სამართლიანობა, თან კერძო კლუბებს საერთოდ უარი უთხრეს, არცევნებამდე(სფფ-ს პრეზიდენტის) სხვანაირად იძახდნენ.არასწორად არის დახარჯვის გეგმა, არ გაამართლებს, ეგ კაპიკებია, უნდა იზრუნონ კერძო ინვესტორების მოზიდვაზე, თორემ ზველი და ადგილობრივ სამზარეულოს თუ უცხო და კარგი არ დაუმატე, ისევ თავის წვენში მოიხარშება
tamazino
22:38 23-12-2016
0
შეჭმას რაც შეეხება, ამაში გეთანხმებით - ყველა სახელმწიფო კლუბში ეს თანხა უაზროდ შეიჭმება. ამიტომაც ყველა კლუბის სასწრაფოდ განსახელმწიფოებრიობაა საჭირო. ინვესტორების ძებნა არის ბლეფი - დღეს ინვესტიციის ჩასადებად არავინ არსად არ მივა, ვინაიდან ჩვენთან ფეხბურთი ბიზნესი არაა. ინვესტიციების გარეშე კლუბების დასაკუთრების მსურველების მეტი კიდე რა იქნება. ოღონდ თავიდანვე უნდა ვიცოდეთ, რომ უამრავი კლუბი გაქრება და გაკოტრდება. 3-4 წელიწადში ვინც გადარჩება, ის კლუბები იქნებიან სიცოცხლისუნარიანები. თუ არა და იქნება მუდმივად ეს დაუშრობელი ჭაობი, რომელსაც ვერანაირი ფული ვერ ამოავსებს.
1ს
11:37 23-12-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული