GFF AWARDS 2016: თორნიკე, ბუდუ და სხვები [PHOTO]

AutoSharing Option
29 დეკემბერს სასტუმრო "რუმს თბილისში" ხალხმრავლობა იყო - ფეხბურთის ფედერაციამ ვეტერანები და მოქმედი ფეხბურთელები, ჟურნალისტები, ბიზნესმენები ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონიაზე, GFF AWARDS 2016-ზე მიიწვია...
იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

წლის რჩეულთა გამოსავლენად გამოკითხვაში მონაწილეობდნენ უმაღლესი და პირველი ლიგების, აგრეთვე, ფუტსალისა და გოგონათა კლუბების, პლუს, კლუბების მთავარი მწვრთნელები და კაპიტნები.

მანამდე, სპეციალური პრიზები გადასცეს 2015-16 წლებისა და გარდამავალი ჩემპიონატების საუკეთესო ბომბარდირებს - გიორგი ქვილითაიასა (თბილისის "დინამო", 24 გოლი) და ბუდუ ზივზივაძეს ("სამტრედია", 13 გოლი), ქალთა ეროვნული ჩემპიონატის ბომბარდირ ნინო ჭუჭულაშვილს ("ივერია", 16 გოლი), ხოლო 2016
წლის საუკეთესო გოლის ავტორად მეორე ლიგის "შევარდენი 1906"-ის ნახევარმცველი ნიკა მაისურაძე გამოცხადდა.

ახალგაზრდული ნაკრების ყოფილმა წევრმა საფეხბურთო საზოგადოება 2 დეკემბერს, მეორე ლიგის ბოლო ტურში, "ავაზასთან" გატანილი ულამაზესი "მაკრატელათი" აალაპარაკა და უმაღლესი ლიგისა და ეროვნული ნაკრების წევრთა გოლებიც კი დაჩრდილა.

- ნიკა მაისურაძემ საქართველოს მეორე ლიგაში ულამაზესი მაკრატელა გაიტანა [VIDEO]

სფფ-ის ინიციატივით, საპატიო ჯილდოები იმ ადამიანებსაც გადაეცათ, რომლებმაც ფეხბურთის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს. ასე დააფასეს თბილისიდან ამბროლაურში ფეხბურთის მხარდაჭერისთვის სამუშაოდ ჩასული ბექა ოშხერელი, რომელიც რაჭის მაღალმთიან რეგიონში ბავშვთა ფეხბურთის პოპულარიზაციასა და განვითარებას ცდილობდა.

დაარსდა სპეციალური ჯილდო - "ფეხბურთი ყველას", რომლითაც დაჯილდოვდნენ არასამთავრობო ორგანიზაციის - "ახალგაზრდული მოძრაობა ჯანსაღი და ნათელი მომავლისთვის" - ხელმძღვანელი ნიკა კაპანაძე და ბავშვთა საფეხბურთო კლუბ "უორიორზის" წარმომადგენელი გიორგი ციხისელი.

სპეციალური ჯილდო ონის სპორტსკოლის დირექტორს, ერმილე ჩიტალაძესა და ცაგერში ბავშვთა საფეხბურთო კლუბ "ხვამლის" წარმომადგენელ პორფილე კოპალიანსაც ასევე ბავშვთა ფეხბურთის განვითარებისთვის გადაეცათ.

სფფ-ის ხელმძღვანელობამ ფეხბურთში ბიზნესის ჩართულობის მნიშვნელობაზეც ილაპარაკა და გაიხსენა, რომ წლეულს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და კომპანია "კოკა-კოლას" შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მასობრივი ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის კი მის პრეზიდენტ თემურ ჭყონიას სპეციალური ჯილდო გადაეცა.

საუკეთესო ახალგაზრდა
ამ ნომინაციაში წარდგენილები იყვნენ თბილისისდინამოელი ოთარ კიტეიშვილი, "საბურთალოს" კაპიტანი
გიორგი ხარაიშვილი და ტარაგონას "ხიმნასტიკისა" და ეროვნული ნაკრების მცველი ოთარ კაკაბაძე. საუკეთესოს პრიზი კიტეიშვილს ერგო.

საინტერესოა, რომ 20 წლის ნახევარცველმა პრიზი გასული წლის დაჯილდოებაზეც ჩაიბარა.

საუკეთესო მწვრთნელი
ამ ნომინაციაში მონაწილეობდნენ "სამტრედიის", "ჩიხურასა" და "ტორპედოს" დამრიგებლები - გია ცეცაძე, სოსო ფრუიძე და კახა ჩხეტიანი.

პრიზი დამსახურებულად გადაეცა 42 წლის ცეცაძეს, რომელმაც 1936 წელს დაარსებული "სამტრედია" საქართველოს ჩემპიონობამდე აღაზევა.

საუკეთესო ფეხბურთელი
გამოკითხვის მონაწილეებს 2016 წლის გარდამავალი ჩემპიონატის უპირველესი მოთამაშე სამ ფეხბურთელს შორის უნდა აერჩიათ: ორი მათგანი ჩემპიონის, "სამტრედიის" ლიდერი იყო - ბუდუ ზივზივაძე და ბაჩანა არაბული, აგრეთვე, ბათუმის "დინამოს" კაპიტანი თემურ შონია.

საბოლოოდ, ზივზივაძემ, ბომბარდირობასთან ერთად, საუკეთესო ფეხბურთელის პრიზიც დამსახურებულად მოიპოვა.

საუკეთესო მსაჯი
ამ ნომინაციაზე ფიფას არბიტრები წარადგინეს - გიორგი ვადაჭკორია, ლაშა სილაგავა და გოგა კიკაჩეიშვილი. გამოკითხულებმა პირველობა ვადაჭკორიას არგუნეს.

უკონკურენტო კუპატაძე
ამ ნომინაციაში ზვიად კუპატაძეს კონკურენტი არ ჰყავდა. 37 წლის მეკარე "იუგრას" შემადგენლობაში ფუტსალის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა, რუსული გუნდის კაპიტანია და, რაც მთავარია, ეროვნულ ნაკრებს 13-წლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა და სლოვაკეთთან საკონტროლო შეხვედრებში გასაოცარი თამაშიც აჩვენა.

ქალთა ჩემპიონატის საუკეთესო
2016 წლის ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო ქალ ფეხბურთელთა სამეულში ლანა გორგაძე, ნინო ჭუჭულაშვილი, ქრისტინე შახკულიანი და ელენე რაუხი დასახელდნენ, გამარჯვებული კი გორგაძე გახდა.

წლის საუკეთესო ქალებში
2016 წლის საქართველოს საუკეთესო ქალი ფეხბურთელი ყაზახეთში მოთამაშე გულნარა გაბელია გახდა, რომელმაც ტატა მატვეევა და ნინო სუთიძე ჩამოიტოვა.

საქართველოს წლის ფეხბურთელი
გამოკითხულებს 2016 წლის საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელის არჩევა ეროვნული ნაკრების ლიდერებს შორის მოუხდათ. ყველაფერი ლოგიკურად დალაგდა - "კრასნოდარის" შემტევმა თორნიკე ოქრიაშვილმა წლეულს თავი ყველაზე მეტად გამოიჩინა.

მის გარდა, ნომინაციაში მოხვდნენ "ვიტესის" კაპიტანი გურამ კაშია, მოსკოვის "სპარტაკის" ნახევარმცველი ჯანო ანანიძე და ბორისოვის ბატე-ს საყრდენი ვაკო გვილია, რომელიც წლის ნამდვილი აღმოჩენა გახდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ვინმემ შემახსენეთ, წელს ევროტურნირებში ამ მწვრთნელებმა თავი რით გამოიჩინეს:)))
შოკირებული გულშემატკივარი
12:26 29-12-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული