როგორ მოატყუეს ჰილარი კლინტონი... აჩუქებს თოვლის პაპა ბათუმს სტადიონს?

AutoSharing Option
2017 წელი უკვე შემობრძანდა და "საქმეს" შეუდგა. გასულ წელს ბევრი მნიშვნელოვანი ამბავი მოხდა - კარგიც და ცუდიც, სასიხარულოც და საწყენიც... საფეხბურთო საქართველოს ერთ-ერთი იმედგაცრუება ბათუმში სტადიონის აშენების (უფრო სწორად - ვერ თუ არაშენების) საკითხს უკავშირდება. ახალი არაფერი მომხდარა და აჭარის მთავარი ქალაქი 2006 წლის შემდეგ კვლავ უსტადიონოდ რჩება. ბულვარის გაფართოებას და ტურისტების მოზიდვის მცდელობას შეწირული მშვენიერი არენის ნაცვლად ახლის მშენებლობას საშველი არ თუ ვერ დაადგა...

დაპირება, რომ ამას მოევლებოდა და სტადიონი აშენდებოდა, 2006 წლის შემდეგ ბევრჯერ გვსმენია. ცოდვა გამხელილი სჯობს
- ჩვენც ბევრჯერ დაგვიჯერებია, რომ ეს ალალი სურვილი იყო. ან რა უნდა ყოფილიყო საეჭვო - რეგიონს, სადაც ტურისტების მოზიდვა სურთ, სეზონის გახანგრძლივებას სპორტული ინფრასტრუქტურაც შეუწყობდა ხელს.

მაგრამ "ჭრიჭინასი" არ იყოს, ვაი, რომ ჩვენც მწარედ მოგვატყუეს - სხვათა შორის, ბევრჯერ.

არადა, ბათუმის სტადიონი 10-ჯერ მაინც უნდა აეშენებინათ და ცინიკოსი რეჟისორი ამ ისტორიიდან კარგ კომედიასაც გადაიღებდა. სხვადასხვა დროს, ტენდერში გაიმარჯვეს თურქულმა, ჰოლანდიურმა, თურქულ-იაპონურმა, იტალიურმა, ესპანურმა და პოლონურმა პროექტებმა (მაკეტებმა), საკონკურსო ვარიანტები კი ლამის მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან წარმოადგინეს - საინტერესოც, გამაოგნებელიც, უცნაურიც და აბსურდულიც.

გვახსოვს, ერთი ასეთი მაკეტით თავი აშშ-ის ყოფილ სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონთანაც მოიწონეს. ეს კი არა, 2011 წელს გაგვახარეს - ერთი კი არა, ორ სტადიონს ავაშენებთო, მაგრამ...

ისიც გემახსოვრებათ, ეროვნული ნაკრებისა და მოსკოვის "სპარტაკის" პლეიმეიკერ ჯანო ანანიძეს რომ დაჰპირდნენ, ბათუმში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სტადიონი გვექნებაო. ესეც ისევე აშენდა, როგორც ელენე გედევანიშვილისთვის დაპირებული ყინულის სტანდარტული სასახლე და კიდევ ბევრი რამ...

მოკლედ, ეს აბსურდული სცენარი ოსტაპ ბენდერის ილუზიურ "გოროდ ვასიუკის" ჰგავდა, მაკეტებსა და ტენდერებზე გაწეული შრომა კი - წყლის ნაყვას, რადგან საბოლოოდ, ტენდერში გამარჯვებულ არც ერთ კომპანიას საქმე არ დაუწყია. კლინტონიც ისევე მოატყუეს, როგორც რუსეთის დედოფალს მისი კვაჭი გენერალი აცურებდა, ბათუმის სტადიონი კი პოტიომკინის სოფელს დაემსგავსა - ნახატი არის, მაგრამ სტადიონი...

სახელებიც ნაირნაირი იყო შერჩეული - "ბათუმი არენა", ბათუმის ოლიმპიური სტადიონი და ასე შემდეგ. ისე, "ოლიმპიური არენა" მაგარი მოგონება იყო. ეტყობა, იდეაში, მას 20-ათასიან სტადიონზე ვუმასპინძლებდით. მაგრამ "ბავშვი" არ დაბადებულა და დავარქვათ თუნდაც "უემბლი", ჩვენგან რა მიდის?!

საფეხბურთო აჭარა სტადიონის მშენებლობას 11 წელია ელოდება. მორიგი იმედი ახალი წლის წინა დღეებში გაჩნდა, როცა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2017 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა. ავტონომიის მეთაურის, ზურაბ პატარაძის ხელმოწერილ ტექსტში წერია, რომ შპს "სტადიონს" ბიუჯეტიდან 38 მილიონ ლარს გამოუყოფენ. ეს ის კომპანიაა, რომელსაც სტადიონის მშენებლობა ევალება, ეს თანხა კი, სპორტული არენის გარდა, საავადმყოფოს მშენებლობასაც უნდა მოახმაროს.

ეს პრობლემა მარტო ბათუმის "დინამოს" და აჭარელი ქომაგების სატკივარი არ არის. სტადიონის არარსებობის გამო უმაღლეს ლიგაში მოთამაშე ავტონომიის ორივე გუნდი - "შუქურა" და ბათუმის "დინამო" ქობულეთის "ჩელე არენაზე" თამაშობს, სადაც ასევე უსტადიონოდ დარჩენილი ფოთის "კოლხეთიც" შეეხიზნა.

ანუ, ლოგიკური გათვლებით, ახლა ქობულეთის უხარისხო მოედანზე ჩვენი ჩემპიონატის თამაშების 20 ან 30 პროცენტი გაიმართება. ასეთ საფარზე გამართული თამაში კი პირდაპირ ნიშნავს, რომ ჩემპიონატში ჩატარებული თამაშების შესაბამისი რაოდენობაც უხარისხო იქნება. ანუ აჭარაში სტადიონის აშენებაზე პირდაპირ იქნება დამოკიდებული ჩვენი ფეხბურთის დონე.

თუმცა, ახლა საახალწლო განწყობაა და ჩვენც (კიდევ ერთხელ) დავიჯეროთ, რომ 2017 წელი მაინც იქნება ზღაპრული - თოვლის პაპა ბათუმელი გულშემატკივრების თხოვნას შეისმენს და სტადიონს ააშენებს. როგორც ჩანს, ეს მხოლოდ მას შეუძლია...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 15 /
ზღვის პირეთში თუ გამართული ინფრასტრუქტურა არ შეიქმნა,მილიარდიც რომ დაახარჯო,ქართული ფეხბურთი წინ ვერ წაიწევს.მე თვითონ კახელი ვარ ,მაგრამ ასეა ეს ამბავი და წყალი არ გაუვა,და კიდევ კადრები უნდა გასუფთავდეს,მთლად ჩამპალია რეგიონები.
სოსო
21:41 08-01-2017
0
აჭარა, საქართველოსთვის რიგითი რეგიონი არ არის, არავის შეურაცყოფას არ ვაყენებ მეც რეგიონის წარმომადგენელი ვარ, მას სანიმუშო უნდა ჰქონდეს სპორტული, კულტურის და ხელოვნების ობიექტები და ეს პირველ რიგში ერთიანი საქართველოს ინტერესებშია. მეორეც ბათუმი ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი აკვანია, თუ ერთად ერთი არა. მიმაჩნია, რომ ბათუმის ფეხბურთის სტადიონის ასაშენებლად უნდა გაერთიანდეს საქართველოს მთლიანი სპორტული სამყარო და უნდა მოვთხოვოთ და ხელიცშეუწყოთ ყველანაირად მათ ვისაც ამის გაკეთება ევალება. კიდევ ვიმეორებ,როდესაც ერთ-ერთ კუთხეში ე. წ. ''მსოფლიო ჩემპიონატებ''-ს ატარებენ ეს ძალიან საშური საქმეა არა მარტო სპორტული საქართველოსთვის.
gizog
16:35 03-01-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული