11:59 27-02-2017
სამტრედია-ტორპედო 2:1 - პირველი სუპერთასი და პირველი დუბლი! [VIDEO]
AutoSharing Option
მურთაზ ხურცილავას სახელობის სტადიონზე სუპერთასის მატჩში კარგი საფეხბურთო ატმოსფერო იყო, მაგრამ თამაშის დღეს გაწვიმდა და ტრიბუნებზე ადგილების გარკვეული ნაწილი თავისუფალი დარჩა. თუმცა მთავარი ის იყო, რომ სეზონის პრელუდიამ გაამართლა...
საინტერესო იყო, როგორ მოემზადნენ გუნდები ახალი სეზონისთვის, მით უმეტეს, საქმე გვქონდა ქვეყნის ჩემპიონთან და თასის მფლობელთან. შედეგის მიუხედავად, წინასწარ უნდა ვთქვათ - წელს იმედიანად ვიწყებთ, რადგან ეროვნული ჩემპიონატის პოტენციულ ფავორიტებს კიდევ ერთი შეემატა - აშკარაა, რომ კახა ჩხეტიანის "ტორპედო" შარშანდელთან შედარებით აშკარად მოღონიერებულია და მაღალი ადგილებისთვის ბრძოლის უნარიც შესწევს.
დაძაბული დასაწყისის შემდეგ გუნდები ნელ-ნელა თამაშის იშტაზე მოვიდნენ და ბურთი სწრაფად გააგორეს. პირველი სახიფათო მომენტი სამტრედიელებმა შექმნეს - მშვენიერი რეიდის შემდეგ გიორგი მჭედლიშვილმა ბურთი საჯარიმოში ჩაჰკიდა, სადაც დავით ჯიქიამ დაუხანებლად გაგზავნა კარში - ქუთაისელები როინ კვასხვაძის მშვენიერმა რეაქციამ იხსნა.
ტორპედოელები გააქტიურდნენ, მეტოქეზე სწრაფად ათამაშდნენ და მწვავედ შეუტიეს. მე-18 წუთზე ბიძინა მახარობლიძის ძლიერ დარტყმას მცველი გადაეფარა და კუთხურზე მოიგერია. პირველი გოლიც სწორედ ამ კუთხურს მოჰყვა - "სტანდარტი" შოთა ბაბუნაშვილმა შეასრულა, კარის წინ კი გიორგი გურული გაიხსნა და ახლო მანძილიდან თავურით შეარხია ბადე - 0:1.
ქუთაისელთა მეტოქეები ყურადღებას მიაქცევდნენ ერთ დეტალს - მარტვილის "მერანთან" საქართველოს თასის ფინალშიც სწორედ ასე დააწინაურა გურულმა "ტორპედო", ოღონდ მაშინ ბაბუნაშვილმა ჯარიმა შეასრულა, მაგრამ ფაქტია - ეს დამუშავებული "სტანდარტია".
ქუთაისელებმა ძალა იგრძნეს, უფრო თამამად შეუტიეს და მალე უპირატესობის გაზრდაც შეეძლოთ - გრიგოლ დოლიძის მიერ შესრულებული ჯარიმის შემდეგ ბურთი მცირე მანძილით ასცდა სამტრედიელთა კარს.
ჩემპიონი სწორედ ამ ეპიზოდმა გამოაფხიზლა. გია მანჯგალაძის გადაცემის შემდეგ კარის წინ დასარტყმელ პოზიციაზე დარჩა ჯიქია, მაგრამ ბოლო მომენტში ბურთს დავით ხურცილავა გადაეფარა და "ტორპედო" აშკარა გოლისგან იხსნა.
საერთოდ, "სამტრედიას" შემადგენლობის ცვლილება დაეტყო - წლეულს გია ცეცაძეს სხვა გუნდი და ლიდერები ეყოლება. ჩემპიონი მხოლოდ ეპიზოდებში თამაშობდა კარგ ფეხბურთს, მაგრამ როცა ეს გამოსდიოდა, ფეხბურთელები საჯარიმოსთან მოკლე გადაცემებით ბურთის ეფექტურად გათამაშებას და გამწვავებას ახერხებდნენ, თანაც, ისეთ სწრაფ ტემპში, ტორპედოელებს მათი შეტევების ჩაშლა უჭირდათ.
29-ე წუთზე "სამტრედიამ" ანგარიში სწორედ ასეთი კომბინაციით გაათანაბრა - ჯიქიამ საჯარიმოსთან დავით რაჟამაშვილი მოძებნა, რომელმაც ბურთი თემურ მარკოზაშვილს გაუთამაშა და კარში "მოჭრა" - კვასხვაძე კი გადახტა, მაგრამ ბურთი ხელებში გაუძვრა - 1:1.
ტაიმის ბოლოს ქუთაისელებმა კიდევ ერთხელ გაიბრწყინეს: შოთა ბაბუნაშვილმა ბურთი გიორგი დათუნაიშვილს აართვა და საჯარიმოსკენ დაძრულ თორნიკე კაპანაძეს გააყოლა. თავდამსხმელი მცველს გაექცა, მეკარესთან პირისპირ დარჩა და ზუსტადაც დაარტყა. ქუთაისელები გოლს ზეიმობდნენ, არბიტრი არსენ ნონიკაშვილი კი ლაინსმენს ეთათბირებოდა, რის შემდეგაც გაირკვა, რომ ბაბუნაშვილმა ხელით ითამაშა და გოლი არ ჩაითვალა.
მეორე ნახევარში ორივე გუნდი მაღალ ტემპში ათამაშდა, ბურთი მოედნის ცენტრში არ ჩერდებოდა და მაყურებელი არ მოიწყენდა. მომენტიც მრავლად შეიქმნა. მაგრამ მთავარი არა შემტევების მოქმედება, არამედ კვასხვაძის საბედისწერო შეცდომა აღმოჩნდა - მარჯვენა ფლანგიდან რაჟამაშვილმა ჯარიმა შეასრულა და ქუთაისელთა მეკარეს ბურთი იოლად უნდა აეღო, მაგრამ მოულოდნელად ხელიდან გაუვარდა, ლაშა კასრაძის დარტყმას კი გადაეფარა, მაგრამ ბურთისთვის გიორგი ბერიაშვილი ახტა და ახალ გუნდში პირველი ოფიციალური მატჩი თავური გოლით აღნიშნა - 2:1.
ქუთაისელებს სხვა არაფერი დარჩენოდათ და მთელი ძალებით შეუტიეს. სახიფათო გამოდგა დოლიძის მორიგი ჯარიმა, 62-ე წუთზე კი ჩემპიონი აშკარა გოლს გადაურჩა: ფლანგიდან დოლიძის ჩაწოდებული ბურთი გურულმა კაპანაძეს მკერდით დაუგდო, ამ უკანასკნელმა კი მთელი ძალით დასცხო - ძნელი სათქმელია, ომარ მიგინეიშვილმა ახლოდან დარტყმულზე რეაგირება როგორ მოახერხა?! ფაქტი კი ის იყო, რომ საოცარ ნახტომში ბურთი კუთხურზე მოიგერია.
73-ე წუთზე პრეტენზია სამტრედიელებსაც გაუჩნდათ: გურამ სამუშიამ ძლიერად დაარტყა და ქუთაისელთა მცველი ბურთს საჯარიმოში გადაეფარა - სამტრედიელთა აზრით, მან ხელით ითამაშა და პენალტს ითხოვდნენ, მაგრამ ნონიკაშვილმა თამაში გააგრძელა.
"ტორპედო" კი მეტოქეზე დაწოლას აძლიერებდა. სახიფათო გამოდგა ნიკა საბანაძის ეფექტური დარტყმა, 82-ე წუთზე კი წონასწორობის აღდგენის რეალური შანსი კაპანაძეს მიეცა - ბექა ტუღუშმა მშვენიერი შორეული გადაცემით ის მეკარესთან პირისპირ დატოვა, მაგრამ ქუთაისელთა თავდამსხმელმა ოდნავ ააცილა მიზანს.
ეს აშკარად არ იყო კაპანაძის დღე. მას მალე ახლო მანძილიდან არ გაუმართლა, მერე ისევ საბანაძემ შეუტია და მიგინეიშვილმა კვლავ უშეცდომოდ ითამაშა.
ვა-ბანკზე წასულმა ქუთაისელებმა შეცდომა დაუშვეს - გურამ ადამაძეს მარკოზაშვილმა აართვა ბურთი და მეკარესთან პირისპირ დატოვა ბერიაშვილი, რომელიც კარიდან წინ გამოსულ კვასხვაძეს თავზე აუგდებდა ბურთს, მაგრამ... მხოლოდ ძელი!
მატჩის ბოლოს გიორგი დათუნაიშვილს ნონიკაშვილმა მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და გააძევა, მაგრამ ამას შედეგზე გავლენის მოხდენა აღარ შეეძლო - მალე საფინალო სასტვენიც გაისმა, რაც იმის მაუწყებელი იყო, რომ "სამტრედია" პირველად დაეუფლა სუპერთასს და პირველად შეასრულა დუბლი. გამარჯვებულს ფულადი ჯილდო, 50 ათასი ლარი ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა გადასცა, ხოლო სუპერთასი - პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა.
საქართველოს სუპერთასი
სამტრედია-ტორპედო 2:1
გოლები: 0:1 გურული (17. ბაბუნაშვილის პასით), 1:1 რაჟამაშვილი (27. მარკოზაშვილის პასით), 2:1 ბერიაშვილი (58. კასრაძის პასით)
სამტრედია: მიგინეიშვილი - მჭედლიშვილი, კასრაძე (89. გოგიაშვილი), სანდოხაძე, ახალაძე (79. სუხომლინოვი) - დათუნაიშვილი, გ. მანჯგალაძე - რაჟამაშვილი, მარკოზაშვილი, ჯიქია (71. სამუშია) - ბერიაშვილი.
სათადარიგოები: დაუშვილი, ჩაგელიშვილი, დ. მანჯგალაძე, ნინუა
მწვრთნელი: გიორგი ცეცაძე
ტორპედო: რ. კვასხვაძე, ადამაძე, გურული, ხურცილავა, ქიმაძე, გიგაური (70. მამასახლისი), კუხიანიძე, დოლიძე, მახარობლიძე (76. ტუღუში), ბაბუნაშვილი (61. საბანაძე), კაპანაძე.
სათადარიგოები: ქვილითაია, ჭიჭინაძე, ტაბატაძე, საღრიშვილი
მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი
გაფრთხილებები: დათუნაიშვილი (45), გურული (57), მჭედლიშვილი (60)
გაძევება: დათუნაიშვილი (90+2)
არბიტრი: არსენ ნონიკაშვილი
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული
scori xar hen amnairi vaipatroniani gundebi hagraven sxvebs.