საქართველოს თასი - საევროპე შანსი

AutoSharing Option
დღე არ გავა, საქართველოს ჩემპიონატში არსებულ ინტრიგაზე რომ არ ვისაუბროთ; თანაც, ეს ინტრიგა მხოლოდ ჟურნალისტების მოგონილი არ არის - წინა წლებისგან განსხვავებით ჩემპიონატი მართლაც საინტერესოდ მიმდინარეობს.

და აი, დღეიდან არანაკლებ საინტერესო დაპირისპირებები იწყება: სათასო სპეციფიკა მუდამ გამორჩეულია ხოლმე და გამონაკლისი, არც წლევანდელი ნახევარფინალები იქნება. მით უფრო, რომ ოთხი ნახევარფინალისტიდან მხოლოდ ერთ გუნდს ("ზესტაფონს") აქვს განაღდებული ამ ზაფხულს ევროტურნირებზე ასპარეზობა; აი, დანარჩენი სამი ნახევარფინალისტისთვის კი ეს ორრაუნდიანი მატჩები ორმაგ დატვირთვას იძენს: ფინალში გასვლა ხომ ნებისმიერი გუნდისთვის უდიდესი პატივია და ამას გარდა,
50 პროცენტით ევროპის ლიგის საგზურიც მოპოვებულია.

თუმცა, მოვლენების ისეთი განვითარებაც არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ "ვიტ ჯორჯია"-"გაგრას" წყვილში გამარჯვებულს ფინალისტობაც ეყოს ევროტურნირებზე საასპარეზოდ; ოღონდ, ამ შემთხვევაში, მეორე წყვილში "ზესტაფონმა" უნდა გაიმარჯვოს და ამას გარდა, ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვოს. თუმცა, როგორ ფიქრობთ, ქუთაისის "ტორპედოს" ამბიციური ხელმძღვანელები, მწვრთნელ-ფეხბურთელები თუ გუნდის მართლაც მრავალათასიანი ქომაგები ასეთ "გადანაწილებას" შეეგუებიან?

მოკლედ, საინტერესო ნახევარფინალები გველოდება და, ალბათ, იმის მტკიცებაც ზედმეტი იქნება, რომ ფინალისტების ვინაობას განმეორებითი მატჩები გაარკვევს; მაგრამ, მანამდე ხომ პირველი ნახევარფინალური შეხვედრებია...


ტორპედო-ზესტაფონი

გზა ნახევარფინალამდე
ტორპედო
1/16 ფინალი: მერცხალი (ოზურგეთი)-ტორპედო 0:4
1/8 ფინალი: ტორპედო-ბაია (ზუგდიდი) 1:0 (დამატებით დროში)
1/4 ფინალი: სიონი-ტორპედო 0:1, 0:0
ზესტაფონი
1/8 ფინალი: ბათუმი-ზესტაფონი 1:2
ზესტაფონი-ოლიმპი 3:0, 0:0

"იმერული დერბიმ" ეს ჩემპიონატი ხომ დაამშვენა და ახლა არანაკლებ საინტერესო დაპირისპირება გველოდება თასის ნახევარფინალშიც. ჩემპიონატი ვახსენეთ და დღევანდელი მეტოქეები ერთმანეთს უკვე ოთხჯერ შეხვდნენ: ორი მატჩი "ზესტაფონმა" მოიგო, ერთი - "ტორპედომ", ერთი შეხვედრაც ნულოვანი ფრეთი დამთავრდა. ოთხივე დაპირისპირება საინტერესო გამოდგა და, რაც მთავარია, ფაქტობრივად სავსე ტრიბუნების წინ ჩატარდა!

პირველი წრის მატჩს, 15 სექტემბერს რომ გაიმართა, მართლაც დრამატული ფინალი ჰქონდა: თენგიზ ჩიკვილაძის გოლის წყალობით "ტორპედო" ძალიან ახლოს იყო პრინციპულ მეტოქესთან გამარჯვებასთან, მაგრამ შეხვედრის ბოლო ორ წუთში "ზესტაფონისა" და საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა, 21 წლის ბუბა დაუშვილმა მეტოქის კარში "დუბლი" შეასრულა!

არანაკლებ საინტერესო გამოდგა II წრის მატჩიც: 8000-მდე (!) ქომაგის თვალწინ, "ტორპედომ" შეძლო რევანშის აღება და გამარჯვების მომტანი ერთადერთი გოლი ქუთაისელთა 17 წლის ნახევარმცველმა მერაბ გიგაურმა გაიტანა. მეორე ეტაპზე "ზესტაფონმა" შინ ასევე მინიმალური სხვაობით მოიგო (1:0), სტუმრად კი ფრედ ითამაშა. თუმცა, საჩემპიონატო დაპირისპირებები დღეს უკვე "წარსულია" და ორივე გუნდს საკმარისზე მეტი მოტივაცია აქვს, სანუკვარი ფინალის საგზური რომ მოიპოვოს.

"ზესტაფონი" ამ სეზონში სულაც "დუბლს" უმიზნებს - გია გეგუჩაძის გუნდი ჩემპიონატშიც დამაჯერებლად ლიდერობს და ისიც ვაღიაროთ, რომ თასის გათამაშების ერთ-ერთი რეალური ფავორიტიცაა. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, "ზესტაფონის" მთავარ მწვრთნელს ნამდვილად აქვს იმის საშუალება, ფეხბურთელების გონივრული როტაცია მოახდინოს და გუნდში არსებული რესურსის გათვალისწინებით, ჩემპიონატშიც და თასზეც წარმატებას რომ მიაღწიოს. თანაც, "ზესტაფონის" ქომაგებს მონატრებულიც ექნებათ თავიანთი საყვარელი გუნდის თასის ფინალში ხილვა; შეგახსენებთ, რომ 2005-2008 წლებში "ზესტაფონი" ზედიზედ ოთხჯერ გავიდა თასის ფინალში, მაგრამ მხოლოდ ერთხელ შეძლო (თემურ მახარაძის ხელმძღვანელობით) ამ საპატიო პრიზის მოპოვება.

"მონატრება" ვახსენეთ და ამ მხრივ, აბა, ქუთაისელებმა რაღა უნდა თქვან? ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ბოლო სამი სეზონის განმავლობაში "ტორპედო" უძლიერესთა შორის არ ასპარეზობდა და აი, დაბრუნებისთანავე გუნდს ევროპაში "გასვლის" ამბიცია გაუჩნდა. თუმცა, "ტორპედოს" უდიდეს ტრადიციებს თუ გავითვალისწინებთ, ეს ამბიცია არავის უნდა გაჰკვირვებოდა, მით უფრო, სათასო წარმატებების: დრო იყო, ქუთაისელებისთვის ნახევარფინალში გასვლა მართლაც ჩვეულებრივ მოვლენად მიიჩნეოდა; ეგ კი არა, 1999-2004 წლებში "ტორპედო" ხუთჯერ გავიდა თასის ფინალში და ორჯერ შეძლო კიდეც ამ პრიზის მოპოვება.

ქუთაისში დღეს სავსე ტრიბუნებს უნდა ველოდოთ; და ეს იმის მიუხედავად, რომ საქართველოს ტელევიზიის პირველი არხის ეთერით 18 საათიდან ამ მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს ვიხილავთ. რა თქმა უნდა, მეტად საინტერესო პაექრობა გველოდება, მაგრამ როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მაინც გვგონია, ყველაფერი განმეორებით მატჩში გადაწყდება.


გაგრა-ვიტ ჯორჯია

გზა ნახევარფინალამდე
გაგრა
1/16 ფინალი: ნ. დინამო-გაგრა 1:3
1/8 ფინალი: გაგრა-კოლხეთი (ფოთი) 1:0
1/4 ფინალი: დინამო-გაგრა 2:1, 1:2 (პენალტებით 2:4)
ვიტ ჯორჯია
1/8 ფინალი: სქური (წალენჯიხა)-ვიტ ჯორჯია 1:2 (დამატებით დროში)
1/4 ფინალი: სპარტაკი (ცხინვალი)-ვიტ ჯორჯია 1:2, 0:1

საქართველოს თასის 21-წლიან ისტორიაში პირველად შარშან მოხდა, როცა პირველი ლიგის წარმომადგენელმა (მარტვილის "მერანი") ნახევარფინალამდე მიაღწია. და აი, წელსაც იგივე განმეორდა და სწორედ "გაგრა" არის ის გუნდი, თასის ამ გათამაშებაში ყველაზე ხმაურიანი სენსაცია რომ მოახდინა.

მერვედფინალში, უმაღლესი ლიგის წარმომადგენლის, ფოთის "კოლხეთის" ძლევა მეტ-ნაკლებად მოსალოდნელ შედეგად მივიჩნიეთ, აი, მეოთხედფინალში თბილისის "დინამოსთან" წარმატების მიღწევა, ალბათ, ხმაურიან სენსაციაზეც მეტი იყო! მით უფრო, რომ "გაგრამ" პირველი მატჩი საშინაო მოედანზე წააგო, მაგრამ ანატოლი პისკოვეცის შეგირდებმა განმეორებითი შეხვედრა დიდი აღმავლობით ჩაატარეს, ჩვენი ქვეყნის ყველაზე ტიტულიანი მეტოქე თავიანთთვის სასურველი ანგარიშით დაამარცხეს და მერე უკვე პენალტების სერიაშიც დაჯაბნეს!

სხვათა შორის, პირველი მეოთხედფინალური მატჩის შემდეგ ცოტას თუ სჯეროდა მოვლენების ასეთი განვითარებისა; მაგრამ "გაგრას" გამოცდილმა უკრაინელმა მწვრთნელმა თავის ფეხბურთელებთან ერთად მართლაც შეუძლებელი შეძლო და ფავორიტი მეტოქე სტუმრად დაამარცხა. ისე, როგორც არ უნდა დასრულდეს ამ წყვილის ორრაუნდიანი დაპირისპირება, "გაგრასთვის" სეზონი უაღრესად წარმატებულად უნდა ჩაითვალოს: გუნდმა უმთავრესი მიზანი, ფაქტობრივად, უკვე შეასრულა (პირველი ლიგის გათამაშებას დამაჯერებლად ლიდერობს და სულ მალე ოფიციალურად გაიფორმებს უმაღლესის საგზურს),

ამას გარდა თასის ნახევარფინალშიც არის გასული და, გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, ევროტურნირებსაც უმიზნებს! სხვათა შორის, "გაგრამ" თუ "ვიტ ჯორჯიას" ბარიერი გადალახა, ამ წარმატებით ისტორიულ შედეგსაც მიაღწევს: აქამდე ხომ თასის ფინალში პირველი ლიგის არც ერთ გუნდს არ უასპარეზია!

ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და სტაბილური კლუბი "ვიტ ჯორჯია" დიდი ხნის განმავლობაში ვერ ახერხებდა საქართველოს თასის გათამაშებაში წარმატების მიღწევას. ძალიან ხშირად, სულ მცირედი აკლდებოდა: "ვიტ ჯორჯია" ხუთჯერ იყო გასული ნახევარფინალში და მხოლოდ შარშან, მეექვსე ცდაზე შეძლო ფინალის საგზურის მოპოვება და აი, პირველივე ფინალი წარმატებით დასრულდა: "დინამოს" დამარცხებით "ვეტერინარები" საქართველოს თასის მფლობელები გახდნენ!

თუმცა, ერთი წლის წინანდელი შემადგენლობიდან გუნდში, ფაქტობრივად, ერთი-ორი ფეხბურთელიღა თუ შემორჩა, მაგრამ ერთიანად გაახალგაზრდავებულმა "ვიტ ჯორჯიამ" მაინც მოახერა კლუბის ისტორიაში მეშვიდედ გასულიყო თასის ნახევარფინალში.

ისე, დღევანდელი მეტოქისაგან განსხვავებით, ამ ბოლო დროს "ვიტ ჯორჯია" ჩემპიონატში წარუმატებლად ასპარეზობს (ზედიზედ სამი მატჩი წააგო); თუმცა, ვინ იცის, - მერაბ კოჭლაშვილის ახალგაზრდული გუნდი, იქნებ, სწორედ სათასო პაექრობებისთვის ზოგავდა ძალებს?..








.
მკითხველის კომენტარები / 1 /
მაგარი თამაში იქნება ტორპედო ზესტაფონი და იმედია ტორპედო მოიგებს წარმატებები :*
tornike
10:18 19-04-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული