საქართველოს თასი - "ტორპედო" მესამე თასთან, "გაგრა" სენსაციასთან

AutoSharing Option
გთავაზობთ დღევანდელი მეტოქეების მიმოხილვას და განსაკუთრებულ ფაქტებს საქართველოს თასის ისტორიაში.

გაგრა
დღეს, 26 მაისს მართლაც განსაკუთრებული ფინალი გველოდება: საქართველოს თასის ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როცა ამ პრესტიჟული პრიზის მოსაპოვებლად პირველი ლიგის გუნდი იბრძოლებს! ანუ, როგორი შედეგითაც არ უნდა დასრულდეს დღევანდელი მატჩი, "გაგრა" ქართული ფეხბურთის ისტორიაში დაიმკვიდრებს ადგილს და ცოტა არ იყოს, ძნელადაც წარმოგვიდგენია, რომ უახლოეს წლებში ანალოგიური მიღწევა რომელიმე ჩვენმა პირველლიგელმა გაიმეოროს.

რა თქმა უნდა, თასის გათამაშება სპეციფიკური ტურნირია და ისე როგორც სხვა ქვეყნებშიც, სხვადასხვა დროს საქართველოშიც არაერთი სიურპრიზი გვინახავს, მაგრამ
"გაგრას" მაგალითი მაინც განსაკუთრებულია; თანაც, "შემთხვევით" შეიძლება, რომ გუნდმა ერთი-ორი ეტაპი გადალახოს, მაგრამ თასის ფინალამდე "შემთხვევით" არ გადიან და საპატიო პრიზისთვის ბრძოლაც "გაგრამ", ნამდვილად დაიმსახურა.

1/16 ფინალში "გაგრამ" რომ ასევე პირველლიგელ "ნორჩ დინამოს" რომ აჯობა (3:1), არავის გაჰკვირვებია, ისე როგორც მერვედფინალში ფოთის "კოლხეთის" ძლევა; აი, მომდევნო ორ ეტაპზე კი "გაგრამ" ზედიზედ ორი სუპერსენსაცია შემოგვთავაზა: ჯერ იყო და ჩვენი ქვეყნის ყველაზე ტიტულიან გუნდს "დინამოს" აჯობა ორი მატჩის ჯამში, შემდეგ კი გათამაშებიდან იმ დროისათვის თასის მოქმედი მფლობელი "ვიტ ჯორჯია" გამოთიშა. თანაც, "გაგრამ" ისე შთამბეჭდავად ჩაატარა ორივე ნახევარფინალური მატჩი, მეტოქეს, საერთოდ, შანსი რომ არ დაუტოვა.

საერთოდაც, ეს სეზონი "გაგრასთვის" მართლაც გამორჩეულად განსაკუთრებულია: თასის ფინალში გასვლა ხომ ისედაც უდიდესი წარმატებაა, ამას გარდა, გუნდმა პირველი ლიგის გათამაშებაშიც გაიმარჯვა და ერთწლიანი პაუზის შემდეგ ახალი სეზონიდან კვლავაც უმაღლეს ლიგაში იასპარეზებს. ფაქტია, რომ გამოცდილმა უკრაინელმა სპეციალისტმა ანატოლი პისკოვეცმა საკმაოდ ბრძოლისუნარიანი გუნდი ჩამოაყალიბა, არავის და არაფერს რომ არ ეპუება და "გაგრას" ხელმძღვანელობა, სამწვრთნელო შტაბი და ფეხბურთელები ახლა უკვე თასის მოპოვებაზე ფიქრობენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ "გაგრას" მშვენიერი შანსი ეძლევა, კლუბის ხანმოკლე ისტორიაში კიდევ ერთი სასახელო ფურცელი ჩაწეროს და ევროპის ლიგის საგზური მოიპოვოს!

მეტოქისაგან განსხვავებით, "გაგრა" პირველად იასპარეზებს თასის ფინალში და გუნდში ორად-ორი ფეხბურთელია, ასეთი დონის მატჩში რომ უთამაშია: ლადო ნადირაშვილი ("ამერის" შემადგენლობაში) და დავით გიგაური ("დინამოს" შემადგენლობაში). აი, "გაგრას" ყველა დანარჩენი ფეხბურთელი კი პირველად იასპარეზებს საქართველოს თასის ფინალში...


ტორპედო
2010-11 წლების სეზონის დაწყებამდე ქართულ ფეხბურთში უმნიშვნელოვანეს მოვლენად უმაღლეს ლიგაში ქუთაისის "ტორპედოს" დაბრუნება მივიჩნიეთ! სხვანაირად ვერც იქნებოდა: ტიტულების რაოდენობით საქართველოს მეორე გუნდს პირველ ლიგაში არაფერი ესაქმებოდა და საბედნიეროდ, კომპანია "ვისოლის" უდიდესი ძალისხმევით "ტორპედო" უმაღლეს ლიგას დაუბრუნდა. მართალია, ჩემპიონატიდან ევროტურნირების საგზურის მოპოვება ვერ მოხერხდა, სამაგიეროდ ქუთათურებს მშვენიერი შანსი აქვთ, რომ თასის მოპოვებით ასევე გარკვეული პაუზის შემდეგ ევროპაზე იასპარეზონ...

ამ გათამაშებაში "ტორპედომ" 1/16 ფინალში ოზურგეთის "მერცხალს" დიდი ანგარიშით (4:0) მოუგო; მერვედფინალსა და მეოთხედფინალში მცირე უპირატესობით აჯობა "ბაიასა" და "სიონს", აი, ნახევარფინალში კი გია გიგატაძის გუნდს მართლაც ურთულესი მეტოქე ჰყავდა "ზესტაფონის" სახით. ორივე ნახევარფინალური მატჩი უაღრესად დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა, რაც მთავარია, ამ ორივე "იმერულ დერბიმ" გულშემატკივართა უდიდესი ინტერესი გამოიწვია: ქუთაისში ჩატარებულ პირველ ნახევარფინალურ პაექრობას 15 000 მაყურებელი დაესწრო!

ის მატჩი მასპინძლებმა ვეტერანი ფორვარდის, 32 წლის გიორგი მეგრელაძის ერთადერთი გოლით მოიგეს, განმეორებითი შეხვედრა კი, უაღრესად ნერვული რომ გამოდგა, ნულოვანი ფრით დასრულდა და შვიდწლიანი პაუზის მერე "ტორპედო" კვლავაც საქართველოს თასის ფინალშია!

ჰო, 2004 წელს იასპარეზეს ქუთაისელებმა უკანასკნელად თასის ფინალში, როცა "დინამოსთან" 1:2 წააგეს. თუმცა, ამის გარდა, "ტორპედო" კიდევ ოთხჯერ იყო ფინალში გასული და ორჯერ შეძლო საპატიო პრიზის მოპოვება - 1999 და 2001 წლებში. აღსანიშნავია, რომ ორივე შემთხვევაში "ტორპედომ" პენალტების სერიაში შეძლო მეტოქეთა დამარცხება: შესაბამისად, "სამგურალსა" და "ლოკომოტივს" მოუგო.

საინტერესოა, რომ "ტორპედოს" დღევანდელ შემადგენლობაშია ფეხბურთელი, მართლაც "შორეულ" 1999 წელს თასი რომ მოიპოვა - გიორგი მეგრელაძეზე მოგახსენებთ. ვისთვისაც დღევანდელი მატჩი მეოთხე ფინალი უნდა იყოს. თუმცა, "ტორპედოს" სხვა რეკორდსმენი ფეხბურთელებიც ჰყავს, მართლაც უნიკალური მაჩვენებლით რომ მოიწონებენ თავს: გუნდის კაპიტანმა, 35 წლის სევასტი თოდუამ ჩემპიონატში ყველა მატჩი შეუცვლელად ხომ ჩაატარა, დღეს თავის მერვე (!) ფინალს ითამაშებს. თოდუამ სამი ფინალი "ტორპედოს" მაისურით ჩაატარა, ოთხიც, როგორც "ზესტაფონის" ფეხბურთელმა და ასეთი სოლიდური მაჩვენებლის მიუხედავად, მხოლოდ ორჯერ შეძლო ფინალში გამარჯვება.

არანაკლებ გამორჩეული მაჩვენებლით შეუძლია იამაყოს "ტორპედოს" კიდევ ერთ წამყვან ფეხბურთელს, 27 წლის თენგიზ ჩიკვილაძეს, რომელიც მეექვსედ იასპარეზებს ფინალში. თანაც, ჩიკვილაძე წინა ხუთ ფინალში 4 სხვადახვა გუნდის მაისურით ასპარეზობდა: "ზესტაფონის", "ამერის", "ოლიმპისა" და "დინამოსი".

თოდუასა და ჩიკვილაძის გარდა "ტორპედოს" შემადგენლობაში სხვა ფეხბურთელებიც არიან, სხვა გუნდების სახელით რომ უასპარეზიათ ფინალში: გრიგოლ დოლიძე (სამჯერ), გიორგი სეთურიძე (ორჯერ), ლაშა ქებაძე, ვახტანგ კვარაცხელია, ნოდარ მაჭავარიანი, დავით დიღმელაშვილი, რევაზ გოცირიძე, გიორგი დათუნაიშვილი (ყველა-თითო-თითოჯერ). სხვათა შორის, სწორედ გიორგი დათუნაიშვილის ერთადერთი გოლის წყალობით შარშანდელ ფინალში "ვიტ ჯორჯიამ" თავის ისტორიაში პირველად შეძლო თასის მოპოვება.


გუნდები
დღემდე საქართველოს თასის ფინალში თორმეტ გუნდს უთამაშია. რეკორდსმენი თბილისის "დინამო" - 11 ფინალში ცხრა გამარჯვება! "დინამო" ფინალში მხოლოდ ორჯერ (1998 და 2010 წლებში) დამარცხდა. თბილისის და ბათუმის "დინამო" თასის ფინალში ერთმანეთს ხუთჯერ შეხვდნენ (აქედან, ოთხჯერ - ზედიზედ); სამჯერ შეხვდნენ ერთმანეთს ფინალში ქუთაისის "ტორპედო" და თბილისის "ლოკომოტივი", აგრეთვე - "ამერი" და "ზესტაფონი".

სულ კი, გუნდების სათასო მონაგარი ასე გამოიყურება: თბილისის "დინამო"-11 ფინალი (9 გამარჯვება), ქუთაისის "ტორპედო"-5 ფინალი (2 გამარჯვება), ბათუმის "დინამო"-5 ფინალი (1 გამარჯვება), თბილისის "ლოკომოტივი"-4 ფინალი (3 გამარჯვება), "ზესტაფონი"-4 ფინალი (1 გამარჯვება), თბილისის "ამერი"-3 ფინალი (2 გამარჯვება), სოხუმის "ცხუმი"-2 ფინალი (ორივე წაგება). თითოჯერ იყვნენ ფინალში: წყალტუბოს "სამგურალი", რუსთავის "მეტალურგი", რუსთავის "ოლიმპი", ბოლნისის "სიონი", ლანჩხუთის "გურია", "ვიტ ჯორჯია". აქედან გამარჯვება მხოლოდ "გურიამ" და "ვიტ ჯორჯიამ" მოიპოვეს.


მწვრთნელები
2005 წლიდან საქართველოს თასის გათამაშებას ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის დავით ყიფიანის სახელი ეწოდა. აღსანიშნავია, რომ დავით ყიფიანის ხელმძღვანელობით გუნდებს ოთხჯერ მოუგიათ საქართველოს თასი, სამჯერ აქვს მოპოვებული ეს საპატიო პრიზი რევაზ ძოძუაშვილს, ორ-ორჯერ - გივი ნოდიასა და გიორგი ჩიხრაძეს, თითოჯერ - გიგლა იმნაძეს, შოთა ჭეიშვილს, ჯემალ ხერხაძეს, სერგო კოტრიკაძესა და გია ჯიშკარიანს (ერთად მუშაობდნენ), ივო შუშაკს, გია გეგუჩაძეს, ნოდარ აკობიას, თემურ მახარაძეს, კახა კაჭარავას, გელა გომელაურს. გიორგი ჩიხრაძეს საქართველოს თასის ისტორიაში უნიკალური მიღწევა აქვს: ერთადერთია, ვისაც ჯერ ფეხბურთელის რანგში მოუგია თასი, შემდეგ კი - უკვე როგორც მწვრთნელს. ივო შუშაკი კი ერთადერთი უცხოელი მწვრთნელია, ვისაც საქართველოს თასის გათამაშებაში გაუმარჯვია.


ლეგიონერები
საქართველოს თასის გათამაშების 21-წლიანი ისტორიის განმავლობაში ფინალურ შეხვედრებში რამდენიმე ლეგიონერს უასპარეზია: რობერტას ფრიდრიკასს, რიმას მაჟეიკისს (ორივე-ლიტვა), ანდრეი პოროშინს (უკრაინა), კარლოსს, რამონს, ვიეირას, ჟონატასს, რობერტინიოს (ყველა-ბრაზილია), პოლ კესანის, ერნესტ აკუასაგას, ჯორჯ აკირემის (სამივე-გაბონი), სერგეი ნუდნის (მოლდოვა), დონალდ ჯუისს (კამერუნი), დანილო ტომიჩს (ჩერნოგორია), ალექსანდრ კრსტესკის (მაკედონია), ედნილსონს (გვინეა-ბისაუ). 2007 წლის თასის ფინალს კი ("ამერი"-"ზესტაფონი") თურქ მსაჯთა ბრიგადა ემსახურებოდა.


არბიტრები
ამ ოცდაერთი წლის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ იყო, ფინალს უცხოელი მსაჯები რომ წარუძღვნენ. დანარჩენ შემთხვევებში ქართველი არბიტრები მსაჯობდნენ და ამ მხრივ აბსოლუტური რეკორდსმენი სერგო კვარაცხელიაა - ექვსი ფინალი აქვს ნამსაჯი! სამჯერ იმსაჯეს ფინალური მატჩი მერაბ მალაღურაძემ და ლევან ფანიაშვილმა, ორჯერ - თამაზ ლაცაბიძემ და ლაშა სილაგავამ, თითოჯერ - მალხაზ კობიაშვილმა, ოთარ გუნთაძემ, კახა მესხმა, გიორგი ვადაჭკორიამ.

2006 წლის ფინალურ მატჩში ("ამერი"-"ზესტაფონი") არბიტრმა გიორგი ვადაჭკორიამ ორივე გუნდის ფეხბურთელებს 11 ყვითელი ბარათი უჩვენა, რაც თასის გათამაშების ისტორიაში სარეკორდოა; სამაგიეროდ, ისეთი ფინალიც ყოფილა (1994 წელს, "დინამო"-"მეტალურგი"), როდესაც არბიტრმა თამაზ ლაცაბიძემ არც ერთი ფეხბურთელი გააფრთხილა!

არანაკლებ "უნიკალური" შედეგია ფინალურ მატჩში გაძევების მხრივაც: წინა 20 ფინალურ შეხვედრაში მხოლოდ ორ ფეხბურთელს უჩვენეს წითელი ბარათი - ზვიად ჯელაძეს (1998 წელს) და გურამ კაშიას (2009 წელს).


ფეხბურთელები
საქართველოს თასის გათამაშების აბსოლუტური რეკორდსმენი ირაკლი ზოიძე გახლავთ - ცხრა ჩატარებული ფინალი და შვიდი გამარჯვება! არანაკლები შედეგი აქვთ გივი დიდავას და ზურაბ იონანიძეს - სხვადასხვა გუნდების შემადგენლობაში ორივეს რვა-რვა ფინალი აქვს ნათამაშები (დიდავამ ხუთჯერ გაიმარჯვა, იონანიძემ - სამჯერ). აღსანიშნავია, რომ დიდავას საქართველოს თასის ფინალში სამი სხვადასხვა გუნდის ("დინამო", "ტორპედო", "ამერი") შემადგენლობაში გაუმარჯვია. ასევე სამი სხვადასხვა გუნდის შემადგენლობაში უასპარეზიათ ფინალში: სანდრო ბურნაძეს ("მეტალურგი", "სამგურალი", "სიონი"), სულიკო დავითაშვილს ("ლოკომოტივი", "ტორპედო", "ოლიმპი"). დღევანდელ ორ რეკორდსმენზე, სევასტ თოდუასა და თენგიზ ჩიკვილაძეზე კი ზემოთ ვისაუბრეთ...


გოლები, ანგარიშები
დღემდე ჩატარებულ ფინალებში ყველაზე პოპულარული ანგარიშია 1:0 - ასეთი შედეგით 7 მატჩი დასრულდა. სამჯერ დაფიქსირდა 2:1, ორ-ორჯერ - 2:0 და 3:1, ერთხელ კი - 4:2. შვიდ შემთხვევაში გამარჯვებულის გამოსავლენად დამატებითი დრო დანიშნა, ხუთჯერ კი- პენალტების სერიამ გამოავლინა თასის მფლობელის ვინაობა. ყველაზე უხგოლიანი ფინალი 1992 წლის 26 მაისის მატჩი იყო, როდესაც თბილისის "დინამომ" ბათუმის "დინამოს" 4:2 მოუგო. აღსანიშნავია, რომ ბათუმელთა კარში ოთხივე გოლი ძმებმა არველაძეებმა გაიტანეს! რეზომ ორი გოლი გაიტანა, შოთამ და არჩილმა - თითო-თითო. აღსანიშნავია, რეზო არველაძის შედეგი დღემდე სარეკორდოდ რჩება - ფინალში "დუბლი" აღარავის გაუტანია. ასევე სარეკორდოდ რჩება ბუბა ტყავაძის შედეგიც: 1990 წლის თასის გათამაშებაში "მრეტების" მაშინდელმა თავდამსხმელმა მეტოქეთა კარში 18 გოლი გაიტანა.

დაბოლოს, კიდევ ორ რეკორდსმენზეც; სულიკო დავითაშვილს ფინალურ მატჩებში სამი გოლი აქვს გატანილი ("ლოკომოტივის", "ტორპედოს" და "ამერის" მაისურით); ზურაბ იონანიძემ კი სხვადასხვა დროს ოთხი გოლი გაიტანა, მაგრამ აქედან მხოლოდ ერთხელ (2006 წელს) მოახერხა ძირითად დროში, დანარჩენი სამი გოლი კი მატჩის შემდგომ პენალტების სერიაში გაიტანა.
მკითხველის კომენტარები / 7 /
მიდი გაგრა, საქართველოს სახელით უნდა გამოხვიდე ევროპის ლიგაზე :)
Burton
11:25 26-05-2011
0
არ მიწყინოთ ძმებო, ქუთათურებო, მაგრამ ჩემი სიმპატიები გაგრას მხარეზეა, ბოლოსდაბოლოს საქართველო უნდა წარადგინოს ევროპულ ტურნირებზე კლუბმა აფხაზეთიდან (თუნდაც დევნილობაში). თავის დროზე ეს სოხუმის ცხუმს არ დასცალდა ბედის უკუღმართობის გამო... თუმცა ჩემი აზრით ტორპედო უფრო ძლიერია და მეტი შანსი აქვს
Tornike
12:41 26-05-2011
0

სიახლეები პოპულარული