მერანი-სამტრედია 0:2 - ყველაზე დიდი მოულოდნელობა

AutoSharing Option
სამტრედიაში ნათამაშები პირველი მატჩის (0:0) შემდეგ წყვილის უდავო ფავორიტად მასპინძლები, მარტვილელი ფეხბურთელები მიიჩნეოდნენ.

თუმცა ვარაუდი არ გამართლდა და "მერანი" საკუთარ მოედანზე დამარცხდა.

მასპინძელთა დამრიგებელმა მალხაზ ჟვანიამ მოედანზე გადახალისებული შემადგენლობა გაიყვანა. აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია გუნდის ერთ-ერთ ლიდერს გიგა ჟვანიას და ტრავმირებულ ნოდარ ნოზაძეს.

გარდა ამისა, ძირითადში არ იყვნენ: გიგა ამბროლაძე და გივი დიდავა. მერანელთა შემადგენლობაში სადებიუტო შეხვედრა ითამაშა დუბლებიდან აღზევებულმა გიორგი გეგიამ.

როგორც მოსალოდნელი იყო, "მერანისა" და "სამტრედიის" დაპირისპირება დაძაბულად წარიმართა. თავდაპირველად მეტოქეებმა სახიფათო მომენტები გაცვალეს. ჯერ ბიჭიკო გედენიძემ
გაისროლა საკმაოდ ძლიერად, მოგვიანებით კი გიორგი გეგიას დარტყმული გამოდგა არაზუსტი.

ტაიმის შუაწელს სამტრედიელები დაწინაურდნენ: დასარტყმელ პოზიციაზე გასულმა ზაურ ხაჭიპერაძემ ცრუ მოძრაობით გვერდი აუარა მცველს და დააწინაურა თავისიანები.

ანგარიშის გათანაბრების ყველაზე რეალური შანსი უმაღლესლიგელებს შესვენებამდე რამდენიმე წუთით ადრე მიეცათ: პაპუნა ფონიავას გადაცემას მეტოქის საჯარიმოში არეულობა მოჰყვა, რითაც ისარგებლა მამუკა ტორონჯაძემ, მაგრამ ამ უკანასკნელის დარტყმული სანტიმეტრებით ასცდა მოწინააღმდეგის კარს.

მთლიანობაში მატჩს სანახაობრივს ვერ ვუწოდებთ, იმის მიუხედავად, რომ "მერანი" აგებდა და მინიმუმ ორი ბურთი ჰქონდა გასატანი. მარტვილელებს კარისაკენ მთელი მეორე ტაიმის განმავლობაში ხეირიანად არც კი დაურტყამთ, თუ არ ჩავთვლით შეცვლაზე შემოსული გივი დიდავას გადაცემის შემდეგ საბა ლომიას მახვილი კუთხიდან დარტყმულს, რომელიც დავით კეკელიძემ კუთხურზე მოიგერია.

ნახევარმომენტი თუ ეთქმის ბექა ჩხეტიანისა და გიგა ბოხუას დარტყმებს, რომლებსაც შედეგი არ მოჰყოლია.

ბოლოსკენ მასპინძლები ეცადნენ სიტუაციის გამოსწორებას. მათ ბურთზე კონტროლი მოიპოვეს, თუმცა ღირებული ვერაფერი შექმნეს. უფრო მეტიც, უკანასკნელ წუთზე მარჯვენა ფრთიდან კონტრშეტევა გაეპარათ, რომელიც საბოლოოდ, ბიჭიკო გედენიძის ახლო მანძილიდან გატანილი გოლით დასრულდა.

ამრიგად, საქართველოს თასის მეთექვსმეტედფინალური მატჩებიდან ყველაზე დიდი მოულოდნელობა, ალბათ, მარტვილში დაფიქსირდა.

"სამტრედიამ" ბრძოლისა და მონდომების ხარჯზე საშინაო გუნდად წოდებული მარტვილის "მერანი" ნაადრევად გამოთიშა გათამაშებიდან.

საქართველოს თასი. მეთექვსმეტედფინალი. განმეორებითი მატჩი
18.09. მარტვილი. ცენტრალური. 100 მაყურებელი
მერანი-სამტრედია 0:2
0:1 ხაჭიპერაძე (23.გედენიძის პასით), 0:2 გედენიძე (90)

მერანი (4-4-2) სამტრედია (4-5-1)
შეროზია კეკელიძე
მჭედლიშვილი კუპრეიშვილი
იობაშვილი ხაჭაპურიძე
ქარქუზაშვილი ჩხიკვაიძე
კიკალიშვილი ა.დვალიშვილი
გეგეჭკორი კერძევაძე
ც. ბუკია მ. ჟვანია
ფონიავა როსტიაშვილი
გეგია გ. მელქაძე
ტორონჯაძე გედენიძე
ს. ლომია ზ. ხაჭიპერიძე

მწვრთნელები:

მ. ჟვანია ი. შენგელია

მერანი
30. იობაშვილი-ამბროლაძე
46. ც.ბუკია-დიდავა
50. კიკალიშვილი-ბ. ჩხეტიანი
სათადარიგოები: ბერია, მელიავა, კუჭუხიძე, მონიავა

სამტრედია
46. ხაჭიპერიძე-ბოხუა
85. როსტიაშვილი-რუხაია
90. გედენიძე-ქურდობაძე
სათადარიგოები: ბანძავა, თელია, კიკაბიძე, ახობაძე

გაფრთხილება: ტორონჯაძე (52), კუპრეიშვილი (61), ბოხუა (75)

არბიტრი: ხ. გაგნიძე

იშვიათი შემთხვევა... (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
საქართველოს თასის 1/16-ფინალი. საპასუხო მატჩები: ბევრი ლოგიკა და ცოტა სენსაცია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული