საქართველოს თასის 1/16-ფინალი. საპასუხო მატჩები: ბევრი ლოგიკა და ცოტა სენსაცია

AutoSharing Option
18 სექტემბერს საქართველოს თასის მეთექვსმეტედფინალში გამართული მატჩების დიდი ნაწილი ლოგიკური შედეგებით დასრულდა, თუმცა მოულოდნელი ანგარიშებიც დაფიქსირდა.

სენსაციად უნდა შევაფასოთ მარტვილის "მერანის" საშინაო მარცხი "სამტრედიასთან", მით უფრო, სტუმრად მიღწეული ფრის შემდეგ. "მერანი" ერთადერთი უმაღლესლიგელია, რომელმაც საქართველოს თასის მერვედფინალურ ეტაპს ვერ უწია (იხილეთ ვრცლად).

საქართველოს თასი. მეთექვსმეტედფინალი. განმეორებითი მატჩები
18.09. თბილისი. მიხეილ მესხი
ლოკომოტივი-ვიტ ჯორჯია 1:2 (პირველი მატჩი: 1:0)
ლოკომოტივი: ბ. მიქავა - შალიკაშვილი (60. გაბაძე), ჭანტურია, მაკასარაშვილი, გურეშიძე - გოროზია, ცინცაძე, გუგუშვილი (71. ლუკავა), დ. მიქავა - დარციმელია, კიკაბიძე (46. სულთანიშვილი).
ვიტ
ჯორჯია: დაუშვილი - ხურცილავა, გოგიაშვილი, გეთიაშვილი, ჯავაშვილი - ღიბრაძე, ვასაძე, გურეშიძე (69. კასრაძე) - ღანიაშვილი (46. ზაქრაძე), კორიფაძე (82. დავლაშელიძე), ჩიმაკაძე.
გოლები: 0:1 ზაქრაძე (47), 0:2 გოგიაშვილი (59), 1:2 გოროზია (77)

პირველი მატჩი ჭაბუკებით დაკომპლექტებულმა "ლოკომოტივმა" მცხეთაში მოიგო და ამით მერვედფინალში გასვლაზე სერიოზული განაცხადი გააკეთა.

თუმცა საპასუხო შეხვედრაში უფრო გამოცდილმა ვიტელებმა შეძლეს მობილიზება და სტუმრად გატანილი მეტი გოლის წყალობით ორი მატჩის ჯამში გაიმარჯვეს.

"მიხეილ მესხზე" გამართული მატჩი საკმაოდ საინტერესო სანახავი გამოდგა, "ვიტ ჯორჯიამ" კი გადამწყვეტ უპირატესობას მეორე ტაიმის დებიუტში მიაღწია. ბექა ზაქრაძემ ვეტერინარები მახვილი კუთხიდან დარტყმით დააწინაურა, ჯემალ გოგიაშვილმა კი კუთხურიდან მოწოდებული ბურთი გადაგზავნა მეტოქის კარში.

მერაბ კოჭლაშვილის გუნდმა ამის შემდეგ მხოლოდ ერთი ბურთი გაუშვა - გოროზიამ შორეული დარტყმით ანგარიშში სხვაობა შეამცირა. "ლოკომოტივი" ამის შემდეგაც თამამად უტევდა და რამდენიმე საგოლე მომენტიც გააფუჭა.

საბოლოოდ, შეუპოვარ ბრძოლაში გამარჯვება "ვიტ ჯორჯიას" დარჩა, "ლოკომოტივისთვის" კი ეს შედეგი ტრაგედია არ უნდა იყოს - პირველლიგელები თასის გათამაშებაზე განსაკუთრებულ გათვლებს ისედაც არ აკეთებდნენ, ამ ორრაუნდიანი დაპირისპირებით კი გელა სანაიას გუნდმა სასარგებლო გამოცდილება მიიღო.

* * *
18.09. თბილისი. "ბენდელა". 100 მაყურებელი
სპარტაკი-ლიახვი 5:1 (პირველი მატჩი: 1:2)
სპარტაკი: ნადირაძე, ჭაფოძე, ქურდაძე, თვალავაძე, ლემონჯავა, თუხარელი, ბურძენაძე, ვ. კილასონია (59. ზვიადაძე), თ. შონია (38. კაკაშვილი), დ. გელაშვილი, მეტრეველი (85. ხარაზიშვილი).
გოლები: 1:0 თუხარელი (9), 2:0 მეტრეველი (14), 3:0 თუხარელი (31), 4:0 თუხარელი (33), 5:0 მეტრეველი (43), 5:1 ჭადაშვილი (47)

ბუნებრივია, ამ წყვილში ფავორიტად ყველა "სპარტაკს" ასახელებდა, მაგრამ პირველ შეხვედრაში პირველი ლიგის დებიუტანტმა აჩაბეთის "ლიახვმა" სიურპრიზი შემოგვთავაზა.

უჩა ქანთარიას გუნდმა ცხინვალელებს მოდუნება და დაშვებული შეცდომები არ აპატია და 2:1 მოიგო.

საპასუხო მატჩში კი სპარტაკელებმა რეალური ძალა წარმოაჩინეს და შესვენებამდე 5 უპასუხო გოლით "დაასაჩუქრეს" მეტოქე. მეორე ნახევარში ვლადიმერ ხაჩიძის ბიჭები ბურთზე კონტროლზე, კომბინაციების დახვეწასა და სხვა ნიუანსებზე უფრო იყო ორიენტირებული, ვიდრე გოლის გატანაზე.

ამით ისარგებლეს სტუმრებმა და ზვიად ჭადაშვილმა პრესტიჟის გოლი გაიტანა.

რაც შეეხება სპარტაკელთა გოლებს, ამ რეგიონულ სათასო დერბიში თორნიკე თუხარელმა და ზვიად მეტრეველმა ბენეფისი მოიწყვეს. თუხარელმა ჰეთ თრიკი შეასრულა, მეტრეველმა კი დუბლი მიითვალა. სპარტაკელებს კიდევ შეეძლოთ გატანა, მაგრამ ამჯერად ხუთი გოლი იკმარეს.

აღსანიშნავია ის, რომ "სპარტაკის" კაპიტანმა თეიმურაზ შონიამ პირველი ტაიმის დასრულებამდე შეცვლა ითხოვა და კაპიტნის სამკლავური ლევან ჭაფოძეს გადაულოცა. თუმცა, როგორც შევიტყვეთ, შონიას მდგომარეობა საგანგაშო არაა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ცხინვალელთა გუნდში დებიუტი ჰქონდა შემტევ ნახევარმცველ გიორგი ზვიადაძეს, რომელიც გასულ სეზონში "გაგრაში" ასპარეზობდა.

* * *
სტუ-დინამო (თბ) 1:6 (პირველი მატჩი: 0:8)
დინამო: სეფიაშვილი - რეხვიაშვილი, ტვილდიანი, გ. კვარაცხელია, გლიშიჩი - ძარია (46. კვეკვესკირი), კოტო (61. პარუნაშვილი), ლექვთაძე - ალვარო, ჩისკო (46. დვალი), ვოსკობოინიკოვი.
გოლები: 0:1 ალვარო (4), 0:2 ვოსკობოინიკოვი (11), 0:3 ჩისკო (39), 0:4 ჩისკო (45), 0:5 ვოსკობოინიკოვი (55), 1:5 გოგატიშვილი (85), 1:6 გლიშიჩი (90)

როგორც მოსალოდნელი იყო, ამ წყვილში გამარჯვებულის ბედი პირველივე მატჩში გაირკვა და დიღმის საწვრთნელ ბაზაზე გამართული შეხვედრა, სადაც "დინამო" პირობითი სტუმრის რანგში გახლდათ, სრული ფორმალობა იყო და ორივე გუნდისთვის სასარგებლო სპარინგის ფუნქცია შეასრულა.

"დინამოს" ჩეხმა თავკაცმა დუშან უჰრინმა თავის გამოჩენის საშუალება რამდენიმე ისეთ ფეხბურთელს მისცა, რომელთაც ძირითად შემადგენლობაში მოხვედრა უჭირთ.

მორიგ სათასო მატჩში გამოირჩა დედაქალაქელთა ესტონელი ფორვარდი ვლადიმირ ვოსკობოინიკოვი, რომელსაც არც ესპანელი ჩისკო ჩამორჩა და ორივემ დუბლი გაიფორმა.

* * *
იმერეთი-ზუგდიდი 2:3
(პირველი მატჩი: 1:4)

კოლხეთი (ფ)-სამგურალი 3:1
(პირველი მატჩი: 2:0)

კოლხეთი (ხ)-ჩიხურა 0:2
(პირველი მატჩი: 0:2)

შუქურა-მერცხალი 2:0
(პირველი მატჩი: 3:0)

დინამო (ბთ)-ჩხერიმელა 3:0
(პირველი მატჩი: 2:4)

სიონი-აეტი 3:3
(პირველი მატჩი: 3:1)

მერვედფინალიდან საქართველოს თასს ევროთასების მონაწილე კლუბები, "ზესტაფონი", "დილა", "მეტალურგი" და "ტორპედო" დაემატებიან.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული