საქართველოს თასი. 1/8 ფინალი. საპასუხო მატჩების წინათქმა

AutoSharing Option
2 მარტს საქართველოს თასის მეოთხედფინალისტები გამოვლინდებიან: 8 საუკეთესო გუნდი ამ საპატიო პრიზისათვის ბრძოლას გააგრძელებს.

სათასო შეხვედრები ყველგან და ყოველთვის განსაკუთრებულია და არაერთი შემთხვევაც ყოფილა, როცა რანგით დაბალი ლიგის გუნდს ფინალამდეც გაუღწევია.

ფინალამდე ჯერ შორია, მაგრამ ნუ გამოვრიცხავთ, რომ მერვედფინალშიც მოხდეს მეტ-ნაკლებად ხმაურიანი სენსაცია (შესაძლოა, რამდენიმეც);

საინტრიგო წყვილებზე ოდნავ ქვემოთ, მანამდე კი ის გუნდები ვახსენოთ, ფაქტობრივად, მეოთხედფინალისტებად რომ შეგვიძლია მოვიხსენიოთ.

თასის ამჟამინდელ მფლობელს "დილას" არანაირი პრობლემა რომ არ ექნებოდა პირველლიგელ "სამტრედიასთან" ყველასათვის ცხადი იყო და ასეც მოხდა: ვალდას ივანაუსკასის ხელმძღვანელობით გორელებმა
პირველი ოფიციალური მატჩი ისეთი ანგარიშით მოიგეს, საპასუხო შეხვედრას აზრი დაეკარგა!

შეგახსენებთ, რომ ამ შეხვედრაში ჰეთ-თრიქი შეასრულა "დილას" ბრაზილიელმა ლეგიონერმა, 23 წლის ნათან ჟუნიორმა, შეცვლაზე შემოსულმა 19 წლის მიხაილ გორელიშვილმა ორი გოლი გაიტანა, ერთიც - 25 წლის გიორგი კახელიშვილმა.

უფრო შთამბეჭდავი სხვაობით მოიგო "ჩიხურამ": გამოცდილი სპეციალისტის, სოსო ფრუიძის დამოძღვრილმა საჩხერულმა გუნდმა პირველლიგელი "შუქურას" კარში 8 (!) უპასუხო გოლი გაიტანა. ისე როგორც ჩემპიონატის პირველ ეტაპზე, ამ მატჩშიც შეუჩერებელი იყო "ჩიხურას" შემტევი "ტრიო": 20 წლის დავით კირკიტაძემ 1 გოლი გაიტანა, 24 წლის ნიკა კვასხვაძემ - ორი, 21 წლის ბესიკ დეკანოიძემ კი სულაც "პოკერი" შეასრულა!

ქობულეთელთა კარში კიდევ ერთი გოლი "ჩიხურას" ყველაზე სტაჟიანმა წევრმა, 28 წლის ირაკლი ზაბახიძემ გაიტანა.

დიდი ანგარიში (ოღონდ, ცოტა არ იყოს, ბევრისთვის მოულოდნელადაც) დაფიქსირდა "სიონი" - "ზუგდიდის" შეხვედრაშიც: პირველ ეტაპთან შედარებით ერთიანად გადახალისებულმა ბოლნისურმა კლუბმა ზედა ექვსეულის წარმომადგენელი "ზუგდიდი" მართლაც რომ სოლიდური ანგარიშით (3:0) დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ სამივე გოლი "სიონის" ახალწვეულებმა, თბილისის "დინამოს" ყოფილმა ფეხბურთელებმა გაიტანეს: 21 წლის ირაკლი ლექვთაძემ (2) და 30 წლის ლადო ახალაიამ.

ერთნაირი ანგარიშით (1:0) გაიმარჯვეს თასის ამ გათამაშების ფავორიტებმა: თბილისის "დინამოც" და "ზესტაფონიც" 2 მარტს მასპინძლის როლში იქნებიან და მათ მეტოქეთა მიმართ დიდი პატივისცემის მიუხედავად, ორივე ფავორიტს მეოთხედფინალში გასვლა არ უნდა გაუჭირდეს.

აი, დანარჩენი 3 მატჩი კი ისეთია, უდიდეს ინტერესს რომ იწვევს და სენსაციურ შედეგ(ებ)საც ნუ გამოვრიცხავთ...

იქნება რევანში?
თავიდანვე ცხადი იყო, რომ "ვიტ ჯორჯია" - "სპარტაკის" წყვილში გამოკვეთილ ფავორიტად ვერც ერთ გუნდს ვერ მივიჩნევდით. მართალია, ვეტერინარები რაგნით მაღლა დგანან, მაგრამ მერაბ კოჭლაშვილის ახალგაზრდულ გუნდს ნამდვილად ვერავინ მოსთხოვს თასის ფინალში გასვლას.

თანაც, მერვედფინალში "ვიტ ჯორჯიას" ერთობ არასასურველი მეტოქე შეხვდა: ცხინვალის "სპარტაკი" პირველ ლიგაში თავისი ჯგუფის ლიდერია და საერთოდაც, ისეთი შემადგენლობა ჰყავს, დღესდღეობით უმაღლესში რომ ეასპარეზა, ზედა ექვსეულში მოსახვედრად იბრძოლებდა.

მწვრთნელის ფაქტორიც უნდა ვახსენოთ: ვლადიმერ ხაჩიძე კვალიფიციური სპეციალისტია და არაერთ გუნდში მუშაობითაც დაამტკიცა. ახლაც, თავისი ყოფილი კლუბის წინააღმდეგ ვლადიმერ ხაჩიძემ პირველ მატჩში თავისთვის სასურველ შედეგს (1:1) მიაღწია, თუმცა ვეჭვობთ, რომ "სპარტაკმა" საპასუხო მატჩში 0:0-ზე ითამაშოს;

მოკლედ, შაბათს "ბენდელაზე" მართლაც საინტერესო პაექრობას უნდა ველოდოთ და ნუ გამოვრიცხავთ, რომ, შესაძლოა, დამატებით დრო ან პენალტების სერიაც დაინიშნოს.

არანაკლები, ოღონდ, ცოტა არ იყოს, მოულოდნელი ინტრიგა ახლავს კიდევ ერთ დედაქალაქურ დაპირისპირებას: პირველლიგელ "გაგრას" რომ უყვარს თასზე სენსაციები, კი ვიცოდით, მაგრამ მაინც ცოტას სჯეროდა, ეს ახალგაზრდული გუნდი ქუთაისიდან ესოდენ სასურველ შედეგს (1:1) თუ "წამოიღებდა".

ეგ კი არა, როგორც ქუთაისიდან იტყობინება "ლელოს" საკუთარი კორესპონდენტი დავით კოხრეიძე, სტუმრებს მატჩის ბოლოს გამარჯვების მომტანი გოლის ჩინებული შანსიც ჰქონდათ, მაგრამ ამ წყვილში აშკარა ფავორიტად შერაცხული მასპინძლები გუნდის კაპიტანმა და უდავო ლიდერმა ომარ მიგინეიშვილმა გადაარჩინა!

არადა, გია გეგუჩაძის დამოძღვრილი "ტორპედო" იმ დღეს, ფაქტობრივად, ოპტიმალური შემადგენლობით ასპარეზობდა, მაგრამ თასზე რევანშის აღება მაინც ვერ შეძლო. სარევანშო მიზეზი კი ტორპედოელებს მართლაც ექნებოდათ: ორი წლის წინათ იყო, საქართველოს თასის ფინალში "გაგრამ" მართლაც რომ სენსაციური გამარჯვება მოიპოვა ქუთაისურ კლუბთან;

ერთი შეხედვით, ორი წელიწადი დიდი დრო არ არის, მაგრამ თასის ფინალში მონაწილეთაგან "ტორპედოში" ომარ მიგინეიშვილის გარდა გიორგი დათუნაიშვილი და გრიგოლ დოლიძე შემორჩნენ, "გაგრაში" კი მხოლოდ და მხოლოდ - ლაშა კალანდაძე.

რაც შეეხება "გაგრას" დღევანდელ თავკაცს ზვიად ჯელაძეს, ორი წლის წინათ მთავარი მწვრთნელის, უკრაინელი ანატოლი პისკოვეცის თანაშემწე გახლდათ.

შეხვედრა წარსულთან
ახლა კი პირველი მერვედფინალური მატჩების მთავარ მოულოდნელობაზეც; ყოველ შემთხვევაში ბათუმის "დინამოს" მიერ რუსთავის "მეტალურგის" ძლევა ჩვენ მართლაც მოულოდნელობად აღვიქვით და, ალბათ, ამ აზრის სხვაც ბევრი იქნება.

ამ "მოულოდნელობის მიზეზს" კი ასეთი ახსნა აქვს: ყველას მოეხსენება, რომ ბოლო წლების ერთ-ერთი წარმატებული ქართული კლუბი "მეტალურგი" ზედა ექვსეულში ვერ მოხვდა და ევროტურნირებზე (სადაც რეგულარულად ასპარეზობდა) მოსახვედრად, მხოლოდ და მხოლოდ თასზე წარმატებული გამოსვლა აწყობდა.

თანაც, "მეტალურგმა" ნაყოფიერი უცხოური შეკრებაც გაიარა და გუნდიდან წამყვანი ფეხბურთელების (ირაკლი მაისურაძე, დიმიტრი ტატანაშვილი) წასვლის მიუხედავად, ვერავინ იტყოდა, რუსთავული კლუბი დასუსტდაო (ერთი-მეორეზე გამოცდილი ახალწვეულები ჰყავთ: ლევან კორღალიძე, მიხეილ ალავიძე, რომან ახალკაცი, გოგა ფიფია, ორიოდ დღის წინათ კი ზურაბ მენთეშაშვილიც დაემატათ).

მოკლედ, ამ წყვილში "მეტალურგს" უმრავლესობა გამოკვეთილ ფავორიტად მიიჩნევდა, მით უფრო, რომ რუსთაველებისგან განსხვავებით, ბათუმის "დინამოს" ჩემპიონატში სერიოზულზე-სერიოზული ძალისხმევა დასჭირდება უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებისათვის. თუმცა, ზამთრის პაუზის დროს საგრძნობლად სახეშეცვლილმა გია გურულის გუნდმა ფავორიტ მეტოქეს აჯობა და 2 მარტს რუსთავში მართლაც საინტერესო მატჩს უნდა ველოდოთ.

თანაც სტაჟიან რუსთაველ ქომაგებს ალბათ, დღესაც ემახსოვრებათ, თუ როგორ საინტერესოდ მიმდინარეობდა ხოლმე "მეტალურგისა" და ბათუმის "დინამოს" სათასო პაექრობები 90-იანი წლების დასაწყისში. აქვე განვმარტოთ, რომ იმდროინდელ და დღევანდელ "მეტალურგს" მხოლოდ სახელწოდება აერთიანებს, თორემ აბსოლუტურად სხვადასხვა გუნდებია: 90-იანი წლების "მეტალურგი" იყო იგივე "გორდა", დღევანდელი კი - "ოლიმპის" სამართალმემკვიდრეა.

თუმცა, რაც იყო, იმას ვერ "წავშლით" და ჯერ 1993/94 წლების თასის გათამაშების ნახევარფინალები გავიხსენოთ. პირველი მატჩი ბათუმში ჩატარდა და ვალერიან ჩხარტიშვილის დამოძღვრილი "დინამოს" მინიმალური გამარჯვებით (1:0) დამთავრდა. აი, განმეორებითმა შეხვედრამ კი, 1994 წლის 23 აპრილს რომ ჩატარდა, რუსთავში უდიდესი ინტერესი გამოიწვია და თამაშიც ისეთი გამოდგა, თქვენი მოწონებული.

ბათუმელთა გუნდში ერთი-მეორეზე გამოცდილი ფეხბურთელები (ასლან ბალაძე, ამირან გოგიტიძე, ვალერი შანიძე, ალექსანდრე კანტიძე, მალხაზ მახარაძე, როსტომ თორღაშვილი, პაატა მაჭუტაძე, გელა შეყილაძე) თამაშობდნენ, რევაზ ძოძუაშვილის "მეტალურგში" კი ვარლამ და გია კილასონიების გვერდით 20 წლის გიორგი ღუდუშაური, 19 წლის გოგა გახოკიძე და 16 წლის ლევან კობიაშვილი ასპარეზობდნენ.

საპასუხო მატჩის კულმინაცია მაშინ დადგა, 0:0-ზე სტუმართა მეკარემ ასლან ბალაძემ "მეტალურგის" მცველის, ლაშა ამბიძის პენალტი რომ მოიგერია, თუმცა დამატებაზე ყველას დაასწრო 19 წლის სანდრო ბურნაძემ და მატჩი დამატებით დროში გადაიყვანა. აი, იქ კი რუსთაველებმა იმძლავრეს და კახა ალადაშვილმა თავისი ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში, უდავოდ საუკეთესო გოლი გაიტანა: იმ დროისათვის 18 წლის შემტევმა "მოჭრილი" დარტყმით ბურთი მეტოქის კარის "ცხრიანში" გაგზავნა!

ძნელი გადმოსაცემია, თუ რა ხდებოდა იმ დროს რუსთავის "ფოლადის" სტადიონზე...

...ერთი წლის შემდეგ ეს გუნდები კვლავაც ნახევარფინალში "გადაეყარნენ" ერთმანეთს: რუსთავში პირველი მატჩი 0:0 დამთავრდა, აი, საპასუხო შეხვედრა კი უაღრესად ნერვული და დაძაბული გამოდგა. მასპინძლები დავით უჯმაჯურიძის გოლით დაწინაურდნენ, მერე ასლან ბალაძემ 11-მეტრიანი ზუსტად შეასრულა (მაგარი მეკარე იყო: პენალტებს იღებდა კიდეც და თვითონც ზუსტად ასრულებდა) და თითქოსდა, ყველაფერი გაირკვა; მაგრამ 20 წლის ზაზა ზირაქიშვილის აქტიურმა თამაშმა და გოლმა თამაშს ინტრიგა დაუბრუნა, რუსთაველებმა ბოლო წუთებზე შტურმი მოაწყვეს მასპინძელთა კართან, მაგრამ მეორე და ფინალის საგზურის მომტანი გოლის გატანა ვერ მოახერხეს...

"მეტალურგისა" და ბათუმის "დინამოს" ძველ დაპირისპირებებს ვიხსენებთ და კონკრეტული ფეხბურთელის ხსენება კინაღამ გამოგვრჩა: ამ გუნდების 1994 წლის სათასო პაექრობების ერთ-ერთი მონაწილე, დიდი ალბათობით, დღესაც გამოვა "ფოლადის" სტადიონზე; ხვდებით, ალბათ, რომ 39 წლის ამირან მუჯირზე ვსაუბრობთ, ბათუმის "დინამოს" უბერებელ კაპიტანზე...

Sportall.Ge

Sportall.Ge

Sportall.Ge

Sportall.Ge

Sportall.Ge

Sportall.Ge

Sportall.Ge

Sportall.Ge
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული