სპარტაკი-ვიტ ჯორჯია 1:1 (პენ. 3:0) - დაპირისპირების გმირი მეკარეა

AutoSharing Option
პირველლიგელმა ცხინვალის "სპარტაკმა" უმაღლესლიგელი თბილისის "ვიტ ჯორჯია" გამოთიშა თასის გათამაშებიდან, თუმცა ეს შედეგი მოულოდნელობად არ უნდა მოინათლოს - გამოცდილების თუ კლასის მიხედვით, ამ გუნდებს შორის დიდი სხვაობა არ არის.

ისიც გასათვალისწინებელია, რომ "ვიტ ჯორჯიასგან" განსხვავებით, "სპარტაკმა" საშუასეზონო პერიოდში უცხოური შეკრება გაიარა.

მერვედფინალის პირველი მატჩი "მცხეთა პარკზე" დაძაბული გამოდგა და თბილისშიც უშეღავათო, საინტერესო თამაში გაჩაღდა.

"ბენდელაზე" მატჩის გმირი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მეკარე გიორგი ნადირაძე გამოდგა, რომელმაც პენალტების სერიაში ყველა 11-მეტრიანი მოიგერია.

საპასუხო შეხვედრას "სპარტაკი" დანაკლისით შეხვდა: მარცხენა მცველი კონსტანტინე ხიზანეიშვილი დისკვალიფიცირებული
იყო, დავით გელაშვილი, ლაშა კემუხტაშვილი და უჩა ბურძენაძე ტრავმიანობის გამო არ იყვნენ განაცხადში. "ვიტ ჯორჯიას" შუახაზელი გიორგი ვასაძე ჰყავს დაშავებული და ამიტომაც მოისაკლისა ის ორივე შეხვედრაში.

Sportall.Ge...პირველი წუთები "სპარტაკის" უპირატესობით წარიმართა. "აქ მასპინძელი მე ვარ" - ალბათ, ამის მჭექად თქმა სურდათ სპარტაკელებს, რომლებიც მართლაც შმაგად ირჯებოდნენ.

თემურ შონიას ძლიერი დარტყმა ნიკა დაუშვილმა მოიგერია. დამატებაზე ყველას ისევ შონიამ დაასწრო, თუმცა მეორე ცდაზე მიზანი ვერ გაისწორა.

"ვიტ ჯორჯიამ" ნელ-ნელა გამოაკეთა თამაში და ისეთი მონაკვეთი შექმნა, "სპარტაკს" ბურთის მოპოვება და შენარჩუნება რომ გაუჭირდა. სტუმართაგან გიორგი მჭედლიშვილი გამოირჩეოდა. ეს მარცხენა მცველი აქტიურად ერთვებოდა შეტევაში, თამაშს ამწვავებდა. პირველ ტაიმში მან ორჯერ შორიდან დაარტყა სახიფათოდ, ნადირაძემ ორჯერვე მოახერხა ბურთის მოგერიება.

მეორე ტაიმის დასაწყისში "ვიტ ჯორჯია" მეტოქეზე უფრო მეტს უტევდა, 0:0 ხომ "სპარტაკს" აძლევდა ხელს. მასპინძლებმა კონტრშეტევებზე ააგეს თამაში და ეს არცთუ ურიგოდ გამოუვიდათ. მარჯვენა ფლანგიდან ფეხმალი თორნიკე თუხარელი მოსვენებას არ აძლევდა ვიტჯორჯიელთა დაცვას. თუხარელმა რამდენჯერმე მწვავედ ჩააწოდა "ვიტ ჯორჯიას" კარის გასწვრივ, ერთხელ კი ჯარიმა ისე ჩააბზრიალა, რომ ბურთს თავი ჯერ ნიკა მგელაძემ წაჰკრა, მერე კი ზვიად მეტრეველმა თავურით ის ბადეში გაახვია.

"ვიტ ჯორჯია" გაშვებულმა გოლმა არ დააბნია, მეტი მონდომებით შეუტია და გარჯა დაუფასდა კიდეც - მჭედლიშვილმა კარგად დაუგორა ირაკლი ღიბრაძეს, რომელმაც საშუალო დისტანციიდან ძლიერი დარტყმით გაათანაბრა ანგარიში.

არც ერთ გუნდს არ ეტყობოდა, რომ დამატებითი დროისთვის ზოგავდა თავს. მწვრთნელებმა შეცვლები კი შემოინახეს, ხოლო ვინც მოედანზე იყო, საყაიმო ანგარიშს არ ეგუებოდა.

გურამ ადამაძის შეცდომის შედეგად მეტრეველი დაუშვილთან პირისპირ დარჩა, ბურთი არ გააჩერა, ახლო მანძილიდან ერთი შეხებით მოინდომა გოლის გატანა, მაგრამ ცაციათი კარგად ვერ დაარტყა და საგოლე შანსიც გაფლანგა.

ღონიერი დარტყმით ერთხელაც გამოირჩა ღიბრაძე, თუმცა მეორე ჯერზე ნადირაძემ მოახერხა ბურთის მოგერიება.

დამატებით დროში შეხვედრა ისევ საინტერესოდ, ორმხრივი იერიშებით წარიმართა. ნამდვილი სათასო დაპირისპირება გამოვიდა. ისეთი ბრძოლა გაჩაღდა, წუნს ვერ დაუდებდი და პენალტების სერიამდე დარჩენილი ნახევარი საათიც მალე გავიდა.

თუხარელის პასით მგელაძემ კი გაიტანა, მაგრამ გოლი არ ჩაითვალა, თამაშგარე დაფიქსირდა. მერე შონიას პასით თუხარელი აღმოჩნდა ხელსაყრელ პოზიციაში და ოდნავ მახვილი კუთხიდან არაზუსტად დაარტყა.

დავით ჯანელიძის სოლო-რეიდის შემდეგ ღიბრაძე ხვეული დარტყმით ცდილობდა ბურთის კარში გადაგზავნას, მაგრამ ნადირაძემ იმარჯვა.

მეორე ექსტრატაიმის ბოლოს "სპარტაკს" კარგი შანსი ჰქონდა - "ვიტ ჯორჯიას" კარისკენ ისეთი ჯარიმა დაინიშნა, ბურთი ლამის საჯარიმო ხაზზე იდო - ვარლამ კილასონიამ ისე დაარტყა, დაუშვილმა ძელიდან ოდნავ განზე წასულ ბურთს თვალი გააყოლა.

დამატებითი დროის დასრულებას ორი წუთი აკლდა, ვიტჯორჯიელთა კაპიტანი ჯანელიძე რომ შეცვალეს. ამ დაპირისპირების პირველ შეხვედრაში სწორედ ჯანელიძის პენალტით გაათანაბრა ანგარიში "ვიტ ჯორჯიამ"...

11-მეტრიანების სერიაში პირველი დარტყმა "ვიტ ჯორჯიას" მეკარე ნიკა დაუშვილს ერგო, რომელმაც ნადირაძეს ვერ აჯობა. "სპარტაკის" მეკარემ არც გიორგი კორიფაძესა და ბადრი ტეტუნაშვილს დაანება პენალტის გატანა, სპარტაკელებმა - მეტრეველმა, კილასონიამ და თუხარელმა კი დარტყმა უნაკლოდ შეასრულეს.

ვლადიმერ ხაჩიძის გაწვრთნილი გუნდი მეოთხედფინალში გავიდა, საქართველოს რვა საუკეთესო გუნდში მოხვდა - "სპარტაკისთვის" ეს პატარა წარმატება არ უნდა იყოს...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ვიტ ჯორჯია-სპარტაკი 1:1 - ახია ჩვენზე, ჟურნალისტებზე...
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული