გორელთა თამაშით თუ ვიმსჯელებთ, ძნელი გამოსაცნობი არ იყო მათი ჩანაფიქრი: ფრე ან, უკიდურეს შემთხვევაში, მინიმალური ანგარიშით წაგება, რის კომპენსირებასაც განმეორებით შეხვედრაში მოახდენდნენ.
სოსო ფრუიძემ კი ძირითად შემადგენლობას მოუყარა თავი (თუ არ ჩავთვლით სათადარიგოში გამწესებულ კვასხვაძეს).
საჩხერელებმა თავიდანვე აგრძნობინეს მეტოქეს, რომ მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვებისათვის იყვნენ განწყობილნი. ამას მოწმობდა ის თავდადება, რომელიც მოედნის თითოეულ მონაკვეთზე ჩანდა.
მამალაძეს ძალიან ხშირად აწუხებდნენ დიღმელაშვილი, გოცირიძე, კირკიტაძე, დეკანოიძე, ლომაშვილი, საჯაია და სხვები, რომელთა
მეორე ტაიმის დასაწყისიდანვე საჩხერელებმა ნამდვილი შტურმი მოუწყვეს მეტოქეს: უამრავი ჯარიმა, დარტყმა, კუთხური და... 52-ე წუთი, როცა ლომაშვილმა აუღებელი დაარტყა.
ამასობაში შტურმი გაგრძელდა, მაგრამ კინაღამ ამოქმედდა დაუწერელი საფეხბურთო კანონი: 56-ე წუთზე გორელიშვილს სულ ცოტა დააკლდა ანგარიშის გასათანაბრებლად. რამდენიმე წამის შემდეგ კი გოგუას შორეული დარტყმა მოხვდა ძელს.
მალე თავად გორელებისთვის ამუშავდა იგივე საფეხბურთო კანონი: 57-ე წუთზე დეკანოიძის პასით ისევ ლომაშვილმა გაიტანა - 2:0.
63-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა კვასხვაძემ ბურთთან პირველივე შეხება ბოლქვაძის მისამართით გაგზავნილი შესანიშნავი პასით აღნიშნა და სხვაობა სამბურთიანი გახდა. აქვე უნდა აღინიშნოს გაშვებულ გოლში მამალაძის ბრალი, რომელმაც თითქმის აღებული ბურთი ვერ შეიმაგრა ხელებში.
65-ე წუთზე კვასხვაძე ვალდებული იყო, მეოთხე გაეტანა, მაგრამ უაღრესად ხელსაყრელ სიტუაციაში ააცილა.
მატჩის მიწურულს სტუმრები ბევრს ეცადნენ თუნდაც ერთი ბურთის გაქვითვას, თუმცა ვერაფერი მოუხერხეს სომხიშვილს, რომელმაც ჯერ მოდებაძის დარტყმისას გამოავლინა არნახული რეაქცია, მერე კი აბურჯანიას დარტყმის მოსაგერიებლად ორმაგი სეივი დასჭირდა.
"ჩიხურამ" დამაჯერებლად და რაც მთავარია, დამსახურებულად გაიმარჯვა და თუ მანამდე ამ ორთაბრძოლას ფავორიტი არ ჰყავდა, ახლა საჩხერელები ამ სტატუსით ჩავლენ გორში.
Video
ჩიხურა - დილა 3:0
ჩიხურა - დილა 3:0
მატჩის შემდეგ
ვალდას ივანაუსკასი:
"რა კომენტარი უნდა გავაკეთო? 3:0 თვითონ მეტყველებს ყველაფერზე. შემადგენლობა შესუსტებული გვყავდა, წვიმით გაჟღენთილი მინდორიც საშინელება იყო. ეს დამარცხება კი არა, ტრაგედიაა. ძალიან ძნელია, მაგრამ მაინც ვეცდებით, შესაბამისი დასკვნები გამოვიტანოთ და გორში სულ სხვა "დილა" ვიხილოთ".
სოსო ფრუიძე:
"მადლობა ბიჭებს, რომ ყველა დავალება ზედმიწევნით შეასრულეს, თავდადებით იბრძოლეს და საწადელს მიაღწიეს. თუმცა, გორელთა შესაძლებლობები რომ ვიცი, არც 3:0 არის საბოლოო გამარჯვების გარანტია. ამიტომ მთელი სერიოზულობით მოვემზადებით საპასუხო შეხვედრისათვის".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"