მეტალურგი-სპარტაკი 1:0 - მინიმალური კმაყოფილება

AutoSharing Option
ბოლო 12 დღის განმავლობაში "მეტალურგმა" სამი ოფიციალური მატჩი ჩაატარა და სამივე ერთნაირი ანგარიშით (1:0) დაასრულა!

თუმცა, წინა ორი შეხვედრისგან განსხვავებით, რუსთაველებს ამჯერად პენალტით აღარ გაუმარჯვიათ, მაგრამ თავიანთი "საყვარელი" ანგარიშის დაფიქსირებით ნახევარფინალისკენაც "გაიხედეს".

რა თქმა უნდა, ამ წყვილში ყველაფერს საპასუხო მატჩი გაარკვევს, მაგრამ იმ დროისათვის მეტოქეები აშკარად არათანაბარ პირობებში რომ იქნებიან, ფაქტია: "სპარტაკს" უმაღლესი ლიგის საგზურისათვის სერიოზული მატჩები ელოდება, "მეტალურგი" კი აშკარად "დამშვიდებული" აგრძელებს ქვედა ექვსეულში ასპარეზობას.

თუმცა ყოველივე ზემოთქმული სულაც არ ნიშნავს იმას, რომ "სპარტაკმა" ამ სეზონის მთავარ პრიორიტეტად ჩემპიონატი
არჩია და თასის გათამაშება მეორეხარისხოვან ტურნირად მიიჩნია: 13 მარტს გამართული შეხვედრის პირველ ტაიმში პირველლიგელმა გუნდმა ტოლი არაფერში დაუდო მასპინძლებს და აქტიური თამაშითაც დაამახსოვრა თავი "ფოლადის" სტადიონზე შეკრებილ მცირერიცხოვან გულშემატკივარს.

Sportall.Geსამწუხაროდ, ამ ბოლო დროს რუსთაველი ქომაგები ფეხბურთს დიდად აღარ სწყალობენ, ცივ და წვიმიან ამინდში კი ანშლაგი რომ არ იქნებოდა, ეს ისედაც წინასწარ ცნობილი იყო.

გამოცდილი სპეციალისტის, ვლადიმერ ხაჩიძის დამოძღვრილმა "სპარტაკმა" პირველ ტაიმში ურიგო შთაბეჭდილება ნამდვილად არ დატოვა: სტუმრები სწრაფად მოქმედებდნენ და ხშირ შემთხვევებში, პრესინგს მეტოქის ნახევარზევე ახორციელებდნენ.

ერთ ეპიზოდში "სპარტაკმა" გოლიც გაიტანა, მაგრამ არბიტრმა გრიგოლ ბედიაშვილზე თავდასხმა დააფიქსირა და ეს ბურთი არ ჩაითვალა. "სპარტაკმა" ერთი-ორჯერ შორეული დარტყმითაც სცადა გოლის გატანა, მაგრამ ზვიად მეტრეველისა და გიორგი ლემონჯავას მცდელობები უშედეგო აღმოჩნდა.

სწრაფად და ხისტად წარმართულ პირველ ტაიმში ბევრი სახიფათო მომენტი არ გვინახავს: მასპინძლებს პირველი მეტ-ნაკლებად რეალური შანსი 23-ე წუთზე ჰქონდათ, როცა გოგა ფიფიას დარტყმა გიორგი ნადირაძემ მოიგერია.

ვიდრე მეორე ტაიმის პერიპეტიებზე ვისაუბრებდეთ, ისიც უნდა ვთქვათ, რომ მასპინძლებს ტრავმებისა თუ დისკვალიფიკაციის გამო წამყვანი ფეხბურთელები აკლდნენ: რევაზ გეწაძე, ლევან კორღალიძე, ზურაბ მენთეშაშვილი, გიორგი მიქაბერიძე, ლაშა ჯაფარიძე; საკადრო პრობლემები ჰქონდა "სპარტაკსაც" - სტუმართა გუნდის განაცხადში მხოლოდ 16 ფეხბურთელი გახლდათ.

მეორე ტაიმიც ტემპიანი გამოდგა: დასაწყისში სტუმრები აქტიურობდნენ და ერთ ეპიზოდში ლევან ჭაფოძემ, ფაქტობრივად, მთელი მოედანი უპრობლემოდ გაიარა, მაგრამ ეს შეტევა ვერ დაგვირგვინდა.

ერთ წუთში სტუმრებმა ლამაზი კომბინაცია გაითამაშეს: ჭაფოძის ზუსტი პასის შემდეგ ვალერი კილასონია "ერთი შეხებით" ცდილობდა მშობლიური ქალაქის გუნდის კარში გოლის გატანას, მაგრამ დარტყმა არაზუსტი გამოდგა.

აი, ამის შემდეგ კი ტერიტორიულ უპირატესობას მასპინძლები დაეუფლნენ, თუმცა ირაკლი სიხარულიძისა და დენის დობროვოლსკის შორეული დარტყმები უზუსტო იყო, ლუკა რაზმაძის სახიფათო გარღვევას კი პარტნიორებმა შესაბამისი დაბოლოება ვერ მოუძებნეს.

ბევრს აქტიურობდა გოგა ფიფიაც, მეტოქის მცველებს არაერთი თავსატეხი რომ გაუჩინა; მატჩის ერთადერთი გოლი კი ალექსანდრე ინწკირველის ზუსტ თავურ დარტყმას მოჰყვა: "მეტალურგის" ცენტრალურმა მცველმა რთული მდგომარეობიდან ბურთი ზუსტად გაგზავნა მეტოქის კარში.

ეს იყო და ეს: მატჩის ბოლომდე მოედანზე განსაკუთრებული არაფერი მომხდარა და გიორგი ყიფიანის გუნდმაც თავისთვის კარგად "ნაცნობი" ერთბურთიანი უპირატესობა შეინარჩუნა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული