ტორპედო-სიონი 3:1 - ქუთათურები ნახევარფინალს მიუახლოვდნენ [VIDEO]

AutoSharing Option
ბოლნისის "სიონი" საკმაოდ გამოცდილი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული და ქუთაისში მისგან დიდ წინააღმდეგობას ელოდნენ, მაგრამ ქვემოქართლელებმა პირველი ტაიმი აშკარად ჩააგდეს და ქუთაისელებს საგოლე ეპიზოდები მაქსიმალურად რომ გამოეყენებინათ, 45 წუთში გაირკვეოდა ამ მეოთხედფინალური წყვილის გამარჯვებულის ვინაობა.

თუმცა, ასე არ მოხდა. მეორე ტაიმში კი ბოლნისელებმა მდგომარეობის მცირედით გამოსწორება მოახერხეს და განმეორებითი მატჩის წინ გარკვეული შანსები შეინარჩუნეს.

სტუმრებმა შეხვედრა აქტიურად დაიწყეს, მაგრამ მხოლოდ მანწკავას დარტყმას გამორჩნენ, რომლის მოგერიებაც ომარ მიგინეიშვილს არ გასჭირვებია.

Sportall.Geქუთაისელთა პირველივე სახიფათო შეტევა კი გოლით დასრულდა: გრიგოლ დოლიძემ მარჯვენა ფრთიდან მეკარის საჯარიმოში
მყოფ გიორგი ფანცულაიას ზუსტი გადაცემა გაუკეთა და ქუთაისელთა ახალგაზრდა ფორვარდმაც შეტევა შედეგიანად დააგვირგვინა.

გოლმა სტუმართა რიგებში არეულობა გამოიწვია. მათ საკუთარი საჯარიმოდანაც უჭირდათ ბურთის გამოტანა. "ტორპედომ" კი პირიქით, თამაში კიდევ უფრო გაამწვავა და მე-18 წუთისთვის უკვე 3:0-ს იგებდა.

რიონისპირელთაგან განსაკუთრებით კვლავ მარჯვენა ნახევარმცველი გრიგოლ დოლიძე გამოირჩეოდა, რომელმაც პირველი გოლიდან ორიოდე წუთში საგოლე გადაცემა ნიკა საბანაძეს გაუკეთა.

გულშემატკივრები ტრიბუნებიდან "დოლიძე-დოლიძეს" სკანდირებდნენ და მანაც ფანები კიდევ ერთხელ გაახარა - მერაბ გიგაურის პასის შემდეგ საჯარიმოს მისადგომებიდან კარში თავად დაარტყა და ულამაზესი გოლი გაიტანა.

გია გეგუჩაძის შეგირდებს შესვენებამდე რამდენჯერმე შეეძლოთ ანგარიშის გაზრდა. განსაკუთრებით, ორი ეპიზოდია გამოსარჩევი - ჯარიმიდან ელგუჯა გრიგალაშვილის ჩაწოდებულ ბურთს საბანაძემ მოხდენილი თავური დარტყმა მიაყოლა და სტუმრები მეკარე მინდია ბობღიაშვილის თავგანწირულმა ნახტომმა იხსნა.

ტაიმის მიწურულს კი გიგაურმა გაისროლა საჯარიმოს მისადგომებიდან და ბოლნისელთა კარის ძელი შეაზანზარა.

მატჩის მეორე ნახევარი სტუმართა უპირატესობით დაიწყო. თამაშის განახლებისთანავე ქვემოქართლელებმა მიგინეიშვილის კართან ზედიზედ ორჯერ გაამწვავეს მდგომარეობა, თუმცა სტუმრების აქტიურობამ შედეგი ცოტა მოგვიანებით გამოიღო, როცა აკაკი მიკუჩაძემ საჯარიმოს ხაზიდან ეფექტური გოლი გაიტანა და საკუთარ გუნდს მატჩის გადარჩენის შანსი დაუბრუნა.

გია გეგუჩაძემ შეტევების გასაძლიერებლად ცვლილებებს მიმართა. ფანცულაიას ნაცვლად მოედანზე გიორგი ბერიაშვილი გამოჩნდა, მოგვიანებით კი მას ბექა ტუღუშიც შეუერთდა.

"ტორპედო" მცირედით გააქტიურდა. ქუთაისელთა მომენტებიდან ელგუჯა გრიგალაშვილის მახვილი კუთხიდან "ჩახვეული" საჯარიმო დარტყმაა გამოსარჩევი, რომელიც ბობღიაშვილმა გაჭირვებით მოიგერია.

სტუმრებმა შეცვლაზე შემოსული ვაჟა ნემსაძის სახიფათო "გასროლით" უპასუხეს, რომელიც ხარიხას მცირედით გადასცდა.

მატჩის დასრულებამდე მეტოქეებმა თითო-თითო სახიფათო ეპიზოდი გაცვალეს. გურულის ჩაწოდების შემდეგ გრიგალაშვილი ახლოდან თავით ურტყამდა, მაგრამ მცირედით ააცილა. ბოლოს კი ლექვთაძის ჩაწოდებას ლადო ახალაია გამოეხმაურა, თუმცა მას თავური დარტყმა არ გამოუვიდა.

დარჩენილ დროში საინტერესო აღარაფერი მომხდარა. "ტორპედომ" ნახევარფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა, თუმცა შანსებს "სიონიც" ინარჩუნებს.

VideoSportall.Ge
ტორპედო - სიონი 3:1


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული