სიონი-ტორპედო 2:0 - დამსახურებული სიხარული [VIDEO]

AutoSharing Option
მსაჯის მიერ დამატებული ბოლო, მეოთხე წუთი იწურებოდა, როცა კოკა მიკუჩაძის მიერ ჩამოწოდებულ ბურთს შეცვლაზე შესულმა ჯაბა უგულავამ დაუხვედრა თავი და "ბასაზე" შეკრებილი ბოლნისელი გულშემატკივრები უზომოდ გაახარა.

ასე მოიპოვა "სიონმა" თასის ნახევარფინალის საგზური და ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ არმაზ ჯელაძის გუნდმა ეს სრულიად დაიმსახურა.

ქუთაისში მიღწეულმა 3:1-მა "ტორპედოს" ამ წყვილში ფავორიტის სტატუსი კიდევ უფრო გაუმყარა. სტუმართა სამწვრთნელო შტაბმა რამდენიმე ძირითადი ფეხბურთელი (მიგინეიშვილი, კუხიანიძე, გრიგალაშვილი) დაასვენა, გიორგი ბერიაშვილი მხოლოდ შეცვლაზე შევიდა, ბექა ტუღუში კი მატჩს დისკვალიფიკაციის გამო ტოვებდა.

"ტორპედოს" მარცხს მხოლოდ შესუსტებულ
შემადგენლობას ვერ მივაწერთ. როგორც ჩანს, მისმა ფეხბურთელებმა ქუთაისური ანგარიში ნახევარფინალისკენ გადადგმულ დიდ ნაბიჯად მიიჩნია და მათ საბრძოლო განწყობა დაუქვეითა. 10 აპრილს გია გეგუჩაძის გუნდმა სეზონის ერთ-ერთი ყველაზე უსახური შეხვედრა ჩაატარა და ვერც მაშინ გამოფხიზლდა, როცა პირველი ბურთი მიიღო.

Sportall.Ge"სიონი" კი პირიქით, თავიდანვე მწვავედ უტევდა და შემტევი და კომბინაციური ფეხბურთით ნეიტრალური მაყურებლის სიმპათიები მოიპოვა. ბოლნისელებმა ნახევარფინალში გასასვლელად თავი არ დაზოგეს და მონდომება ზედ მსაჯის საფინალო სასტვენის წინ დაუფასდათ.

მატჩის დებიუტშივე "სიონი" თერთმეტმეტრიანს ითხოვდა, მაგრამ მეტოქის საჯარიმოში შეჭრილი ზაალ ელიავა, რომელიც მოედანზე ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული იყო, არბიტრმა სიმულაციისთვის გააფრთხილა.

ამის შემდეგ იყო ვილი ისიანისა და ელიავას სახიფათო მომენტები. თავის მხრივ, ანგარიშის გათანაბრება სტუმრებსაც შეეძლოთ, მაგრამ ნიკა საბანაძის ჩაწოდებულზე გიორგი ფანცულაიამ არაზუსტად დაარტყა.

პირველი ტაიმის მიწურულს კი მასპინძლებს მეორე პენალტზე ჰქონდათ პრეტენზიები, როცა "ტორპედოს" მეკარე მაქსიმე ქვილითაიასთან ბრძოლაში კოკა მიკუჩაძე დაეცა. ვიდეოგამეორების ნახვის გარეშე რაიმე დასკვნის გაკეთება აქაც ძნელია...

თითქოს პირველი ტაიმის ნულოვანმა ანგარიშმა "ტორპედოს" შანსები უფრო გაზარდა. თანაც, მეორე ნახევრის საწყისი წუთები იმერლებმა შედარებით აქტიურად ჩაატარეს და ფანცულაიას დარტყმა მინდია ბობღიაშვილმა მოიგერია, მაგრამ "სიონი" სწორედ ამის შემდეგ დაწინაურდა.

პირველი ბოლნისური გოლი შეცვლაზე შესული ფეხბურთელის ანგარიშზეა, რაც, რა თქმა უნდა, ჯელაძის აქტივში უნდა ჩავწეროთ. 52-ე წუთზე ირაკლი კლიმიაშვილის გამჭოლ გადაცემას მიკუჩაძემ ვერ მიუსწრო, სამაგიეროდ, ბურთს ადგილზე დახვდა ახალგაზრდა გიორგი ბიბილეიშვილი და თავისიანები დააწინაურა.

მატჩი ამის შემდეგ არცთუ სანახაობრივად გაგრძელდა. "სიონი" კვლავ უფრო აქტიური იყო, მაგრამ ხიფათს ნაკლებად ქმნიდა, "ტორპედო" კი კვლავ დუნე თამაშით ცდილობდა სასურველი ანგარიშის შენარჩუნებას.

82-ე წუთზე სტუმრებს სამშვიდობოზე გასვლა შეეძლოთ, მაგრამ საბანაძეს მცველმა დაასწრო.

ბოლო წუთებში ქვემოქართლელებმა მთელი გუნდით შეუტიეს. მეტოქის საჯარიმოში ბობღიაშვილიც ჩავიდა. მოწოდებულ კუთხურს გაგრძელება საპირისპირო, შეტევის მარჯვენა ფლანგიდან მოჰყვა და მიმოხილვის დასაწყისში ნახსენები გოლიც ასე გავიდა.

"სიონს" ისიც დაეხმარა, რომ ამ გოლისას "ტორპედო" თავს ათი კაცით იცავდა - ქუთაისელებმა ბოლო წუთებში ცენტრალური მცველი გიორგი ონიანი დაკარგეს, რომელმაც შეჯახების შედეგად მცირე ხნით გონება დაკარგა და სასწრაფო დახმარების მანქანამ საავადმყოფოში გადაიყვანა. ვიმედოვნებთ, ონიანი მალე მომჯობინდება.

VideoSportall.Ge
10.04.13. სიონი - ტორპედო 2:0


მატჩის შემდეგ
არმაზ ჯელაძე (სიონი):
"ქუთაისური მატჩის დებიუტშივე სამბურთიანი სხვაობით ვმარცხდებოდით, თუმცა ძალები მოვიკრიბეთ და ჯერ სტუმრად შევძელით იმედისმომცემი გოლის გატანა, ახლა კი საპასუხო მატჩში ნახევარფინალის საგზური მოვიპოვეთ.

შეხვედრამდე ბიჭებს ვთხოვე, რომ ამ თამაშში ყველაფერი დაედოთ. მათ ვუთხარი, რომ "ტორპედოს" დამარცხება ჩვენი აღმასვლის დასაწყისი უნდა გახდეს და ამის შემდეგ ჩემპიონატშიც უნდა გამოვასწოროთ მდგომარეობა.

შევეცადეთ, კომბინაციურად და სანახაობრივად გვეთამაშა, რასაც მივაღწიეთ კიდეც და რაც მთავარია, სასურველი შედეგი მოვიმკეთ.

დიდი მადლობა ჩემს ფეხბურთელებს, რომლებმაც წარმატების ირწმუნეს და "სიონის" გულშემატკივრებს ასეთი ზეიმი აჩუქეს".


(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 11 /
ჩემპიონი დინამო ხდება, თასს ჩიხურა აიღებს, ტორპედო მესამეზე გავა და ევროპაზე 4 გუნდი ითამაშებს. აი, ამიტომ წააგო ტორპედომ ეს თამაში, თორემ ნაღდი ბრძოლა რომ ყოფილიყო, სიონს შუაზე გახევდა. დილას მოუგო გორში და სიონი რა არის მისთვის? საქართველოს ჩემპიონატი თავიდან ბოლომდე ჩაწყობილია და თავმოყვარე კაცმა მას არ უნდა უყუროს. ამის მერე იტყვიან, რატომ არ დადის ხალხი სტადიონებზე. იმიტომ რომ დაწყებული ფედერაციის ხელმძღვანელობიდან, დამთავრებული ფეხბურთელებით, ამისი ღირსნი არ არიან. მაყურებელმა ამათ თავი არ უნდა გაამასხარებიონ და თავის ღირსებას პატივი უნდა სცენ.
es simartlea
11:44 11-04-2013
0
მართალს ამბობს რომან ფიფია, ქართულ ფეხბურთში დიდი სიბინძურე ტრიალებს.
asea es
11:46 11-04-2013
0

სიახლეები პოპულარული