გიორგი ყიფიანი: ჩისკოს არყოფნით "დინამოს" შეტევა არ დასუსტდება

AutoSharing Option
რუსთავის "მეტალურგი" ქვედა ექვსეულშია და ევროსარბიელზე მოხვედრისთვის თასის გათამაშებიდან იბრძვის.

მიმდინარე სეზონში სათასო მატჩები მართლაც ძალიან დაძაბულად და საინტერესოდ მიმდინარეობს, რამდენიმე სენსაციაც მოხდა, ნახევარფინალებში კი მოულოდნელი შედეგი, ალბათ, აღარ იქნება - ტურნირს ხომ ოთხი საუკეთესო გუნდი შემორჩა.

"მეტალურგი" ქვედა ექვსეულის ლიდერია და ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად ბრძოლა არ უწევს. რუსთაველთა გუნდში არაერთი გამოცდილი, საკმაოდ კვალიფიციური ფეხბურთელი თამაშობს და შესაბამისად, გუნდს აქვს იმის უნარი, რომ თასის ნახევარფინალში "დინამო თბილისს" ღირსეულად ეპაექროს.

22 აპრილს "მეტალურგის" დამრიგებელ გიორგი ყიფიანს რამდენიმე კითხვით მივმართეთ.

- დინამოელ
ჩისკოს სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცეს და თქვენი გუნდის წინააღმდეგ ნახევარფინალის პირველ შეხვედრაში ვერ ითამაშებს. ეს მნიშვნელოვნად ზრდის "მეტალურგის" შანსს ამ დაპირისპირებაში?

- რა თქმა უნდა, ჩისკო გამორჩეული ფიგურაა თავის გუნდში და საერთოდ, საქართველოს ჩემპიონატში. ესპანელის არყოფნა "დინამოსთვის" მართლაც დანაკლისია, თუმცა ამ გუნდს აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ჩისკო არანაკლებ კვალიფიციური შემტევით შეცვალოს.

"დინამოს" სხვა კარგი თავდამსხმელებიც ჰყავს, მაგალითად, ჯაბა დვალი.

მიმაჩნია, რომ ჩისკოს არყოფნით "დინამოს" შეტევითი ხაზი არ შესუსტდება. ესპანელის რუსთავში არყოფნა ამ დაპირისპირებაში გადამწყვეტი ფაქტორი არ იქნება.

- და რა იქნება გადამწყვეტი "მეტალურგისა" და "დინამოს" დუელში?
- გადამწყვეტი უნდა გახდეს ის, თუ რომელი გუნდი იქნება უფრო მობილიზებული ორმატჩიან ბრძოლაში. ისეთი მოწინააღმდეგე გვყავს, რომ წინასწარ ძნელია რაიმეს თქმა. "მეტალურგი" მზად არის, "დინამოსთან" ღირსეულად წარმოაჩინოს საკუთარი შესაძლებლობები. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს ჩვენი ერთადერთი შანსია წლეულს ევროსარბიელზე მოსახვედრად.

- ფეხბურთელებს რატომ ურჩიეთ "დინამოსთან" მატჩის წინ მასმედიასთან ურთიერთობაზე თავის შეკავება?
- ეს არ იყო ერთპიროვნული გადაწყვეტილება, ეს მთლიანად "მეტალურგის" პოზიცია გახლავთ. გვესმის, რომ ამ შეხვედრისთვის ინტერესი დიდია, მაგრამ მაინც მივიღეთ ასეთი გადაწყვეტილება - არ გვინდა, ფეხბურთელებმა ოდნავ მაინც რომ დაკარგონ კონცენტრაცია.

- ორრაუნდიან ბრძოლას როგორ დაჰყოფდით - რა იქნება მთავარი ფაქტორი პირველ შეხვედრაში?
- ისე უნდა მივაღწიოთ გამარჯვებას, რომ გოლი არ გავუშვათ. მინიმალური ანგარიშითაც რომ მოვიგოთ და კარი მშრალად შევინახოთ, ამით ერთობ კმაყოფილი დავრჩები.

- გაქვთ იმის იმედი, რომ რუსთაველი გულშემატკივარი მრავლად იქნება სტადიონზე?
- ამ მიმართულებითაც ვმუშაობთ და არის მოწოდება, რომ ხალხი სტადიონზე მოვიდეს. რუსთაველი გულშემატკივარი ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. იმედია, "დინამოსთან" ამ შეხვედრისთვის უფრო მეტი ქომაგი მოვა ჩვენს მხარდასაჭერად, ვიდრე "მეტალურგის" სხვა საშინაო მატჩებზე.

გიორგი ყიფიანი: მოდით, გვიქომაგეთ! (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

საქართველოს თასი. პირველი ნახევარფინალური მატჩების წინათქმა
სადისციპლინო კომიტეტმა ჩისკო სამი მატჩით დასაჯა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული